პოლიტიკა
ლევან ვასაძე: „ის მიზერული ხელფასები, რომელსაც ჩვენი სამხედროები ღებულობენ ნატოს ოპერაციებში ერაყში, ავღანეთსა და სხვაგან, ფინანსდება არა ნატოს მიერ, არამედ ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან“
ლევან ვასაძე: „ის მიზერული ხელფასები, რომელსაც ჩვენი სამხედროები ღებულობენ ნატოს ოპერაციებში ერაყში, ავღანეთსა და სხვაგან, ფინანსდება არა ნატოს მიერ, არამედ ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან“

"საქართველოს უნდა ჰყავდეს მაქსიმალურად ძლიერი ჯარი, რადგანაც მას, სამწუხაროდ, მომავალშიც ელის ომები» - ლევან ვასაძე საზოგადოებას „ჯარისა და გეოკულტურის შესახებ“ ვრცელ წერილს სთავაზობს.  ამავე თემაზე  ბიზნესმენთან ინტერვიუ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ შემოგვთავაზა.

Sazogadoeba.ge წერილის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

ჯარისა და გეოკულტურის შესახებ

საქართველოს მთელი ისტორია და მისი თანამედროვე მდგომარეობა მიგვითითებს იმაზე რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ძლიერი ჯარი, რადგანაც მას, სამწუხაროდ, მომავალშიც ელის ომები.

ეს ომები ახლო მომავალში ჩვენ, სამწუხაროდ, ისევ თავს დაგვატყდება და ჯარის მხრიდან ისევ საჭირო გახდება არა მხოლოდ დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა, არამედ ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრის, შეურაცხყოფისა და ფიზიკური განადგურებისაგან დაცვა.

ასევე დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ ჯარი არ არის მხოლოდ ქვეყნის დაცვისათვის მზადყოფნა.  იგი ასევე არის ქვეყნის ახალგაზრდა თაობის სწორად, ჯანმრთელად და პატრიოტულად აღზრდის უმძლავრესი სახელმწიფოებრივი ინსტრუმენტი.  ამჟამად ჩვენ ის არ გვაქვს.

სასიხარულოა, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა მისი აღდგენა განიზრახა მას შემდეგ, რაც წინა მინისტრმა ლიბერალური დივერსია და საბოტაჟი მოუწყო ქვეყანას საყოველთაო გაწვევის გაუქმებით.

საქართველოს მეზობელი ოთხივე ქვეყანა არის პოტენციური აგრესორი, ზოგი ისტორიული და ზოგი მოქმედი ოკუპანტი. ოთხივეს ჰყავს ჩვენზე დიდი ჯარი, ოთხივეში მოქმედებს ჯარში საყოველთაო გაწვევის პრინციპი.

გარდა ამისა ამ ოთხიდან, ერთ-ერთის, რუსეთის შემთხვევაში ჩვენ ჩრდილოეთით გვესაზღვრება ამ სახელმწიფოში შემავალი რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენთვის ისტორიულ მეგობრებსაც და ისტორიულ საფრთხესაც წარმოადგენენ, განსაკუთრებით რუსეთის დასუსტების შემთხვევაში.

უდავოა, რომ ამ ურთულეს რეგიონში, ჩვენი სახელმწიფოსათვის, ისევე როგორც ყველგან, პრიორიტეტი ენიჭება ჩვენს დამოუკიდებელ დიპლომატიას, (რომელიც ამჟამად ასევე არ გვყავს) რათა მან ყველაფერი გააკეთოს ჩვენს მეზობლებთან ომის თავიდან ასაცილებლად.  მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში ომები აღარ იქნება და რომ ჩვენი ქვეყანა შეაფარებს თავს რაიმე „ქოლგას“ და  იქნება მის ქვეშ სამარადისო, უსაფრთხო ნეტარებაში, არის ჩვენი გაუნათლებელი ლიბერასტების ჩუკენური ფანტაზია, ან ქვეყნის ცინიკური მტრობა.

ჯარის მშენებლობის სტრატეგია სახელმწიფოს მშენებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მასზე უნდა მსჯელობდნენ, როგორც პროფესიონალი სამხედროები, ასევე საერო და საეკლესიო პირებიც.

ამჟამად ჩვენი პატივცემული სამხედრო ელიტა, გასაგები მიზეზების გამო, სრულიად ინდოქტრინირებულია ნატოს პროპაგანდით და ნებსით, თუ უნებლიედ მის დირექტივებს იზიარებს.

