ak.ge
მედიცინა
რა კავშირშია ყურსასმენები თინეიჯერების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და რა პრობლემები ჩნდება სოციალური ქსელისა და სხვადასხვა გაჯეტების მომხმარებლებში? – sazogadoeba.ge-ს კითხვებს ოჯახის ექიმი, ეკა სვანიძე პასუხობს
რა კავშირშია ყურსასმენები თინეიჯერების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და რა პრობლემები ჩნდება სოციალური ქსელისა და სხვადასხვა გაჯეტების მომხმარებლებში? – sazogadoeba.ge-ს კითხვებს ოჯახის ექიმი, ეკა სვანიძე პასუხობს

21-ე საუკუნე - გაჯეტებისა და სოციალური ქსელების ერა …

თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს თითქმის ყველა ოჯახში დომინანტურ ფუნქციებს ასრულებს.  მათზე დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იზრდება, რასაც, საბოლოო ჯამში, არცთუ სასურველ შედეგებამდე მივყავართ. 

პრობლემა განსაკუთრებით ე.წ. თინეიჯერულ ასაკში ვლინდება. ეს ის პერიოდია, როდესაც მოზარდს  ზედმეტად ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება - მათი ფსიქიკა ამ დროს განსაკუთრებულად მგრძნობიარე და ცოტა არ იყოს, აგრესიულიც  ხდება.

ვირტუალურ სამყაროში სრულად აკუმულირების მიუხედავად, რაც მეტ-ნაკლებად რეალური სამყაროსგან გამიჯვნის ხარჯზე ვლინდება, კომპიუტერითა და სოციალური ქსელებით გატაცებას დადებითი მხარეებიც აქვს.

პირველი -  ეს ინტელექტუალური განვითარებაა, რაც კომპიუტერისა და ინტერნეტის სწორად გამოყენებით მიიღწევა და სწავლისა და რეალური ცხოვრების პარალელურადაა მიზნობრივად გამართლებული და მეორე - სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობა - მოზარდი, რომელსაც ურთიერთობების პრობლემები და შესაბამისად,  დეფიციტი აქვს, ვირტუალურ სამყაროში ბევრად უფრო გახსნილი ხდება. ის სხვა ადამიანად გარდაიქმნება  და მოგვიანებით,  საკუთარი თავის აღმოჩენას რეალურ სამყაროშიც ახერხებს.

თუმცა არსებობს პრობლემებიც.

აიოვას შტატის სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორის,  ედვარდ სვინგის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების თანახმად, ადამიანები, განსაკუთრებით კი თინეიჯერული ასაკის ბავშვები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებთან რეკომენდირებულ 2 საათზე მეტ დროს ატარებენ, 1,6-2,2-ჯერ მეტ პრობლემას აწყდებიან.   

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა, მაგალითად,  ყურადღების კონცენტრირებას უკავშირდება - სოციალური ქსელის  და სხვადასხვა გაჯეტის მომხმარებელი დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო გონებაგაფანტული ხდება. 

კიდევ ერთ პრობლემას  მხედველობის გაუარესება წარმოადგენს. კომპიუტერთან ჯდომის დროს, ფაქტობრივად, აღარ მუშაობს თვალის კუნთები, რაც სხვა გართულებებთან ერთად, თვალის სიმშრალისა და მხედველობის დაქვეითების გამომწვევიცაა.

მნიშვნელოვანია ემოციურობის დაქვეითებაც, რაც აზროვნების სტანდარტიზაციით სრულდება. ამ მხრივ,  გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპიუტერი ადამიანს ლოგიკური, ზუსტი, მაგრამ  არაშემოქმედებითი პასუხებით ამარაგებს. არანაირ თამაშს, არანაირი ურთიერთობას სოცქსელში არ შეუძლია  ყველა იმ წვრილმანის გადმოცემა, რომელიც სამყაროს მრავალფეროვნებას და ადამიანის პიროვნულებას ახასიათებს. შემდეგი პრობლემა თამაშების მანიის და ინტერნეტდამოკიდებულების რისკში ვლინდება. რაც უფრო ადრე უჩნდება ბავშვს კომპიუტერი, ტელეფონი და პლანშეტი, მით უფრო მატულობს დამოკიდებულების გაჩენის რისკი. დამოკიდებულების რთული ფორმები კი სპეციალიზირებულ მკურნალობას მოითხოვს.  პრობლემები ჩნდება ასევე სწავლასთან დაკავშირებით. ამ დროს მოზარდი მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს და სწავლისთვის დროს, ფაქტობრივად, აღარ იტოვებს.

