პოლიტიკა
„ერთადერთი პრეტენზია, რაც ოპონენტებს ჩემ მიმართ გააჩნიათ, ჩემი ასაკია“ - მაჟორიტარი დეპუტატობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი პატარა ქალაქის დიდ პრობლემებს ებრძვის
„ერთადერთი პრეტენზია, რაც ოპონენტებს ჩემ მიმართ გააჩნიათ, ჩემი ასაკია“  - მაჟორიტარი დეპუტატობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი პატარა ქალაქის  დიდ პრობლემებს ებრძვის

დაბინძურებული გარემო, დანგრეული გზები, დაბალი სოციალური ფონი და  წყალი გრაფიკით - კლდეში ჩასმული, ერთ დროს ძალიან ლამაზი,  „შავი ოქროს“ ქალაქი მხსნელს ითხოვს.

შევარდნაძის დროს დანგრეული, „ნაციონალების“ მიერ  წინახედშეღებილი და „ქართული ოცნების“ პირობებში, „ნგრევაშენარჩუნებული“  იმერეთის ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი არსებობისთვის ბრძოლას განაგრძობს.  სტატუსჩამორთმეული ქალაქი უკეთესის მოლოდინით წინასაარჩევნო რბოლაში უკვე მერამდენედ ჩაერთო. ამჯერად ჭიათურლებს არჩევანი 7 კანდიდატს შორის აქვთ გასაკეთებელი.

სულხან მახათაძე – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;  გოგი ჩიკვილაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თემურ გვალია – “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”; თემურ გაფრინდაშვილი – “თავისუფალი დემოკრატები”;  ანი მიროტაძე – “ეროვნული ფორუმი”; გიორგი კასრაძე –“პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია” და დამოუკიდებელი კანდიდატი - ირაკლი გაბრიჩიძე - ეს ადამიანები ჭიათურის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობის აღებისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან.  

კანდიდატებს შორის ძალიან ახალგაზრდა, 22 წლის ბიჭიცაა წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი ადგილობრივმა მოსახლეობამ  „პატრიოტთა ალიანსს“ თავად შესთავაზა. პარტიის ლიდერმა, რომელმაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად,  ჭიათურის 7000 მაცხოვრებლის ხელმოწერაც მიიღო,  საზოგადოების აზრი გაითვალისწინა და  ახალგაზრდა, მოტივირებული, ენთუზიასტი და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული გიორგი კასრაძე მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

ჭიათურაში დაბადებულმა და გაზრდილმა ყმაწვილმა რაიონის პრობლემების სიღრმისეულად გაცნობა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ცოტა ხანში მშობლიურ მხარეში თითოეული ქუჩის, თითოეული კორპუსის, თითოეული სოფლის მაცხოვრებლის ყოველდღიურობაში არცთუ სახარბიელო რეალობა აღმოაჩინა. შეეცადა ჭიათურლებს იმ რესურსით დახმარებოდა, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა -„ობიექტივის“ ეთერით  შესაბამისი უწყებებისა თუ კონკრეტული პირებისთვის ადგილობრივი მაცხოვრებლების  ყოფითი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მუდმივ რეჟიმში დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა შესაბამის სტრუქტურებს, შეძლებისდაგვარად,  მათზე რეაგირებას აიძულებდა. მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. ამას ხალხის მიერ მისი კანდიდატურის დასახელება, ასევე პარტიის ლიდერების მხარდაჭერაც  დაემატა. შესაბამისად,მოტივირებულმა ახალგაზრდამაც სამოქმედო სფეროს შეცვლა და მშობლიური მხარის გადარჩენაში მეტი წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

