ak.ge
კულტურა
„არ ვამბობ, რომ ჯაზი ცუდია, ვამბობ, რომ „ჩაკრულო“ უკეთესია და თუ ჩვენ ჯაზს ვუწევთ პოპულარიზაციას აქ, იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ ჩვენს „ჩაკრულოს“ გავუწიოთ პოპულარიზაცია იქ, ჯაზის ქვეყანაში“
„არ ვამბობ, რომ ჯაზი ცუდია, ვამბობ, რომ „ჩაკრულო“ უკეთესია და თუ ჩვენ ჯაზს ვუწევთ პოპულარიზაციას აქ,  იმდენი მაინც  მოვახერხოთ, რომ ჩვენს  „ჩაკრულოს“  გავუწიოთ პოპულარიზაცია იქ, ჯაზის ქვეყანაში“

ერთი მათგანი ცოცხალია, მეორე სიცოცხლეს უკვე დაემშვიდობა. ახლა ერთი მეორის საფლავს ყვავილის თაიგულებით ამკობს. ბილიკს, რომელსაც აქ დარჩენილი როსტომ საგინაშვილი ილია ზაქაიძის  „სამოსახლომდე“ მიჰყავს,  ის ახლა კამერის თანხლებით გადის. ლეგენდარული მომღერალი მათ მიერ შესრულებულ, მოგვიანებით კი დისკზე გადატანილ და კოსმიურ სივრცეში გაშვებულ „ჩაკრულოს“  დიდი სიამაყით იხსენებს.

ქართულმა „ჩაკრულომ“ რუსული „პადმასკოვნიე ვეჩერა“ დაახლოებით 40 წლის წინ  დაჯაბნა და „ვოიაჯერით“ ვარსკვლავთშორის სივრცეში გაემგზავრა. კოსმოსურმა ხომალდმა ერთი პატარა დისკით მზის სისტემის მიღმა დედამიწის შესახებ ინფორმაცია წაიღო. ქართული ფოლკლორის უბადლო ნიმუში 27 მუსიკალური ნაწარმოების შემცველ „ოქროს ჩანაწერში“ მოხვდა, რომელშიც სხვადასხვა კულტურების ეთნიკურ-მუსიკალური სიმდიდრე და დასავლეთისა თუ აღმოსავლეთის ბევრი კლასიკური შედევრია წარმოდგენილი. სპილენძით დამზადებული ფირფიტა გარედან ოქროთია დაფარული და მასზე სიმღერებთან ერთად 115 გამოსახულება, ჩიტების ჭიკჭიკი, ზღვისა და ქარის ხმაური, ძაღლის ყეფა,  55 ენაზე წარმოთქმული მისალმება და სხვა ხმებია დატანილი.  აქვეა პრეზიდენტ კარტერის თუ გაეროს გენერალური მდივნის, ვალდჰაიმის მიმართვები. პროფესორ  სიგალის თქმით, „ფირფიტის გაშიფრვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი მას ხელში განვითარებული ცივილიზაციის მქონე კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი სხვა ცივილიზაცია ჩაიგდებს“.  

„ასე შორს ქართული კულტურა არავის გაუტანია”  -  ლეგენდარული ედ სთოუნი, ჯონ კასანი,  ენნ დრუენი,  რობერტ მენინგი „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის ისტორიას ახლა უკვე ქართველი რეჟისორის, რამაზ ბლუაშვილის ფილმში ყვებიან. ის, რაც საქართველოში მხოლოდ ტრადიციულ სუფრებთან და თან მამა-პაპურ სადღეგრძელოებში ფასდება, საზღვრებს მიღმა შეუფასებელია.

რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი:  სხვათა შორის, როდესაც საკითხის კვლევა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ „ვოიაჯერი“ დედამიწიდან კოსმიურ სივრცეში  ჩემი დაბადების დღეს, ანუ 5 სექტემბერს გაიგზავნა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან გაისად ზუსტად 40 წელი შესრულდება. თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები უკვე დაიგეგმა. საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა იდეის მხარდაჭერისა და მისი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელების სურვილი და მზაობა გამოთქვა.

