ak.ge
სპორტი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა -დღე მეორე: საქართველოს სახელს რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია დაიცავენ
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა -დღე მეორე: საქართველოს სახელს რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია დაიცავენ

დღეს, 15 აგვისტოს, ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილის 85 და 130 კგ კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს ღირსებას კი ევროპის 2016 წლის ვიცეჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის იაკობ ქაჯაია (130) დაიცავენ.

       

22 წლის რობერტ კობლიაშვილი (85 კგ ) წარმოშობით გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოდანაა. მისი პირადი მწვრთნელი იმედა ფრეწუაშვილია.

       

კობლიაშვილი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე  მექსიკელ ალფონსო იეპესი იქნება. მის ბადეში არიან გერმანელი ევროპის პრიზიორი დენის კუდლა, რუსთა ქართველი ევროპის ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე, ირანელი მსოფლიოს პრიზიორი ჰაბიბოლაჰ აკლაგი, აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი სამან ტახმასები, უნგრელი მსოფლიოს მედალოსანი, ვიკტორ ლორინცი და შვედი ზაკარიას ბერგი, ბადის მეორე მხარეს მოხვდა უკრაინელი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჟან ბელენიუკი.

     

 

იაკობ ქაჯაია 1993 წლის 28 სექტემბერს დაიბადა. ის წარმოშობით იმერეთიდანაა. მისი პირადი მწვრთნელია დემურ კირტავა.

         

ასპარეზობაში ქაჯაიაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანთან შეხვედრით, მომდევნო წრეში კი სავარაუდო მეტოქე უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი იქნება, წარმატების შემთხვევაში მეოთხედფინალში რუს სერგეი სემიონოვს დაეჭიდება, ნახევარფინალში კი კუბელი 2-გზის ოლიმპიური და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლოპოზ ნუნიესი ელოდება, ბადის მეორე მხარესაა თურქების მსოფლიო ჩემპიონი რეზა კაია.

         

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით  17:00-ზე დაიწყება.

  

  

მასალა მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით