ინტერვიუ განწყობისთვის
რაზე ოცნებობს ხანდაზმული პროფესორ-ემერიტუსი?
რაზე ოცნებობს ხანდაზმული პროფესორ-ემერიტუსი?

“იქ, სადაც პოლიტიკოსები დიპლომატიურ თამაშებს იწყებენ, ჩვენ შეგვიძლია ავაღელვოთ, შევძრათ ადამიანთა გულები და გონება,“ - 82 წლის პროფესორ-ემერიტუსს, რუსუდან ხოჯავას, ბერნსტანის სიტყვებში ეჭვი არასდროს შეჰპარვია და უფრო მეტიც: მხცოვანი მუსიკოსი ხშირად იხსენებს ანდერსენის ზღაპარს „იმპერატორი და ბულბული“ და სჯერა, რომ თუ ნამდვილი მუსიკა დაბრუნდება, ქვეყანა იმპერატორივით განიკურნება...

რუსუდან ხოჯავა: მე ძალზედ ხანდაზმული ადამიანი გახლავართ და მახსოვს, რომ ავადხსენებულ საბჭოთა პერიოდში, თითქმის, ყველა ოჯახში იდგა პიანინო და ბავშვების უმეტესობა სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. ეს აუცილებელი იყო. მე ყოველივე ამის თვითმხილველი ვარ, რადგანაც ლექცია-კონცერტებითა და მასტერკლასებით შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო, ვუკრავდი ძველებურ მუსიკას, ბახს, მოცარტს, ბეთჰოვენს... მახსოვს როგორი ინტერესს იწვევდა ეს კონცერტები.

მახსენდება ერთ „მიყრუებულ“ სოფელში კონცერტის შემდეგ ბავშვის ბებიამ მითხრა: „ბეთჰოვენისნაირი თუ არა, თქვენნაირი მაიც გამოსულიყო ჩემი შვილიშვილიო“. დიახ, ასეთი იყო ეს „ მიყრუებული“ სოფელი...

მუსიკის ასეთი მასიური სწავლების შედეგი იყო ის ოფიციალური მონაცემები, რომლებიც არსებობდა განათლების სამინისტროს მეთოდკაბინეტში. ამ ბავშვებს შორის შემდგომში ვერ შეხვდებოდით ნარკომანს, ქურდს და ა.შ. დღეს??? 2006-2007 წლიდან აღარ დაფინანსდა მუსიკალური სკოლები, სასწავლებლები. ზოგმიერთი სკოლა დაიხურა თბილისშიც, რაიონებშიც; ზოგიერთმა მოახერხა სახელოვნებო სკოლად გადაკეთება. მუსიკის სწავლა ფასიანი გახდა, რის გამოც და კიდევ იმის გამო, რომ უსახსრობამ მშობლებს ინსტრუმენტები გააყიდვინა, ბავშვები დარჩნენ მუსიკის გარეშე... პედაგოგები - სამსახურის გარეშე.

- როგორ ფიქრობთ , ვინ და რატომ გადაწყვიტა ამგვარად მომავალი თაობების ბედი?

- ვერ გეტყვით, არც კი განმარტავენ სახელმწიფოს გადაწყვეტლება იყო ეს, თუ მავანის სურვილი - ყველაფრის აკუმულირება ერთ ელიტარულ სკოლაში, ანუ რაღაც „ახლის“ გამოგონება და ამ ახლის უაზროდ მიბმა კონსერვატორიაზე, რამაც კონსერვატორიაც დააზარალა, ბავშვებიც, ახალგაზრდობაც, პედაგოგებიც?.. და ყველაფერი ეს იმ დროს, როდესაც 70 წელზე მეტია კონსერვატორიასთან არსებობდა და არსებობს (მიუხედავად გამალებული მცდელობისა მისი განადგურების), მართლაცდა უნიკალური „ნიჭიერთა ათწლედი“, რომელსაც მსოფლიოს ბევრი დიდი მუსიკოსი აღუზარდა?

ყოველივე ზემოთქმულმა უმძიმესი შედეგი გამოიღო: პიანისტი ამთავრებს მაგისტრატურას, უკრავს, რეპერტუარიც აქვს, სურვილიც საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობის და ვერავითარ სამსახურს ვერ პოულობს.

