სტუდენტების გვერდი
ტანმოვარჯიშე ფიფქია - როგორია „სხვანაირი“ თათია დონაძე და რა შეიცვალა მის პირად ცხოვრებაში
ტანმოვარჯიშე ფიფქია  - როგორია „სხვანაირი“ თათია დონაძე და რა შეიცვალა მის პირად ცხოვრებაში

Hello Kitty და Dambo – „დისნეის“ ეს ყველასთვის საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმების გმირები საზოგადოებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაში ამჯერად ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვან თათია დონაძეს ეხმარებიან. ულამაზესი ფიფქია და უსაყვარლესი ზღაპრული პერსონაჟები მაყურებელს გამამხნევებელი ვარჯიშებით ყოველ დილით 08.55 სთ-ზე მაესტროს ეთერით ესალმებიან. ხალისიანი განწყობა + ჯანსაღი ცხოვრების წესი - ეს პროექტის ავტორების ჩანაფიქრია.

მხატვრულ ტანვარჯიშში მიღწეული არაერთი წარმატების მიუხედავად, თათია დონაძე ქართულმა საზოგადოებამ „ნიჭიერის“ საშუალებით გაიცნო. მას შემდეგ მასზე არაერთი ჭორ-მართალი დაწერილა. თავად თათია ყველა პუბლიკაციას ზედმეტი აღელვების გარეშე კითხულობს და ინფორმაციული „გადაცდომების“ მიუხედავად, ყველა შეკითხვას ისევ ისეთი გულწრფელობით პასუხობს.

- ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკმაყოფილო დავრჩენილვარ. ბევრი ჩემი ნათქვამი ჟურნალისტს გადაუკეთებია, მაგრამ არაფრის გასაჩივრებას აზრი არ აქვს. ხალხი მაინც ისე მიიღებს და გაიგებს, როგორც თავად სურს. არ ვარ კონფლიქტური. მე მგონი, არავის არაფერს ვუშავებ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და თუ ვინმე სხვაგვარად გაიგებს, ეს უკვე მისი საქმე და მისი პრობლემაა...

ყოფილ პროფესიასთან კავშირი ლამაზმანმა მაესტროს ეთერის საშუალებით შეინარჩუნა. ამ ეტაპზე თათია დონაძე საზოგადოებას დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს სთავაზობს და გადაცემა „მაღვიძარას“ ეთერით ხალისიანი დილის შექმნასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში ეხმარება.

მხატვრულ ტანვარჯიშს 5 წლის წინ შეეშვა. მიუხედავად ამისა, თვლის, რომ სპორტი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის ცხოვრებაში იყო „მის საქართველო“ და „ერისიონიც“. ამჟამად თათია პრივატბანკის თანამშრომელია.

- „ყველაზე მთავარი და სერიოზული ჩემთვის მაინც სპორტია. სხვა ყველაფერი -მოდელობა, ცეკვა იყო ჰობი, გართობა. მხოლოდ სპორტზე რომ არ ვყოფილიყავი „ჩაციკლული“, ამ ყველაფერს ტანვარჯიშთან ერთად ვითავსებდი. საქართველოს სახელი ხშირად გამქონდა საზღვარგარეთ, მქონდა გარკვეული მიღწევები სპორტის ამ სფეროში, რატომ არ უნდა სცოდნოდათ ეს ჩემს ქვეყანაში?

– როგორ დაიწყო ყველაფერი, ვისი სურვილი იყო, რომ მხატვრული ტანმოვარჯიშე გამხდარიყავით?

– რვა წლის ვიყავი, დედამ ტანვარჯიშზე რომ შემიყვანა, თავად მოსწონდა ძალიან სპორტის ეს სახეობა. მე თავიდან ვზარმაცობდი, სერიოზულად არ ვუყურებდი. ჩემი საქმე რაღაც პერიოდის შემდეგ შემიყვარდა, ამით ვცხოვრობდი და მალე პროფესიადაც გადამექცა. მთელი ბავშვობის წლები, ოც წლამდე პერიოდი ამ სპორტს დავუთმე. მას შემდეგ, რაც სპორტით აღარ ვარ დაკავებული, პროფესიულად არ მივარჯიშია, მაგრამ მუდმივად ფორმაში ვარ, ერთკვირიანი მომზადება ჩემთვის საკმარისია.

