ak.ge
სპორტი
„როდესაც აგებ, გული გიტყდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვას შეეშვა, ეს სუსტი ადამიანებს თვისებაა“
„როდესაც აგებ, გული გიტყდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს,  რომ მიზნისკენ სწრაფვას შეეშვა, ეს  სუსტი ადამიანებს თვისებაა“

„როდესაც მოწინააღმდეგესთან ისე აგებ , რომ გჩაგრავს და შანსს არ გიტოვებს, შეიძლება, იმდენად არც დაგწყდეს გული, რადგან გაჯობა და იფიქრებ, რომ მოემზადები შემდეგში, მოიმატებ ძალას თუ ტექნიკას რაც დაგაკლდა, მაგრამ როდესაც ხუთწუთნახევარში ერთ ქულასაც არ ააღებინებ და ბოლო 30 წამში დამარცხდები, განსაკუთრებით მძიმეა“

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა შორის  ყველაზე გულდასაწყვეტ მარცხად თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილის წაგება მოინათლა. რა დაემართა ქართველ სპორტსმენს ბოლო 30 წამში? -ამ კითხვაზე შესაძლოა იმდენი აზრი არსებობს, რამდენმა ადამიანმაც შეხვედრას უყურა, თუმცა თავად ზურა ყველაფერს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს და მიაჩნია, რომ თავდასხმიდან თავდაცვაზე გადასვლა მისი მთავარი შეცდომა იყო...

„დაღლილად და სუსტად არ ვგრძნობდი თავს, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მომზადებული. ოლიმპიადისთვის ფორმის პიკში ვიყავი... ალბათ, უფრო ნაადრევად ვიზეიმე მოგება, ნაადრევად ვთქვი, რომ ამას მოვიგებ... არადა სანამ შეხვედრა  არ დამთავრდება, ეს არ უნდა იფიქრო... ამდენ ხანს რომ ვერ ამიღო ქულები, შემდეგ ვერც გავიფიქრებდი, რომ 30 წამში დავმარცხდებოდი და გადავედი უკვე თავდაცვაზე, არადა ყველაზე კარგი არის თავდასხმა. ეს იყო ამ შემთხვევაში  ჩემი ძლიერი მხარე და დაცვაზე არ უნდა გადავსულიყავი.“

          

როგორც აქტიური და ენერგიული ბავშვების უმეტესობის შემთხვევაში, მისი სპორტზე სიარულის „საჭიროება“ საკმაოდ მცირე ასაკში გაჩნდა. შედეგად,  8 წლისამ ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო, თუმცა  გაირკვა, რომ მისთვის სპორტის ეს სახეობა მხოლოდ ენერგიის დახარჯვის საშუალება კი არა, პროფესიაც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მწვრთნელებმა მასში არსებული ტალანტი მალევე შენიშნეს...

„კონკრეტულად თავისუფალ ჭიდაობაზე მისვლისკენ იმან მიბიძგა, რომ ჩემ გარშემო ვინც იყვნენ, მეზობელი ბავშვები თითქმის ყველა აქ დადიოდა, ერთი განსაკუთრებით პროფესიულ დონეზე მისდევდა და მისგან გამომდინარე, მეც მინდოდა. სპორტის სხვა სახეობაზე არასდროს მიფიქრია, თან ჩემს მშობლიურ რაიონში, ყვარელში, არც იყო სხვა სპორტი პერსპექტიული. შეიძლება თბილისში რომ ვყოფილიყავი, რამე სხვა ამერჩია, თუმცა ახლა, როდესაც ეს ჩემი პროფესიაა, სხვა რამის კეთება ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, რომ ვერც „გავქაჩავდი“ , ჭიდაობა უფრო ჩემი სტილია“  

        

 ჯერ კიდევ ჭაბუკი, ტურნირების უმეტესობიდან მედლით ბრუნდებოდა, ძირითადად პირველი ადგილით. დღემდე ყველაზე ემოციურად სწორედ ამ ასაკში მოპოვებული გამარჯვება ახსენდება...

„ჭაბუკებში პირველ წელს წავაგე საქართველოს ფინალი, შესაბამისად გავედი მეორეზე. პირველი ნომრები გაემგზავრნენ ევროპაზე, ხოლო მე წამიყვანეს  ჭაბუკების ოლიმპიადაზე, რომელიც მოვიგე, ფინალში აზერბაიჯანელი დავამარცხე და მანდ რომ განვიცადე ის სიხარული და ის შეგრძნება, მას  შემდეგ ასეთი შეგრძნება აღარ მქონია. მეგონა, რომ მთელი მსოფლიო ჩემი იყო.  თან პატარა ვიყავი და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სხვა წარმატებებიც იყო, იგივე ევროპის მედალი, სხვა ტურნირებიც მომიგია, მაგრამ ეს პირველი დიდი წარმატება იყო.“

        

ოჯახიც კმაყოფილი იყო მისი არჩევანით და ხელს მაქსიმალურად უწყობდა. მისი ყველაზე დიდი  გულშემატკივრებიც, რასაკვირველია,  სწორედ ოჯახის წევრები არიან...
 