მცირე ასაკის მიუხედავად, გიორგის ყველა ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისება აღმოაჩნდა.  გონებრივ შესაძლებლობებსა და ლიდერულ უნარ-ჩვევებს ვიზუალური სახასიათო შტრიხები და დახვეწილი მანერებიც დაერთო. ჭიათურლების გარკვეულმა ნაწილმა გიორგის ნდობა უკვე გამოუცხადა. ახლა ამის დოკუმენტურად გაფორმება და დეკლარირებულად წარმოდგენაა საჭირო. თუმცა, მანამდე  კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ყველაფერთან ერთად,  კონკურენტების შემოტევებსაც უნდა გაუძლოს.  როგორც ახალგაზრდა კანდიდატი sazogadoeba.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, მის წინააღმდეგ ოპონენტებს ერთადერთი „არგუმენტი“ აქვთ შემონახული და ეს მის პატარა ასაკს გულისხმობს.

გიორგი კასრაძე:  რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის არჩევნები და რაც უფრო ვუახლოვდებით რვა ოქტომბერს,  მით მეტად იძაბება სიტუაცია და ფუჭდება პოლიტიკური ამინდი ჭიათურაში. კონკურენტები ერთმანეთს აქტიურად უპირისპირდებიან. ზოგს წარსულს ახსენებენ, ზოგს იმას, რომ ადრე „ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, ზოგი დღესაც ნაციონალია, ზოგი „ქართულ ოცნებაში“ იყო კოალიციურ რეჟიმში და დღეს უკვე  მასთან დაპირისპირებული მხარეა. ამ ინფორმაციებს ოპონენტები ერთმანეთთან დებატების დროს იხსენებენ. რაც შემეხება მე, ერთადერთი საპრობლემო, ერთადერთი პრეტენზია, რაც მათ შეიძლება გააჩნდეთ, ჩემი ასაკია. ძალიან მიხარია, რომ სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ. შესაბამისად,  ეს ერთი ნიუანსი შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში  ხელს ვერ შემიშლის,  უფრო პირიქით. მე მაქვს მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, რომ მეტი შემართებით გავაკეთო საქმე მშობლიური მხარის საკეთილდღეოდ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მე არ მოვდივარ ხელისუფლებაში მარტო, ზურგს ძალიან კარგი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მიმაგრებს. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად შევქმნით სათათბიროებს ყველა სოფელში, ხოლო საზოგადოებრივ დარბაზს - ჭიათურაში, ჩვენ შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან ერთად აუცილებლად განვიხილავთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჭიათურელ მოსახლეობას და ერთად ვიზრუნებთ მის გადაჭრაზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. ნებისმიერმა მოქალაქემ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჭიათურის ბედი, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მის მართვაში, არსებული პრობლემების წარმომქმნელი მიზეზების იდენტიფიცირებასა და მის აღმოფხვრაში. 

-ამბობთ, რომ თქვენთვის არ არის ასაკი ხელისშემშლელი ფაქტორი, თუმცა...  ცოტა ხნის წინ თქვენ არ მიგიწვიეს „GDS”-ის ეთერში გამართულ დებატებში ჭიათურის სხვა მაჟორიტარ დებუტატებთან ერთად. მართალია, მიზეზი აბსოლუტურად სხვა იყო  დასახელებული, მაგრამ ... ხომ არ ფიქრობთ, რომ აქ მაინც ასაკია ყველაფერთან კავშირში?

