საზოგადოება
ემზარ კვიციანი: სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი უნდა ავაშენოთ, ავტომანქანა დაგვიყენეს, რომლის ნომერი ანტიქრისტეს რიცხვია!
ემზარ კვიციანი: სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი უნდა ავაშენოთ, ავტომანქანა დაგვიყენეს, რომლის ნომერი ანტიქრისტეს რიცხვია!

“ჩვენი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია ანტიქრისტეს მიმდევრებმა დაიკავეს! ნაკვეთი ეკლესიას უნდა გადმოსცემოდა, თუმცა მომხდურები მიწის დაკანონებაში ხელს გვიშლიან, ხოლო მერია და პოლიცია მათ მფარველობს” – ასეთი სკანდალური განცხადებით მომმართა სატელეფონო საუბარში მოქალაქემ, რომელმაც თავი გაბრიელ მთავრანგელოზის სახელობის ტაძრის მრევლად წარმომიდგინა და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილ ინაფორმაციას ფლობს საქართველოს პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი. ბევრი აღარ მიფიქრია, პარლამენტარს ინტერვიუს თხოვნით დავუკავშირდი.

ბატონო ემზარ, რა გაკავშირებთ გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მონასტერთან?

– 31–ე ქარხნის მახლობლად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მე–6 ჩიხში მდებარე მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ეკლესია ჩემი ოჯახის წევრების აგებულია. ამჟამად იქ კელიებია და ბერები მოღვაწეობენ. კვიციანებმა სახლის აშენების მიზნით, 1994 წელს ნაკვეთი შევიძინეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ მიდამოში ადრე სალოცავი საყდარი ყოფილა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაუნგრევიათ. ისიც გავიგეთ, რომ ნასაყდრალზე უცხოვრიათ კახნიაშვილის გვარის წარმომადგენლებს, თუმცა, ვერ გაუხარიათ. ამის შესახებ მათმა შთამომავალმა მოგვითხრო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, იქ სახლი კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აგვეშენებინა. პირველი ჯვარი 2005 წელს, ხარება დღეს დავარჭეთ და მშენებლობას შევუდექით. პროექტი არქიტექტორ დავით სვანიძეს ეკუთვნის, იგი თავად საპატრიარქოს არქიტექტორთა საბჭომ დაამტკიცა, რომელსაც პატრიარქი ხელმძღვანელობს. პროექტის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორია ტაძრის მფლობელობაში განიხილება, სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აშენებას ვაპირებთ, მაგრამ ეს ნაკვეთი თვითნებურად დაიკავეს გაურკვეველი პოლიტიკური და რელიგიური ორიენტაციის პირებმა.

ოფიციალურად, ვის საკუთრებაშია ეს ტერიტორია?

– იურიდიულად, მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებაშია. მოგეხსენებათ, 2002 წელს საქართველოს საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება (კონკორდატი). ამ ხელშეკრულების მე–4 მუხლში წერია, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება ეკლესიას უკან უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმემ თავიდანვე პოლიტიკური ელფერი მიიღო, რადგან ტაძრის მშენებლობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა სააკაშვილის რეჟიმმა კვიციანების ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამებები და პროვოკაციები დაიწყო...  ჩემი და, ნორა კვიციანი დააპატიმრეს, მე იძულებული გამხადეს, სამშობლოდან გადავხვეწილიყავი. რეპრესიების ქარცეცხლში გამოატარეს ჩემი ძმა – სოსოც,  სამსახურიდან გაათავისუფლეს და დაჭერით ემუქრებოდნენ. ჩემი ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები ამ მძიმე პერიოდში მშენებლობის ადგილზე იკრიბებოდნენ. სააკაშვილის სპეცსამსახურებს შიში გაუჩნდათ, რაღაცას ხომ არ გეგმავენო და გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანები შეუსიეს. ერთ–ერთი არის ვინმე გეგა. მისი გვარიც ვერ დავადგინეთ, მარტო ის ვიცით, რომ მთიულია. ერთ დღეს, გეგამ ზუსტად იქ, სადაც მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე საყდრის აგებას ვაპირებთ – კონტეინერი ჩადგა და შემოღობა კიდეც, ანუ ნაკვეთი უკანონოდ მიიტაცა! მერე კი, სათვალთვალო კამერები დააყენა, რათა რეჟიმის სპეცსამსახურებს კვიციანების შეკრების ადგილი ეკონტროლებინათ.

რეჟიმი ხომ უკვე აღარ არის? ნაკვეთი ისევ შემოღობილი ატომ დარჩა?

