სხვადასხვა
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წელი ინტერნაციონალური დღესასწაულია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. მაგალითისთვის, იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ სკამებსა და უთოებს ყრიან, პანამელები რაც შეიძლება მეტს ხმაურობენ, ბულგარეთში ოთახებში შუქს აქრობენ, ეკვადორში კი ახალ საცვლებს იცვამენ. ცოტა რამ უცნაური საახალწლო ტრადიციების შესახებ:

 

იტალია

იტალიაში ახალი წელი 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის მიხედვით, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს. ის კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და პატარებს საძინებელში საჩუქრებს უტოვებს, მათ კი, ვინც ცუდად სწავლობს- ნაცარს ან ნახშირს.

იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია.

იტალიელები თვლიან, რომ ახალი წლის დადგომამდე ყველაფერი ძველისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. იტალიელებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ, განსაკუთრებით, სამხრეთელებს. ყველაზე ხშირად ისინი ფანჯრებიდან ძველ უთოებსა და სკამებს აგდებენ.

საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იტალიურ ოჯახში თხილი, ყურძენი და ოსპია, რაც ხანგრძლივი სიცოცხლის, ჯანმრთლობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

იტალიურ პროვინციებში არსებობს კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია. სოფლის მცხოვრებლებს ახალი წლის დილას სახლში წყაროს წყალი შეაქვთ. მათი რწმენით, წყალს ბედნიერება მოაქვს.

იტალიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდებიან ახალ წელს პირველად. თუ პირველი შემხვედრი სასულიერო პირი, ბავშვიანი ქალი ან მამაკაცია, ეს არასასურველად ითვლება, ქუჩაში კუზიანი მოხუცის დანახვა კი კარგის ნიშანია.

ეკვადორი

უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვთ ეკვადორელებსაც. ისინი ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ. რიტუალი „ქვრივების ტირილის“ სახელითაა ცნობილი და სიმბოლურად „ცუდი ქმრების“ დატირებას გამოხატავს. უჩვეულო რიტუალს ქვრივის ფორმებში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ.

ეკვადორული ტრადიციით, მათ, ვისაც მთელი წელი მოგზაურობა სურს, ჩემოდნებით ან დიდი ჩანთებით სახლს რამდენჯერმე უნდა შემოურბინონ, სანამ საათი თორმეტს არ ჩამოჰკრავს.

ვისაც პირადი ცხოვრების შეცვლა, გათხოვება ან ცოლის მოყვანა სურს, ახალ წელს წითელი თეთრეულით უნდა შეხვდეს.

ძველი წლის უსიამოვნებების დასავიწყებლად კი ეკვადორელები ფანჯრიდან წყლიან ჭიქას ისვრიან.

შვედეთი

შვედი ბავშვები ახალ წელს სამყაროს დედოფალს, ლუჩიას ირჩევენ. მას თეთრ სამოსს აცმევენ და თავზე ანთებულსანთლებიან გვირგვინს ახურავენ. ლუჩია ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. მას არც შინაური ცხოველები ავიწყდება და კატებს- გემრიელი მუსით, ძაღლებს- შაქრის ძვლით, სახედრებს კი სტაფილოთი ასაჩუქრებს. ახალი წლის ღამეს სახლებში შუქს არ აქრობენ, ქუჩები კი საგულდაგულოდაა განათებული.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სარ-ის სამრეწველო დედაქალაქ იოჰანესბურგში ერთ-ერთი კვარტლის მცხოვრებლები ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა ფერხდება. პოლიცია იძულებული ხდება ჰილბროუს კვარტალი გადაკეტოს. სამართალდამცავები ადგილობრივ მცხოვრებლებს მეგაფონებით მოუწოდებენ, ფანჯრებიდან მძიმე საგნების გადმოყრისგან თავი შეიკავონ. ახალ წელს ჰილბროუ იოჰანესბურგში ყველაზე საშიშ კვარტლად ითვლება, სადაც მთელი ღამის განმავლობაში 100-მდე პოლიციელი პატრულირებს.