ამასობაში ნატოს ეგიდით საქართველოში მიმდინარე ბოლო ათწლეულის სამხედრო პოლიტიკა, ბევრ ძირეულ საკითხში დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ინტერესებს.  ეს არ არის არც ნატოს და მით უმეტეს, არც ჩვენი სამხედრო ელიტის ბრალი.  ეს არის ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური ე.წ. ელიტის უჭკუობისა და უხერხემლობის ბრალი.

ნატოს საქართველოსაგან, მისი სტრატეგიული მდებარეობის გარდა, რომელსაც ის რუსეთის დასაშლელად იყენებს, ძირითადად სჭირდება იაფი „საზარბაზნე ხორცი,“ რომელსაც ის თავისი სურვილისამებრ გამოიყენებს თავის კონფლიქტებში ჩვენი გამყიდველი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით. 

ჩვენს ქვეყანაში ცოტამ თუ იცის, რომ ის მიზერული ხელფასებიც კი, რომლებსაც ჩვენი მამაცი სამხედროები ღებულობენ ნატოს ოპერაციებში ერაყსა, ავღანეთსა და სხვაგან ფინანსდება არა ნატოს მიერ, არამედ ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან. 

იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ჩვენს ლომგულ სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის სიღარიბის გამო თანხმდებიან უცხო, უსამართლო ომებში მონაწილეობას, (სადაც ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა, ჩვენი ჩათვლით, უმიზეზოდ მოკლეს მილიონ ნახევარზე მეტი არაბი და ავღანელი ბოლო თხუთმეტიოდე წლის განმავლობაში,) არავინ აძლევს სიცოცხლის დაზღვევის, დამატებითი შეღავათების, განათლების დაფინანსების, საცხოვრებელი ხარჯების და დასვენების ისეთივე პირობებს, რომლებსაც ღებულობენ იმავე ოპერაციებში მონაწილე ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი ჯარისკაცები. 

გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, ჩვენი სამხედროების მიერ მათი სამხედრო ამოცანების შესრულებაც კი ხდება ნაკლები ინფრასტრუქტურული და სამხედრო მხარდაჭერით, ვიდრე ამას აქვს ადგილი დასავლელი ჯარისკაცის შემთხვევაში. 

და მიუხედავად ყოველივე ამით განპირობებული ჩვენი სამხედროების კოლოსალური სიიაფისა და ქართველი მეომრის უბადლო სიმამაცისა და თავდადებისა, ნატოსა და დასავლეთის ქვეყნებს მაინც ენანებათ მათთვის იმ მიზერული ჯამაგირის გადახდა, რომელსაც ისინი იმსახურებენ და ნატო ამასაც კი ამ ჩვენს ღატაკ ქვეყანას ახდევინებს.

ამრიგად, ყველაფერს რომ თავის სახელი ვუწოდოთ, დასავლეთი, როგორც ჩვენი მეორე ოკუპანტი, მოითხოვს და ღებულობს საქართველოსაგან სისხლისა და ფულის ხარკს ყოველწლიურად.

ეს არახალია ჩვენთვის, ყველა ოკუპანტის ქვეშ ასე ვიყავით, თითოეულ მათგანს ერქვა ჩვენი მცველი და განმანთავისუფლებელი და თითოეულ მათგანს ჰყავდა საქართველოში აგენტი მეხოტბე მედროვეები, რომლებიც მას ოსანას უმღეროდნენ და ნამდვილი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ, მარადიულ ქართველს მოღალატესა და აგენტს უწოდებდნენ, თავად მოღალატეები და აგენტები.

ხოლო ძირითადი პრინციპი ჩვენი დასავლეთთან პარტნიორობისა, რომელიც უდაvოდ უნდა გულისხმობდეს ურთიერთდახმარებას, როგორც ვნახეთ, საქართველოში ომის შემთხვევაში არ მუშაობს. 

დასავლეთის მიერვე წაქეზებული, დაჯილდოვებული და ხელშეუხებლად გამოცხადებული სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად მიღებულ რუსეთთან ომში დასავლეთმა საქართველო არ დაიცვა, სააკაშვილი, თავის მოპარულფულიანად, თავისთან წაიყვანა, მის მიერ დაპატიმრებული და გაუბედურებული ასობით ათასი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა, მის ტელევიაზიასა და პარტიას საქართველოში ტაბუ დაადო ჩვენი ‘სუვერენული“ ქვეყნის მართლმსაჯულებისათვის და ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მწარე რეალობის წინაშე დატოვა.

