ak.ge
პოლიტიკა
„მსოფლიოს გადანაწილება პუტინის და ტრამპის შეხვედრაზე მოხდება, რაც საქართველოს სასარგებლოდ არ დამთავრდება“
„მსოფლიოს გადანაწილება პუტინის და ტრამპის შეხვედრაზე მოხდება, რაც საქართველოს სასარგებლოდ არ დამთავრდება“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიანი პროცესები, რომელიც დასავლეთმა დემოკრატიის დროშით შენიღბული „არაბული გაზაფხულით“ დაიწყო,  მსოფლიოს გადანაწილებისთვის მიმდინარე უსასტიკეს  ბრძოლას ზუსტად ასახავს.  თვითმხილველების თქმით, ის, რაც ალეპოში ხდება, სამყაროს აღსასრულს ჰგავს. სირიის სტრატეგიული ქალაქის  დაკავება ასადის ხელისუფლების და  მისი მოკავშირეების, რუსეთ- ირანის მიერ,  არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ  დღის წესრიგს  ცვლის. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი რუსეთის ლიდერს შეხვდება,  ახალი გეოპოლიტიკური რუკის კონტურები გაცილებით მკაფიო სახეს შეიძენს.  მაშინ,  როდესაც რუსეთი ახლო  აღმოსავლეთში (და არა მხოლოდ) პოზიციებს იმყარებს, თურქეთი დასავლეთისგან დისტანცირდება,  ევროპის რიგ სახელმწიფოებში ასპარეზზე პრორუსი ხელისუფლება გამოდის, ხოლო შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნად „პუტინის მეგობარს“ რექს ტილერსონს წარადგენს,  საქართველოს  ადგილი  პოლიტიკურ ველზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

რა პროცესებია ახლო მომავალში მოსალოდნელი კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში? რას ნიშნავს სტრატეგიული თვალსაზრისით ასადის ხელისუფლების მიერ ალეპოს აღება? როგორ აისახება საქართველოზე თურქეთის დასავლეთისგან იზოლირება? ამ და  საქართველოს გარშემო მიმდინარე სხვა პროცესებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება:

-ბატონო ჰამლეტ,  რას ნიშნავს  ასადის ხელისუფლების მიერ ალეპოს აღება?

-ეს არ არის ომის დასასრული, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ასადს ძალიან მყარი პოზიციები გააჩნია.  მთელ დასავლეთს და მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ეჭვი შეჰქონდა ასადის ხელისუფლების კანონიერებაში, აღმოჩნდა, რომ  ეს ასე არ ყოფილა. სირიის პრეზიდენტმა  რუსეთის და ირანის დახმარებით  გამარჯვება მოახერხა. ალეპო არის სირიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მეორე დედაქალაქი.

- სირიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რა პროცესებია მოსალოდნელი კავკასიის რეგიონში, მოგეხსენებათ დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონი წარადგინა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებისგან „მეგობრობის“ ჯილდო აქვს მიღებული...

-ყველაფერი გადაწყდება  შეერთებულ შტატებში  დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ. არ არის გამორიცხული შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორის სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდეს. როგორც ჩანს, ამაზე იყო მოლაპარაკება, რადგან სულ ახლახან მოსკოვში ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი იმყოფებოდა. მსოფლიოს გადანაწილება მოხდება მაშინ, როდესაც პუტინი და ტრამპი ერთმანთს შეხვდებიან. ეს  გადანაწილება საქართველოს სასარგებლოდ არ დამთავრდება, რაც ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ. ტრამპს  არ აინტერესებს ნატოს მე-5 პუნქტი, სადაც წერია, რომ თუ ვინმე  ერთ-ერთ წევრს თავს  დაესხა, ნატო მას დაიცავს. ტრამპი ამბობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნებიდან ძალიან ბევრი პროვოკაციები მოდის  და  ამერიკა მათთვის თავს არ გაწირავს. ნატოზე  ლაპარაკიც კი ზედმეტია.

 რაც შეეხება ევროკავშირს, იქ ჩვენ არასდროს მიგვიღებენ, ეს გამორიცხულია. ასოცირებული წევრები ლათინოამერიკის  და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიც არიან, ეს აბსოლუტურად არაფერს  იძლევა. ამიტომ ხალხის მოტყუება და ამაზე აქცენტის გაკეთება, ზღაპარი და სისულელეა, სანამ თავში არ ჩაურტყამთ, ამას  უნდა შეეშვან.