ინგლისი

ინგლისში ახალ წელს ბავშვებისთვის წარმოდგენებს მართავენ. მხიარულ კარნავალში მონაწილეობას პატარებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები: ჰობი ჰორსი, პანჩი და სხვა პერსონაჟები იღებენ. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში გარემოვაჭრეები სათამაშოებს, ნიღბებს, ფრანებს და სხვა საახალწლო ატრიბუტიკას ყიდიან.

ინგლისში ტრადიციად შემორჩა საახალწლო მისალოცი ბარათების გაგზავნა.

ძილის წინ ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფებშს ტოვებენ, რომელზეც თოვლის ბაბუამ საჩუქრები უნდა დაუწყოს, ფეხსაცმელებში კი სანტას სახედრისთვის თივას ყრიან.

ახალი წლის დადგომას ინგლისის მცხოვრებლებს ზარების რეკვით ამცნობენ. ზარების რეკვა 12 საათის დადგომამდე იწყება. თავდაპირვებლად ზარები ჩუმი ხმით რეკავს, რადგანაც მათ სპეციალურად ფუთავენ. ზუსტად 12 საათზე კი ზარებს აშიშვლებენ და მთელი ძალით რეკავენ.

სწორედ იმ წუთებში, როდესაც ზარები რეკავს, წყვილებმა ერთმანეთს უნდა აკოცონ.

ახალი წლის სუფრას ინგლისურ ოჯახში ინდაური ამშვენებს შემწვარი კარტოფილით და სოუსით. ასევე ძალიან პოპულარულია ბრიუსელის კომბოსტო ხორცის ღვეზელით, პუდინგი, ხილი და ტკბილეულობა.

ბრიტანეთის კუნძულებზე არსებობს კიდევ ერთი ძველი ტრადიცია- როდესაც საათის ზარი 12-ს ჩამოჰკრავს, ადგილობრივები სახლის უკანა კარებს ღიას ტოვებენ, რათა ძველი წელი გააცილონ, ბოლო ზარის ჩამოკვრისას კი ისინი წინა კარს აღებენ, რომ სახლში ახალი წელი შეუშვან.

შოტლანდია

შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს „ჰოგმანის“ უწოდებენ. ამ დღეს მთელი ქალაქი რობერტ ბერნსის ტექსტზე შექმნილ შოტლანდიურ სიმღერას მღერის. ახალი წლის ღამეს თივით გავსებულ კასრებს ცეცხლს უკიდებენ და ქუჩებში აგორავებენ, რაც სიმბოლურად ძველი წლის გაცილებას ნიშნავს.

შოტლანდიური ტრადიციით, ბედნიერი იქნება თუ არა დამდეგ წელს ოჯახი, იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შევა პირველად სახლში. ადგილობრივთა რწმენით, თუ პირველი სახლში მუქთმიანი მამაკაცი შევა, ის ოჯახს ბედნიერებას მოუტანს. შოტლანდიაში არსებობს მეკვლეობის ტრადიციაც, რასაც ადგილობრივი დიალექტით „ფირსტ ფუტინგი“ ჰქვია.

ახალ წელს შოტლანდიელები ტრადიციულ კერძებს, შვრიის ორცხობილებს, პუდინგს, ყველის განსაკუთრებულ ნაირსახეობას, „კებენს“ ამზადებენ, ვახშამზე კი მოხარშული ბატი და ბიფშტექსი, ასევე, ნამცხვარი და შემწვარი ვაშლები აქვთ.

ირლანდია

ირლანდიური შობა უფრო მეტად რელიგიური დღესასწაულია, ვიდრე უბრალო გართობა. შობის ღამეს სარკმელთან სანთლებს ანთებენ. ამით ისინი იოსებსა და მარიამს თავშესაფარს სთავაზობენ.

ირლანდიელი ქალები ტრადიციულ ნამცხვარს, ე.წ. „სიდ ქეიქს“ აცხობენ.

კოლუმბია

კოლუმბიის საახალწლო კარნავალის მთავარი მოქმედი გმირი ძველი წელია. ის ხალხის მასაში გრძელი ოჩორფეხებით დააბიჯებს და ბავშვებს სასაცილო ისტორიებს უყვება. კოლუმბიელ თოვლის ბაბუას „პაპა პასკუალე“ ჰქვია. მასზე კარგად ფეიერვერკებს კოლუმბიაში ვერავინ აწყობს.