დასავლეთმა საქართველო რუსეთის გასაღიზიანებელ, მის სასინჯ, საჩეხ ნაჯახად გამოიყენა და როდესაც ეს ნაჯახი შემოატყდა, მან ის გადააგდო და ხელში უფრო დიდი, უკრაინული ნაჯახი დაიჭირა და თავისი საქმე გააგრძელა, მათ შორის სააკაშვილის თანარიმინალების მეშვეობითაც.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთს საქართველოში სჭირდება ქვეყნის ელიტასთან სრულიად კავშირგაწყვეტილი ჯარისკაცი, რომელსაც როცა უბრძანებენ მოქალაქეებსაც დაარბევს და უსიტყვოდ დაემორჩილება უცხოურ ბრძანებებს.

ამიტომ ჩვენთან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებს (და მით უმეტეს მის ე.წ. ელიტას) არ უნდოდეთ და სურვილის შემთხვევაშიც კი, არ ჰქონდეთ საშუალება შვილის ჯარში გაშვებისა, გარდა იმ გაჭირვებული ფენისა, რომლისათვისაც ეს თავის რჩენის იშვიათი საშუალება არის. 

წლების მანძილზე არ ვითარდებოდა სათანადოდ სარეზერვო სამსახურის ინფრასტრუქტურა, კანონმდებლობა და რეგულაციები, მზაკვრულად მზადდებოდა საყოველთაო გაწვევის დისკრედიტაციისა და საბოლოო გაუქმებისათვის საჭირო სოციალური ფონი, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესება და დახვეწა. 

ეს ძალიან ჰგავს ქვეყნის მტრების ხელწერას სხვა სფეროებშიც: შევარდნაძის დროს სამეცნიერო ინსტიტუტების არ დაფინანსება და გაუბედურება და მერე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ გადარჩენაზე „რაღა აზრი აქვს“ თქმა, მათი დახურვა და „ჩარეცხვა,“ ხოლო მათი ქონების მითვისება-განიავება და განათლების სისტემაზე ქვეყნის მოძულე ლიბერალების შესევა, რომლების ყოველდღიური საფიქრალიც ჩვენს სამინისტროსა და სასწავლებლებში მხოლოდ ისაა, როგორ ებრძოლონ ტრადიციასა და ეკლესიას და როგორ გაგვირყვნან შვილები.

ასევე იყო აქაც, „შვიდ ლარიან“ სამუშაო ძალად საყოველთაო გაწვევის ჯარისკაცების შერაცხვა და ნაცვლად მათი საწრთვნელი პირობების გაუმჯობესებისა, ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის გაუქმება, ორიოდე სტუდენტისაგან „რესპუბლიკური პარტიისათვის“ ხმების მოპოვების სანაცვლოდ, რომლებიც ისევე გააცოცხლებს მაგ პარტიის პოლიტიკურ მომავალს, როგორც ლიბერალიზმი ქართულ კულტურასა და დემოგრაფიას.

ამრიგად, დასავლეთისაგან დაკვეთილ ამ ანტი-ქართულ სტრატეგიაში მორიგი აკორდი იყო რესპუბლიკელი მინისტრი ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმება, როგორც ბოლო ნაბიჯი მისი მოკლე, მაგრამ ძალიან მავნებლური მინისტრობისა.

მმართველობის მეცნიერებაში, ისევე, როგორც ტრადიციული სიბრძნის ნებისმიერ სისტემაში, არსებობს შეუქცევადი, ან ძნელად შესაქცევი ნაბიჯების მცნება.  მაგალითად, როდესაც მოძველებულ, მაგრამ მუშა „მარტენის“ მეტალურგიულ ღუმელს გააცივებ, მას ვეღარ, ან ძალიან ძნელად დაანთებ, როდესაც სავაჭრო ქსელში საბრუნავ საშუალებებს მოაკლებ, მუშტარს ვეღარ, ან ძალიან ძნელად დაიბრუნებ, როდესაც დეველოპერული კომპანიის ბინების მშენებლობას სხვა სახლის კლიენტების ხარჯზე დაიწყებ, ადრე, თუ გვიან აუცილებლად ჩაიძირები.

რაც მაგ მარტივ მაგალითებზე ბევრად უფრო ტრაგიკულია, როდესაც რუსეთს შენი ჯარისკაცების შუბლით შეასკდები (სანამ შენ თავად მიწაზე ხოხიალობ) და მას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ე.წ. სახელმწიფოებად აღიარებინებ, დნესტრისპირეთისა და ყარაბახისგან განსხვავებით, თავს ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაიგდებ, რომლის გამოსწორების შანსიც თითქმის აღარ გექნება.

