საზოგადოება
„მე მაქვს კითხვა - მოგეწონებათ თქვენი შვილი სახლში დაბოლილი რომ მოვიდეს? რაც საკუთარი ოჯახის წევრისთვის არ გინდა, რატომ უნდა გინდოდეს სხვისთვის?!“
„მე მაქვს კითხვა - მოგეწონებათ თქვენი შვილი სახლში დაბოლილი რომ მოვიდეს? რაც საკუთარი  ოჯახის წევრისთვის არ გინდა, რატომ უნდა გინდოდეს სხვისთვის?!“

„ლიბერალიზმის და ჰუმანიზმის წარმომადგენელი იყო ძველთაგანი გველი, რომელიც  ედემში კეთილი მეგობრის ნიღბით შეცოცდა. როგორც ლიბერალმა, მან მოუწოდა წინაპრებს, ყოველგვარი აკრძალვებისგან გათავისუფლებულიყვნენ და მოაწყო პირველი რევოლუცია კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხესთან, ხოლო როგორც ჰუმანისტი დაპირდა მომხიბვლელ შესაძლებლობასყოფილიყვნენ ვითარცა ღმერთნი ღმრთის გარეშე. ახლა კი ესმეგობარიკაცობრიობისა, ადამის მაცდუნებელი, აცდუნებს მის შორეულ შთამომავლებს იგივე გველური სიმღერით- თანამედროვე  მოღვაწე რაფაელ კარელინი.  

აჟიოტაჟი, რომელიც ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან  არის დაკავშირებული, რელიგიის რანგში აყვანილი იმ იდეოლოგიის  ნაწილია, რომელიც ყველაფრისგან გათავისუფლებას გულისხმობს.  თავისუფლების, როგორც ასეთის,  ფუნდამენტურად მცდარი გაგება,  ნეოლიბერალურ  აბსურდის თეატრს ქმნის. ნარკოტიკულ საშუალებათა დეკრიმინალიზაცია, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, აზარტული თამაშების სრული უკონტროლობა, აბორტის გამართლება -კაცობრიობისათვის თავსმოხვეული ის შავი ჭირია, რომლის ექსპორტსაც დასავლეთი მიზანმიმართულად  ახორციელებს ქვეყანაში არსებული კარგად დაფინანსებული მეხუთე კოლონის სახით.  თანამედროვე ულტრალიბერალიზმი სახელმწიფოსადმი მავნებლური მიდგომებით  კიდევაც აჭარბებს  მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლშევიკურ მოძრაობას.  საკანონმდებლო სივრცეზე პერმანენტული შეტევები ფარისევლური თავისუფლების ლოზუნგით უკანონობის დასაკანონებლად  ხორციელდება.  მნიშვნელოვანია, რომ  სახარებისეულად,  ტაძრებში, სადაც  უსჯულოება დაკანონებული იყო, უფალი აყირავებს მეკერმეთა  ტაბლებს და მტრედებით მოვაჭრეთა მერხებს,  ხოლო, იქ სადაც ცოდვა ცოდვად მიაჩნდათ, შეუნდობს და იცავს ჩასაქოლად განწირულ ქალს. 

ყველაფრის დაშვების და დაკანონების მედროშე თანამედროვე ულტრალიბერალიზმი, როგორც ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი, ბიბლიური გველის მსგავსად დღესაც აცდუნებს კაცობრიობას....

რა შედეგი მოჰყვება  ლიბერალების მოთხოვნებს გათავისუფლდნენ ყოველგვარი აკრძალვებისგან და მათ შორის, მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული კანონებისგან?  ხომ არ მიდის ყველაფერი იმისკენ, რომ შემდეგ მოთხოვნად მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია გახდეს? საზოგადოებისთვის ამ აქტუალურ საკითხზე  რელიგიურ ჭრილში sazogadoeba.ge-ს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე  ესაუბრება:

-მამა თეოდორე, როგორ გამოეხმაურებოდით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ,  რას გამოიწვევს და რა შედეგს მოიტანს ეს?