„ჩემი პირველი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია, განსაკუთრებით კი დედა. დედას რომ უხარია შვილის წარმატება, ისე ვის გაუხარდება? მისთვის ეს იმდენად ემოციურია, რომ ვერ უყურებს ჩემს ჭიდაობას, არ შეუძლია. როცა დამთავრდება, მაშინ შედის და ნახულობს რა ვქენი. ოჯახის წევრების შემდეგ კი ძმაკაცები და მეგობრები მგულშემატკივრობენ, რომლებიც  ჩემს ყველა მოგებასა და წაგებას იზიარებენ.“ 

        
 

2012 წელს უფროსთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მას შემდეგ, ძირითადად, მეორე, ან მესამე ნომერი იყო ხოლმე, თუმცა წელს, როგორც თვითონ ამბობს, გაუმართლა, პირველი ნომერი გახდა და ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაც დაიწყო, საბოლოოდ კი მაისში მის მიერ  მოპოვებული ლიცენზიით თავისუფალთა ნაკრებმა  ყველა წონაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამბობს, რომ რიოს ოლიმპიური თამაშები მის კარიერაში ყველაზე დიდი გამოცდილებაა, რომელსაც ტოკიოში აუცილებლად გამოიყენებს.

„რასაკვირველია, რაც ერთხელ გაქვს გაკეთებული და იმას მეორედ აკეთებ, გამოცდილება გამოგადგება. პირველ რიგში, ამდენს აღარ ვინერვიულებ და ამდენი განცდები აღარ მექნება. შემდეგ ოლიმპიადაზე ვეცდები ის შეცდომები, რამაც ახლა ხელი შემიშალა, აღარ გავიმეორო და მედალი გავაკეთო.“

მიაჩნია, რომ ის, რაც მას დააკლდა უხვად აქვს ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს, რომელსაც მისთვის მისაბაძ სპორტსმენადაც ასახელებს

„ჭიდაობის დროს, როცა გავჩერდები ყველა შეხვედრას ვაგებ, ალბათ გონებიდან ვითიშები და გადავდივარ თავდაცვაზე და ეს თავდაცვაც არ გამომდის. თავდასხმა უკეთ შემიძლია, როცა აქტიურად ვჭიდაობ უფრო მიადვიალდება იმ შეხვედრის მოგება. ხშირად ბოლომდე ბრძოლა და ბოლომდე გახარჯვა მაკლია. ამ მხრივ ჩემთვის მისაბაძია ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მას რომ ვუყურებ, მისი მებრძოლი სული, გადამდებიც კია სხვებისთვის. ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მისი მოწინააღმდეგე, შანსი არაა რომ დანებდეს. ეს თვისება მაკლია,  ბოლომდე ვერ ვიბრძვი, რაღაც მომენტში ვდუნდები და როცა ვდუნდები, მაგ მომენტს იყენებენ მოწინააღმდეგეები.“

       


ყველა წარმატებას თავის ფასი აქვს, უშრომელად არაფერი მოდის, თუმცა სპორტსმენთა შემთხვევაში კიდევ უფრო მეტია საჭიროა. ალბათ, განსაკუთრებით ძნელია, როდესაც თავდაუზოგავი ვარჯიშის მიუხედავად, დამარცხებული ხარ. იმედგაცრუებამ კი, შესაძლოა, ადამიანი არჩევანის სისწორეზეც კი დააფიქროს. რა თქმა უნდა, მსგავსი იმედგაცრუებები ზურას კარიერაშიც ყოფილა, თუმცა ჭიდაობისთვის თავის დანებებაზე არც დაფიქრებულა, რადგან:
 

„სპორტი ნარკოტიკივითაა, როგორც ნარკომანი ვერ შეეშვება ნარკოტიკს, ისე სპორტსმენი ვერ შეეშვება სპორტს. რა თქმა უნდა, როდესაც შეჯიბრს აგებ, გული გიტყდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავი დაანებო და შეეშვა.  ეს ალბათ, სუსტი ადამიანებს თვისებაა.  მალე უნდა დაივიწყო წაგება და ახალი ტურნირისთვის მოემზადო. მიზანი უნდა გქონდეს, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ.“
 

         

მიზანი კი ბევრია და შესაბამისად შრომაც ბევრი მოუწევს. მომდევნო ტურნირებისთვის მზადება ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყო. საფრანგეთში 10 დღიანი მომზადებაც გაიარა და ცდილობს პირველივე  ტურნირს, რომელსაც ახალ ოლიმპიურ ციკლში ჩაატარებს, მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

„ჯერ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. დამთავრდა ეს ოლიმპიადა რისთვისაც ვემზადებოდი. ახლა დაიწყო ახალისთვის მზადება.  პირველი ტურნირი ევროპის თასი იქნება, შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი.  მერე დავიწყებ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მზადებას. ჯერჯერობით  ამ ტურნირებისთვის უნდა მოვემზადო, ესაა ჩემი უახლოესი გეგმები“

-და ბოლოს, არსებობს რაიმე, რასაც ხალიჩაზე გასვლის წინ ყოველთვის აკეთებ?

- პირჯვარს ვიწერ და გულში ვამბობ, ღმერთო გამაძლიერე.