– საქართველომ, მართალია პროექტ „ნიჭიერში“, მაგრამ მაინც მხატვრული ტანვარჯიშის საშუალებით გაგიცნოთ ...

– საქართველოში მხატვრული ტანვარჯიში პოპულარული სპორტი არ არის, მის შესახებ ცოტამ თუ იცის რამე. მინდოდა სპორტის ეს სახეობა საზოგადოებისთვის გამეცნო და „ნიჭიერმა“ ამის საშუალება მომცა.

საერთოდ, მინდა ყველაფერი მოვსინჯო. ასეთი მცდელობა მქონდა „მის საქართველოზეც“. სტანდარტებს ვაკმაყოფილებდი და რატომაც არა? გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. ერთი ზაფხული დავუთმე ამას და გარკვეული წარმატებასაც მივაღწიე.

– პროექტის ერთ–ერთი სეზონის მონაწილე თავად თუ ადევნებთ თვალს „ნიჭიერს“?

–დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო იშვიათად ვახერხებ, მაგრამ თუ ვინმე ნაცნობია, ან ძალიან მომწონს, აუცილებლად ვგულშემატკივრობ.

– რას გვეტყვით თქვენს ამჟამინდელ სამსახურზე?

– ვმუშაობ ბანკში, სადაც საკუთარ თავს შორეულ პერსპექტივაში ვერ ვხედავ. ბანკში რუტინული სამუშაოა, არ არის მრავალფეროვანი. მე უფრო პიარი და მარკეტინგი მაინტერესებს და მინდა ამ სფეროშიც ავიმაღლო განათლების დონე. პარალელურად, ვმუშაობ „მაესტროზე“ გადაცემა „მაღვიძარაში“, სადაც ყოველ დილით ვვარჯიშობ ხალხთან ერთად. მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ დილით სამ წუთს ატარებენ ჩემთან ერთად ვარჯიშში. ვარჩევ სულ ისეთ ვარჯიშებს, რომ მისი შესრულება არ გაუჭირდეთ. „მაღვიძარა“ ჩემთვის მართლა ერთ–ერთ საყვარელ სამსახურად იქცა.

– საზოგადოება ტანმოვარჯიშე თათია დონაძეს იცნობს, უცნობი, „სხვანაირი“ თათია დონაძე როგორია?

– მიყვარს გართობა, დასვენება, რა თქმა უნდა, თავისი განსაზღვრული დოზით. ვერ ვიტან უსაქმოდ ყოფნას, სულ მინდა დაკავებული ვიყო. მიყვარს თბილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყურადღება და სითბო გამოხატონ ჩემ მიმართ. გურმანი ვარ ძალიან, თავად კარგად ვერ ვამზადებ, მაგრამ თუ დამჭირდება, აუცილებლად ვისწავლი „რაღაცეების“ მომზადებას.

–და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო პირადი და პროფესიული გეგმები?

–პირად ცხოვრებაში არასდროს მიმართლებდა. რაღაც სულ ისე იყო, რომ მხოლოდ კარიერაში მქონდა წინსვლა. დღეს უკვე მიხარია, რომ მხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც სერიოზულ ურთიერთობაზე არ მიფიქრია. მაქვს ერთი ადამიანის მიმართ სიმპათია და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან საყვარელია. ოჯახის შექმნას ჯერ არ ვგეგმავ, ალბათ, ამას ვერც დაგეგმავ... რამდენიმე წლის წინაც ვაპირებდი დაოჯახებას, მაგრამ დღეს ისევ გასათხოვარი ვარ. რაც შეეხება პროფესიულ გეგმებს, ამაზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. რაღაცას რომ ვიტყვი შემდეგ არ გამოდის ხოლმე. ჩემთვის რაღაცას დავგეგმავ, მიზნად დავისახავ და თუ გამოვა შემდეგ ვამბობ... ამას მოგვიანებით ხალხიც შეიტყობს.