რაც შეეხება თავად ფილმს „სიმღერა“ (The Song), მასზე თითქმის ერთი წელია, ვმუშაობ. ამ პერიოდში სამჯერ ვიყავი ნასაში. ჩავწერე ხალხი, რომლებმაც  სხვისგან კი არ გაიგეს „ჩაკრულოს“ ისტორია, თვითონვე იყვნენ ამ ყველაფრის განმხორციელებლები. მაგალითად, ედ სტოუნი, რომელიც გახლავთ „ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელი, ჯონ კასანი - ამ ხომალდის ინჟინერი, ქალბატონი ენნ დრუენი - ლეგენდარული კარლ საგანის მეუღლე და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი (მას პირდაპირი წვლილი მიუძღვის ჩაკრულოს მოძიებასა და შემდეგ კოსმოსში გაშვებაში) და ბატონი რობერტ მენინგი, რომელიც არის დღეს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი ნასაში,  ანუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რასაც მსოფლიო  ამ პლანეტის შესახებ ეცნობა, იქნება ეს ახალი ფოტოები, წყლის აღმოჩენა თუ სხვა რამ. თვითონაც ხვდებით, თუ  რა დონის ადამიანები საუბრობენ ჩემს ფილმში ამ ისტორიული მოვლენის შესახებ.

რადგან ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნის ფაქტი  განსაკუთრებით მნიშვნელოვაია თითოეული ქართველისთვის, ძალიან მინდოდა, ჩემს ფილმში საქართველოს პრემიერმინისტრიც ჩამერთო. მას  შესაბამისი წინადადებითაც მივმართე, რამდენიმე დღეში კი დასტურიც მივიღე. აუდიენცია მინისტრთან რამდენიმე დღის წინ შედგა. მადლობა მინდა გადავუხადო მას არა მარტო ჩემს ფილმში მონაწილეობის მიღებისთვის, არამედ სახელმწიფოებრივად აზროვნებისთვის. პრემიერმა ზუსტად დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ფილმს სამომავლოდ ქართული სულისა და ზოგადად,  ქართველობის გაძლიერებისთვის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.  ძალიან დიდი მადლობა მას ამ ეროვნული პროექტის მხარდაჭერისთვის.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პრემიერს 2017 წლის გაზაფხულზე “ჩაკრულოს“ კვირეულის მოწყობაც შევთავაზე. ეს თარიღი აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, - ასე შორს ქართული კულტურა არავის გაუტანია-მეთქი, სინამდვილეში ეს პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. დღეს ჩვენი „ჩაკრულო“ დედამიწიდან ცხრამეტ მილიარდ ხუთას მილიონ კილომეტრზე იმყოფება და გზას კიდევ აგრძელებს. ის ფაქტი, რომ  ჩაკრულო ამ რაკეტაზე სხვა დედამიწიდან გაგზავნილ მუსიკალურ შედევრებთან ერთად მოხვდა, ჩვენთვის ძალიან საამაყო უნდა იყოს. ახლა ასეთი თარიღი მოდის, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნიდან 40 წელი სრულდება. ვფიქრობ, არ შეიძლება ეს ყურადღების მიღმა დავტოვოთ.

 ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ყველა ის ადამიანი ჩამოვიყვანოთ, ვინც „ნასაში“ ჩავწერე. ეს ძალიან დიდი მოვლენა იქნება, რადგან ამ დონის ხალხი საქართველოში   ერთად ჯერ არასდროს ჩამოსულა.  ვფიქრობ, რამდენიმე ღონისძიება უნდა დაიგეგმოს, რომელიც, დაახლოებით, 5 დღე გაგრძელდება. სტუმრები საქართველოში სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. გაიმართება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტიც, რადგან „ჩაკრულო“, რომელიც კოსმოსში გაიგზავნა, 1974 წელს სწორედ ამ ანსამბლის მიერ იქნა შესრულებული. სოლისტები კი აწ გარდაცვლილი ილია ზაქაიძე და როსტომ საგინაშვილი არიან. ეს უკანასკნელი, ღვთის წყალობით, ცოცხალია და ჩემს ფილმშიც მონაწილეობს. პრემიერაც  საქართველოში სწორედ ამ პერიოდში გაიმართება.  „ჩაკრულოს“ კვირეულის დროს ნასადან მოწვეული ადამიანები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. მინდა სიამოვნებით გავაჟღერო ის ფაქტი, რომ საჯარო ლექციის წაკითხვაზე მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერიც დამთანხმდა. ჩემი აზრით, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. რადგან ეს არ არის ადამიანი, ვინც ვიღაცის მონათხრობს მოგვიყვება. ეს არის პირველწყარო, რომელმაც ზუსტად იცი, რა და როგორ შეიქმნა, როდის  გაუშვეს მარსმავალი პლანეტაზე, მერე როგორ ინერვიულეს მის დაჯდომაზე, როგორ იღებდნენ ფოტოებს, რას აპირებენ სამომავლოდ და ა.შ. რადგან თვითონ არის ამ ყველაფრის უშუალო განმხორციელებელი.