ასევეა ჯარშიც: როდესაც ჩვენს მოძმე ქისტ რიგითებს, გამონაკლისის სახით, ჯარში წვერით სიარულის უფლებას მისცემ, მერე ვეღარავის გააპარსინებ, როდესაც ქართულ ჯარში მუსულმანურ სალოცავებს დაუშვებ, მერე იქ გაჩენილი იმამების ინსტიტუტსა და ამის შედეგად გაჩენილი მათი თავშეყრის ადგილებს ვეღარაფერს უზამ, სხვა რელიგიურ კონფესიებს ვეღარაფერს ეტყვი და ჯარს გადააქცევ რელიგიურ კალეიდოსკოპად, როდესაც საყოველთაო გაწვევას გააუქმებ, მერე ძალიან ძნელად დააბრუნებ მას, მოსახლეობა აგიხტება და გაგლანძღავს.  აი, რამდენი და კიდევ ბევრი რამ მოგვისწრო „რესპუბლიკელმა დივერსანტკამ“ ჩვენს მხედრობაში.

ამიტომაა, რომ ვამბობთ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის მერეც კი ჯერჯერობით არ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო. როგორც არ უნდა იბრძოლოს ლიბერალურ-დემოკრატიულ მატრიცაში ჩვენმა ხალხმა, მისი რჩეულები მერე ყოველთვის მასვე უღალატებენ და უხცოელებს მისცემენ უფლებას დაგვაძალონ უსაქციელო და უვიცი ქალის მეომრების მინისტრად დანიშვნა და ჯარის ვნება, ნაცვლად იმისა, რომ, როგორც ეს დამოუკიდებელ სახელმწიფოებშია, პარტიების მიდი-მოდისაგან დამოუკიდებლად, ჯარს წლიდან წლამდე, თანმიმდევრულად და პროფესიონალურად აშენებდნენ პატრიოტი სამხედროები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ეს არის არა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, არამედ თავის მომტყუებელი, ერთი ბატონის უკეთესზე გაცვლის მსურველი, სხვისი ვასალობის მოსურნე, გამყიდველი, ლაჩარი ე.წ. ელიტის ხვედრი.

ამჟამად, ქალბატონი ხიდაშელის „რეფორმის“ შედეგად აქამდე საქმე ასე იყო: ჯარში წასვლის მსურველებს მხოლოდ ერთი ვარიანტიღა ჰქონდათ - ოთხწლიანი საკონტრაქტო სამსახური.  გასაგებია, რომ, თუ მიუხედავად ყველაფრისა, სასწაულებრივად, რომელიმე ახალგაზრდას, ან მის მშობელს მაინც გაუჩნდებოდა სურვილი სკოლის მერე ჯარში წასვლისა, ეს მათთვის გამორიცხული იყო გარდა იმ ოჯახებისა, რომლებსაც თავიანთი შვილისათვის განათლებისა და დასაქმების სხვა ალტერნატივა არც გააჩნიათ.  თორემ სხვა რომელი მშობელი გაუშვებს ჩვენისთანა ქვეყანაში ბავშვს სკოლის მერე 4 წლით ჯარში, ეგ ხომ მის სრულ მოწყვეტას ნიშნავს სწავლისა და სამოქალაქო განვითარებისაგან.

იმედია ახალი მინისტრი ამ მდგომარეობას სასწრაფოდ გამოასწორებს, მაგრამ ამისათვის მხოლოდ საყოველთაო გაწვევის აღდგენა არ არის საკმარისი.  ჩასატარებელია ძირეული სამხედრო რეფორმა, რომელსაც მინისტრი იზორია შეძლებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების სიმტკიცის შემთხვევაში, რომლის ნიშნების ნატამალსაც ვერ ვხედავთ სამწუხაროდ ჯერჯერობით მისი პირველი საპარლამენტო ვადიდან გამომდინარე.  ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმალური ჩვენი მოქალაქე მადლიერია „ქართული ოცნებისა“ იმისთვის, რომ მან ქვეყანას სააკაშვილი მოაშორა.

„ქართული ოცნების“ ისეთ საკანონმდებლო მავნებლობებს თუ გავიხსენებთ, როგორებიცაა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, კაზინოების არ აკრძალვა, აბორტების სრული ხელშეუხებლობა, იუვენალური იუსტიციის შემოტანა, სასოფლო-საბაჟო პოლიტიკის არ გაუმჯობესება და სხვა, ძალიან საეჭვოა, თუმცა ღმერთმა ქნას, ამავე პოლიტიკური ძალასაგან ეროვნული პოლიტიკა დავინახოთ ჯართან და სახელმწიფო კურსთან მიმართებაში.

