ak.ge
პოლიტიკა
„შეერთებულმა შტატებმა იმდენი შეცდომა დაუშვა, გასაკვირი არ არის, რომ ხელს მისკენ იშვერენ“-ვის ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ელჩის მკვლელობა
„შეერთებულმა  შტატებმა იმდენი შეცდომა დაუშვა, გასაკვირი არ არის, რომ ხელს მისკენ იშვერენ“-ვის  ინტერესებში შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ელჩის მკვლელობა

„დემოკრატიის ჰაბად“  წოდებული შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბოლო დროს  მუდმივ თავის მართლების რეჟიმშია. მსოფლიოს „გაჰუმანურებისთვის მოღვაწე“ ქვეყნის პოლიტელიტას ხან სამხედრო გადატრიალებაში ადანაშაულებენ,  ხან „ისლამური ხალიფატის“ შექმნაში, ხანაც რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირზე მიანიშნებენ.

 „რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობა არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებას და სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩაშლას“-რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას იზიარებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც. მისი განცხადებით, კარლოვის მკვლელობის უკან სახელმწიფო დგას. „მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო,”-აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

 ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ კირბი ტერორისტულ აქტში ვაშინგტონის როლს უარყოფს: „რუსი დიპლომატის მკვლელობაში შეერთებული შტატების დადანაშაულება სასაცილოა. ამერიკას ამ მკვლელობასთან საერთო არაფერი აქვს,“-აცხადებს კირბი.

სანამ რუსეთ-თურქეთის ერთობლივი საგამოძიებო კომისია დასკვნას დადებს, პოლიტოლოგების შეფასებები ფრთხილი და განსხვავებულია. თუმცა, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის დამთბარი ურთიერთობები და  რუსეთის მიერ ალეპოს აღება, არაერთი ქვეყნის თავსატეხია.

აისახება თუ არა ელჩის მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე? რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები შეიძლება იდგნენ ანკარაში განხორციელებული ტერორისტული აქტის უკან? სირიაში მიმდინარე ენერგეტიკული ომი, რომელიც მსოფლიოს ტერორიზმით სახით უბრუნდება, შეიძლება თუ  არა გადაიზარდოს ცივილიზაციათა ომში? რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? ამ საკითხებზე sazogadoeba. ge-ს გლობალური კვლევების ცენტრის ხელძღვანელი  ნანა დევდარიანი ესაუბრება: 

-ქალბატონო ნანა, გლობალურმა კვლევითმა ცენტრმა პრესკონფერენციაზე წლის მოვლენები შეაფასა. რას გვეტყვით ანკარაში რუსეთის ელჩის გახმაურებული მკვლელობის შესახებ, შეიძლება თუ არა დღეს რაიმე დასკვნის გაკეთება ამ ფაქტთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, ტერორისტული აქტი თავის თავზე  „ ფეთოჰ ელ-შამ“-ის, იგივე „ალ -ნუსრას“ ტერორისტულიმა დაჯგუფებამ აიღო, თუმცა კითხვის ნიშნები რჩება. თქვენი აზრით, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ მკვლელობა რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების  განხორციელებული შეიზლება იყოს?

-ახლა ცოტა ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან მრავალრიცხოვანი კომისიაა შექმნილი თურქი და რუსი სპეცსამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ეს მკვლელობა ტერორისტული აქტის გამოხატულ სახეს ატარებს და საუბარი მხოლოდ იმაზეა, კონკრეტულად ვინ დგას ტერორიზმის უკან. რუსეთში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მუშაობას არ გამორიცხავენ,  კომისია ალბათ, ყველაფერს დაადგენს.

-ვის და რატომ აწყობდა რუსეთის ელჩის დემონსტრაციული მკვლელობა? მოსკოვი ხელს შეერთებული შტატებისკენ იშვერს, თურქეთი - ფეთჰულა გიულენისკენ და ირიბად შტატებისკენ...