-ყველა მხარეს თავისი არგუმენტი აქვს, ცდილობენ თავიანთი პოზიცია გარკვეული ლოგიკით გაამართლონ. ენას ძვალი არა აქვს და ადამიანური ლოგიკით ბევრი რამის გამართლება შეიძლება. აბორტიც კი მართლდება, კანონითაც დაშვებულია, ანუ,  მკვლელობა არ ითვლება კრიმინალად. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასება, რასაც ეკლესია ზოგადად, თრობას აძლევს.  მართალია, დათრობა კანონსაწინააღმდეგო ქმედება  არ არის, მაგრამ ქრისტიანობა მეუბნება, რომ მემთვრალეობა  ცოდვაა. აქედან გამომდინარე, მარიხუანასგან გამოწვეული თრობაც ცოდვაა. მე არ ვარ არც ექიმი და არც ექსპერტი ამ საკითხებში, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ადამიანები თავიანთ ჯანმრთელობას ძალიან ხშირად იზიანებენ. ლაბილური ფსიქიკის ადამიანებს  მარიხუანას ინტენსიური ან  ერთჯერადი  მოხმარების შედეგადაც კი  შეიძლება ფსიქიური  პრობლემები შეექმნათ. ამის მაგალითები მრავლად არსებობს.  ჩვენ  ურთიერთობა უამრავ ახალგაზრდასთან გვაქვს. მე ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება რიტორიკულიც: ასე გამწარებით რატომ სურთ, რომ მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია, ეს ვის რა სიკეთეს მოუტანს? მე მათ ლოგიკას ვერ ვხვდები.

-მომხრეების აზრით, დეკრიმინალიზაცია შეამცირებს  მძიმე ნარკოტიკებ მომხმარებელთა რიცხვს და ამის მაგალითად ჰოლანდია მოჰყავთ...

-ასე შეიძლება ვთქვათ, რომ ღვინის სმა რომ დაშვებულია, ამცირებს მარიხუანას მოხმარებას. არ არის ასე. ადამიანს, რომელსაც უნდა მძიმე ნარკოტიკის მიღება, ისედაც ეცდება ამს. ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია.

-მათი თქმით, მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს...

-მე, მღვდელი  როგორ შეიძლება ვიყო ვიღაცის დაჭერის მომხრე, მაგრამ ყველაფერი უნდა შევაფასოთ. თუ ვთქვათ, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება კრიმინალად არ ჩაითვლება, ეს რა შედეგს გამოიღებს? ვინმე აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე?

ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება ნორმად ითვლება, მაგრამ ჩვენს  ქვეყანაში  ეს ტრადიციული არ არის.  ის, რაც  ჩვენთვის ტრადიციული არ არის, რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო? ისრაელში მაგალითად, ალკოჰოლი აკრძალულია. თანაც, ძალიან ხშირად, ქართველებმა ნორმა და ზომა არ ვიცით. ასევე შეიძლება ვთქვათ სათამაშო სახლებზეც.  სათამაშო სახლებმა საქართველო დააქცია. რამდენი ახალგაზრდა იკლავს თავს,  რამდენი ოჯახი უბედურდება... ყოველგვარ ზღავრს გადავაბიჯეთ, ავადმყოფობაში გადაგვეზარდა. თავისთავად სხვა საკითხია,  სულისათვის რამდენად სასარგებლოა აზარტით გატაცება. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს, თრობაში მყოფ  კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მივიღებთ.  როგორ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს, მე ვერ ვხვდები.

-საიდან იღებს სათავეს ქრისტიანული გადმოცემა იმის შესახებ, რომ  მოწევა არის ცოდვა?

- ნებისმიერი რამ, რომელიც რაღაცაზე დამოკიდებულებას  იწვევს და   ჩემს თავისუფლებას ზღუდავს, ცოდვად იქცევა. ცალკე თემაა ის, რომ  შხამია, მავნებელია. ჩვენი თავისუფლება ისედაც ბევრი რამით შეზღუდულია. სუნთქვა, წყალი, საკვები -ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი დამატებით იგონებს კიდევ რაღაც ისეთს, რაც  მას საერთოდ არ სჭირდება, მავნებელია და მასზე დამოკიდებული ხდება, საკმარისი მოტივია ცოდვად ჩაითვალოს. ყოველის ის, რაც ჩემსა და ღმერთს შუა დგება,  რაც ჩემს თავისუფლებას ზღუდავს და  ღმერთთან ურთიერთობას აფერხებს, არის ცოდვა.  შესაბამისად, თამბაქოს მოწევა და მითუმეტეს, ნარკოტიკზე დამოკიდებულება ცოდვაა.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ ლიბერლების მოთხოვნა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის  შესახებ დაკმაყოფილდა, შემდეგ  დღის წესრიგში  მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზების საკითხი დადგება?

-რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე პრინციპით შეიძლება ვთქვათ, რომ ის,  ვინც მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს, არ დავიჭიროთ, გაკეთების უფლება მივცეთ. თუ კრიმინალად აღარ ჩაითვლება,  ვიცით, მერე რაც მოხდება.

ავტომანქანით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა კრიმინალად არ ითვლება, ამაზე ჯარიმებია, შესაბამისად, უამრავი პრობლემა იქმნება, ახალგაზრდობა იღუპება.  ამერიკაში როგორც მე ვიცი,  თუ მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობს  და სახიფათო სიტუაციას ქმნის, პოლიცია მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბორკილებს ადებს და საპატიმროში გადაჰყავს. ანუ, სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა, რადგან  საზოგადოებისათვის საშიში ხდება. ჩვენთან ასე არ არის და მხოლოდ ჯარიმით გამოდიან, სვამენ კიდეც, დიდი სიჩქარით დადიან და შესაბამისად, შედეგებიც ძალიან მძიმეა. ანუ,  ყველაფერს თავისი შეფასება უნდა მიეცეს.

-შთაბეჭდილება რჩება, რომ ნარკოტიკებზე აკრძალვის მოხსნა ხალხის საუკეთესო მართვის  საშუალებაა მათი მხრიდან, ვინც ამ ვირუსს მსოფლიოში ავრცელებს...

-საერთოდ, როდესაც საზოგადოება რაღაცით მთვრალია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი სამართავია. ამ შემთხვევაში გვაქვს კრებული, ადამიანი მთვრალი ცოდვით და დაბანგული ნარკოტიკული საშუალებებით. რაც გინდა მსუბუქი ნარკოტიკი დაარქვან, ეს არის გართობის ფორმა, რომელიც მართლაც ადვილად სამართავს ხდის ადამიანს. ვფიქრობ, რომ ყველა ის პირი,  ვინც მის ლეგალიზაციას და დეკრიმინალიზაციას ხელს შეუწყობს, ნებსით თუ უნებლიედ ჩვენი საზოგადოების მტერი ხდება.

-რა განსხვავება ღვინით თრობასა და ნარკოტიკით გამოწვეულ თრობას შორის ცოდვის თვალსაზრისით?

-იცით, თუ ადამიანი თრობას ცხოვრების წესად აქცევს, ღვთის წინაშე შეიძლება არც არაფერი  განსხვავება იყოს, პავლე მოციქული ამბობს, „მემთვრალეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ.“  ამაზე საშინელი განაჩენი კი არ არსებობს, ანუ, ადამიანი ღმერთს კარგავს. ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკი კი არის დამატებითი წყარო თრობისა.

-მამა თეოდორე, მოგეხსენებათ თანამედროვე მამამ, რაფაელ კარელინმა თანამედროვე ლიბერალიზმი და ჰუმანიზმი ბიბლიურ გველს შეადარა, რომელმაც  წინაპრებს მოუწოდა გათავისუფლებულიყვნენ აკრძალვებისგან და მოაწყო პირველი რევოლუცია.  ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ნარკოტიკულ საშუალებათა ლეგალიზაცია,  აზარტული თამაშების სრული უკონტროლობა, აბორტის გამართლება... სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

-დოსტოევსკის სიტყვები გამახსენდა, „თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია.“ პავლე მოციქული ამბობს:  „ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“. მოციქული გვსწავლის, რომ თავისუფლება ხორცის საამებლად არ უნდა ვაქციოთ.  თავისუფლება ჩვენთვის მოცემული საოცარი  იარღია, რომლითაც  შეგვიძლია ღმერთს ვემსგავსოთ და შეგვიძლია- იუდას. თავისუფლების საშუალებით ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, ხოლო ამ დროს სიამოვნების ცხოვრების საზრისად გახდომა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ადამიანს ქრისტეს მსგავსებაში ხელს უშლის სწორედ ის, რომ ცხოვრების საზრისად სიამოვნებას იხდის.