ეს ყველაფერი პრემიერმინისტრს გავაცანი, იდეა მოეწონა. იმედი მაქვს, რომ მისი თანადგომით ჩვენ სადღაც გაზაფხულზე მართლაც საოცარ ღონისძიებას გავუკეთებთ ორგანიზებს და ქართველ ხალხს  ისეთ დღეებს ვაჩუქებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხშირად ნამდვილად არ იმართება.

- გაზაფხულზე? ღონისძიებებს უფრო შემოდგომაზე,  სექტემბრისთვის ველოდებოდით...

- თავდაპირველად ასეც ვიფიქრეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სექტემბერში თავად ნასაშია დაგეგმილი ღონისძიებები,  ფილმში მონაწილე ყველა ადამიანის ერთად ჩამოყვანა საქართველოში გაგვიჭირდება. ამიტომ გაზაფხულისკენ გადმოვიტანეთ. დღეს საქართველოში მოდაშია სიტყვა „ინსპირაცია“, ანუ შთაგონება.  ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას დღეს სწორედ ეს „შთაგონების წყარო“ აკლია. შეიძლება სადღაც, საქართველოს რომელიღაც რაიონში, კასპში ან ხარაგაულში იზრდება მეორე ალბერტ აინშტაინი, ან ალექსანდრე ქართველიშვილი. უბრალოდ, მას თავის გამოსავლენად არ აქვს შთაგონება, რის შედეგადაც ის შეიძლება დიდ მეცნიერად, მომღერლად თუ მოცეკვავედ ჩამოყალიბდეს. დღეს სწორედ ეს შთაგონების წყარო არ აქვთ ქართველ ბავშვებს. ჩართეთ ტელევიზორი და ნახეთ, რა ხდება ქართულ მედიაში. ვიღაც გაუგებარი ხალხი რაღაც გაუგებარ თეორიებზე გველაპარაკება. ან კიდევ თურქული და ინდური სერიალების გაუთავებელი ტირაჟირება ხდება, რომელიც დაჩლუნგების მეტს არაფერს იწვევს საზოგადოებაში. მე მინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. მინდა, ქართველი ხალხი ამაყი იყოს საკუთარი კულტურით, საკუთარი ფოლკლორით, ამაყი იყოს იმით, რომ თავად ის ხალხი, ვინც ამ შემთხვევაში კონკრეტული სფეროს ისტორიას ქმნის, ჩამოდის მათთან და თვითონ უყვება მათი ფოლკლორული ნიმუშის მნიშვნელობაზე. მინდა, ქართველმა ხალხმა პირველწყაროდან მოისმინოს, როგორ შეიქმნა მარსმავალი, როგორ ხდება პლანეტის კვლევა და ა.შ. ქალბატონი ენნ დროუენი ლეგენდარულ მეუღლესთან ერთად მოუყვება ქართველებს, როგორ ეძებდა სიმღერებს, როგორ იპოვეს ჩაკრულო და როგორ განხორციელდა მისი კოსმოსში გაშვება. ეს ყველაფერი ძალიან სწორ შთაგონების წყაროდ იქცევა ქართველი ბავშვისთვის, რომელმაც, შეიძლება, არც იცის საკუთარი პოტენციალი. ამის შემდეგ ის შეიძლება სახლში წავიდეს, ასე ვთქვათ, „დაგუგლოს“ კონკრეტული თემა და გაიგოს ბევრი ისეთი რამ, რომლითაც აქამდე არც დაინტერესებულა.

ფილმის გადაღების იდეა ქართველ რეჟისორს დიდი ხნის წინ გაუჩნდა, თუმცა მისი ხორცშესხმის გადაწყვეტილება რატომღაც მხოლოდ ერთი წლის წინ მიიღო. მოვლენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართველი ბიზნესმენის თანადგომის იმედი ჰქონდა, თუმცა ფინანსური და მორალური მხარდაჭერა მხოლოდ ამერიკელი მეგობრებისგან და სრულიად უცნობი არაქართველებისგან მიიღო. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დაფინანსება კი ისევ საკუთარი დანაზოგით უზრუნველყო. ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელმაც რამაზ ბლუაშვილის თანადგომა აღუთქვა, პრემირემინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა.