- და ამ შედეგის გამო ქართველი პიანისტები ტოვებენ სამშობლოს...

- რა თქმა უნდა, პიანისტები გარბიან საზღვარგარეთ - ვისაც კი რაღაც სახსრები გააჩნია ბილეთის ყიდვის და პირველ ხანებში საცხოვრებლად.

ერთი ჩემი ყოფილი მოწაფე პარიზიდან მწერს: „ქალბატონო რუსიკო! ძალიან მიყვარს საფრანგეთი, რადგანაც მან მომცა ის, რაც ყველაფერზე მეტად მინდოდა - სცენა და საკმაოდ გათვითცნობიერებული მსმენელი.“

სამაგიეროდ, როგორც ჟურნალი „მუსიკა“ წერს, გადავიქეცით ფესტვალების ქვეყანად - წაიკითხეთ მზია ჯაფარიძის საოცრად აქტუალური, სიმართლით სავსე წერილი „ფესტივალების ქვეყანა“. ვინ შეიძლება ფესტივალების წინააღმდეგი იყოს? (თუმცა დასავლეთშიც დამოკიდებულება ფესტივალების მიმართ არაერთგვაროვანია). საქმე იმაშია, რომ ფესტივალებს ბომონდური ხასიათი არ უნდა გააჩნდეს და ხშირად შემსრულებლის შერჩევა პირადი კონტაქტების მიხედვით არ უხდებოდეს... არ უნდა გაგვიჩნდეს გრძნობა, რომ აქ საქმე გვაქვს პიართან, ისევ და ისევ პიართან და მიმბაძველობასთან. „მიმბაძველნი“ წერს ძველი ქართველი მემატიანე ქართველებზე.

ზოგჯერ უკეთესი იქნებოდა იმ უზარმაზარი სახსრების, რომელიც სნობური, ზოგჯერ გადაბერებული, ზოგჯერ საეჭვო რეპუტაციის და ღირებულების მქონე არტისტების ჩამოყვანაზე იხარჯება, ნაწილი მაინც ორიენტირებული ყოფილიყო ბავშვებში და ახალგაზრდებში მუსიკისადმი ლტოლვის და სიყვარულის გაღვივებაზე.

- ქალბატონო რუსუდან, უცხოეთში ძალიან დიდია ფორტეპიანოზე დაკვრისადმი ინტერესი. ელისო ვირსალაძე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „ ... ჩვენ გვიახლოვდება 25 მილიონი ჩინელი პროფესიონალი პიანისტისაგან შემდგარი არმია, და ყოველი მათგანი ოცნებობს ლანგ ლანგის კარიერაზე“. შეგიძლიათ ამის მიზეზი ახსნათ?

- დიახ, ასეა. უცხოეთში ასწავლიან ბავშვებსაც, რომლებიც არ აპირებენ მუსიკა პროფესიად აირჩიონ. მშობლები მიიჩნევენ, რომ სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვი ეზიაროს კლასიკურ მუსიკას. მეცნიერები კი ამტკიცებენ (ყურიც მაქვს მოკრული, თითქოს ამერიკელებს უნდოდათ ამ საკითხის სენატზე განხილვა), რომ ფორტეპიანოზე დაკვრა ავითარებს ზოგადად ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რადგანაც ფორტეპიანოზე დაკვრისას ხუთ ძირითად გრძნობათაგან (სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება), ჩართულია სამი: მხედველობა, სმენა, ხელების ათივე თითის შეხება. ცნობილია, რომ თითების დაბოლოებებში თავს იყრიან ნერვიული დაბოლოებბი, რეცეპტორები, ამიტომ, როგორც მარგარიტა ლონგი ამბობს, თითის ბოლოები სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია და ტვინში ინფორმაციის მიმწოდებელი. ჩემი მსჯელობა მოკლებულია მეცნიერულ კომპეტენტურობას, თუმცაღა ჭეშმარიტია. ამიტომაცაა, მაგალითად, რუსეთის კონსერვატორიებში სამეცნიერო ლაბორატორიები, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შეერთებული ძალისხმევით ხდება შემსრულებლობის, ესთეტიკის, სოციუმში მუსიკის ფუნქციონირების და სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესწავლა. დიდი ხნის წინ ჩვენს კონსერვატორიაშიც იყო კათედრა, რომელიც კომპლექსურად განიხილავდა მრავალ უმნიშვნელოვანეს საკითხს.