ამჟამად ჯარი სრულიად გაუცხოვებულია ჩვენი ქვეყნის ელიტისა და საერთოდ მისი მოქალაქეების უმრავლესობისაგან და მოსახლეობა, ნებისმიერი ჩვენი მეზობლის თავდასხმის შედეგად რჩება თითქმის სრულიად დაუცველი.  ჩვენი საკონტრაქტო ჯარი ვერც რუსეთისა და ვერც თურქეთის მილიონიან არმიებს ვერაფერ პასუხს გასცემს და ღმერთმა ქნას, რომ აზერბაიჯანისა, სომხეთისა, ან თუნდაც ჩეჩნეთის ჩვენზე მრავალრიცხოვან არმიებს მაინც გაუწიოს წინააღმდეგობა.

ამრიგად ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ჩვენი ლომგული ბიჭები ისევ მტერს შეაკვდებიან, რამოდენიმე მილიონიანი მოსახლეობა კი, რომელმაც აღარც თოფის სროლა იცის და არც ჭრილობის შეხვევა, ისევ დარჩება დასავლური შეშფოთებისა და ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ამარა, რომლებიც მას მოუწოდებენ ჩანგლებითა და კოვზებით დაიცვან თავი და მერე წარბშეუხრელად გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას.

ჩვენი ქალების და ბავშვების დაცვისათვის კი ჩვენ, ქართველი კაცები, შევძლებთ კონცერტებისა და ცოცხალი ჟაჭვების მოწყობას და დეკრიმინალიზირებული მარიხუანით თავის გამხნევებას.  სამაგიეროდ ბადალი არ გვეყოლება ანონონიმისტური ‘ნიკებით’ ერთმანეთის დედის გინებაში ინტერნეტში.  მტერს კი, რომელმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იცის, არაფერი დაემუქრება ჩვენს ტერიტორიაზე თარეშისა, გაუპატიურებისა და ძარცვისას. 

აი ეს არის ის საქართველო რომელსაც სინამდვილეში გვაშენებინებს ჩვენი „ევროატლანტიკური და დასავლური ორიენტაციის“ მოსურნე ლიბერალიზმი, რომელიც გვატყუებს, რომ საქართველოს სხვანაირი ჯარის შენახვის საშუალება არ აქვს.  ნება იყოს და საშუალებას ერი და ქვეყანა ყოველთვის გამონახავენ.

სინამდვილეში ჩვენ უარი  უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე, ილიუზორული დასავლური ორიენტაციის თამადობით, გამოვაცხადოთ თავი კავკასია-ცენტრულ სახელმწიფოდ, სადაც ახალი კონსტიტუციის საფუძველი იქნება არა ადამიანის უფლებები, არამედ ოჯახის უფლებები და ადამიანის ვალდებულებები ოჯახისა და ქვეყნის წინაშე და გავისიგრძეგანოთ, რომ ჩვენი მშველელი ჩვენი თავის გარდა არავინ არის. 

გამომდინარე აქედან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველა მეზობელთან მშვიდობისათვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებისათვის.  ჩვენი ურთულესი და მტრული გარემოცვიდან გამომდინარე, სამხედრო სტრატეგიაში ჩვენ გვაქვს ერთადერთი სწორი გზა: ისრაელისა და შვეიცარიის სახელმწიფოების მსგავსი სამხედრო ორგანიზაცია, ოღონდ სრულიად ქართული, ჩვენს უდიდეს მხედრულ ტრადიციასა და სულზე დაფუძნებული.

ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რამეში ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკას, მაგრამ შეუძლებელია არ ვაღიაროთ ამ ჩვენხელა ქვეყნის მიერ თავდაცვის სფეროში უაღრესად შთამბეჭდავი წარმატებები ჩვენსავით მტრულ გარემოცვაში.

ასევე უაღრესად საგულისხმოა ევროკავშირში არ გაწევრიანებული შვეიცარიის საჯარისო მოდელი, ქვეყნისა, რომელიც უდიდესი სამხედრო ტრადიციების მატარებელია ჩვენს მსგავსად და რომელმაც შეძლო და ასე, თუ ისე შეინარჩუნა ისინი ყოვლისგამხრწნელი ევროპული ლიბერალიზმის პირობებშიც კი.