– არც პოლიცია, არც მერია – ამ უკანონობის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს! 7 თვის წინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამხობაზე და კიევის მაიდნის მსგავსი მოვლენების თბილისში განვითარებაზე ალაპარაკდა, გეგამ საიდანღაც უამრავი საბურავი მოზიდა და ღობის გასწვრივ დაალაგა. ცეცხლმოკიდებული საბურავი ხომ, "მაიდნის" რევოლუციის მთავარი კომპონენტია! საქართველოში ნაცების რეჟიმი აღარ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ის ნაცი ჩინოსნები, ვინც რეჟიმის დროს გეგას ზურგს უმაგრებდნენ, დღემდე ინარჩუნებენ პოზიციებს. ამაში დავრწმუნდით მას მერე, რაც ეკონომიკის სამინისტროს და მერიას მივმართეთ, რათა კონკორდატის შესაბამისად, ნაკვეთი საპატრიარქოსთვის გადაეცათ - სახელმწიფო სტრუქტურები გადაწყვეტილების მიღებას უსაფუძვლოდ აჭიანურებენ!

გეგას "ანტიქრისტეს მიმდევარს" რატომ უწოდებს მრევლი?

– საბურავებით უკანონოდ შემოღობილ მიწაზე, სადაც ტაძრის აგებას ვგეგმავდით, დგას გეგას მანქანა, რომლის სახელმწიფო ნომრებია SEX 666. ამით უკიდურესად გაღიზიანებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც გეგასთან ფიზიკური დაპირისპირებაც ჰქონდა, თუმცა პოლიციამ მხარი გეგას დაუჭირა!

ემზარ კვიციანთან ინტერვიუს შემდეგ როგორღაც, გეგას ტელეფონის ნომერიც დავადგინეთ. იგი მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, გრიგოლ ჩოქური აღმოჩნდა. ჩვენს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

ბატონო გრიგოლ, რის საფუძველზე შემოღობეთ ნაკვეთი?

– ნაკვეთი ჯერ არ დაგვიკანონებია, თუმცა 31–ე ქარხნისგან იჯარით რომ გვაქვს გამოსყიდული, ამის დამადასტურებელი საბუთები გაგვაჩნია. ადრე აქ ავტოფარეხები იყო, რომელიც "ლოგოვაზს" ეკუთვნოდა. მერე ისინი გაიძარცვა, მოქალაქეებმა ნაკვეთებად დაინაწილეს და შეიერთეს. როცა მერიიდან აზომვების ჩასატარებლად მოვიდნენ, ეკლესიას ჩემი ნაკვეთის ნაწილიც კი დავუთმე, მაგრამ არა და არ გაძღნენ! ამჯერად, ჩემგან ვერაფერს მიიღებენ!

მრევლი ამბობს, რომ თქვენ ზურგს ნაცები გიმაგრებენ...

– ყველაფერს იკადრებენ, რათა ჩემს მიწას დაეპატრონონ. შეიძლება, რქიან–ბანჯგვლიან–ჩლიქებიან ეშმაკადაც გამომაცხადონ!

თავად მიგიციათ  საფუძველი. რამ მოგაფიქრათ მანქანის ნომრად ანტიქრისტეს რიცხვის – 666–ის, ხოლო სერიად "SEX"–ის შერჩევა? თანაც, ეს მანქანა ეკლესიის გვერდით დაგიყენებიათ..

– რა, არ მაქვს უფლება? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რელიგიის წარმომადგენელი ვარ, ან ნაციონალი ვარ თუ არა? მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავართ და ბავშვების რაინდებად აღზრდის საქმეს ვემსახურები. მანამდე, მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორი ვიყავი. ჯერ იმდენი გააკეთონ, რაც მე ქვეყნისთვის გამიკეთებია და მერე განმიკითხონ!

ნომრის ისტორია ასეთია: პოლიციაში ვითხოვე, რაიმე სექსუალური ციფრი, ვთქვათ, 069 შემირჩიეთ მეთქი, მაგრამ არ ჰქონდათ. სანაცვლოდ, ეს შემომთავაზეს და დავთანხმდი. ხალისი და ღადაობაა. უცხოელი ტურისტები მოდიან, მანქანას სურათებს უღებენ.   რაც შეეხება 666–ს, სახარების სხვანაირად ახსნაც შეიძლება. ამ რიცხვში უმაღლესი სიმეტრია არის ჩაქსოვილი, სხვადასხვა დიდ ტაძარში, მათ შორის, ბულგარეთში მდებარე რილის მოანსტერშია გამოსახული და "სიცოცხლის ყვავილს" უწოდებენ. ის სინამდვილეში, ანტიქრისტეს კი არა, ღმერთის რიცხვია!  მთავარია, ვინ როგორ გაიგებს!

 

 

მოამზადა

ზაზა დავითაიამ

"ასავალ-დასავალი" 5-12 დეკემბერი, 2016 წ.


 

loading...
loading...