ინტერვიუ განწყობისთვის
"გული მწყდება, რომ "ცისფერი" უხამს მამაკაცებს დაარქვეს"
"გული მწყდება, რომ "ცისფერი" უხამს მამაკაცებს დაარქვეს"

თბილისის ერთ-ერთ უბანში ცოტა ხნის წინ მეტად უცნაური ქალბატონი შევნიშნე. ის ცისფერ სამოსში გამოწყობილი, ცისფერი ხელჩანთით, ცისფერ კარებთან იდგა... მაშინ არაფერი ვიცოდი ამ ქალის "ცისფერ სულსა" და ცისფერ ოთახზე"...

... გაჭირვების დროს თვალწინ მიდგას ცისფერი კვამლი... ხე რომ იწვის, ტყე რომ იწვის, მას ცისფერი კვამლი ასდის... ეს ბუნების სულია... ცისფერ სულს ცეცხლი ქმნის..." - ასე ფიქრობს ქალბატონი ნაზი ჭედია - ქალი, რომლის ბინაში მხოლოდ ცისფერი ნივთები, ცისფერი კედლები და ფანჯრებია...

ხელოსნებმა ერთი თხოვნა არ შემისრულეს, - წუხს პოეტი, - იატაკის ცისფრად შეღებვაზე უარი მითხრესო.

ათამდე წიგნის ავტორი ("მზიანი დილა", "ცაიერადი", "სიკვდილი მოკვდა", "ცისფერი სული" და სხვა) გალაკტიონის, ვაჟას და ბარათაშვილის პრემიების ლაურეატია.

საუბარს შეკითხვების გარეშე მონოლოგით აგრძელებს: ჩემი სიმდიდრე წიგნებია... ბევრჯერ მშიერს დამიძინია, საჭმლის ნაცვლად წიგნი მიყიდია. კატალოგის მიხედვით 3500 - მდე წიგნი მაქვს, აქედან 2000-მდე პოეზიაა... მერე რა, რომ მარტოხელა ვარ, რომ ხშირად უმწეოთა სასადილოში ვსადილობ, რომ ბოთლებს ვაგროვებ და ვაბარებ. ბოთლის აღება კი არაა სირცხვილი, მისი დაგდებაა უზნეობა! კუდაბზიკა და ამპარტავანი არ უნდა იყოს ადამიანი.

გული მწყდება, რომ "ცისფერი" უხამს მამაკაცებს დაარქვეს. განა შეიძლება ამ ფერის შეურაცხყოფა?! ვაჟამ მხოლოდ ადამიანებზე კი არ თქვა "ცუდას რად უნდა მტერობაო"? მე ცის ფერმა გადამარჩინა...

ქალბატონი ნაზის ოთახში ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს. ყვავილების განლაგებასაც კი - ბედნიერების ხესთან ალოე დგას, - ბედნიერებამ სიმწარეც უნდა გაატკბილოსო, -გვიხსნის პოეტი. მერე კედელზე დაკიდულ სურათებზე მიგვანიშნებს, - "მარტო ხე" და "მარტო ქორბუდა" ჩემი სიმბოლოებიაო...

"სიმარტოვისთვის დავბადებულვარ, რომ მარტოობა მენატრებოდესო"...

-მარტო ხართ და მაინც მარტოობა გენატრებათ?

- ჩემს სიმარტოვეს ხშირად არღვევს სიყვარული. პლატონურად მიყვარს ერთი ადამიანი. რაც თავი მახსოვს, ის მიყვარდა და სიკვდილამდე ასე იქნება!

- მან იცის?

- არა და ვერც ვერასდროს გაიგებს!

- ბედნიერი ხართ?

-ბედნიერი ვარ იმდენად, რამდენადაც ყოველი ახალი დღე სჯობია გუშინდელს. ცისფერმა ფერმა მომიტანა საოცარი სიმშვიდე. ამ ფერთან ყოფითი პრობლემები არარაობაა.

... ცის ფერი... თავის გადარჩენის მეტად ორიგინალური მიგნება... (?!)