ak.ge
საზოგადოება
გიორგი გვასალია: ნაციის განადგურების საკრალური პროგრამა ჩართულია. იგი სასწრაფოდ უნდა გავანეიტრალოთ!
გიორგი გვასალია: ნაციის განადგურების საკრალური პროგრამა ჩართულია. იგი სასწრაფოდ უნდა გავანეიტრალოთ!

„მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წინაპრების მეხსიერება, ჯერჯერობით აუხსნელი საშუალებით,  დნმ–ის სტრუქტურაში იწერება და ამით აიხსნება საგვარეულო წყევლის მოქმედება. ეს მათთვის,  ვინც ამერიკის ყურმოჭრილი მოტრფიალეა, თორემ ვინც ეგეთები არ ვართ, ჩვენთვის ქართულმა ხალხურმა ფოლკლორმა იზრუნა: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს კბილი მოკვეთაო".

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ყოფილი პოლიციელი, ვიცეპოლკოვნიკი გიორგი გვასალია გვესაუბრება:

 

1. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

2. ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.

4. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.

5. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

იოანეს სახარება. თავი I.

 

ათეიზმის ზეობის ხანაში დაბადებულს, ყველაფერ იმას, რასაც ბიბლია მეუბნებოდა, ლამაზ თქმულებებად მიმაჩნდა. ორი ათასი წლის უკან მომხდარი იმდენად შორეულ ამბად მეჩვენებოდა, რომ მას უფრო ზღაპრად აღვიქვამდი ვიდრე რეალობად. მაშინ არ ვიცოდი, რომ არასდროს არ უნდა თქვა – არასდროს! მაშინ არ ვიცოდი, რომ 23 წლის ასაკში არამარტო განმეორდებოდა ჩემს თვალწინ 2 ათასი წლის უკან მომხდარი ამბავი, არამედ ირიბად თუ პირდაპირ მეც ამ ქმედების ერთ–ერთი მონაწილე ვიქნებოდი და მეც "ბარაბას განთავისუფლებას ავირჩევდი...", მაგრამ არსებობს ერთი "მაგრამ" – ავირჩიე თუ ამარჩევინეს?! აი, ჩემი, 51 წლის ასაკში მყოფის მთავარი დილემა, ჩემი დღევანდელი არსებობის მთავარი "To be, or not to be".

 

მაგრამ სანამ გავაგრძელებ და ჩემი თხრობის ლოგიკურ დასასრულამდე მივალ, სანამ ბოლო წერტილს დავსვამ, კიდევ ერთი რამ...

 

ამ სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს. უსულო საგანსაც კი, რომელსაც მეტყველება არ შეუძლია, თავისი ვიბრაცია გააჩნია. ვიბრაცია ყველაფრის ირგვლივ შესაბამის ენერგეტიკულ ველს ჰქმნის. სიტყვა, წარმოთქმული ჩვენ მიერ – ეს ბგერითი ვიბრაციაა, უფრო მეტიც, არამარტო სიტყვა, არამედ ჩვენი ფიქრები, ჩვენი აზრებიც კი ვიბრაციაა, რომელიც მატერიალიზდება სამყაროს მიზიდულობის კანონის თანახმად – რასაც ფიქრობ იმას მიიზიდავ ადამიანი. გადააგდეთ წყალში ქვა და დაინახავთ, როგორ დაარღვევს ის მშვიდი წყლის ჰარმონიას და წარმოშობილი დისჰარმონიის შედეგად ნახავთ, თუ როგორ დაიწყებს გავრცელებას პატარა ტალღები რკალისებურად ყველა მიმართულებით. ზუსტად ასე მოქმედებს ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა და გაფიქრებული აზრი, ის ზუსტად იმ ეფექტს იწვევს სამყაროში, როგორც ის წყალში ნასროლი ქვა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ოღონდ ქვისგან განსხვავებით, რომელიც ამ შემთხვევაში წყალში იძირება და ქმედებას, მოძრაობას წყვეტს, ადამიანის სიტყვა ან აზრი არსად არ "იძირება". ის მუდმივად განაგრძობს არსებობას სამყაროში და ბუმერანგივით უბრუნდება სიტყვის წარმომთქმელს. ამიტომ კრძალავს ქრისტიანული რელიგია ბილწ და ავსიტყვაობას. წარმოთქმული ავი სიტყვა ბგერის ვიბრაციის შედეგად კონტაქტში შედის სამყაროს ვიბრაციასთან და არღვევს მის ჰარმონიულობას. სამყარო, როგორც კომპიუტერული დედაპლატის მეხსიერება,  იმახსოვრებს ამას და თავი რომ დაიცვას სიბილწისგან, აღადგინოს სამყაროს ჰარმონიულობა, გაათასმაგებული ძალით უბრუნებს ავყია და ბილწ ადამიანს თავის ნაფიქრს ან წარმოთქმულს. თან მაშინ, როდესაც ის სრულებითაც არ ელოდება ამას, მაშინ როდესაც მას დავიწყებულიც კი აქვს თავისი ბილწსიტყვაობა და ერთხელ ნაფიქრი ავი აზრი. შემდეგ ასეთი ადამიანი გაკვირვებულ სახეს ღებულობს და იწყებს წუწუნს: "კაცო რა კარგად ვიყავი და ესე უცებ, როგორ გავხდი ცუდადო", "რატომ მაინცდამაინც მე შემეყარა ასეთი ძლიერი სენიო" და არც ცდილობს, რომ გაიხსენოს თავისი წარსული, რათა მოინანიოს.