-გამორიცხული არაფერია, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ მედიაკავშირ „ობიექტივის“ მიმართ ია ანთაძის პერსონალური ნეგატიური დამოკიდებულებაა უფრო მიზეზი. როდესაც მას შესაბამისი კითხვით მივმართე,  საკმაოდ დამცინავი ტონით მიპასუხა, რომ მე ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში, „ობიექტივში“ მქონდა ეთერი, რომელიც ჩემს სრულფასოვან საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ჩემი ვარაუდით, არსებობს სხვა მიზეზიც. მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჭიათურის მოსახლეობაში და ვფიქრობ, ტელეკომპანია მოერიდა „ჯიდიესის“ ეთერში რეიტინგული კანდიდატის დასმას.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ გადაცემა „59 წამი“ ინტერაქტივია. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ  ამ დებატებს და ინტერაქტივს აუცილებლად მოვიგებდი და ეს იქნებოდა ძალიან მძიმე „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არ მოხდა ჩემი დაპატიჟება გადაცემაში. თუმცა, ახლაც მინდა აღვნიშნო, რომ ტელეკომპანია „ჯიდიესში“ სტუმრობა ჩემი მიზანი არც ყოფილა და არც არის, ჩემთვის მთავარია სხვა კანდიდატებთან დებატებში მონაწილეობა და მე ვთხოვ ტელეკომპანია „ობიექტივს“,  უზრუნველყოს პირდაპირი ეთერი ამ მიმართულებით,  მოიწვიოს ყველა კანდიდატი და მისცეს მათ თანაბარი შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი პროგრამა, გაგვაცნოს საკუთარი ხედვები და უპასუხოს ოპონენტების შეკითხვებს კონკრეტულ პრობლემატურ თემებთან დაკავშირებით.

- ჭიათურაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარება ერთიანად, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია, თუმცა... მოდით,  ამ ეტაპზე ძირითადი ასპექტები მიმოვიხილოთ...

 - მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ადამიანი მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს, მინიმუმ, ის პრობლემები მაინც უნდა იცოდეს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მე ამის შესაძლებლობა მქონდა. ამაში ძალიან დამეხმარა გადაცემა „ჭიათურის საათი“, რომლის წყალობითაც მე ფუნდამენტალურად შევისწავლე ჭიათურის თითქმის ყველა ქუჩისა  და თითოეული სოფლის მკვიდრის პრობლემა. მინდა აღვნიშნო, რომ კანდიდატთა უმრავლესობა, რომელიც დღესაა წარმოდგენილი, მოწყვეტილია პრობლემებს, რომელიც ჭიათურაშია და არ იცნობს ხალხის განწყობას, არ აქვს ხალხთან კომუნიკაცია.  მე ვერ დავპირდები ვერავის, რომ გზას დავაგებ, მაგალითად, სოფელ ეწერში, იმიტომ, რომ ეს დეპუტატის უშუალო მოვალეობა არაა, თუმცა ვპირდები, რომ ადგილობრივებთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამ სოფელში გზა იყოს დაგებული. ბუნიკაურს ვერ დავპირდები ბუნებრივ აირს, თუმცა მათთან ერთად ვიბრძოლებ, რომ ამ სოფელს ჰქონდეს გაზი. დეპუტატი არის შუამავალი რგოლი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და ამ შუამავლობას აუცილებლად გამოვიყენებ, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რესურსი იყოს დახარჯული ჭიათურის პრობლემების მოსაგვარებლად.

- კონკრეტულად, რა პრობლემებს გულისხმობთ?

-ჭიათურაში ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით,  არის ძალიან დაბალი სოციალური ფონი, ხალხს ძალიან უჭირს, პრობლემებია ახალგაზრდული მიმართულებით და ა.შ. ვთვლი, რომ პრობლემატურია ქალაქის სტატუსიც, რომელიც ჭიათურას 1921 წლიდან ჰქონდა მინიჭებული, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2006 წელს მისი გაუქმება გადაწყვიტა, ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში დაბრუნდეს საავადმყოფო. ამჟამად მხოლოდ ერთი 25 საწოლიანი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს, რაიონში კი 39 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დაბინძურებულია სასმელი წყალი, ჰაერი, დეგრადირებულია ნიადაგი და თითქმის 14 სოფელი გაუდაბნოების ზღვარზე იმყოფება.

რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ჭიათურაში მხოლოდ ერთი საწარმო ფუნქციონირებს, რომელსაც 3700 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ეს არის „ჯორჯია მარგანეცი” ეს კომპანია გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 358 მილიონი ლარითა და ფინანსური ვალდებულებებისგან თავის არიდების ბრალდებით 200 მილიონი ლარით  არის დაჯარიმებული.