საქართველოს ახალ საჯარისო სისტემის ნიუანსებზე ექსპერტებმა უნდა იმსჯელონ ჩვენი საერო საზოგადოებისა და ეკლესიის უშუალო მონაწილეობით, მაგრამ ქართული სახელმწიფოს ჯარში გაწვევის პოლიტიკის აუცილებელი კონტურები ასეთია:

  1. ისრაელის მსგავსად, ჯარში სამსახურისათვის ვარგისი ყველა მამაკაცი სკოლის მერე გარკვეულ ასაკამდე უნდა იქნას გაწვეული ჯარში 18 თვით მაინც, საყოველთაო გაწვევის პირობებში.
  2. მსურველებს შემდგომში უნდა შეეძლოთ პროფესიული საკონტრაქტო სამსახურის გაგრძელება უფრო გრძელი ვადით, ხოლო დანარჩენები უნდა უბრუნდებოდნენ სამოქალაქო ცხოვრებას და ირიცხებოდნენ რეზერვში.
  3. ჯარში უნდა შეიქმნას სრული, თანამედროვე პირობები ამ საყოველთაო გაწვევის დროს ჯარისკაცის მაქსიმალური ფიზიკური და სამხედრო მომზადებისათვის.
  4. სამხედრო სამსახური უნდა გახდეს პრესტიჟული ქართულ საზოგადოებასა და მის ე.წ. ელიტაში.  ახალგაზრდა კაცი უნდა იზრდებოდეს საქართველოს მსახურების და მისი ჯარისკაცობის ფსიქოლოგიით.
  5. მამაკაცებს, ისრაელის მსგავსად, არ უნდა შეეძლოთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ჯარის გავლის გარეშე, ბუნებრივია გამონაკლისი სამედიცინო დისკვალიფიკაციის შემთხვევების გარდა.
  6. საყოველთაო გაწვევის შედეგად ჯარგავლილ და რეზერვში გადასულ მამაკაცებს, შვეიცარიის მსგავსად, უნდა ჰქონდეთ რეგულარული შეკრებები ჯარში, წელიწადში 1-2 კვირით, ასე 50 წლის ასაკამდე, სპორტული და სამხედრო ფორმის შესანარჩუნებლად.
  7. ქალებისათვის, ისრაელისაგან განსხვავებით, არ უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური.  სურვილის შემთხვევაში მათ ეს უნდა შეეძლოთ, მაგრამ საყოველთაოდ მათთვის სავალდებულო უნდა იყოს ჯარის მხარდამჭერი ფუნქციების შესწავლა, როგორებიცაა მინიმალური სამედიცინო დახმარების ცოდნა, ჯარის მომარაგებასა და საინფორმაციო მხარდაჭერაზე ზრუნვა და სხვა.

მხოლოდ ასეთი ჯარის რეფორმით შევძლებთ ჩვენ დავუბრუნოთ ჩვენს თავგზააბნეულ ახალგაზრდობას კაცობისა და ქალობის სწორი ორიენტირები და დავიბრუნოთ ისტორიული პატივისცემა მთელს რეგიონში, რომელიც ამჟამად დაგვცინის ჩვენი წამხედურობით უბადრუკი ევრო-ლიბერასტების შემხედვარე.

2013 წელს გამოქვეყნებულ ჩემს წერილში „ერი და სახელმწიფო“ გაზეთ „კვირის პალიტრის“ ვებ-გვერდზე მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ქართული სამხედრო დოქტრინა თავდაცვითი ხასიათის უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრილი აღმატებული ძალის ინტენსიურ, კვაზი-პარტიზანულ წინააღმდეგობას უნდა ითვალისწინებდეს, რომლის პირობებშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობისა და მისი პროფესიული ჯარის სრული სინქრონიზაცია ამოქმედდება, რომლის შედეგადაც ნებისმიერი ოკუპანტი თავ-ბედს იწყევლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისათვის.

ყოველივე ზემოთხსენებულის განსახორციელებლად ქართულ სახელმწიფოს ესაჭიროება დამოუკიდებელი ქვეყნის აზროვნება, რომელიც ვერა და ვერ გამოიჩინა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. 

საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართულ ოცნებას,“ ტრამპის გამარჯვების პირობებში, ეძლევა ისტორიული შანსი ჩამოაღებინოს დასავლეთს ფეხები მაგიდიდან საქართველოში და გამოიყენოს არსებული მოკლე მშვიდობიანი პერიოდი ქვეყნისათვის აუცილებელი სამხედრო რეფორმის დასაჩქარებლად, რათა გამოაჯანმრთელოს ჩვენი ფუნქცია და მიზანდაკარგული ახალგაზრდობის ცხოვრების წესიცა და ჩვენი ქვეყნის სამხედრო მდგომარეობაც.