ახალი წლის წინა დღეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში თოჯინების კარნავალი ტარდება. ამ დღეს განსაკუთრებული ჟრიამული დედაქალაქის უძველეს რაიონ კანდელარიშია.

ვიეტნამი

ვიეტნამში ახალი წელი გაზაფხულის დღესასწაულად ითვლება და ადგილობრივ ენაზე მას „ტეტი“ ჰქვია. ახალი წლის სიმბოლო ატმის აყვავებული ტოტებია, რომელიც ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს.

ბავშვები მოუთმენლად ელიან ახალი წლის ღამის დადგომას, რომ ფანჯრებიდან თვითნაკეთი შუშხუნები გაისროლონ.

ვიეტნამში ახალი წლის დადგომას მთვარის კალენდრით 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. სადღესასწაულო სუფრას ყვავილების თაიგული ამშვენებს. ახალ წელს მიღებულია ატმის აყვავებული ტოტების ჩუქება.

ახალი წლის ღამეს პარკებსა და სკვერებში კოცონს ანთებენ, რომლის გარშემოც ოჯახებით იკრიბებიან. ნაკვერჩხალზე ბრინჯისგან საახალწლო კერძს ამზადებენ.

ამ დღეს ადამიანები ყველა წყენას ივიწყებენ.

ვიეტნამელთა რწმენით, ღმერთი ყველას სახლში ცხოვრობს. ღმერთები ახალი წლის ღამეს ზეცაში მიფრინავენ და ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარა ძველი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა.

ოდესღაც ვიეტნამელებს სჯეროდათ, რომ ღმერთი თევზის ზურგზე იჯდა და დაცურავდა. ეს რწმენა ადგილობრივთა მცირე ნაწილს ისევ შემორჩა. ისინი ბაზარში ცოცხალ თევზებს ყიდულობენ და მდინარეში უშვებენ.

ვიეტნამელებსაც სწამთ, რომ ოჯახის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შეაღებს ახალ წელს მათი სახლის კარს.

ნეპალი

ნეპალში ახალ წელს მზის ამოსვლისას ხვდებიან. ღამით კი ისინი ეზოებში კოცონს ანთებენ და მასში ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს ყრიან. მომდევნო დღეს იწყება საღებავების დღესასწაული. ადამიანები სახეებს, ხელებს და სხეულს იხატავენ, შემდეგ კი ქუჩებში ცეკვავენ და მღერიან.

საფრანგეთი

ფრანგ თოვლის ბაბუას „პერ ნოელი“ ჰქვია. ის ახალი წლის ღამეს ბავშვებს საჩუქრებს ფეხსაცმელებში უტოვებს.

საფრანგეთში ძალიან პოპულარულია სანტონები- თიხის ან ხის პატარა ფიგურები, რომლებსაც ნაძვის ხესთან დებენ.

ფინეთი

თოვლიან ფინეთში ზამთრის მთავარი დღესასწაული შობაა. შობის ღამეს ლაპლანდიელი თოვლის ბაბუა ბავშვებს საძინებლებში საჩუქრებს უტოვებს.

ყველაზე ცნობილი ფინური საშობაო ტრადიცია მკითხაობაა. ადგილობრივები ცვილს ადნობენ, წყალში ასხამენ და მასზე მკითხაობენ.

გერმანია

გერმანელი სანტა კლაუსი ვირით დადის. დაძინებამდე ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფშებს ტოვებენ, რომელზეც დილით საჩუქრები ხვდებათ. თოვლის ბაბუას ვირს კი პატარები ფეხსაცმელებში თივას უტოვებენ.

კუბა

კუბაში ტრადიციული საახალწლო ზეიმი „მეფეების დღე“ იმართბა. ჯადოქარ მეფეებს, რომლებიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებენ, ბალტასარი, გასპარი და მალჩორი ჰქვიათ. ახალი წლის ღამეს ბავშვები მათ წერილებს წერენ და სურვილების შესრულებას სთხოვენ.

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭურჭელს წყლით ავსებენ, გვიან ღამით კი წყალს ფანჯრიდან ღვრიან, რაც სიმბოლურად განწმენდას ნიშნავს.