ზიანი, რომელსაც ეს ერთი საწარმო ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს, საკმაოდ სერიოზულია. მართალია, სტატისტიკა ცნობილი არაა, მაგრამ ჭიათურის მოსახლეობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს. ნებისმიერ ონკოლოგიურ ცენტრში შესვლისას აუცილებლად მოკრავთ თვალს ნაცნობ სახეებს. ჭიათურელთა უმრავლესობა ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა და ბრონქული დაავადებებით ავადმყოფობს.

არანაკლები მწვავე პრობლემები აწუხებთ მაღაროში  დასაქმებულ ადამიანებს.  არის აბსოლუტურად მორღვეული შრომის პირობები, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ტექნიკით მუშაობენ მაღაროელები მაღაროში და  მუშები ქარხნებში, მათი სახელფასო ანაზღაურება კი მიზერულია. იმის გამო, რომ მანგანუმის არასწორად მოპოვების შედეგად ზესტაფონში მანგანუმის ჭარბი რაოდენობა დაგროვდა, 2016 წლის 20 იანვარს კომპანიამ 4 თვით მაღაროს გაჩერების გადაწყვეტილებაც  მიიღო.

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა  დაგვემატა მას შემდეგ, რაც „ჯორჯია მარგანეცმა“ წარმოების აღდგენა გადაწყვიტა. ხელმღვანელობამ ახალი მეთოდების დანერგვა დაიწყო. დასაქმებული ადამიანები სპეციალურ  რეჟიმზე გადაიყვანა და 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაუწესა. უფრო მეტიც, ამ 15 დღის განამვლობაში, რომელიც მათ სამუშაო პერიოდს მოიცავს, მუშებს ოჯახის წევრების ნახვის უფლებაც შეეზღუდათ. წესების თანახმდად, სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ მუშები სანატორიუმში მიჰყავთ, იქ მისვლის შემდეგ კი მათ გარეთ გამოსვლის უფლებაც აღარ აქვთ.  ფაქტობრივად, ისინი კაზარმულ რეჟიმში ცხოვრობენ.“ჯორჯია მარგანეცი“ ამ რეჟიმის უფრო ფართოდ გავრცელებას და დამკვიდრებას აპირებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არცერთი შრომის კოდექსი 12 საათიან გრაფიკს არ იცნობს.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი, რასაც „ჯორჯია მარგანეცთან“ ურთიერთობის პირობებში გავაკეთებთ, ეს არის ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება და მაღაროელთა უფლებების სერიოზული განხილვა სამთავრობო კომისიის დონეზე. ამ კომპანიამ საკუთარ თავზე სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მაღაროელებს ნორმალური სამუშაო პირობები უნდა შეექმნათ და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება მიეცეთ. ამ ეტაპზე კი მაღაროელებს არ აქვთ კლინიკა ჭიათურაში და იმისთვის, რომ ექიმმა დანიშნულება მისცეს, ზესტაფონში უნდა ჩავიდნენ.

რადგან სამედიცინო სფეროს შევეხეთ, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ექიმები, პროფესიონალები, მოტივირებულები, მაგრამ არ გვაქვს საავადმყოფოები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ჭიათურლებს მხოლოდ ერთი, 25 საწოლიან კლინიკა ემსახურება.

- რამდენადაც მახსოვს, იყო მეორე საავადმყოფოც ნაგუთში, მერკვილაძის ქუჩაზე. ახლა იქ მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი...

- სამწუხაროდ, ორივე საავადმყოფო, მათ შორის ისიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, გასხვისდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში,  აუცილებლად შევისწავლით ტექნიკურ დეტალებს, ვნახავთ, რომელი უფრო მარტივად არის აღსადგენი, რომელს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ავადმყოფების მიღებისა თუ ტერიტორიული მიდგომის თვალსაზრისით, აუცილებლად გამოვისყიდით ერთ-ერთ მათგანს და ჩავუტარებთ რეაბილიტაციას.