-იცით, რა, გიულენთან დაკავშირებით  რთულია ამის წარმოდგენა, იმიტომ, რომ გიულენი ძირითადად  საგანმანათლებლო პროექტებით არის დაკავებული. ტერორიზმთან მას შეხება არ ჰქონია და ამის შესახებ გააკეთა კიდევაც განცხადება. რაც შეეხება დაინტერესებულ მხარეს, რუსეთის სირიაში აქტიურობიდან გამომდინარე, დაინტერესებული შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყანა ყოფილიყო, როგორც ისლამური სახელმწიფოები, ასევე სხვა მოთამაშეები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და  სხვაგან.

-გამორიცხავთ, რომ რუსეთის ინტერესებშიც ყოფილიყო? ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ  შესაძლოა, რუსეთს ეს თურქეთისთვის დამნაშავის კომპლექსის გასაჩენად და ახლო აღმოსავლეთში ხელ-ფეხის უკეთ გახსნისთვის დასჭირდა...

-ეს უკვე ძალიან კონსპიროლოგიური თეორიაა... რუსეთი თავის ელჩებს ვიღაცისთვის დამნაშავის კომპლექსის შესაქმნელად არ კლავს, ეს გამორიცხულია.

-საზოგადოებაში მრავალნაირი ეჭვი არსებობს და ეჭვი არსებობს თურქეთზეც. კითხვას აჩენს ისიც, რომ არ მოხდა მკვლელის აყვანა ინფორმაციის მოპოვების მიზნით და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იქნა ლიკვიდირებული...  

-თურქეთის  ინტერესებში ელჩის მკვლელობა არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს მის პოლიტიკურ ელიტას და სპეცსამსახურების რეპუტაციას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

საერთოდ, ტერორისტების აყვანა საკმაოდ რთული საკითხია. ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ  გამოფენაზე მისული უამრავი ადამიანი კამერის უკან დგას. ტერორისტს შეეძლო უმისამართო სროლა აეტეხა, ის ხალხის გაყვანას და ალყის შემორტყმას ლოდინს ხომ არ დაუწყებდა... ამდენად, ეს ცოტა რთული საკითხია. ტერორისტი ცოცხლად აყვანისთვის ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არავინ დააყენებს.

-კიდევ ერთი დეტალი, იმავე დღეს  ანკარაში სროლები შეერთებული შტატების საელჩოსთანაც ისმოდა, რაზედაც შტატების ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა და  დროებით დახურა კიდეც საელჩო. მაშინ, როდესაც რუსეთი მომხდარ ფაქტში ხელს დასავლეთისკენ იშვერს, ასეთ შემთხვევაში  ამერიკის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტი შეიძლება რაღაც ალიბის მსგავსი ყოფილიყო?

-მე შეგახსენებთ რამდენიმე წლის წინ ერაყში შეერთებულ შტატებში საშინელი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, მე ამას, როგორც ალიბს,  არ შევხედავდი. სროლები, პროტესტები და მანიფესტაციები შეერთებული შტატების საელჩოსთსან ძალიან ბევრ ქვეყანაში იმართება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონკრეტული გამოძიების საგანია და დაუსაბუთებლად ხელის დადება, არასერიოზული იქნება.

-თვალშისაცემია, ისიც, რომ ამ  ბოლო დროს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია  პერმანენტულად თავს იმართლებს, რადგან  ხან სამხედრო გადატრიალებაში ადანაშაულებენ,  ხან „ისლამური ხალიფატის“ შექმნაში, ახლა კი  რუსეთის ელჩის მკვლელობასთან კავშირზე ღიად მიანიშნებენ, ეს უკვე სიმპტომატური გახდა  თითქოს...

-დიახ და მე ეს არაერთხელ მითქვამს. მაშინ არაადეკვატურად აფასებდნენ  ჩემს გამონათქვამს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ 25 წლის განმავლობაში იმდენი შეცდომა და დანაშაული დაუშვა, არავითარი გასაკვირი იმაში არ არის, რომ ხელს  შეერთებული შტატებისკენ იშვერენ. შეერთებული შტატების სხვა ქვეყნების შიდა ცხოვრებაში ჩარევის გეოგრაფიას რომ გადავხედოთ, აქ გასაკვირი ნამდვილად არაფერი იქნება.