- ფილმი ჯერ არ დასრულებულა. ძალიან ცოტაა დარჩენილი მის სრულყოფამდე. მიზერული თანხა მჭირდება, რომ ბოლომდე ისე გავიდე, როგორც მე მინდა. ფილმს ნებისმიერ შემთხვევაში დავასრულებ, მაგრამ მინდა ხარისხი მივიღო ისეთი, როგორსაც ეს ფაქტი იმსახურებს.

- ფილმის შექმნის ისტორიის შესახებ გვიამბეთ. როგორც უკვე აღნიშნეთ, ასეთი მნიშვნელობის ფილმის გადაღებისას თქვენი რესურსი გაცილებით მეტი დაიხარჯა, ვიდრე სპონსორების მიერ გაღებული თანხები.

- ფილმის გადაღების იდეა სულ მქონდა. ეს ბუნებრივიცაა. მე, ფაქტობრივად,  „ერისიონში“გავიზარდე. მამაჩემი ანსამბლში მაშინ მივიდა, როდესაც მე დავიბადე და მას შემდეგ, ზუსტად ორმოცი წელია, ამ ანსამბლის დირექტორია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სულ მესმოდა „ჩაკრულო“-ს ისტორია და შესაბამისად, მეტის გაგების ინტერესიც მქონდა. როდესაც ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დავიწყე, ნასამდე მივედი. ბუნებრივია,  „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის ისტორიითაც დავინტერესდი. იქ ქალბატონ ენნ დრუენის ელექტრონული ფოსტის მისამართი მომცეს. ეს  ის ადამიანი გახლდათ, ვინც  ჩაკრულოს კოსმოსში გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი. მოგვიანებით ქალბატონმა ენმა მიამბო, როგორ ცდილობდა მოსკოვი, „ჩაკრულოს“ ნაცვლად კოსმოსში„პოდმოსკოვნიე ვეჩერა“-ს გაშვებას, როგორი პრობლემები შექმნა რუსეთმა ამ კუთხით და ა.შ.  საბედნიეროდ, კარლ საგანის პრინციპულობამ თავისი გაიტანა და დღეს კოსმოსში არა „პადმასკოვნიე ვეჩერა“ არამედ „ჩაკრულოა“ გაგზავნილი. 

არ დაგიმალავთ და როდესაც ფილმზე მუშაობა დავიწყე, გულწრფელად მქონდა ქართული ბიზნესის თანადგომის იმედი. მართლა სასაცილო თანხებზე იყო საუბარი.  დღეს ფილმი უკვე, პრაქტიკულად, გადაღებულია. ძალიან ცოტაა კიდევ გადასაღები. დამეხმარნენ ამერიკელი მეგობრები, მქონდა ასევე  „ქრაუდფანდინგის“ აქცია, ანუ ხალხი რომ გაფინანსებს ინტერნეტში და იქაც სადღაც 1500 დოლარი მოვაგროვე, დანარჩენი კი ჩემი საკუთარი სახსრებით გადავიღე.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პირველი მაღალჩინოსანი, რომელმაც გამოხატა ინტერესი, დამთანხმდა ინტერვიუზე და აღმითქვა მხარდაჭერა, იყო პრემიერმინისტრი. რა თქმა უნდა, მას ნამდვილად არ ევალება ჩემთვის რაიმეს  დაფინანსება, მაგრამ თუნდაც მისი მხარდაჭერა ასეთი ქართული პროექტისთვის და ქართული ფილმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ბევრს შევთავაზე პროექტში მონაწილეობის მიღება, თავს შევიკავებ კომპანიების და მფლობელების დასახელებისგან, მაგრამ…   სამწუხაროდ ისაა, რომ არავის არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს.

ბუნებრივია,  მათ არაფერს ვაბრალებ და არც არაფერს ვავალდებულებ,  ეს მათი ნებაა. უბრალოდ, ჩემი აზრით, ქართველ ბიზნესმენს და ზოგადად, ქართული ბიზნესის სამყაროს ცოტა მეტი წინდახედულება სჭირდება. მთავარია, მათ პრიორიტეტები დაინახონ. ეს ისაა, რაც ისტორიას დარჩება, ტელეგადაცემა კი, რომელშიც ერთჯერად რეკლამას აკეთებენ  და ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე მე ვითხოვე მათგან, დროსა და სივრცეში გაქრება.  ვფიქრობ,  პრიორიტეტები მიშვნელობის, შედეგების მიხედვით უნდა განსაზღვროს. უნდა დაისვას კითხვები,  რა არის, რა მოაქვს, რა შედეგი შეიძლება დადგეს,  რისთვის არის მნიშვნელოვანი და ამის მიხედვით მოხდეს ფინანსური რესურსის გადანაწილება. აქამდეც მივალთ, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ,  დრო უნდა ყველაფერს. არ ვამბობ, რომ არავინ არაფერს აკეთებს. არის პროექტები, რომელიც ფინანსდება და არის ხალხი, რომელიც აფინანსებს, მაგრამ პროცენტური თანაფარდობაა პრობლემა - ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე დაბალი ნიშნული  მაინც ეროვნულ პროექტებზე მოდის.