პრობლემაა სოფლებში ამბულატორიების მიმართულებითაც. სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არსებობს ამბულატორია და შესაბამისად, ამ მხრივაც ძალიან დიდი პრობლემა იქმნება.

აქვე კიდევ ერთ პრობლემას შევეხები. ეს არის დემოგრაფიული ვითარება. მოსახლეობა 700 ათასით არის შემცირებული ბოლო პერიოდში საქართველოში და ეს, ბუნებრივია, ჭიათურაზეც აისახება. მაგალითად, ჭიათურაში 2002 წელს 56 ათასი ადამიანი ფიქსირდებოდა, 2014 წელს კი მათი რაოდენობა 39 ათასამდე შემცირდა. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორისაა ის ფაქტიც, რომ ჩვენთან აღარ ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. გახსოვთ, ალბათ, რომ აქ იყო ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალი. ასევე იყო პროფესიული სასწავლებლები და ახალგაზრდებს ადგილზევე შეეძლოთ განათლების მიღება. რატომღაც მოხდა ისე, რომ ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ უკვე „ქართულმა ოცნებამაც“ მათ ეს უფლება წაართვა.

ბუნებრივია,  პროფესიულ სასწავლებლების აღდგენაა აუცილებელი თუნდაც იმიტომ,რ ომ  სოფლებში ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა მცოდნე, ახალგაზრდობამ არ იცის, მაგალითად, ვაზი როგორ უნდა დაამყნას, როგორ მოუაროს ნიადაგს, რა დათესოს და როგორ. ადგილობრივებს მცირე ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჩვენ აუცილებლად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს ამ მიმართულებით.

გვაქვს საუკუნოვანი კინოთეატრი, მაგრამ აქ კინოთეატრის გარდა ყველაფერია. შენობაში განთავსებულია ბანკები, ტოტალიზატორები და ა.შ.  ჩვენ ვაპირებთ ამ  კუთხითაც გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები.  

-ტრანსპორტირების საკითხს არ შეხებიხართ, ვიცი, რომ სერიოზული პრობლემაა საბაგირო გზებთან დაკავშირებით, რომელიც გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს ჭიათურაში.

- ჭიათურის მუნიციპალიტეტი ისტორიულად ცნობილია, როგორც საჰაერო ვენეცია.  სწორედ ასე უწოდეს იტალიელმა სტუმრებმა ჭიათურას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს. თუ ვენეციაში ადამიანები ნავებით გადაადგილდებიან, ჭიათურაში ადგილზე მისასვლელი ყველაზე კარგი საშუალება საბაგირო გზებია. სამწუხაროდ, საბაგიროები ახლა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია,  შეიძლება ითქვას, ამორტიზებულია. აქ ისევ „ჯორჯია მარგანეცთან“ მივდივართ, ვინაიდან საბაგიროების აბსოლუტური უმრავლესობა  ჯორჯია მარგანეცის ბალანსზეა. რაც შეეხება სახელმწიფო ბალანსზე არსებულ  სატრანსპორტო საშუალებას, ჭიათურაში ორი ასეთი ძალიან კარგი საბაგირო გზა არსბეობდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო სამმხრივი, თუმცა ჭიათურის მაშინდელმა გამგებელმა,  სულხან მახათაძემ მათი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ყველაფერი კი იმ მოტივით ახსნა, რომ ჭიათურაში ტურისტების მოზიდვა უნდა მომხდარიყო. მაშინ ჭიათურის მუნიციპალიტეტმა , დაახლოებით 40 მილიონი ლარი ისესხა საფრანგეთის ხელისუფლებისგან იმისთვის, რომ ჭიათურაში საბაგირო გზები აშენებულიყო.