12 საათის დადგომამდე კუბელები ყურძნის 12 მარცვალი უნდა შეჭამონ და მათ წელიწადის 12-ვე თვე წარმატებული და ბედნიერი ექნებათ.

პანამა

ყველაზე დიდი ხმაურით ახალ წელს პანამაში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ქალაქის ყველა ზარი რეკავს, ყვირის საყვირები, უფროსები და პატარები ხმამაღლა ღრიალებენ, აბრახუნებენ კარებზე. ასე ხმაურიანად ისინი ძველი წლის დასრულებას და ახალი წლის დადგომას ხვდებიან.

უნგრეთი

უნგრელები ახალი წლის დადგომას სტვენით ხვდებიან, რისთვისაც იყენებენ თითებს, რქებს, სასტვენებს და სხვადასხვა საშუალებებს. ამ მეთოდით ისინი საკუთარი სახლებიდან ბოროტ სულებს დევნიან. უნგრელების საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ლობიო, ბარდა, ვაშლი, კაკალი, ნიორი და თაფლი.

ბირმა

ბირმაში ახალი წელი აპრილში დგება. ზუსტ თარიღს კულტურის სამინისტრო აცხადებს. დღესასწაული 3 დღეს გრძელდება.

ადგილობრივთა რწმენით, წვიმის ღმერთები ვარსკვლავებზე ცხოვრობენ და ხანდახან სათამაშოდ მთვარეზე იკრიბებიან. ამ დროს ციდან წვიმა მოდის. ვარსკვლავური სულების საამებლად ბირმელებმა თოკის გადაწევის შეჯიბრი მოიგონეს. მასში მონაწილეობას ორი სოფლის მამაკაცები იღებენ. ქალაქებში კი თოკის გადაწევაში ერთმანეთს ორი ქუჩის მამაკაცები ეჯიბრებიან. ქალები და ბავშვები კი მათ გულშემატკივრობენ და ამხნევებენ.

ისრაელი

ებრაულ ახალ წელს „როშ ხა შანა“ ჰქვია და მას სექტემბრის პირველ რიცხვებში ზეიმობენ. „როშ ხა შანა“ სამყაროს შექმნის დღედ ითვლება.

ახალი წლის დღესასწაული ლოცვის დღეა. წინა დღით ებრაელები თაფლიან ვაშლს, ბროწეულს და თევზს მიირთმევენ და ტრაპეზობამდე ლოცულობენ.

ახალი წლის პირველ დღეს ებრაელები წყალთან მიდიან და ლოცვა „ტაშლიხს“ კითხულობენ.

ინდოეთი

ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ზაფხულის დასაწყისში აღინიშნება „ლორის“ დღესასწაული. ამ დღეს ბავშვები სახლებთან მშრალ ტოტებს, თივას და ძველ ნივთებს აგროვებენ, რომლებსაც ღამით წვავენ, კოცონის გარშემო ცეკვავენ და მღერიან.

შემოდგომაზე აღინიშნება „დივალის“ დღესასწაული. ამ დღეს სახლების სახურავებსა და ფანჯრის რაფებზე ათასობით სანთელი ინთება. გოგონები წყალში პატარა გემებს უშვებენ, რომელზეც სანთლები ანთია.

იაპონია

იაპონელი ბავშვები ახალ წელს ახალ ტანსაცმელში ხვდებიან. ახალი წლის ღამეს ისინი ბალიშების ქვეშ იალქნიან ნახატებს მალავენ და იმედოვნებენ, რომ ნავებით მათთან შვიდი კეთილი ჯადოქარი მიცურდება.

ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქები ახალ წელს თოვლისა და ყინულის ულამაზესი სკულპტურებით მშვენდება.

იაპონელებს ახალი წლის დადგომას გონგის 108 დარტყმა ამცნობს. ადგილობრივთა რწმენით, თითოეული დარტყმა ადამიანის თითო უარყოფით თვისებას კლავს. ასეთი კი ადამიანს 6 თვისება აქვს: სიხარბე, სიბოროტე, სიბრიყვე, უგუნურობა, თავდაუჯერებლობა და შური. თითოეულ უარყოფით თვისებას კი 18 განშტოება აქვს.