კიდევ რა გართულებებს ვაწყდებით მოზარდების მიერ კომპიუტერთან უკონტროლოდ გატარებული დროის შემთხვევაში და რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ საკუთარი შვილი ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებებისგან იხსნას - ამ და სხვა საკითხებზე sazogadoeba.ge- IC-ჯგუფის ოჯახის ექიმი, ეკა სვანიძე ესაუბრა.

-თინეიჯერული ასაკის ბავშვები ხშირად უჩივიან თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებას, დაღლილობას და ა.შ., რასაც მშობლები კომპიუტერთან გატარებულ ხანგრძლივ დროს უკავშირებენ. არის თუ არა ბავშვის ჯანმთელობის მდგომარეობა,  რეალურად,  კავშირში ტექნიკასთან?  

-რა თქმა უნდა, არის.  მოზარდები ხშირი ურთიერთობის გამო მიჯაჭვულები  არიან  კომპიუტერთან, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში. ტექნიკასთან ხშირი და ხანგრძლივი ურთიერთობა, ზოგადად,  იწვევს დაძაბულობას.  ამაში განსაკუთრებით მხედველობითი სისტემაა ჩართული.  რაც უფრო მცირეა აპარატურა, მით უფრო იძაბება თვალი.  გარდა ამისა, თვალი მუდმივად გახელილ მდგომარეობაშია. ამ დროს გამოიყოფა მცირე რაოდენობით ცრემლი. ეს ცრემლი ქუთუთოების ხამხამის დროს ატენიანებს თვალს. კომპიუტერთან ყოფნისას კი ეს ხამხამი შემცირებულია, ეს კი, თავის მხრივ, იწვევს თვალის კაკლის გამოშრობას, დაძაბულობას, რასაც  ხშირად მოსდევს სიწითლე და ხდება თვალის ტკივილების განვითარება.  როდესაც ტექნიკის მცირე ზომის საშუალებებთან ხდება ურთიერთობა, რომელზეც, ბუნებრივია, გამოსახულებებიც შემცირებულ ზომებშია, ვითარდება აკომოდაციის სპაზმი.  ეს კი, თავის მხრივ,  თავის ტკივილების გამომწვევია და გარკვეული პერიოდის შემდეგ,  მხედველობის დარღვევასაც იწვევს.

თინეიჯერულ ასაკში განსაკუთრებით აქტუალურია  ყურსასმენების გამოყენებაც.  განსაკუთრებული ეფექტის მისაღებად მოზარდები მუსიკას ძალიან ხმამაღლა უსმენენ. ამ დროს  ვიბრაციის საშუალებით  სასმენი ნერვის გაღიზიანება  და გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაზიანებაც ხდება. ეს კი, თავის მხრივ, სმენაჩლუნგობას იწვევს, რაც გამოუსწორებელი მდგომარეობაა და  შემდგომ უკვე დამატებით სამკურნალო საშუალებების დანიშვნას მოითხოვს…

- ნერვულ სისტემაზე თუ მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, მოქმედებს. ტელეფონებთან ურთიერთობა აღაგზნებს თავის ტვინის ქერქოვან შრეს. ზოგადად, ახალი ტექნოლოგიების ხშირი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, ბავშვი, განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში, გაცილებით მეტ დროს ატარებს ციფრულ სამყაროში. ეს ღამის საათებზეც ვრცელდება. შესაბამისად, იკვეთება უძილობა. ზოგადად, ძილის რეჟიმის ბიორითმები ისეა გადანაწილებული დღის განმავლობაში , რომ ადამიანს,  მინიმუმ,  შვიდი-რვა საათის განმავლობაში უნდა ეძინოს.  ძილს აქვს თავისი ფაზები, თუ ეს ფაზები იქნა დარღვეული, თავის ტვინი ხდება აღზნებადი, ეს ყველაფერი კი ემოციურ სისტემაზე ძალიან ცუდად აისახება.

- უძილობა ახსენეთ... დღის ძილითუა შესაძლებელი ღამის ძილის ჩანაცვლება?

- არა…  პირველ რიგში ღამის ძილი უნდა იყოს მოწესრიგებული.  რაც შეეხება დღის ძილს, ეს მხოლოდ დამატებითი დასვენებაა.