მიმოიხედეთ დღეს თქვენ ირგვლივ და დააკვირდით, ბევრ მოწუწუნეს ხომ არ ხედავთ?! თქვენ თვითონ თავადაც ხომ წუწუნებთ, - ფული არ გვაქვს, რა დღეში ჩაგვყარა მთავრობამ, თვითონ ხომ ინიშნავენ დიდ პრემიებს, პენსიებს არ გვიზრდიან, ლარი გაუფასურდა, პროდუქტი გაძვირდა, მალე მრიცხველებს ჩასუნთქვა ამოსუნთქვაზეც დაგვიყენებენ და სხვ.

 

რა თქმა უნდა,  ყველაფერში გეთანხმებით,  მეც მოწუწუნეთა კატეგორიას მივეკუთვნები, არ იფიქროთ, რომ თქვენზე რამით უკეთესი ვარ, უბრალოდ,  თქვენგან განსხვავებით მე "სანამ სხვის თვალში ბეწვის ძებნას დავიწყებ, ჩემ თვალში დირეს ვეძებ".

 

1989 წლის 9 აპრილს, როდესაც საფრთხე დარბევის რეალურად გაჩნდა, ხალხთან ღმერთკაცი, ჩვენი პატრიარქი მოვიდა. მას არ უთხოვია, - წამომყევით,  ხუთი ჰექტარი ყანა მაქვს გასათოხნი და ის გამითოხნეთო. ის მობრძანდა და თხოვნით მოგვმართა: "შვილებო საფრთხე რეალურია და ამიტომ პირი ვიბრუნოთ ქაშვეთის ეკლესიისკენ, (ესეც ერთი საკრალური შტრიხი – ქაშვეთის ეკლესიისკენ ზურგშექცეულობა!) სანთლები ვიყიდოთ და ლოცვა აღვავლინოთო". პასუხად რა მიიღო პატრიარქმა? უარი და ხურდად დაბრუნებული ფარისევლურად, თან არასწორად ნათქვამი "მამაო ჩვენო". ჰა შენ "მამაო ჩვენო" და თავი დაგვანებეო – აი, ეს იყო ფარული ლაიტმოტივი ქრისტიანი ხალხის ქმედების. იმ წუთში, სადღაც გაქრა ზღაპარი და 2 ათასი წლის უკან მომხდარი ბიბლიური სიუჟეტი ერთი ხელის გაწვდენის მანძილზე მოვიდა ჩემთან, მაგრამ კვლავ "ბარაბას თავისუფლებას მივეცით ხმა, მის გზაზე სიარული" ავირჩიეთ. მივხვდი, რომ იმ დღეს ინდივიდუალურობადაკარგულმა, მასად ქცეულმა ქართულმა საზოგადოებამ საკულტო–სარიტუალო წესით (ვგულისხმობ საკრალურ წრეში ბევრი ხალხის თავმოყრას) დავგმეთ ღმერთი. იმ წუთში სამყაროში, ჩვენ მიერ გაგზავნილმა ენერგეტიკულმა უარყოფითმა სუბსტანციამ, რომელსაც სიტყვის ფორმა ჰქონდა, დაარღვია სამყაროს ჰარმონია. ქრისტიან ერს დაავიწყდა, რომ "ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან...".

 

ამიტომ ნუ ვღებულობთ გაკვირვებულ სახეებს, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენთან შედარებით ყველა წინ არის წასული, თითქმის 22–ე საუკუნეში, ტექნოლოგიური მოწყობის მე–6 და მე–7 დონეზე, ჩვენ კი ის გვჭირს, რაც გვჭირს. სამყაროს დამახსოვრებული აქვს ჩვენი არჩევანი. ამიტომაც არის, რომ 26 წლის მანძილზე ერთი პრეზიდენტი გვყავდა და სამი პ–რეზიდენტი, იმიტომაც არის, რომ ხან 9 წლიანი არაადამიანური ქართველთყლაპია რეჟიმით ვისჯებით, ხან უსახური, არაფრის მაქნისი "ადამაიმუნური" რეჟიმით. რას ვიზამთ კარმულ ვალებს გასტუმრება სჭირდება. მთელი უბედურება იმაშია, რომ ჩვენ მიერ დაგროვილი კარმული ვალები შთამომავლობას გადაეცემა მემკვიდრეობით.

