სტუდენტების გვერდი
„თუ ბავშვს არასასურველი ქცევის გამო ვუყვირით, შემდგომში ის ჩვენ მოგვბაძავს“ - რა საფრთხეებს უქმნის მშობლის მიერ არჩეული აღზრდის მეთოდები ბავშვის მომავალს?
„თუ  ბავშვს  არასასურველი ქცევის გამო ვუყვირით, შემდგომში ის ჩვენ მოგვბაძავს“ - რა საფრთხეებს უქმნის მშობლის მიერ არჩეული აღზრდის მეთოდები ბავშვის მომავალს?

ოჯახში მომხდარ ძალადოებს შორის ბავშვთა მიმართ ძალადობა განსაკუთრებით ხშირია. მასშტაბებსა და რაოდენობას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად, ის, რომ ბავშვი ოჯახის ყველაზე დაუცველი წევრია და მასზე ძალადობის განხორციელება უფრო მარტივია. ასევე, ზოგჯერ ბავშვის მიმართ  განხორციელბული ძალადობას არც მშობლები და არც საზოგადოება პრობლემად არ აღიქვამს და ის აღზრდის მეთოდადაც კი მიაჩნია. მშობელთა  ნაწილი ფიქრობს, რომ ბავშვი თავის საკუთრებაა და მასზე განუსაღვრელი უფლებები აქვს, სინამდვილეში  უფლებები აქვთ ბავშვებს,  მშობლებს კი  მათ წინაშე ვალდებულებები აკისრიათ.


ბავშვის მიმართ რამდენიმე სახის ძალადობა შეიძლება განხორციელდეს, როგოც ფიზიკური, ასევე ეკონოკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. ყველა მათგანი თავის კვალს აჩენს ბავშვის მომავალს, თუმცა ყველაზე ხილული ძალადობა მაინც ფიზიკური დასჯაა. მსოფლიო მასშტაბით, ყოველი 10-დან დაახლოებით 6 ბავშვი (თითქმის მილიონი), რომელთა ასაკი 12-14 წელია, მშობლების ან მეურვის მხრიდან ფიზიკურად ისჯებიან.

გასულ წელს ჩატარებულმა სოციალური კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის  34%  ბავშვის აღზრდაში ფიზიკური დასჯის მომხრეა. ჩვენი რესპოდენტი,   მარინა მამიაშვილი, რომელიც თავადაც მშობელია,  მიიჩნევს, რომ ბავშვის ცემა არავითარ შემთხვეაში არ შეიძლება.
 

მარინა მამიაშვილი: „ბავშვის აღსაზრდელად ცემა გამოსავალი არაა, პირიქით,ცემის დროს ბავშვს უზიანდება ფსიქიკა,უყალიბდება შიში და სიძულვილი საზოგადოების მიმართ. რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს ბავშვმა, ყველაზე კარგი გამოსავალი არის საუბარი წყნარ, მშვიდ გარემოში. მე ჩემს შვილთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.“
 

რაც შეეხება ლალი ბიბილაშვილს, მას მიაჩნია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში სიმკაცრეა საჭირო.
 

ლალი ბიბილაშვილი: „მე ჩემს შვილთან ზომიერად მკაცრი ურთიერთობა მაქვს. მიმაჩნია, რომ ბავშვის აღზრდაში სიმკაცრე საჭიროა. რაც შეეხება ფიზიკურ დასჯას, ეს ბავშვზეა დამოკიდებული, ზოგზე სიმკაცრე სჭრის, ზოგზე მოფერება.”
 

რა ფსიქოლოგიური დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვზე ძალადობამ მასზე და რა გავლენას ახდენს მძიმე ბავშვობა მოზარდი ადამიანის ფსიქიკაზე, - ამ თემაზე ფსიქოლოგ  მარიამ ნარიმანაშვილს ვესაუბრეთ.
 

-თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად გიწევთ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა? 
 

გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია " Word Vision Georgia " -ში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამაში ბავშვთა დაცვის მუშაკის პოზიციაზე, ხშირად მიწევს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ახალციხის და ადიგენის რაიონის 18 სოფელში.  სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხშირია ამ სოფლებში ბავშვზე ძალადობის შემთხვევები. 
 