- პრემიერმინისტრთან ვიზიტი და მის მიერ აღქმული მხარდაჭერა ხომ არ იქნება წინაპირობა იმისა, რომ ცოტა მეტი ინტერესი იქნეს გამოხატული კონკრეტული პირების მხრიდან?  

- მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიორგისთან ინტერვიუსთვის რაიმე ანგარების საფუძველზე არ მივსულვარ. ეს ფილმი გავა ამერიკაში, ნასაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამდენ ლეგენდარულ ადამიანთან ერთად ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრიც ყოფილიყო წარმოდგენილი. ბოლოს და ბოლოს „ჩაკრულო“ ჩვენია და არა ამერიკელების. გიორგი კვირიკაშვილი ფილმში ისაუბრებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას, რომელიც 40 წლის წინ ნასაში მიიღეს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი გიორგი ეროვნული თვითშეგნების ადამიანია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ფილმის დასრულების საკითხს, მე გავაგრძელებ ბიზნესმენებთან საუბარს.

- მოასწრებთ გაზაფხულამდე?

- ფილმი მზად იქნება მარტში. რომც არ დამაფინანსონ, მაინც. ფილმი ისე გადავიღე, რომ არ დამხმარებიან და როგორღაც გავიყვან კიდეც ბოლოში.  თუმცა კარგი იქნება, თუ ვიღაც ცოტა მაინც შემაშველებს ხელს.

- ანუ პრემიერა საქართელოში შედგება?

- პრემიერას რაც შეეხება, ამერიკაში, კორნელის უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც კარლს საგანი მოღვაწეობდა თავის ცხოვრების ბოლო 30 წლის განმავლობაში.  მაისში კი, თუ არაფერი შეიცვალა და „ჩაკრულოს კვირეულის“ ორგანიზება მოხერხდა, საუკეთესო დრო იქნება ფილმის ჩვენებისთვის.

- ფილმის გადაღების ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ საზღვრებს მიღმა გაცილებით მეტად აფასებენ ჩვენს კულტურას, ვიდრე ჩვენთან, საქართელოში...

- სამწუხაროდ, ასეა. ამისთვის საზღვარგარეთ წასვლაც არაა საჭირო. წელს, მაგალითად, ცნობილი მომღერლები ჩამოიყვანეს. ეს ძალიან კარგი ფაქტი იქნებოდა მაშინ, თუ იმის ნახევარს მაინც, რაც მაშინ დაიხარჯა, საკუთარი კულტურის პოპულარიზაციაში დახარჯავდნენ, მით უმეტეს, როდესაც ეს კულტურა გვაქვს. მაგალითად, გვაქვს ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც არის იუნესკოს მიერ აღიარებული, როგორც არამეტერიალური მემკვიდრეობის ნიმუში, ისევე როგორც აგერ ერთი კვირის წინ აღიარეს  ქართული ანბანი. აქედან გამომდინარე, როდესაც შენ გაქვს ისეთი დონის კულტურა, რომელიც მსოფლიო დონეზე შეგიძლია ძალიან მაღლა თავაწეულმა გაიტანო და ვერ შეგეწინააღმდეგება ვერავინ, რატომ არ უნდა მიხედო? მოდით, ავიღოთ ჩაკრულო და ხასამბეგურა, წავიდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სცენაზე, ნებისმიერ მსმენელს მოვასმენინოთ და გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ფეხზე ადგება მთელი დარბაზი და ტაშს ისე დაუკრავს იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მოუსმენია.  შენ „ჩაკრულოს“ მღეროდი მეთორმეტე საუკუნეში, ჯაზი კი ასი წლის წინ შეიქმნა.  მე არ ვამბობ, რომ ჯაზი ცუდია, ვამბობ, რომ ჩაკრულო ბევრად უკეთესია და ჩვენია. და თუ ჩვენ ჯაზს ვუწევთ პოპულარიზაციას აქ, იმდენი მაინც მოვახერხოთ, რომ ჯაზის ქვეყანაში ჩვენს ჩაკრულოს გავუწიოთ პოპულარიზაცია. ნახეთ ამას, რა ამბავი მოჰყვება. ჰაერზე არ ვლაპარაკობ, მე ეს მინახავს და ზუსტად ვიცი,  რაც ხდება.