 

თქვენ, რომ არ იფიქროთ, რომ რასაც ვლაპარაკობ, ეს მხოლოდ ჩემი უსაფუძვლო ხილვებია, მეცნიერების მიერ 2002 წელს ჩატარებული ერთი ექსპერიმენტის შესახებ მოგიყვებით. საქმე იმაშია, რომ ქვეცნობიერის დონეზე ყველა ჩვენგანს შეუძლია შეუერთდეს სამყაროს საინფორმაციო მონაცემთა ბანკს სადაც თავმოყრილია ჩვენი წინაპრების ქმედებების მეხსიერებათა ბაზა. 2002 წელს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის წამყვანმა მეცნიერმა ფსიქოლოგიაში ჯონ ეშლიმ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ არსებობს საოჯახო–საგვარეულო მეხსიერების ფენომენი ე.წ. მეხსიერების მემკვიდრეობითობა, რის გამოც თავისი კოლეგა სამეცნიერო საზოგადოების დაცინვის ობიექტი გახდა, მაგრამ 2013 წელს, მისმა ჰიპოთეზამ მოულოდნელი გაგრძელება ჰპოვა. უნივერსიტეტის ბიოლოგებმა ემილი კერი რესლერმა და ბრაიან დიასმა დაამტკიცეს, რომ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ მახსოვრობა, მომავალ თაობას გენეტიკურად გადაეცემა. მეცნიერებმა ჩაატარეს უნიკალური ექსპერიმენტი, ლაბორატორიის საცდელ თაგვებს ელექტრო დენის პატარა იმპულსს ურტყამდნენ, თან პარალელურად იასამნის კონცენტრატს აფრქვევდნენ ჰაერში. სრულიად ბუნებრივია, რომ ცოტა ხნის შემდეგ თაგუნებს იასამნის სუნზე შიშის რეაქცია გამოუმუშავდათ და ცდილობდნენ სასწრაფოდ გაცლოდნენ იმ ადგილს,  სადაც იასამნის სუნი იდგა, რადგან სუნი ელექტროიმპულსისგან მიღებულ ტკივილთან ასოცირდებოდა. საკვირველი ის იყო, რომ ეს შიში დაბადებიდანვე დაჰყვათ მათ მეორე და მესამე თაობებს, მიუხედავად იმისა, რომ მათზე პრაქტიკული ცდა არ იყო განხორციელებული და დენის ზემოქმედება განცდილი არ ჰქონდათ. უფრო მეტიც,  იმ თაგუნებსაც კი, რომლებიც არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩნდნენ და თვალით არ ენახათ თავისი ბიოლოგიური მამა, მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ იასამნის სუნზე. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წინაპრების მეხსიერება, ჯერ–ჯერობით აუხსნელი საშუალებით, იწერება დნმ–ის სტრუქტურაში. ზუსტად იგივე ხდება ადამიანის შემთხვევაში და ამით აიხსნება საგვარეულო წყევლის მოქმედება.

ეს მაგალითი იმათთვის,  ვინც ამერიკის ყურმოჭრილი მოტრფიალეა, თორემ ვინც ეგეთები არ ვართ, ჩვენთვის ქართულმა ხალხურმა ფოლკლორმა იზრუნა: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს კბილი მოკვეთაო". სწორედ ამიტომ მომავალში ახალ დაბადებული ქართველი, თავისი წინაპრის ცოდვით დამძიმებული შეუდგება ცხოვრების გზას და თანმდევ მუდმივ წარუმატებლობას ვერც კი მოუძებნის ახსნას, რადგან არ ეცოდინება, რომ მისი წინაპარი 9 აპრილის მისტერიის მონაწილე იყო.

გამოსავალი? იგივე რიცხოვნობით ისევ იმ ადგილზე შეკრება და პატრიარქის თხოვნის შესრულება, რათა სამყაროში, ქართველთა თავზე, დამოკლეს მახვილივით დაკიდებული, ნაციის განადგურების, მისი დეგრადირების საკრალური პროგრამა გავანეიტრალოთ, ერთ ორგანიზმად შეკრული ნაციის მონანიების და მხურვალედ აღვლენილი ღვთის სადიდებელი ლოცვის, ძლიერი ენერგეტიკული პროგრამით.

მაგრამ მზად არის ჰედონიზმის სენ შეყრილი საზოგადოება ამისთვის?

 

 

1989 წლის 9 აპრილი…

პატრიარქი: მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიე წუთი. ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა–კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს.

ერი: არა! არა! არა! არცერთი ნაბიჯი უკან… ფიცი გვაქვს ნათქვამი…

 

 

 


 

Propellerads