ყოველივე ამისათვის კი საჭიროა მან განაცხადოს უარი ფიქტიურ და ილიუზორულ ე.წ. ევროატლანტიკურ გეზზე და გამოაცხადოს ქართული სახელმწიფოს ახალი კურსი: კავკასიის რეგიონის აღდგენა და საქართველოს ქცევა მის გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ და რაც მთავარია, გეოკულტურულ ცენტრად. 

მსოფლიოს წინაშე ჩვენი უნიკალური ქართული გეოკულტურული მისიის განსახორციელებლად საქართველოს ესაჭიროება ახალი ტიპის კონსტიტუცია, რომლის ანალოგიც არ არის ჯერჯერობით მთელს მსოფლიოში.

ეს ახალი ტიპის კონსტიტუცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსათვის ყველაზე დიდ დეფიციტსა და საჭიროებას.  იგი საქართველოში უნდა შეიქმნას, კავკასიაში გავრცელდეს და შემდგომში გახდეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი და ქართული სახელმწიფოს მთავარი საექსპორტო ერთეული და ღირებულება.

ამ ახალ კონსტიტუციაში ლიბერალიზმიც, კომუნიზმიცა და ფაშიზმიც დანაშაულებრივ იდეოლოგიებად უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად ინდივიდის, კლასისა და რასის უფლებების პრიმატი უნდა აიკრძალოს და სახელმწიფოებრივი ზრუნვისა და დაცვის ქვაკუთხედად ოჯახი უნდა გამოცხადდეს, ხოლო ადამიანი ამ ზე-ეროვნული და ზე-რელიგიური ერთეულის მსახურად უნდა დასახელდეს.შემდეგ ამ ფუნდამენტალური პრინციპით უნდა გადაკეთდეს მთელი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაცა და სახელმწიფო მართვაც.

ეს არის ერთადერთი გზა კავკასიაში მორიგი დიდი ომის ასაცილებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. 

ამისათვის სრულიად უნდა შეიცვალოს ქართული პოლიტიკური სტრუქტურა და რეალობა, რომელიც მომაკვდავი დასავლური ლიბერალური სტრუქტურის საცოდავ მიმიკას წარმოადგენს.

ახალმა ქართულმა დიპლომატიამ, რომელმაც ახალი ქართული პოლიტიკის ეს დაკვეთა უნდა შეასრულოს, საკუთარი თავი თავიდან უნდა აღმოაჩინოს ამ პროცესში.  ქართველი სახელმწიფოს ხელმძღვანელობაცა და ელჩებიც უნდა გაემგზავრონ რუსეთსა, თურქეთსა და ირანში და უნდა აუხსნან ჩვენს მეზობლებს, რომ ეს არის მათივე სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ერთადერთი გზა. 

თუ კავკასია, როგორც რეგიონი არ იარსებებს საქართველოს გარშემო, მაშინ დასავლეთი მაგ სამს ისევ დააჯახებს ერთმანეთს კავკასიისათვის კონკურენციაში, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათივე დანგრევის მიზნით.  ქართულმა დიპლომატიამ ასევე უნდა შექმნას ახალი დოქტრინა სომხეთ-აზერბაიჯანული მორიგებისა რუსეთის, თურქეთისა და ირანის მონაწილეობით კავკასიური რეგიონის კონტექსტში.

მხოლოდ საქართველო-ცენტრულ კავკასიას შეუძლია მშვიდობიანი განვითარება, იმპერიების და ჯახების ალბათობის შემცირება და კავკასიის ხალხებისათვის კეთილდღეობის მოტანა.  და მხოლოდ ავკასია-ცენტრულ, ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებულ და მონარქია აღდგენილ საქართველოს შეუძლია ტერიტორიული გამთლიანება.

ყველაფერ ამის მტერი კი არის დასავლური ლიბერალიზმი.  ხოლო ხეიბარმა დასავლურმაკონსერვატიზმმა, რომელსაც ახლა წამოჩიტების უფლება მისცეს დასავლეთის მფლობელებმა, გარკვეული მიზნით,  შეიძლება ჩვენი მეგობრის როლიც ითამაშოს დროებით, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და პირველ რიგში მისი საზოგადოება და ამის შედეგად მისი პოლიტიკოსები, დასავლეთს ზრდილობას ასწავლიან, ჩვენი პატრონისა და მამა-მარჩენალის თვითმარქვია სტატუს ჩამოართმევენ და თავიდან შეახსენებენ მეგობრული ქცევის წესებს საქართველოსა და დანარჩენ კავკასიაში.