 ლიბერალიზმი თავისთავად არ არის ცუდი სიტყვა, მაგრამ ის ფორმები, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, ადამიანის პიროვნებას ტყვედ ამყოფებს. ადამიანი, რომელიც მოწოდებულია იყოს თავისუფალი, საკუთარი სიამოვნებების ტყვე ხდება. თუ ხორცის სიამოვნებაზეა საუბარი, ცხოველური მიდრეკილებების ტყვე ხდება, თუ სულის, მაშინ- სულის სიამოვნების ტყვე. პატივმოყვარეობისას  მაგალითად,  ადამიანი ეშმაკს ემსგავსება. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ თავისუფალი უნდა ვიყო ჩემი ბუნებისაგანაც კი, ანუ, ჩემს ბუნებას მე თავად უნდა ვმართავდე და მის ჭკუაზე არ უნდა დავდიოდე.

--რას ეტყოდოთ მათ, ვისაც უნდა ეს კანონი ძალით მოახვიოს თავს საზოგადოებას...

-ეს ადამიანები ხელმძღვანელობენ სხვა პრინციპებით, ვიდრე ჩვენ. ქრისტიანებს  ჩვენი ცხოვრების საზრისი განსაზღვრული გვაქვს, ეს არის მარადიული ურთიერთობა  ცოცხალ ღმერთთან. ამ გზის გამკვალავად  თავად ღმერთი იქცა, როდესაც ის ადამიანად მოვიდა, ჩვენ მას იესო ქრისტეს ვუწოდებთ. ის ჩვენთვის ნიშნულიც არის, გზაც და შუქურაც. თუ ადამიანს ცხოვრების ღერძად და საყრდენად ეს არა აქვს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია.  მაშინ რა უნდა ვუთხრა მათ?  კითხვა შემიძლია დავუსვა: რისთვის ცხოვრობთ? რისთვის არსებობთ? თუ ცხოვრების საზრისი არა აქვს პიროვნებას, ერთადერთი შეგვიძლია, შეგვებრალოს  ასეთი ადამიანი. ეს საშიშია საკუთარი თავისთვის, მაგრამ როდესაც მას ძალაუფლება აქვს ხალხზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ მრავალთათვის ხდება საშიში. რატომ უნდა გინდოდეს იმ კანონების მიღება,  რომელიც გააფართოებს ამ ცოდვის არეალს. ათეიზმი ზოგადად, იმ ადამიანს აზიანებს, ვინც უღმერთოა, მაგრამ თუ ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიად იქცა, კატასტროფული შედეგების მომტანი ხდება.

ღმერთმა ყველას სინანული მოგვცეს და ჩვენ ჩვენი ცოდვები დაგვანახოს და დაგვიფაროს იმ საშინელი შეცდომებისგან, რომელსაც  სხვისთვისაც უბედურების მოტანა შეუძლია. ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოში ასეთი კანონები იყოს, მე მაქვს კითხვა:  თქვენთვის სულერთი იქნება, თქვენი შვილი ან შვილიშვილი მარიხუანას მომხმარებელი რომ იყოს? რამდენად მოგეწონებათ ეს?  მეეჭვება,  რომელიმე მათგანს მოეწონოს სახლში დაბოლილი შვილის მისვლა. რაც საკუთარი  ოჯახის წევრისთვის არ გინდა, რატომ უნდა გინდოდეს სხვისთვის?  საკუთარ შვილზე არ მოგწონს, არ ვარგა და იმიტომ.

თუ ადამიანებს უნდათ ყოველგვარი სიამოვნება მიიღონ და  ჯანმრთელობა დაიზიანონ,  მათი პირადი პრობლემაა, მაგრამ თუ მათ  ხელმწიფება ექნებათ კანონმდებლობაზე, ეს უკვე მთელი ერის პრობლემად იქცევა. ამიტომ მათი ცოდვაც გაცილებით უფრო მძიმე იქნება, რადგან თავიანთ უღმერთობას მთელ ერს ახვევენ თავზე.

 

loading...