ak.ge
სპორტი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დღე პირველი: საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი იასპარეზებს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - დღე პირველი: საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი იასპარეზებს

დღეს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას. მედლებისთვის   ორი წონით კატეგორიის - 59 კგ  და 75 კგ წარმომადგენლები იბრძოლებენ. საქართველო მხოლოდ 75 კგ-ში წარდგება და მის ღირსებას ზურა დათუნაშვილი დაიცავს.

ზურაბ დათუნაშვილი, 1991 წლის 18 ივნისს, თბილისში დაიბადა. მისი პირადი მწვრთნელია ვილიამ ხარაზოვი.

        

ზურა დათუნაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ის ასევე  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორია ახალგაზრდებში. ლონდონის ოლიმპიური თამაშების მეშვიდეადგილოსანმა 2014 წელს ოქროს გრან პრიც მოიგო. ზურა ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს მედროშე იყო. ზურა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

       
 

ზურა დათუნაშვილი ტურნირში  საკვაფილიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე  ყაზახი დოშან კარტიკოვი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც  მომდევნო შეხვედრას აზერბაიჯანელ მურსალიევს და ეგვიპტელ სებიეს შორის გამარჯვებულთან გამართავს.

მეოთხედფნალში ზურას  სავარაუდო მეტოქე მსოფლიოსა და ოლიმპიურ ვიცეჩემპიონ სომეხ არსენ ჯუფალაკიანსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ უნგრელ პეტერ ბაჩშის შორის გამარჯვებული იქნება. წარმატების შემთხვევაში კი ზურა ნახევარფინალში სერბ ვიქტორ ნემესა და ირანელ საედ აბდვალის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

    

ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები რუსი რომან ვლასოვი და კორეელი ჰეონვუდ კიმი. ისინი პირველ შეხვედრას ერთმანეთში  გამართავენ. ასევე ბადის მეორე მხარეს მოხვდა თურქი სელჩუკ ჩები.

ზურა დათუნაშვილი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ერთადერთია, ვინც ოლიმპიადაზე მეორედ იასპარეზებს. მისი თქმით, მას ეს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებს. როგორც ზურამ sazogadoeba.ge-თან საუბარში განაცხადა, წინა ოლიმპიადამ სპორტულ ცხოვრებაში დიდი გამოცდილება მისცა.

„ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძლიერი კონკურენტები მყავს, ვფიქრობ, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯები, ყველას დამარცხებაა შესაძლებელი. წინა ოლიმპიადამ სპორტულ ცხოვრებაში დიდი გამოცდილება მომცა, ფსიქოლოგიურ მომენტსაც უფრო მარტივად გადავლახავ. წინა ოლიმპიადიდან დიდი დრო გავიდა, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა უფრო თავდაჯერებული გავხდი. მაშინ, ლონდონში აზერბაიჯანელთან წავაგე და ვფიქრობ, რომ შემეძლო მოგება -  ჩემს შეტევაზე შემდეგ მან გამიკეთა ილეთი, მაგრამ მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ვმუშაობდით და ბევრი რამ  დავხვეწეთ.“ - განაცხადა დათუნაშვილმა.

      

    ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით  17:00-ზე დაიწყება.

       

   
   

 მასალა მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.