ასე რომ, როგორც ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენივე ბედი ღმერთისა და ჩვენსავე ხელშია.  თუ ისევ ვილაჩრებთ და ხმას არ ამოვიღებთ, თუ ახალ იდეოლოგიასა და სახელმწიფო კურსს არ ავირჩევთ, მაშინ ისევ ისღა დაგვრჩება ერთმანეთის ჭამაზე და მინიატიურული ქართული პოლიტიკური ზოოპარკის ძიძგილაობაზე ვიშალოთ ნერვები, რადგან არცერთ ჩვენს პოლიტიკურ აქტორს არ აქვს და ვერც ექნება ვერაფერი ახალი სათქმელი გარდა ისეთი ბრტყელი და აბსტრაქტული ბანალობებისა, როგორებიცაა ქვეყნის კეთილდღეობა, დემოკრატიული რეფორმები და დეზინტეგრაციის გზაზე დამდგარ ევროპაში მითიური ევროინტეგრაცია.

ან გავინძრევით, ამოვიღებთ ხმას და შევცვლით ჩვენს ბედს, ან ისევ ჩავიხრჩობით სისხლში ჩვენს მიერ არ ნაპატრონებ ჩვენსავე რეგიონში დაჯახებული იმპერიების პირობებში.  და გარკვეულ წილად მათი მორიგი დაჯახებაც ჩვენივე ბრალი იქნება, რადგან ჩვენ ვერ ვავსებთ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ღმერთმა ცენტრალური გეოკულტურული ლიდერის ფუნქცია მიანიჭა და არა - პერიფერიული გეოეკონომიკური მათხოვრისა.

კარგი იქნება, თუ ჩვენი პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, გამონახავს საკუთარ თავში პოლიტიკურ ნებასა და ძალას ამ ძირეული იდეოლოგიური ცვლილების ჩასატარებლად.  ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს აიტანოს მთელს ჩვენს მედიასა და ლიბერალურ საჭინკეთთან დაპირისპირება. 

მაგრამ სხვა გზა მას არ აქვს.  მხოლოდ ასე შეუძლია მას გახდეს არა მორიგი დროებითი პრემიერ მინისტრი, მათ უსახურ რიგში, არამედ ეროვნული ლიდერი ჩვენი ქვეყნისა.  მისი მიმდინარე ფრთხილი და ნეიტრალური პოლიტიკა და იდეოლოგია არაფერს კარგს მოუტანს ქვეყანასა და თავად მას.  მასაც გამოცვლიან არსებულ სისტემასა და მატრიცაში, მისთვისვე მოულოდნელად, როგორც ყველას და იგიც იქნება, როგორც ახალგაზრდა კაცი, განწირული თავისი დანარჩენი ცხოვრება ინანოს, რომ არ გამოიყენა ქვეყნის ლიდერის თანამდებობა (რომელიც რახან აიღო, ესეიგი სდომებია) ზემოთხსენებული მთავარი მისიის შესასრულებლად და რომ მანაც დატოვა ქვეყანა თავს მოხვეული იდეოლოგიისა და ფიქტიური მიზნების ტყვედ.  სამწუხაროდ ჯერჯერობით მის ფრთხილ და ნახევარ ზომების პოლიტიკას ასეთი სუნი ასდის, ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე.

მაგრამ, რომც, ღმერთმა ნუ ქნას, პრემიერმა კვირიკაშვილმა ვერ მონახოს საკუთარ თავში ხსენებული გარდაქმნის ჩატარების ძალა,  ჩვენი საზოგადოება მაინც აღარ უნდა გაჩერდეს და უნდა აიძულოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებს უარის თქმა ჩვენი ქვეყნისათვის სრულიად ყალბ, მითიურ, უპერსპექტივო და ფიქტიურ ე.წ. დასავლურ, ლიბერალურ კურსზე და აიძულოს ისინი კავკასია-ცენტრული სახელმწიფო კურსისა და იდეოლოგიის შემუშავება ოჯახზე დაფუძნებული უნიკალური ქართულ-კავკასიური კონსტიტუციით.

და რა თქმა უნდა, თუნდაც ამ ახალ, ურთულეს, მაგრამ ერთადერთ გადამრჩენელ გზაზე კავაკსია-ცენტრული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად, ჩვენს ერს სჭირდება ერთობა და მობილიზაცია, რისთვისაც ეკლესიის გარდა აუცილებელია მეფე და მხედრობა.  მხედრობა კუშტი, ძლიერი, შეკრული ერთ მუშტად, მთელს საზოგადოებაში ინტეგრირებული, ჩვენი სისხლისა და ხორცისაგან შემდგარი, მხედრობა ქვეყნის მცველი, სტუმრის მოწყალე და მომხვდურის მატირებელი.

 

ლევან ვასაძე


 

Propellerads
loading...