სტუდენტების გვერდი
რა გაუგებრობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, როდესაც პაციენტი მინიჭებულ უფლებებს არ იყენებს?
რა გაუგებრობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, როდესაც პაციენტი მინიჭებულ  უფლებებს  არ იყენებს?

„უფასოდ“ ნამკურნალევი პაციენტები და საავადმყოფოსთვის გადასახდელი დავალიანებების შესახებ სააღმსრულებო ბიურის მიერ დაგზავნილი შეტყობინებები - ასეთი შემთხვევების რიცხვი არცთუ ისე მცირეა.

არაინფორმირებულობა, რომელიც პაციენტებს გაურკვევლობაში ხშირად აგდებს, სერიოზული ფინანსური ზარალის მიზეზიც შეიძლება აღმოჩნდეს. მართალია, სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება საავადმყოფოებსაც აქვთ, მაგრამ ცალკეული სამედიცინო დაწესებულებები სამინისტროს მიერ „ნაწყალობევ“ მცირე ბიუჯეტს მაინც პაციენტის მდგომარეობით შეწუხებული ახლობლების მიერ გადახდილ თანხას არჩევენ და... უფასო სახელმწიფო პროგრამების შესახებ ხმას აღარ იღებენ. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ძალისხმევა, მცირე შეღავათი მაინც გაუკეთოს სოციალურად ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას (ასეთებიც ხდება ხანდახან), აბსოლუტურად უშედეგო ხდება.

- 18 კვირის ფეხმძიმე ვიყავი, როცა H1N1 ტიპის ვირუსი შემხვდა. სამწუხაროდ, არც სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონდა და არც სამედიცინო დაზღვევა, თუმცა ვიცოდი,რომ „ღორის გრიპით“ დაინფიცირებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებდა.

გელათის მკვიდრმა, ნათია შარვაძემ, მიმდინარე წლის 28იანვარს საქართველოს იუსტიიცის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროდან შეტყობინება მიიღო, რომლითაც გაიგო, რომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკა 2011 წელს მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის 672 ლარს ედავებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს „ღორის გრიპით“დაინფიცირებულთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის, ქ-ნ ნათია შარვაძის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოს მიერ არ დაფინანსებულა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის იანვარში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე H1N1-ით დაინფიცირებულ ყველა ავადმყოფს მკურნალობა უფასოდ უნდა ჩატარებოდა. ასევე ყველა პაციენტისთვის უფასოდ უნდა გადაეცათ მედიკამენტები, რომლებიც მათი მკურნალობისთვის იყო საჭირო.

დღეს ნათია შარვაძე sazogadoeba-ge-სთან სამი წლის წინანდელი მკურნალობის დეტალებზე საუბრობს.

ნათია შარვაძე: 2011 წლის 20იანვარი იყო, როცა ქუთაისის რაიონული საავადმყოფოდან ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმომიყვანეს. სწორედ აქ დამიდგინეს, რომ მეც იმ დაინფიცირებულ ადამიანთა რიგებში ვირიცხებოდი, რომლებიც H1N1-ის ტიპის ვირუსს ატარებდნენ.

მოგეხსენებათ, მაშინ ნახევარი საქართველო ჩემს დღეში იყო, ტელევიზია გამუდმებით საუბრობდა უფასო მკურნალობაზე, ჩემს პალატაში მყოფ პაციენტებსაც უფასო მკურნალობა ჩაუტარდათ, თუმცა ბევრ მათგანს სოციალურად დაუცველის სტატუსი და სამედიცინო დაზღვევა ჰქონდა, რაც სამწუხაროდ, იმ დროს მე არ აღმომაჩნდა.

კლინიკიდან 24 იანვარს გამომწერეს. გამოწერის დღეს გაფორმდა სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც ხელი მოვაწერე. როგორც აღმოჩნდა, ხელი მოვაწერე განცხადებასაც, რომლის მიხედვით მკურნალობისთვის საჭირო თანხა სამი თვის ვადაში უნდა დამეფარა. ამ დრომდე საავადმყოფოდან არავინ შემხმიანებია და აღნიშნული დავალიანება ჩემთვის არავის მოუთხოვია. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ მკურნალობის ხარჯები, რომელიც მეგონა, რომ სახელმწიფომ დამიფარა, დღეს ისევ ჩემი გადასახდელია. ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ან დახმარებისთვის ვის მივმართო. ჩემი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი სულ 128 ლარია.