-  არის თუ არა განსხვავება, მაგალითად, თინეიჯერისა და ზრდასრულის ტექნიკასთან დამოკიდებულებებს შორის?

- ტექნიკასთან ურთიერთობის უარყოფითი გავლენები თინეიჯერებში უფრო შეიმჩნევა. ამ დროს, როგორც ვიცით, ჰორმონალური მდგომარეობები იცვლება, ხდება ასაკობრივი ჩამოყალიბება, ორგანიზმი განიცდის ცვლილებებს. სწორედ ამ პერიოდს ვეძახით გარდატეხის ასაკს. ბავშვები ძალიან აქტიურები და ამავდროულად,  აგრესიულები ხდებიან. ისინი, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ ქცევებსაც ვეღარ აკონტროლებენ, ეს ყველაფერი კი ჰორმონალურ სისტემას უკავშირდება. ეს დამატებითი ფაქტორები კიდევ მეტად აისახება მათ ფსიქიკაზე.

- მთელი რიგი უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად, ცოტა რთულია მოზარდის დარწმუნება  კომპიუტერისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მავნებლობაში. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვს დედ-მამა მტრად ეჩვენება და საკუთარი თავი ზრდასრული, დამოუკიდებელი და ყოვლისმცოდნე თუ არა, ბევრის მცოდნე მაინც ჰგონია. რას ურჩევდით ამ დროს მშობლებს?

- უფრო ფსიქოლოგიური მიდგომით ურთიერთობა უნდა არჩიონ,  მეგობრული დამოკიდებულებით, რჩევებით, ასევე სპორტული დატვირთვით, შემეცნებითი საქმიანობით და ა.შ. შესაძლოა, ბავშვი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დამოკიდებულებისგან იხსნან. ანუ მშობელი უნდა შეეცადოს  რეალობაში გადაიტანოს ის ქმედებები,  რასაც ბავშვები კომპიუტერთან ურთიერთობის დროს ახორციელებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სწორად და ფრთხილად მივაწოდოთ ინფორმაცია კომპიუტერთან დამოკიდებულების მავნე შედეგებზე.

- თქვენ, როგორც ოჯახის ექიმი, რა რეჟიმით ურჩევდით ცხოვრებას ბავშვებს?

- ხშირად ექიმები ვურჩევთ ხოლმე მოზარდებს, რომ შეამცირონ პირველ რიგში ურთიერთობა კომპიუტერულ საშუალებასთან და დაასვენონ თვალი. თვალის დასვენება გულისხმობს დიდ სივრცეში მზერას, რომლის დროსაც დაძაბულება იხსნება, ხამხამიც ხშირდება და თვალის კვებაც აქტიურდება. სივრცეში ყურება უნდა მოხდეს ჰორიზონტალურად: შორს და ახლოს. უნდა აარჩიოს სამიზნე წერტილები და მორიგეობით უყუროს. ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების სწორი წესი, რეჟიმის სწორად გადანაწილება და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპიუტერთან ჯდომის ფორმას. თუ მოზარდი არასწორად ზის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს უარყოფითად აისახება ხერხემლის სწორ განვითარებასა და მოზარდის ტანდეგობაზე. დეფორმირებული ხერხემალი კი მომავალში  სქოლიოზს, ლორდოზს, კიფოზს იწვევს, რაც ასაკის მატებასთან ერთად ოსტექონდროზითა  და მათგან გამომდინარე სხვა პათოლოგიური ცვლილებებით შეიძლება გაღრმავდეს.   განსაკუთრებით,  შესაძლოა,  გამოვლინდეს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

რაც შეეხება კომპიუტერთან გატარებულ დროს,  ის დღეში 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის მონაკვეთსაც. ეს არ უნდა იყოს ძალიან ადრე და ძალიან გვიან. კატეგორიულად უნდა აიკრძალოს თამაშები, არ ვგულისხმობ შემეცნებითი შინაარსის თამაშებს. იმ საშუალებებზე, რაც ინფორმაციის მომცემია, გონების გასავარჯიშებელია და ა.შ. ბავშვებს ხელი აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეთ. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ბუნებრივია, თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ, მათთან ურთიერთობისას დრო უნდა გავაკონტროლოთ და დასაშვებ ზღვარს არ არ გავცდეთ.  

 


 

 

loading...