 -ყველაზე ხშირად ძალადობის რა ფორმა ვლინდება? 
 

ყველაზე ხშირად ვლინდება ფიზიკური და ემოციური ძალადობის ფორმები. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა ყვირილს, მუქარას, დაშინებას, დამცირებას, შეურაცხყოფას და ამავდროულად ფიზიკურ დასჯას არ მიიჩნევს ძალადობად. უფრო მეტიც, მშობელთა  გარკვეული ნაწილი  ფიზიკურ დასჯას აღზრდის ეფექტურ მეთოდად განიხილავს.  

ჩვენმა ორგანიზაციამ სწორად ახლა ჩაატარა კვლევა სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომლის საფუძველზეც 18 სოფელში  გამოავლინა ყველაზე მოწყვლადი ოჯახები.  აღნიშნულ კვლევაში ამოვიდა ბავშვთა მიმართ  ძალადობის საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რომლებზეც მე ვმუშაობ ამჟამად სოციალური მომსახურების სააგენტოთან ერთობლივი თანამშრომლობით. შემოსულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ( სკოლის დირექტორთან, მასწავლებლებთან) , თუ ბავშვზე ძალადობის ეჭვი საფუძვლიანი გახდება, შემთხვევას ვამისამართებ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს სისტემა და რეფერირების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის კარგად გამართული. სოციალური მომსახურების სააგენტოს  მხრიდან რეაგირება ხშირად არ ხდება დროულად, სიფრთხილის დაცვით, რაც ხელს უშლის მომავალში ჩვენამდე მსგავსი სახის ინფორმაციის მოსვლას.


რა იწვევს ბაშვის მიმართ ძალადობას, აქვთ თუ არა რაიმე საერთო ფსიქოლოგიური მახასიათებელი იმ მშობლებლებს, რომლებიც ძალადობენ ბავშვებზე? 
 

რთულია ბავშვის მიმართ ძალადობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება.ძალადობას ფაქტორთა მთელი კომბინაცია განაპირობებს.  ვფიქრობ, უფრო მართებული იქნება რისკ-ფაქტორებზე საუბარი. ძალადობის რისკ-ფაქტორები შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა დონეზე: ინდივიდის, თემის, საზოგადების. რაც შეეხება ინდივიდის დონეს, აქ ვგულისხმონ თვითონ ბავშვთან ან მშობლებთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს.  ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მშობლებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები, ანუ ის ძირითადი ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რაც საერთო აქვთ მოძალადე მშობლებს არის რისხვის, უარყოფითი ემოციების მართვის უუნარობა, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.  გარდა ფსიქოლოგიური მახასიათებლებისა, მოძალადე მშობლებს სხვა საერთო ნიშნებიც აქვთ, კერძოდ, ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების შესახებ, ასევე პოზიტიური აღზრდის მეთოდების არცოდნა. 

ჩვენი ორგანიზაციის მიერ  ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ერთი სპეციფიკური საკითხი, რომელზეც მინდა გესაუბროთ. იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებსაც აღენიშნებათ ასოციალური / რთული ქცევა, დიდი ალბათობით მშობლების მხრიდან ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. სამწუხაროდ, მშობლებმა არ იციან, როგორ მართონ ბავშვების რთული ქცევა პოზიტიური მეთოდებით, არ იციან როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ უარყოფით ემოციებს და არ გადაიტანონ ეს ყოველივე ბავშვებზე, რომელთა ფსიქიკაც ძალიან სათუთია და ადვილად ზიანდება. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მშობლებს, როგორ მოახდინონ ბავშვის ასოციალური ქცევის იდენტიფიცირება და როგორ მოიქცნენ ამ დროს, როგორ მოახდინონ რეაგირება ბავშვის რთულ ქცევაზე, ისე, რომ თავი აარიდონ აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს. მათ უბრალოდ არ იციან ალტერნატიული მეთოდი, თუ არ დაუყვირებენ ბავშვს, თუ არ დასჯიან მკაცრად, მაშინ რა შეიძლება მოიმოქმედონ ნაცვლად ამისა.


-რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე ძალადობა, გამოირჩევა თუ არა ის იმ თანატოლებისგან, რომლებიც უფრო მშვიდ გარემოში იზრდებიან? 
 