რატომღაც საქართველოში თუ შენს აზრს გამოთქვამ ამა თუ იმ  მთავრობის წინააღმდეგ, ჰგონიათ, რომ შენ ხარ მტერი. მტრობა სხვა რამეა და სახელმწიფო აზროვნება - სხვა.  მინდა მყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც სახელმწიფოებრივად იაზროვნებს და ჩემთან ერთად, მოქალაქესთან ერთად იმუშავებს, რომ წინ წავიდეთ. მოდით, ვისაუბროთ, დაველაპარაკოთ კულტურის სამინისტრომ და დამიმტკიცოს მისმა წარმომადგენელმა,  რატომ უნდა იხარჯებოდეს ბევრად მეტი ფული ჯაზის საქართველოში პოპულარიზაციისთვის, ვიდრე „ჩაკრულოს“ ამერიკაში პოპულარიზაციისთვის.  ამიხსნან, კი ბატონო და მეც მზად ვარ, მოვუსმინო. მაგრამ ვერ ამიხსნიან, ვარიანტი არაა.

- მაინც რომ დავსვათ კითხვა, იქნებ, გვიპასუხონ...

-  დავსვი ამ წუთას და ველოდები პასუხს.  მე არ ვარ ბრმა,  არ ვარ ის კატეგორია, რომელიც არ აფასებს გაკეთებულ საქმეებს. აგერ დიდი მადლობა პრემიერს. მან მხარი დაუჭირა ჩემს პროექტს. გარდა ამისა, აქვს სხვა იდეებიც. მაგალითად, ძალიან გამიხარდა, როდესაც გამოვიდა რამდენიმე დღის წინ და აღნიშნა, რომ აქვს იდეა, დაწესდეს შოთა რუსთაველის დღე, ძალიან მესიამოვნა და არც აღნიშვნის გარეშე დამიტოვებია.

- რამენადაც მახსოვს, თქვენ სხვა ფილმზეც მუშაობდით, რომელიც ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. უნდა აღინიშნოს,  რომ ქართველი ავიაკონსტრუქტორიც, რომელმაც აშშ-ს ავიაცია შეუქმნა, ჩვენს ქვეყანაში თქვენი წყალობით გაიცნეს.

- დიახ, ასე იყო, ამ საქმეს უკვე 10 წელია ვაკეთებ. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩემს ამერიკელ პარტნიორებს სტივ ჯონსონს და რიჩარდ რობინსს, რომელთან ერთადაც დავაარსეთ ალექსანდრე ქართველის ასოციაცია.  ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებთ, გვქონდა ალექსანდრე ქართველის გამოფენა ჯანაშიას მუზეუმში შარშან, ახლა გაიხსნა -თავისუფალ უნივერსიტეტში.  ვაპირებთ  ალექსანდრე ქართველიშვილის ასოციაციის ოფისის გახსნას, სადაც ნებისიერ ქართველს შეეძლება შემოვიდეს და ორიგინალში იხილოს ალექსანდრე ქართველიშვილის ნაქონი ნივთები, მისი ჩანაწერები. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტ სკოლაში და სასწავლო დაწესებულებაში გავაკეთოთ ეს გამოფენა, მზად ვართ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ გადავცეთ ყველა დაინტრესებულ სკოლას, უნივერსიტეტს მასალები, რომ მათ ამ ყველაფრის ბავშვებისთვის ჩვენება შეძლონ.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  

რაც შეეხება ფილმს,  ჩვენ ჰოლივუდში  ძალიან მაღალი დონის ხალხმა გვირჩია, დაგვეხარჯა სამი, ოთხი წელი იმისთვის, რომ მოგვეხდინა ალექსანდრე ქართველიშვილის  ბრენდირება, ანუ ბრენდი შეგვექმნა მისი სახელისგან. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. შემდეგ კი გადავიღებთ ფილმს,  იქ, ამერიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ჩემი ფილმისა „სიმღერა“ სწორედ ალექსანდრე ქართველის ასოციაცია და ჩემი ამერიკელი პარტნიორები არიან.  ასე რომ, 2017 წელს, ვფიქრობ, ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

იხ. ფილმის თრეილერი


 

Propellerads