ჩვენთვის, „პატრიოტთა ალიანსისთვის“ და პირადად ჩემთვის, ეს გადაწყვეტილება მისაღები არ იყო, ვფიქრობ, რომ მაშინ ჭიათურის გამგებელმა სწორად ვერ განსაზღვრა პრიორიტეტები. როდესაც ქალაქში გვაქვს დაბინძურებული წყალი, როდესაც სოფლებში მისასვლელი გზები არ არსებობს, როდესაც უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ჩვენ ფულს ვსესხულობთ იმისთვის, რომ ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის საბაგირო, რომლითაც ტურისტს ვერანაირად ვერ გააკვირვებ. ტურისტებს აინტერესებთ სწორედ ისეთი საბაგირო გზა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და რომელიც  იყო პირველი საბაგიროები საქართველოში.

- თქვენ სასმელი წყლის პრობლემაც ახსენეთ. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ უბანში ეს „დაბინძურებული“ წყალიც კი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას...  ანუ, რეალურად არა მარტო წყლის სისუფთავის, არამედ მიწოდების პრობლემაც არსებობს.

-  დიახ,  ის წყალსადენი, რომელიც  ნაგუთს და ლეჟუბანს  ემსახურება, ჩემს უბანში მდებარეობს. ის არ არის გერმეტულად დაცული, ნებისმიერ დროს შეიძლება დაბინძურდეს, თუ რამე ჩავარდა წყლის რეზერვუარებში. მილებია სერიოზულად დაზიანებული, თითქმის ყოველდღიურად სკდება სხვადასხვა ადგილას და ეს კიდევ დამატებითი პრობლემას უქმნის ჭიათურის წყალსადენებს. ახსენეთ წყლის გრაფიკი და ეს სიმართლეა,ზედა და ქვედა ნაგუთში, ასევე ლეჟუბანში განსაკუთრებით ზაფხულში, წყალი შეიძლება დღეში ერთხელ მოვიდეს და ისიც რამდენიმე საათით.  

აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია აღსანიშნავი.  2014 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადაწყვიტა საქართველოს 28 მუნიციპალიტეტისთვის სასმელი წყლის პროექტი დაეფინანსებინა ევროპის ბანკის დახმარებით. ჭიათურის მუნიციპალიტეტმაც მოამზადა 8 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რაც  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის რეაბილიტაციას გულისხმობდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ოთხმა მუნიციპალიტეტმა პროექტი არასწორად დაწერა და  მათ შორის იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტიც.  ჩვენ ვიცით, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში ევროპის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები დღესაც მიმდინარეობს, თუმცა იმდენად არასწორად იყო დაწერილი ჩვენი, ანუ ჭიათურის გამგეობის მიერ წარდგენილი პროექტი, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეს პროექტი არ დაეფინანსებინა. რამდენადაც ჩვენ გაქვს ინფორმაცია,  დღეს უკვე მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ჭიათურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაფინანსებას, მაგრამ ამის განხორციელება იმდენად გაიწელა დროში, რომ ჩვენთვის მაგალითად, საინტერესოა, საერთოდ შესრულდება თუ არა პროექტი. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში,  ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი შუალედური არჩევნებისთვის, ეს არის კონსტატინე ქვარიანი, ჩვენ მოგვყავს ძლიერი გუნდი, რომელიც პროფესიონალია საკუთარ სფეროში, შესაბამისად,  არც პროექტების წერა შეგვეშლება და დაფინანსებასაც აუცილებლად მივიღებთ, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფონდმა გამოყოს. მაგრამ თუ ჩვენ არ დავახვედრეთ რეალური პროექტი რეალურად გაწერილი თანხებით, ის შეიძლება არც კი დააფინანსონ. შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს, რომ თანხები, რომელიც შეიძლება ჭიათურისკენ იყოს მომართული, აუცილებლად წამოვიდეს ამ მიმართულებით. ვპირდებით მოსახლოებას, რომ მათივე თანამონაწილეობით, ჩვენ სწორად გავანაწილებთ პრიორიტეტებს და თითოეულ ქმედებას დავგეგმავთ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.  

 

loading...