- გამოდის, რომ დასავლეთმა და აღმოსავლეთმაც ჩვენზე გვიან დაიწყო იმის დანერგვა, რაც ჩვენთან უკვე ფუნქციონირებდა.

-ფაქტია. დღეს ჩვენ დასავლეთისკენ მივილტვით. იქნებ, ამ საკითხებშიც გამოგვეყენებინა მათი პრაქტიკა?

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს ის ორი ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა კონსერვატორიას და „ნიჭიერთა ათწლედს“, ცდილობენ საქმის გამოსწორებას, მაგრამ 22 წლის დანგრეული ორ წელიწადში გამოსწორდება?

სამწუხაროდ, ჩვენთან საქმე იქამდე მივიდა, რომ კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე ოც ადგილზე თოთხმეტს შემოაქვს განცხადება!

არადა, არტურ შოპენჰაუერის არ იყოს, მუსიკა ხომ ღვთის შეცნობის ერთ-ერთი გზაა, რომელიც აგებულია ღვთაებრივ კანონრზომიერებებზე... მუსიკა მელოდიაა, რომელიც სამყაროს ტექსტს წარმოადგენს...

- ქალბატონო რუსუდან, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც მუსიკაზე საუბრობთ, თვალები გინათდებათ... თითქოს, სხვა სამყაროში ხართ და რაღა დაგიმალოთ, მეც გავლენის ქვეშ მოვექეცი.

-გალობა, მუსიკა განუყოფელია ღმერთის ბუნებისაგან, იგი გადმოფრქვევაა თვითონ ღმერთის ბუნების. მუსიკა ჩვენი სამყაროს ისეთი მოვლენაა, რომელიც ყველაზე უკეთ გადმოსცემს უსასრულობის გრძნობას.

ძველი დროის ჩინელი ფილოსოფოსები და მეცნიერები, მუსიკაში ღრმა შინაარს სხედავდნენ და მის უდიდეს აღმზრდელობით როლს აღნიშნავდნენ.

შუმერებს 250 კაცისაგან შემდგარი ირკესტრები ჰქონდათ, რომლებიც კონცერტებს მართავდნენ ხოლმე.

-მაგრამ მუსიკით გატაცება ყოველთვის არ მეტყველებს ადამიანის კეთილშობილებაზე.

-რა თქმა უდა, - ყოველთვის არა! კაცობრიობის ერთ-ერთი საზარელი ტირანის, რომის იმპერატორი ნერონიც გატაცებული იყო მუსიკით. იგი უკრავდა ქნარზე და მღეროდა, გამოდიოდა აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობდა მუსიკოსთა შეჯიბრებებში. ისიც ცნობილია, როგორ ღელავდა ნერონი გამოსვლის წინ; როგორ აკვლევინრებდა თავის სავარაუდო მეტოქეს.

ბერძენი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ, რომ მუსიკა უდიდესი ძალაა, რომელსაც ძალუძს მოუწოდოს ადამიანს სიყვარულისა თუ სიძულვიგისაკენ, პატიებისა თუც მკვლელობისაკენ. ალექსანდრე მაკედონელიც უკრავდა ქნარზე და საერთოდ, ყველა ინსტრუმენტზე, გარდა ფლეიტისა.

ჩვენთვის, ქრისტეანთათვის, მთავარი საღვთო წერილია, რომელიც გვიმოწმებს, რომ მუსიკა უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების თანამგზავრი იყო. და კიდევ - ჩვენ ყველანი ყურს მივუგდებთ დავით მეფსალმუნეს:

„ გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს“.

„გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის“ (ფს. 107, 3-4.)

P.S. რუსუდან ხოჯავას ჩანაწერებიდან: „ბავშვებს თავისებურ ტესტებს ვუტარებდი: ვთხოვდი თვითოეულს ქაღალდზე დაეწერა - უყვარს თუ არა მუსიკა და რომელ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას, სახელი და გვარი არ უნდა მოეწერათ. კიდევ კარგი, რომ შემოვინახე ეს ფურცლების გროვა! მიყვარს ეს ფურცლები, ძალიან მიყვარს“...