ახალი წლის პირველ წუთებში იაპონელები ხმამაღლა იცინიან, რაც ადგილობრივთა რწმენით, მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება. იმისათვის, რომ ბედნიერებამ მათ სახლებში შეიხედოს, იაპონელები სახლის კარს ლელქაშებითა და ღიღილოებით რთავენ.

იაპონელების სუფრას საახალწლოდ მაკარონი, ბრინჯი, ჭანარი და ლობიო ამშვენებს. ტრადიციული საახალწლო ატრიბუტია ბრინჯის ფქვილისგან გამომცხვარი ფუნთუშები.

იაპონელ თოვლის ბაბუას „სეგაცუ სანი“ ჰქვია.

ახალ წელს გოგონები ბადმინტონით ერთობიან, ბიჭები კი ცაში საჰაერო ფრანებს უშვებენ.

ყველაზე პოპულარული საახალწლო აქსესუარი იაპონიაში ფოცხებია, რადგანაც მათი საშუალებით იაპონელები ბედნიერებას აგროვებენ. ფოცხებს ისინი ლელქაშის ღეროებისგან აკეთებენ და სხვადასხვა ფერებში ხატავენ. იაპონურ ფოცხებს „კუმადები“ ჰქვია.

იმისათვის, რომ ახალ წელს მათ სახლში ბედნიერებამ დაიმკვიდროს, იაპონელები სახლის წინ კარებთან ლელქაშის სამ ღეროს არჭობენ და მას ფიჭვის ტოტებს ამაგრებენ.

ჩეხეთი და სლოვაკეთი

ახალი წლის ღამეს ჩეხ და სლოვაკ ბავშვებს მხიარული თოვლის ბაბუა სტუმრობს, რომელსაც თბილი ქურქი და ცხვრის ფაფახი ახურავს. მას „მიკულაში“ ჰქვია და ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით ახარებს.

ჰოლანდია

ჰოლანდიაში თოვლის ბაბუა გემით ჩადის. ბავშვები მას სიხარულით ხვდებიან. ჰოლანდიელი სანტა ძალიან მხიარული და გულუხვია და ბავშვებს ხილს, ტკბილეულსა და სათამაშოებს ურიგებს.

ავღანეთი

ავღანეთში ახალი წელი 21 მარტს იწყება. ამ დღეს ქუჩები ჯამბაზებით, თოკზე მოსიარულეებით, მუსიკოსებითა და მოვაჭრეებით ივსება. ახალი წლის დადგომა ავღანეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას ემთხვევა.

ჩინეთი

ჩინეთში ბუდას განბანვის უძველესი ტრადიცია შემორჩა. ახალ წელს ჩინეთის ყველა მონასტერში ბუდას ქანდაკებებს წყაროს წყლით რეცხავენ, ადამიანები კი მილოცვისას ერთმანეთს წუწავენ. უცნაური ტრადიციის გამო ახალ წელს ნახევარი ჩინეთი სველი ტანსაცმლით დადის.

ირანი

ირანში ახალი წელი 22 მარტს დგება. ამ დღეს ირანელები ჰაერში იარაღის სროლით ხვდებიან. კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნდა, ძველი ჭურჭლის დამტვრევა და ახლის შეძენაა.

ბულგარეთი

ყველაზე უჩვეულოდ ახალი წლის დადგომას ბულგარელები აღნიშნავენ. ახლო ნათესავები და მეგობრები ერთმანეთის სახლებში სუფრასთან იკრიბებიან. ღამის 12 საათზე ოთახში შუქს 3 წუთით აქრობენ და ერთმანეთს ჰკოცნიან.

საბერძნეთი

საბერძნეთში სტუმარი მასპინძლის სახლის კართან დიდ ქვას აგდებს და ამბობს: „ღმერთმა ისეთი დიდი სიმდიდრე მოგცეს, როგორიც ეს ქვაა.“

საბერძნეთში ახალი წელი წმინდა ვასილის დღეს ემთხვევა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბავშვები კარებთან ფეხსაცმელებს ტოვებენ იმ იმედით, რომ წმინდა ვასილი მათ ფეხსაცმელებში საჩუქრებს ჩაუყრის.

loading...