რელიგია
ბარბარობა - დღესასწაული და ტრადიცია - უკავშირდება თუ არა ეკლესიას ლობიანების ცხობა და ბედობა (?)
ბარბარობა - დღესასწაული და ტრადიცია - უკავშირდება თუ არა ეკლესიას ლობიანების ცხობა და ბედობა  (?)

დღეს ბარბარობაა. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. ასეთ დღეებში განსაკუთრებული სიმრავლე წმიდანის სახელობის ტაძრებში შეიმჩნევა.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.

წამებულის წმიდა სხეული კი ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ, კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა.

ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

უწმიდესის ქადაგებიდან:

“რით დაიმსახურა წმიდა ბარბარემ ასეთი დიდი მადლი ღვთისა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, მისი ცხოვრება უნდა გავიხსენოთ. წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება – წმიდა ბარბარე და მისი მამა – დიოსკორე. თქვენ იცით, რომ ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის – უძველესი პრობლემაა… ორი ადამიანი იდგა სრულყოფის კიბეზე: ბარბარე და მამამისი. თითქოს, მამა ცდილობს, თავის შვილს, ბარბარეს, სიკეთე გაუკეთოს. მას ხომ ერთადერთი შვილი ჰყავდა. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მთელი თავისი სიყვარული თავის ერთადერთ ასულს, ბარბარეს მიუძღვნა. მაგრამ ეს სიყვარული იყო არასწორი, არასულიერი. სულ სხვას ეძიებდა ბარბარე – სულიერს. ერთი არის წარმართი და მეორე – ქრისტიანი. ერთი ეძიებს ამასოფლისას, მეორე კი – სულიერს.

სოფელი ვერ იტევს უფლისმიერ სიბრძნეს და იწყება წმიდა ბარბარეს დევნა, მისი წამება. მან არ დათმო თავისი რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდა თავისი მამის ხასიათს, რომ ის უკან არ დაიხევდა და ბოლომდე ეცდებოდა ბარბარეს დამორჩილებას.მაგრამ წმიდანი ასეთივე მტკიცე რწმენითა და ურყევი ნებისყოფით მიიწევს წინ! ადამაიანის არჩევანი განსაზღვრავს სრულყოფის კიბეზე სვლის მიმართულებას. ამ ამ კიბეზე მდგარი ორი ადამიანი – ბარბარე და მამამისი სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ სვლას: ერთი მიდის მაღლა, მეორე ეშვება ჯოჯოხეთში და ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მამა თავისი ხელით კლავს საკუთარ შვილს.”

ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია - ოჯახებში ლობიანებს აცხობენ, თუმცა მას, ისევე როგორც ამ დღის ბედობასთან კავშირს, ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.

 

loading...