 -როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ახალი გადანაწილების შედეგად  საქართველო რუსეთის ორბიტაზე გადადის?

-გადავდივართ თუ არ გადავდივართ, რუსეთი გიღებს რომ? რუსეთს, მაპატიეთ და სულ ფეხებზე ჰკიდია ეს გაჩანაგებულ-გაღატაკებული ქვეყანა, არ აინტერებს მას ეს. არც საქართველოს გამოუხატავს არანაირი სურვილი  რუსეთთან ურთიერთობის. ის განცხადებები, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები თუნდაც ამ ოთხი წლის განმავლობაში აკეთებდნენ, რუსეთისთვის მიუღებელია.  საქართველო შავ დღეში აღმოჩნდება და ვერ ხვდებიან ეს მამაცხონებულები. ცუდ დღეში ვართ როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მართალია,  რუსი აქ  შემოჭრას არ  აპირებს, მაგრამ ჩვენ თვითონვე ვიქნებით ჰაერში გამოკიდებულები  და დაუცველები.  მარტო ნატოსკენ მომზირალ ქვეყანად ვრჩებით, რომელიც ვერც ვერაფერში გვეხმარება.

-მაშინ, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია რეალური ხდება, თურქეთის ევროინტეგრაციის პერსპექტივა იშლება. როგორ აისახება საქართველოზე  თურქეთის დასავლეთისგან იზოლაცია, ხომ არ მივიღებთ ქვეყნის სამხრეთ საზღვართან აგრესიულ მეზობელს?  მოგეხსენებათ, ანკარა ევროკავშირის ალტერნატივებზე საუბრობს, რუსეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას აფორმებს, მათ შორის სამხედრო სფეროში, ხოლო შეერთებული შტატები  თითქმის მთლიანად კარგავს გავლენას თურქეთზე. ხომ არ არის ეს პროცესი საფრთხის შემცველი საქართველოსთვის?

- საფრთხეები რად გინდათ, თურქეთმა უკვე უომრად დაიპყრო საქართველო. მთელი აჭარა მისია, თბილისის  ნაწილი, პლეხანოვი მისია. ეს არის ქართული უთავო პოლიტიკის შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მეტი რაღა დაპყრობა გვინდა...

თურქეთი ძალიან მწყრალად არის ევროკავშირის მიმართ. ეს ქვეყანა ლამის ნახევარი საუკუნეა ასოცირებული წევრია  და  არც არავინ იღებს ევროკავშირში.  ეს მათ ძალიან კარგად იციან, არც  უვიზო მიმოსვლას უიოლებენ.  ყველაფერი ეს, ცხადია, მოქმედებს თურქეთის ხელისუფლებაზე. თუ საქართველოს და უკრაინას უვიზო მიმოსვლას მისცემენ, თურქეთისთვის ეს ლახვარი იქნება. ამაზე  ანკარას ძალიან მძიმე რეაქცია იქნება.

საერთოდ, მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივა მრავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უპირველეს ყოვლისა, მას შემდეგ, რაც  ტრამპი შეუდგება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს თავისი პოლიტიკის შესაცვლელად.  ევროკავშირის და ნატოს მიმართ ტრამპის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ამერიკის ახალი პოლიტიკა იქნება რევოლუციური. მე ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას დაფიქრებას და ევროკავშირის მიმართ ნაკლები აქცენტების გაკეთებას. ტრამპმა  სახელმწიფო მდივნად დაასახელა პიროვნება, ერთ-ერთი ნავთობკორპორაციის გენერალური დირექტორი, რომელიც ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთის ბიზნესთან და რუსეთის პრეზიდენტთან. ეს არის  რუსეთსა და ამერიკას შორის რთული ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე არ ვამბობ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ძალიან მაგრად ჩაეხუტება, მაგრამ ის, რაც აქამდე იყო, დასრულდება. ამერიკა შეცვლის პოლიტიკას არამარტო რუსეთის, არამედ ნატოს და ევროკავშირის მიმართ. აქ უკვე ჩვენ ძალიან სერიოზული თავსატეხი გვიჩნდება. ტრამპი ნატოს ალმაცერად უყურებს, ისე როგორც, მისი გუნდი.  სრულიად შესაძლებელია, რომ ნატო ისეთი აღარ იყოს, როგორიც აქამდე იყო. გამორიცხულია ასევე ნატოს გაფართოება, ვიდრე ტრამპი იქნება  ამერიკის პრეზიდენტი და ტრამპი პრეზიდენტი იქნება რვა წლის განმავლობაში, მე ამაში დარწმუნებული ვარ. როცა მან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, მაშინვე  ვთქვი, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა, კაციშვილი არ მიჯერებდა, მაგრამ აი, ფაქტი სახეზეა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჯერ ერთი, ვიზლიბერალიზაციას  სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში გვპირდებიან, მაგრამ მოგვცემენ თუ არა, ეს ჯერ კიდევ  გადაწყვეტილი არ არის. სრულიად შესაძლებელია, ეს ყველაფერი შეიცვალოს. ამას  ვიღაცის გულის გასახეთქად კი არა,  ევროპაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვამბობ.  მინდა გითხრათ, რომ  საფრანგეთს არ  ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, როგორიც არის ოლანდი, პრორუსი პრეზიდენტი მოვა...

