ak.ge
პოლიტიკა
ვინ უშლის ხელს აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის განახლებას?
ვინ უშლის ხელს აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის განახლებას?

აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი,  რომელსაც რეგიონალური მნიშვნელობის სატრანზიტო ფუნქცია  და ენგურის გამყოფი ზოლის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანების ურთიერთობის დათბობის ხელშემწყობი მისია უნდა ჰქონოდა,  დღეს ისევ მსჯელობის საგანია. 

რკინიგზის აღდგენისა და სომხეთთან სარკინიგზო ტრანზიტის განახლების საკითხი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის მიწურულს ასლან აბაშიძემ დააყენა. იმ პერიოდისათვის კრემლი აბაშიძეს შევარდნაძის ალტერნატივად მოიაზრებდა. ამიტომ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში რეიტინგის ამაღლების მიზნით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში მედიატორის ფუნქცია სწორედ მას აკისრებინა.

მას შემდეგ იდეა დღის წესრიგში სხვადასხვა დროს გარკვეული პერიოდულად დგებოდა და მიუხედავად იმისა, ვინ რა ინტერესს დებდა მასში, ქართული მხარე დისკუსიებში აქტიურად ერთვებოდა.  ამ ყველაფერს კი ყოველ ჯერზე ერთი დასასრული ჰქონდა - მოლაპარაკებები „საჭირო“ დროს ჩიხში შედიოდა.

ვინ უშლიდა და დღესაც უშლის ხელს აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას და რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის განახლებას? - ამ და სხვა საკითხებზე sazogadoeba.ge-ს უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ესაუბრება.

- ბატონო ლევან,  თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პროცესის დასაწყისი უწოდეთ.  ამ იდეის მოწინააღმდეგეები მასში კრემლის ინტერესებს ხედავენ.

- აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის  თავგადაკლულ მოწინააღმდეგეებს ავიწყდებათ, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, როგორც კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება, ევროსტრუქტურების და რუსეთის  ჩართულობით, ოთხმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმს დაექვემდებარა, რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის სატრანზიტო მოძრაობის აღდგენის აუცილებლობა, შევარდნაძის მმართველობიდან დაწყებული, გარკვეული პერიოდულობით დგებოდა დღის წესრიგში. იმავე ადამიანებს გავახსენებ, რომ   მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხს  მთელი სერიოზულობით მოეკიდა და თბილისმა უმასპინძლა კიდეც  გაეროს სადამკვირებლო მისიის კონტროლს დაქვემდებარებულ კომისიას, რომელიც შედგებოდა  რკინიგზის, ენერგეტიკის და უსაფრთხოების ქართველი და აფხაზი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფებისგან.  პარალელურად  აფხაზეთში სამუშაოების ჩასატარებლად დაიწყო შესვლა რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა. როგორც ცნობილია, ყველასათვის მოულოდნელად მოლაპარაკებები შეწყდა, ქართული მხარე პროცესს გამოეთიშა, ხოლო რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა  რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები გააგრძელეს და მოგვიანებით ლესელიძე-ოჩამჩირის მონაკვეთი აღადგინეს.

- ბატონო ლევან, თუ რუსეთის ინტერესებში ხსენებული მონაკვეთის აღდგენა შედიოდა და,  როგორც ამ იდეის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, დღესაც შედის, რატომ არ მიიყვანა ბოლომდე.  რატომ  ან ვისი მიზეზით ჩაიშალა მოლაპარაკებები, მით უმეტეს, თუ კომისიები შექმნილი იყო და სამუშაო შეხვედრები თბილისსა და სოხუმში იმართებოდა?

-როგორც იტყვიან, ძაღლის თავი სწორედ მანდ არის დამარხული. რადგან კომისიის ქართული მხარის უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდით, ბუნებრივია სამუშაო შეხვედრები, როგორც  სოხუმში ისე  თბილისში, მქონდა  ჩემს ძველ აფხაზ თანამშრომლებთან და  რკინიგზის აფხაზ ხელმძღვანელობასთან. მათთან  და დე-ფაქტო  მთავრობის წევრებთან  ურთიერთობებისას  კარგად გავერკვიე  აფხაზეთის იმდროინდელი  ხელისუფლების დამოკიდებულებაში  ამ საკითხთან მიმართებაში. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ ვისაც არ აწყობდა და დღესაც არ უნდა აწყობდეს  აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მანაკვეთის აღდგენა,  ეს კრემლის ბინადრნი,  მათი სპერცსამსახურების გავლენის აგენტურა და ნებსით თუ უნებურად მათ ხმას აყოლილი ადამიანები არიან, როგორც სოხუმში, ისე თბილისში.

-იქნებ განგვიმარტოთ, რა გაძლევთ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს?

- ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ, რადგან  აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხს რეგიონალური მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია და გასაგებიცაა მეზობელი ქვეყნების და განსაკუთრებით სომხეთის დაინტერესება ამ საკითხისადმი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  წლების განმავლობაში სწორედ სომხეთი გამოდიოდა  ინიციატივით და მწვავედ აყენებდა ამ საკითხს, მაგრამ ისე, რომ  არ გამოდიოდა დიპლომატიური ჩარჩოებიდან.   ასე, რომ ადამიანებმა, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ იმსჯელონ ამ საკითზე, აუცილებელია იცოდნენ,  თუ რატომ და რა პერიოდულობით წამოიჭრებოდა რკინიგზის აღდგენის საკითხი, რა უშლიდა ხოლმე ხელს ამ იდეის  ხორცშესხმას,  ან ვის ინტერესებში იყო მოლაპარაკებების, „სასურველ“ დროს,  ჩიხში შეყვანა და მისი ჩაშლა. თუ იციან, მაშინ იქნებ კეთილი ინებონ და აგვიხსნან,  რატომ  არ ეწინააღმდეგობდნენ  სააკაშვილის ხელისუფლებას, როდესაც სწორედ მისი პრეზიდენტობის  დასაწყისი(2004წელი) უნდა ჩაითვალოს იმ იშვიათ გამონაკლისად, როდესაც მოხერხდა კონფლიქტურ მხარეებს შორის შეთანხმება,  აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის და სომხეთთან სარკინიგზო ტრანზიტის განახლების საკითხზე. თუკი იმ დროს რკინიგზის აღდგენის საკითხი ჩვენს ინტერესებში შედიოდა, დღეს რა ხდება?

როგორც მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენეს,  აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხი სპეციალურად იყო „შემოგდებული“ და  სინამდვილეში მხოლოდ აფხაზეთის, ლესელიძე-ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენას გულისხმობდა, რაც აძლევდა რუსეთს საშუალებას სარკინიგზო გადაზიდვებით განეხორციელებინა სამხედრო დანიშნულების ტვირთების და განსაკუთრებით საარტილერიო დანადგარების, ჯავშანტექნიკის შემოტანა აფხაზეთის სიღრმეში და სრულებითაც არ უკავშირდებოდა სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენას.

- თქვენი მსჯელობით  გამოდის, რომ რუსეთი სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენას ეწინააღმდეგება? 

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რუსეთს სომხეთთან სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა რომ ნდომოდა, რა შეუშლიდა ხელს, როცა ამისთვის 2004 წელს  ყველა პირობა იყო შექმნილი და მოლაპარაკებებიც კონსტრუქციულად მიმდინარეობდა. საქმე იმაშია, რომ ხსენებულ ტრანზიტთან დაკავშირებით რუსეთი ორ ცეცხლს შუა არის მოქცეული. ერთი მხრივ,  არ უნდა სომხეთს აწყენინოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ სატრანზიტო მოძრაობის გახსნით, რუსეთი დგება მისთვის არასასურველი, მოსალოდნელი რეალობის წინაშე.  სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა გზას უხსნის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტების აღდგენას, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დაწყებას და ა.შ. ყველაფერი ეს კი საერთო ჯამში,კონფლიქტის მოგვარების გზაზე, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა, რაც რუსეთს, ბუნებრივია არ აწყობდა და არ აწყობს დღესაც.

- ე.ი. თქვენის აზრით,  ამ იდეის მოწინააღმდეგეები კრემლის წისქვილზე ასხამენ წყალს?

- სწორედ ეგრეა. სხვათა შორის,  ოპერატიულ ღონისძიებათა არსენალიდან, რომლითაც  რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, ფართოდ გამოიყენება ყველაზე უტყუარი და სწორედ ადამიანებზე   სასურველი ზემოქმედების მოხდენის  მეთოდი. გავლენის აგენტურის მეშვეობით,  „საჭირო“ დროს, შემოაგდოს ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულ  ზემოქმედებას მოახდენს მოსახლეობაზე. მთავარი ესაა, თორემ დღევანდელი აჟიტირებული საინფორმაციო საშუალებებით მისი გავრცელება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, თუ რა ძალები იდგნენ და დგანან  იმათ უკან, როგორც სოხუმში ისე თბილისში, ვინც ხელს უშლიდა აფხაზეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას. უფრო მეტიც. თვითონ რუსეთის სპეცსამსახურების გეგმის ნებსით თუ უნებლიედ  განმხორციელებლები, სხვისკენ იშვერენ ხელს და  აბრალებენ რუსეთის ინტერესების ლობირებას. 

რაც შეეხება რეგიონალური უსაფრთხოების თემებით და სხვა მრავალი, თუ გნებავთ, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან მოსალოდნელი გართულებებით სპეკულირებას, ყველამ თავი დავანებოთ და პირველ რიგში საქართველოს ინტერესებს მივხედოთ.   აფხაზეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხი   თუ  დღის წესრიგში დადგა, ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებული ვარ მოახერხებს საერთო ენის გამონახვას მეზობელ სახელმწიფოებთან,  ხოლო  სატრანზიტო გადაზიდვების ჩამოანთვალში, რომელიმე მეზობელი ქვეყნის შეიარაღებას და მით უმეტეს მძიმე და ჯავშან ტექნიკას არ შეატანინებს.