სპორტი
„უკეთ ვიდრე ლონდონში“ შესრულებულია - დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველომ ყველაზე წარმატებულად რიოს ილიმპიადაზე იასპარეზა
„უკეთ ვიდრე ლონდონში“  შესრულებულია - დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველომ ყველაზე წარმატებულად რიოს ილიმპიადაზე იასპარეზა

„უკეთ ვიდრე ლონდონში“   - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დევიზი შესრულებულია. ჩვენმა ქვეყანამ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. მართალია, ლონდონის თამაშების მსგავსად მედლების რაოდენობა კვლავ შვიდია, თუმცა მათში უმაღლესი სინჯის ორია.

    

 

საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა  მოუტანა. მან მოპოვებული ბრინჯაოთი ქართული ძიუდოს ისტორიაში შესვლა შეძლო. ლაშა ერთადერთი ძიუდოისტია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ორი ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

     

მომდევნო დღეს, დიდი სიხარული დიდი მწუხარებით შეიცვალა. ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი მედლის გარეშე დარჩა, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა შემდეგი სატურნირო დღე. ვარლამ ლიპარტელიანმა მოპოვებული ვერცხლით საქართველოს მედლების რაოდენობა ორამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ფინალში მარცხი ძალიან განიცადა და, ალბათ, ცოტა ადამიანი თუ დატოვა გულგრილი  დაჯილდოებისას მყოფი თავჩაღუნული და ცრემლიანი ლიპარტელიანის მიმართ.
 

     


საქართველოს მომდევნო მედალი მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ მოუტანა. მან მოპოვებული ბრინჯაოთი ბერძნულ-რომაული სტლით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩენისგან იხსნა.
 

       

ბოლქვაძის მიერ შექმნილი დადებითი მუხტი კიდევ უფრო ძალოსანთა ტრიუმფმა გააძლიერა. ერთ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსნებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს - ლაშა ტალახაძე ოქროს, ხოლო ირაკლი თურმანიძე ბრინჯაოს დაეუფლა და რიოში საქართველოს ჰიმნი პირველად აჟღერდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძემ არა მხოლოდ ოქროს მედლის მოპოვება, არამედ მსოფლიოსა და ოლიმპიური რეკორდის დამყარებაც შეძლო!
 

       
       
ტრიუმფით დაიწყო ასპარეზობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა.  პირველივე დღეს გუნდის ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მთელ მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ მოასმენინა.

      

ჩვენს ქვეყანას ბოლო მედალი ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. მის მიერ მოპოვებული ბრინჯაო საქართველოსთვის მე-7 ოლიმპიური მედალია.
 

      

საბოლოო ჯამში რიოს ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. 206  სახელმწიფოს შორის ჩვენმა ქვეყანამ 38-ე ადგილი დაიკავა.  დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით  საქართველომ ზაფხულის 6 ოლიმპიადაზე იასპარეზა და მათგან ყველაზე წარმატებული სწორედ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშებია.

     
    

       მომავალ შეხვედრამდე, ტოკიომდე... 

       

loading...