-მარინ ლე პენს გულისხმობთ თუ ფრანსუა ფიიონს?

-მარინ ლე პენიც, ფრასუა ფიიონიც და სხვა კანდიდატებიც ყველა არის პრორუსი. იტალიაშიც მოსალოდნელია,  რომ „ჩრდილოეთის ლიგის“ წარმომადგენელმა გაიმარჯვოს, რომელიც მოსკოვში ბრძანდებოდა და  რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავდა.  ევროპის ქვეყნებში, სადაც არჩევნები ჩატარდა, ყველგან  რუსეთთან მეგობრობის მოსურნე ხელისუფლება მოვიდა. იცით რაშია საქმე? როდესაც ამას ვერ ხედავს საქართველოს ხელისუფლება, ეს ნიშნავს პოლიტიკურ სიბეცეს. საქართველოს ხელისუფლება დაბრმავებულია, ისეთ სისულელეზე ლაპარაკობს, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. ვიზალიბერალიზაცია არის ნოლი იმასთან შედარებით,  რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს მას მერე,  რაც ტრამპის პრეზიდენტობა დაიწყება.  საქართველოს ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირზე ზედმეტ იმედებს ამყარებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილედ სახელდება ჯონ ბოლტონი, რომელიც არის ანტირუსი და პირწავარდნილი ანტიევროკავშირელი.  ამ პიროვნებას ევროკავშირის საწინააღმდეგოდ წიგნები აქვს გამოშვებული. ის ამბობს, რომ ევროკავშირი არის ამორფული ორგანიზაცია და საერთოდ არ უნდა არსებობდეს.  როგორც კი მას დანიშნავენ, ევროკავშირს წყალი შეუდგება, რადგან ევროკავშირიც და ნატოც  ამერიკულ ფუნდამენტზე დგას.  ევროკავშირი ისედაც ნახევრად დაშლილია და დამერწმუნეთ,  სულ მთლიანად დაიშლება. მეორეც, ნატო თუ  იქნება მომავალში, ის  პრიმიტიული ორგანიზაცია გახდება.  ჩვენმა ყმაწვილმა ხელისუფლებამ, რომელსაც აბსოლუტური წარმოდგენა არა აქვს რა არის გეოპოლიტიკა და  სად უნდა იყოს საქართველოს ადგილი, ეს უნდა გაითვალისწინოს. როდესაც მსოფლიო პოლიტიკაში უაზროდ ეჩხირები,  ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს  ქვეყანა ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება.

-ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტმა აზერბაიჯანში ირანის უკმაყოფილება გამოიწვია, თეირანში ამ ვიზიტს „ რეგიონში ახალი შეთქმულების სამზადისი“ უწოდეს.  თქვენი კომენტარი როგორია ამასთან დაკავშირებით, რაიმე ახალს ველოდებით რეგიონში?

-ახალს არ უნდა ველოდოთ, ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაძაბულია მას შემდეგ, რაც 1979 წელს შაჰი ჩამოაგდეს და ირანი ისლამური რესპუბლიკა გახდა. მანამდე კი ირანსა და ისრაელს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს ურთიერთობები, ცხადია, არ არის. ისრაელი და ირანი ერთმანეთს მამასისხლად არიან გადაკიდებული,  მაგრამ  ვითარებიდან გამომდინარე, მე ეჭვი მეპარება, რომ ირანმა და ისრაელმა რეგიონში ომის საფრთხე შექმნან. საერთოდ, ამ წლების განმავლობაში ისრაელს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა აზერბაიჯანთან, არა მარტო სავაჭრო, არამედ სამხედრო თავალსაზისითაც. აქედან გამომდინარე, ისრაელი წინ იყურება. მოგეხსენებათ,  აზერბაიჯანსა და ირანს შორის ასევე მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, მაგრამ ამასთანავე არის გარკვეული საკითხები, რომელიც თეირანსა და ბაქოს შორის იწვევს კამათს. მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანმა, რომელსაც წლების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ირანთან, ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში მოახერხა და ეს ურთიერთობები გაანეიტრლა.