თავის მართლებას რაც შეეხება, აქამდე შეერთებულ შტატებს ადეკვატური საპირწონე არ ჰყავდა. ევროპა მისი გავლენის ქვეშ იმყოფება. ეს ძალიან კარგად ჩანს მთელი ამ წლების განმავლობაში და  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

ობამამ სრულიად წინდაუხედავად გამოაცხადა, რომ რუსეთი არ არის რეგიონალური სახელმწიფო და  მისი ეკონომიკა ჩამოშლილია. ფაქტები კარგად მეტყველებს, რომ დაწესებული სანქციები სრულიად უშედეგო გამოდგა. რაც შეეხება იმას, რეგიონალურია თუ არა, ეს ისევ სირიის მაგალითზე გამოჩნდა. ანუ, არაბული რევოლუციების სცენარებს, რომელიც ერაყში, ლიბიაში, ეგვიპტეში  და სხვაგან გათამაშდა, რუსეთის სირიაში გამოჩენამ წერტილი დაუსვა.  რუსეთმა პირდაპირ აცხადებს, რომ არ დაუშვებს ლეგიტიმურად არჩეული ბაშარ ალ ასადის ძალისმიერ გადაყენებას და ამისთვის სამხედრო ძალაც გამოიყენა. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის სირიაში ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ბაზა და ამ ჩარევის შედეგად მეორე  ბაზაც შექმნა. ასე რომ, რუსეთის  სამხედრო პოლიტიკური ინტერესი  სახეზეა. ახლა, როდესაც რუსეთმა სერიოზული განაცხადი გააკეთა, თავად დასავლეთი აღიარებს მას.

-რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს, მართალია, ორივე მხარის მიერ ხაზგასმით ითქვა, რომ ელჩის მკვლელობა არ აისახება რუსეთ-თურქეთის პარტნიორობაზე, მაგრამ  როგორ ფიქრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ,  შესაძლოა თუ არა, რომ ამან ორი ქვეყნის ურთიერთობები სერიოზულად დააზარალოს?

- ბოლო თვეების განმავლობაში ჩანს, რომ თურქეთი დამოკიდებულებებს რადიკალურად ცვლის, ეს ეხება, როგორც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხს, ისევე ასადის დამხობასთან დაკავშირებით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს. ანუ, თურქეთი მუდმივად იცვლის პოზიციებს, ამიტომაც არის, რომ ევროპაც და შეერთებული შტატებიც მას უკვე საკმაოდ არაკეთილსაიმედო პარტნიორად მიიჩნევენ. ძირითადად ეს ეხება პირადად ერდოღანს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. რა თქმა უნდა,  შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. მითუმეტეს, კომისიის მუშაობის შედეგად რა გამოიკვეთება წინასწარ არ ვიცით, ისევე,  როგორც არ ვიცით ერთ თვეში კიდევ რა განცხადებები შეიძლება გააკეთოს ერდოღანმა. ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები მას პერიოდულად ახასიათებს.

- ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია  რუსეთ-თურქეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა რეალურად განხორციელდეს?

-იცით რა, ჩვენთან რატომღაც მიღებულია აზრი, რომ პარტნიორი აუცილებლად მარადიული პარტნიორი უნდა იყოს და  მტერი - მარადიული მტერი. საგარეო ურთიერთობებში ასე არ ხდება, სიტუაცია იცვლება, ყოფილი პარტნიორები შეიძლება ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდონ,  ან პირიქით, გუშინდელი მტრები შეიძლება პარტნიორები გახდნენ. ამ სახელმწიფოების მაგალითზეც შეიძლება ეს ითქვას. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სამივე ამ სახელმწიფოს  ახლო აღმოსავლეთში დიდი პოლიტიკური ინტერესები აქვს.  ის წესრიგი,  რასაც შერთებული შტატები ნერგავდა ბოლო 20 და მეტი წლის განმავლობაში, ამ სახით შენარჩუნებული ვერ იქნება, ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა განლაგება ამ სახით ვერ იქნება შენარჩუნებული. მე ამას რვა წელია ვლაპარაკობ, მაგრამ სანამ არ მოხდა ის, რაც მოხდა და მოვლენათა წყება ერთმანეთს არ წაეწყო, ამას ჩვენი ექსპერტები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.

-ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ენერგეტიკული ომი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს და დასავლეთს ტერორიზმით სახით უბრუნდება, ცივილიზაციათა ომში გადადის?

-ეს არ არის ცივილიზაციათა შორის ომი, ძალიან რთულია „ისლამურ სახელმწიფოს“ და ტერორისტულ ისლამს ცივილიზაცია დაარქვა, ცივილიზაციასთან მას  საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროს, ცივილიზაციათა ომს ამასაც ვერ ვუწოდებ, იმიტომ,  რომ დღევანდელ მსოფლიოში ქრისტიანული და ისლამური ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. აღარ ვლაპარაკობ ისრაელის ფაქტორზე, რომელიც ცალკე ცივილიზაციად შეიძლება მოიაზრო. ყველაფერს ამას სახელმწიფოთა ეროვნული ინტერესები განაპირობებს, რაზედაც ჩვენი პოლიტიკოსები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ. აკვიატებული კი არ უნდა გყავდეს, რომ ვიღაც შენი სტრატეგიული პარტნიორია, კონკრეტულ შემთხვევაში შენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო, ეს არის მთავარი. რომელ სახელმწიფოსთან, რა ეტაპზე, რა სახის პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, პოლიტიკური პრაქტიკის საქმეა.

-როგორ ფიქრობთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე  მოვლენები რამდენად გრძელვადიანი  შეიძლება აღმოჩნდეს? მოგეხსენებათ, ბრძოლები უკვე იორდანიაშიც დაიწყო...

-ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში მე რაც თავი მახსოვს, სულ მიდის. ყველაზე ფეთქებადსაშიში რეგიონია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც  გარკვეულწილად ჩვენც ამ რეგიონის ნაწილი ვართ, მართალია, განაპირა ნაწილი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენთან ძალიან ახლოს ხდება. ამდენად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

-როგორ შეიძლება ეს ომი აისახოს საქართველოზე? რა საფრთხეები გვემუქრება პროცესების გაგრძელების შემთხვევაში? გარდა ამისა, თურქეთში ფაქტიურად, დღე არ გავა ტერორისტული აქტი არ მოხდეს, ხოლო ჩრდილოეთ საზღვრებთან, გროზნოში „დაიშმა“ თავდასხმა განახორციელა.... საქართველო ძალიან ახლოსაა ტერორისტულ რკალთან...

-საქმე ის გახლავთ, რომ ტერორიზმი არ ცნობს საზღვრებს. ტერორისტები ყოველთვის ცდილობენ დარტყმა მიაყენონ იქ, სადაც ეს უფრო მტკივნეული იქნება. ამ შემთხვევაში საქართველოს სპეცსამსახურმა  უნდა ითანამშრომლოს ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, რომელებიც ტერორიზმს უპირისპირდებიან. სხვა გზა არ არსებობს, ვერცერთი ცალკე აღებული სახელმწიფო, რაც უნდა განვითარებული, მდიდარი და დემოკრატიულიც არ უნდა  იყოს, ამ ამოცანას თავს ვერ გაართმევს. ამას აჩვენებს ტერაქტები, როგორც პარიზში, ისე ბერლინში და სხვაგან.

-თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს მთავრობამ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?

-გაეროს ტრიბუნიდან გაისმა ასე ვთქვათ,  მოწოდება, რომ საქართველოს შეუძლია ჰუმანიტარული ფუნქციის თავის თავზე აღება. ამაზე ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენადაც შეძლებს, ამას გააკეთებს.

თვითონ ქვეყნის შიგნით 300.000 იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს, რომელსაც მუდმივად მიხედვა სჭირდება, უმუშევრობა არის ძალიან მაღალი დონის, ეკონომიკური და ფინანსური თვალასაზრისით საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შექმნილ ვითარებაში, თუნდაც ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, არავითარ ჰუმანიტარულ დახმარებაზე  ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.


Propellerads