შეტყობინება, რომელიც სააღსრულებო ბიუროდან მიიღეთ, შეგეძლოთ, ათი დღის ვადაში გაგესაჩივრებინათ. რატომ არ გააკეთეთ ეს, თუ არ ეთანხმებოდით თქვენთვის წარმოდგენილი დოკუმენტიის შინაარს?

– ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ახლახან გავიგე, თუ გავაპროტესტებდი და საჩივრის სახით დავამტკიცებდი, რომ მე ნამდვილად არ მაქვს ამ თანხის გადახდის საშუალება, შეიძლებოდა შეეწყვიტათ ეს საქმე, ან მორიგება დაეწყოთ ორივე მხარესთან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა, ვიმეორებ, არ ვიცოდი, მქონდა თუ არა ამის უფლება.

საქმის ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით sazogadoeba-ge-მ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრს მიმართა და საავადმყოფოს ადმინისტრაციული სამსახურის დირექტორს, ეკატერინე ხორგუანს გაესაუბრა.

ეკატერინე ხორგუანი: ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ კლინიკამ ნათია შარვაძე არ გააფრთხილა, რადგან პაციენტის საავადმყოფოდან გაწერა ვერ მოხდება ისე, თუ მან ადმინისტრაციასთან მსგავს შემთხვევებში რაიმე ტიპის ხელშეკრულება არ გააფორმა. თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სამედიცინო დოკუმენტებში დევს განცხადება, რომელიც ქ-ნ ნათია შარვაძეს კლინიკის სახელზე 2011 წლის 29 იანვარს დაუწერია. განცხადების საფუძველზე მას მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები სამი თვის განმავლობაში უნდა დაეფარა. ის, რომ მას H1N1 ტიპის ვირუსის მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდა, არცერთ დოკუმენტში არ არის მითითებული. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი ქმედების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ კლინიკა ვალდებულია, მსგავსი გადაუხდელობის შემთხვევაში, გაატაროს სამართლებრივი ნორმები და მოითხოვოს კუთვნილი თანხა, რომელიც პაციენტის მკურნალობისთვის გახდა საჭირო.

კლინიკა ყოველთვის იჩენს კეთილ ნებას და მიდის გარკვეულ დათმობებზე. აღნიშნული საქმიდან გამომდინარე, მივდივართ მორიგებაზე, გადავუნაწილოთ ყოფილ პაციენტს ეს თანხა, ან ყოველთვიური შემოტანის სახით დავაკისროთ ვალის გადახდა.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკა ბევრ მსგავს საქმეზე მუშაობს. ვცდილობთ, ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ.როდესაც კლინიკა კერძო პირის საკუთრებაში გადავიდა, ბუნებრივია ის დავალიანება, რაც საავადმყოფოს წლების მანძილზე ჰქონდა დაგროვილი, ჩვენზე გადმოვიდა, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს. ნათიას მსგავსად, ძალიან ბევრ ადამიანს ხელწერილის საფუძველზე მკურნალობის თანხა რაღაც დროის მანძილზე უნდა დაეფარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კლინიკის მხრიდან სამართლებრივი ნორმები არ იყო გატარებული. ახლა კი, მოგეხსენებათ, კლინიკა კერძოა და ჩვენი ვალდებულებაა სავადმყოფოს დავალიანება ამოვიღოთ, თუმცა ვიტყოდი, რომ უნდა არსებობდეს სამართლებრივი დოკუმენტაცია, რაც მსგავს სიტუაციაში მყოფი პაციენტების უფლებებს დაიცავდა, თუნდაც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ან უმუშევრობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც მათ სრულიად, ან ნაწილობრივ გაათავისუფლებდა სამედიცინო ხარჯებისგან.

იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული სამსახურის უფროსი ლეილა მიქელაძე ნათია შარვაძის მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანების სიმრავლეზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ე.წ. დაზარალებული პაციენტების უმრავლესობა არ იყენებს მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს, რის გამოც ისინი საქმის მოგვარების ნაცვლად, უფრო მეტ პრობლემებს აწყდებიან.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, 2011წელს „ღორის გრიპით“ დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობა უფასოდ უნდა ჩატარებოდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა ნათია შარვაძე დღეს ამ მდგომარეობაში?