ისრაელი  ცდილობს, როგორმე  აზერბაიჯანი ირანს არ ჩაეხუტოს. აზერბაიჯანი თამაშობს  პოლიტიკას, რომელიც  ყველასთან ურთიერთობას ეფუძნება. ეს ირანის პოლიტიკურ წრეებში გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ  გაღიზიანება იყო გუშინაც და  გუშინწინაც.  ასე რომ,  ამ ვიზიტიდან გამომდინარე  ისეთი არაფერი არ მოხდება.  კომუნიკაცია ბაქოსა და თეირანს შორის ამ ურთიერთობების გაუარესებას ხელს არ შეუწყობს.

რა მაქვს მე მხედველობაში?  არსებობს ასეთი მარშრუტი სამხრეთი-ჩრდილოეთი- ჩრდილოეთი-სამხრეთი.  ეს  არის ყველაზე უფრო მომგებიანი მარშრუტი დანარჩენებთან  შედარებით. აზერბაიჯანის ინიციატივით, ამას სარკინიგზო მარშრუტიც დაემატება.  აზერბაიჯანი სარკინიგზო მშენებლობას წლის ბოლოს   დაასრულებს, ხოლო ირანის მხრიდან ეს მშენებლობა სამ-ოთხ თვეში დასრულდება. აქ მარტო ირანზე და აზერბაიჯანზე არ არის საქმე. მოგეხსენებათ, პუტინი  და ირანის პრეზიდენტი სულ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდნენ ბაქოში, სადაც ამ სამეულმა  რკინიგზასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს იძლევა პირდაპირ  კავშირს მუმბაისთან,  ანუ, ინდონეთიდან წამოსული ტვირთი გაივლის ირანს, აზერბაიჯანს, შეუერთდება რუსეთს, იქიდან გავა ჩრდილო ევროპაში და ასევე ცენტრალურ აზიაში.  ეს მარშრუტი გაცილებით უფრო მომგებიანია ვადებთან დაკავშირებით, ვიდრე თუნდაც   აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რკინიგზა და ა. შ.  ეს  საშუალებას არ მისცემს ირანს, რომ ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის არსებული გარკვეული თბილი ურთიერთობები  აგრესიული ქმედებისთვის გამოიყენოს. დიპლომატიასა და პოლიტიკაში არსებობს მკაცრი სიტყვები, რომლითაც ქვეყნები ერთმანეთს ამკობენ, მაგრამ ეს არის პოლიტიკა და არავითარ შემთხვევაში არ გადავა წითელ ხაზებს, ანუ არ მოხდება დაპირისპირება აზერბაიჯანთან დაკავშირებით ირანსა და ისრაელს და ირანსა და აზერბაიჯანს შორის. 

-მსოფლიოს ამ  ახალ გლობალურ გადანაწილებაში სად მოიაზრებთ საქართველოს?

-არსად არ მოვიაზრებ. საქართველო, არის პატარა ნავი, რომელიც თავისი უჭკუო ხელისუფლებიდან გამომდინარე, ოკეანეში უკომპასოდ დაფარფატებს  და დღეს თუ არა ხვალ, ეს ტალღები განადგურებას უქადის. უნდა მოიძებნოს ადამიანი, ვინც  ქვეყანას ფეხზე დაყენებს,  თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ქართველები  ჩვენი  თავის მტრები თვითონვე ვართ. ამ ხელისუფლების გაჩერება არ შეიძლება.

-როგორ ფიქრობთ, ახლა, როცა მსოფლიოში შექმნილი ვითარება რუსეთის სასარგებლოდ იხრება, მოლაპარაკებების დაწყება დაგვიანებული ხომ არ არის?

-სულ მაგას ვამბობდი, ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ.  ჯერ ერთი, მოსაძებნია კაცი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას დაელაპარაკება. როგორ შეიძლება  ყმაწვილი საგარეო საქმეთა მინისტრი დაელაპარაკოს ლავროვს? ამ ხელისუფლებას რომ ვუყურებ,  გამოსავალს ვერ ვხედავ...

 



 

loading...