- ძალადობა ნეგატიურად აისახება ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე, ვგულისხმობ ფიზიკურ, კოგნიტურ, სოციალურ- ემოციურ განვითარებას. 

 როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვის ფსიქიკა ძალიან ფაქიზი და სათუთია, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე ძალიან ნეგატიურ კვალს ტოვებს, აზიანებს და ამ დაზიანების გამრთელებას წლები სჭირდება.  

ჩემს პრაქტიკაზე დაყრდნობით,  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები საგრძნობლად განსხვავდებიან იმ თანატოლებისგან, რომლებიც მშვიდ გარემოში იზრდებიან.   ძალადობაგანცდილი ბავშვების შემთხვევაში შეიძლება ორი უკიდურესობა გამოვლინდეს: ერთი მხრივ, ასეთი ბავშვები ხდებიან ჩაკეტილები, არ ურთიერთობენ თანატოლებთან, არ ერთვებიან სასწავლო აქტივობებში, აქვთ ცუდი აკადემიური მოსწრება, დაბალი თვითშეფასება,  არიან პასიურები, არ გამოხატავენ ინიციატივას, გაურბიან პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას.    მეორე მხრივ,  ძალადობაგანცდილი ბავშვები ხდებიან აგრესიულები, ხშირად სწორედ ამის ფონზე ვხვდებით სასკოლო ტერორს, ე.წ ბულინგს. ბავშვებს უარყოფითი ემოციები გადააქვთ სუსტ თანატოლებზე, რომლებიც მათ წინააღმდეგობას ვერ უწევენ.


-რჩება თუ არა ბავშვობაში განცდილი ძალადობის კვალი მოზრდილ ასაკშიც და განსხვავდება თუ არა მათი ფიქიკა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ძალადობრივ გარემოში არ მოუწიათ ცხოვრება? 
 

 ვფიქრობ, ბავშვობაში განცდილი ძალადობის კვალი მოზრდილ ასაკშიც იჩენს თავს. ზრდასრულ ადამიანებში ფსიქიკური აშლილობების დიდი ნაწილი  ბავშვობაში გადატანილი სექსუალურ ძალადობას უკავშირდება, გარდა ამისა ბავშვობაში განცდილი ძალადობის მქონდე ზრდასრულ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ მარტოობის განცდა, დაბალი თვითშეფასება, ძილის დარღვევა და სხვ. სხვადასხვა კვლევიდან გამომდინარე, ზრდასრულ კრიმინალთა დაახლოებით 70% ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. 70 % საკმაოდ დიდი რიცხვია, რაც მიგვანიშნებს ამ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის აუცილებლობაზე.


-ზრდის თუ არა ბავშვობაში განცდილი ძალადობა იმის  ალბათობას, რომ შემდგომში იგი, როგორც მშობელი, ასევე მოძალადე იყოს? 
 

-ბავშვობაში განცდილი ძალადობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ მომავალში ეს ბავშვები თავადაც მოძალადე მშობლები გახდებიან.  ბავშვები მიბაძვით, სხვებზე და უპირველეს ყოვლისა მშობლებზე დაკვირვებით, ისწავლიან  არამარტო ქცევით პატერნებს, არამედ ემოციებსაც. ბავშვი, რომელიც იზრდება ძალადობრივ გარემოში მიბაძვით სწავლობს მსგავს ქცევას, ასევე უარყოფით ემოციებს ( აგრესიას, რისხვას )  და შემდგომში ავლენს სხვების მიმართ. თუ ბავშვს  არასასურველი ქცევის გამო ვუყვირით, ის ჩვენ მოგვბაძავს და არასასურველ სიტუაციაში ჩათვლის, რომ ყვირილი რეაგირების ერთადერთი გზაა.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ მშობლებს,დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობები შვილებთან, შეეცადონ და არ გამოხატონ მათი თანდასწრებით, მათი მისამართით  ნეგატიური ემოციები, ეცადონ პოზიტიური აღზრდის მეთოდებით მართონ რთული ქცევა. მართალია, ეს დიდ ენერგიასა და ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა თუ დავფიქრდებით, რომ ამას ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ, ყველაფერს შევძლებთ.

 

იზაბელა ალიევა

loading...