ლეილა მიქელაძე: იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს მხრიდან თანხის მოთხოვნის შესახებ არ გვექნებოდა შესაბამისისაფუძველი, საქმეს არ მივიღებდით.

შეტყობინება, რომელიც ნათიას ჩვენგან მიუვიდა, დამერწმუნეთ, კარგად შესწავლილია. გადაწყვეტილება, რომ პაციენტს დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, მოხდა მხოლოდდამხოლოდ სამართლებრივი ნორმების დაცვის საფუძველზე. თუმცა, ჩვენი სამსახურის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, მარტივი ენითაა ახსნილი, თუ რა შესაძლებლობები აქვს პაციენტს, როცა ის შეტყობინების შინაარსს არ ეთანხმება. თუ მოისურვებდა, საჩივრის სახით გაეპროტესტებინა ის ვალდებულება, რომელიც აღმასრულებელი ბიუროს სამსახურმა დააკისრა, მაშინ საჩივრის წარმოდგენისთვის მას 10 დღიანი ვადა ჰქონდა, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში, საქმეს უკვე სასამართლო შეისწავლიდა და თუ აღმოჩნდებოდა, რომ გამარტივებული საქმეთა წარმოების სამსახური არღვევს ამა თუ იმ მოქალაქის უფლებებს, მაშინ შევწყვეტდით აღნიშნულ საქმეზე მუშაობას.

თუმცა, ვიმეორებ, უფასო მკურნალობის შესახებ ამ პიროვნების არცერთ სამედიცინო დოკუმენტში არ არის მითითებული. თანხის მოთხოვნა მისივე განცხადების საფუძველზე დაეკისრა. ქ-ნ ნათიას ჰქონდა უფლება, კანონის ფარგლებში მოეთხოვა მორიგება განაწილებაზე, დროულად დაეწერა პროტესტი,რომელსაც განვიხილავდით და შესაბამის ღონისძიებებს გავატარებდით. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი მათთვის მინიჭებულ უფლებებს არ იყენებს, არ აქცევს ყურადღებას, რომ საქმე წარმოებაშია. ასეთ შემთხვევებში,როცა მათი მხრიდან არ ხორციელდება არანაირი ქმედება, ეს საქმის იგნორირებად ითვლება, რის შემდეგაც თანხის გადახდის ბრძანება ძალაში შედის.შეიძლება ითქვას,ქ-ნი ნათიაც სწორედ ამ უყურადღებობის მსხვერპლი აღმოჩნდა.

ვინაიდან ჩვენ ვართ ორივე მხარის მომრიგებელი, შეგვეძლო, მოლაპარაკებები გვეწარმოებინა აპლიკანტთან და ქ-ნ ნათიასთვის გარკვეული შეღავათი გაგვეწია, რადგან ვალის გადახდა დროულად მოეხერხებინა. ამისთვის კი საჭირო იყო, მას ჩვენთვის შეტყობინების მიღებიდან 10დღის ვადაში მოემართა.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკისა და იუსტიციის და სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლინიკის ყოფილ პაციენტს, ნათია შარვაძეს სამედიცინო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები სამართლებრივი ნორმების დაცვისა და დოკუმენტაციის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მოეთხოვა. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით კი 2011 წლის 21 იანვრიდან მარტის ბოლომდე, სეზონური გრიპის მიზეზით ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის ხარჯების 80% სახელმწიფოს უნდა დაეფარა. გრიპის მიზეზით ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკურნალობის ანაზღაურების თაობაზე წერილი ყველა კლინიკას დაეგზავნა. სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ ამ პაციენტებზე ინფორმაციის წარდგენა ევალებოდათ, რასაც, როგორც ჩანს, კლინიკებმა, უბრალოდ, თავი აარიდეს.

საბოლოოდ კი უნცაური სურათი მივიღეთ: მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ სეზონური გრიპის უფასო მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო, აღნიშნული პაციენტებისთვის დღის წესრიგში ჩატარებული მკურნალობის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხი ( ჩვენს შემთხვევაში, 672 ლარის ოდენობით) მაინც დადგა...

P.S. ნათია შარვაძემ აღნიშნული დავალიანება რამდენიმე დღის წინ გადაიხადა, თუმცა არ ვიცი, რამდენად მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მას ეს თანხა უსამართლოდ გადაახდევინეს...