ინტერვიუ განწყობისთვის
რა ფერია სიცოცხლე და რატომ არის იმედი თეთრი?- 8 წლის თვითნასწავლი მხატვარი უკვე 400-მდე ნამუშევრის ავტორია
რა ფერია სიცოცხლე და რატომ არის იმედი თეთრი?- 8 წლის თვითნასწავლი მხატვარი უკვე 400-მდე ნამუშევრის ავტორია

8 წლის თვითნასწავლი მხატვარი ელენე ელყანიშვილი  უკვე 400-მდე ნამუშევრის ავტორიახატავს ყოველდღე.   აქვს დიდი ოცნებები და ჯერ არ იცის, რომ  განსაკუთრებულია.

ერთ დღეს დედასნამდვილინახატების საღებავები მოსთხოვა და...

 „ნამდვილი“ ნახატების საღებავები და  ფუნჯები მოითხოვა.  პირველი ნახატი ზეთით შეასრულა, ლამაზი გამოვიდა... მას შემდეგ ფუნჯი აღარ დაუდია, - ხატავს ზეთით, გუაშით, აკრილით, - ამბობს  ელენეს დედა და   პატარა შემოქმედის შესახებ  sazogadoeba.ge-სთან საუბრობს.

-ჩვენი სახლი ერთი დიდი გალერეაა.  ამ დროისთვის  400-მდე  ნახატი აქვს შექმნილი. არც კი მახსენდება  დღე  ხატვის გარეშე...  ხატვის დროს  მუსიკის მოსმენა უყვარს -  თან მღერის, თან ცეკვავს , თან ხატავს -  ძალიან მოძრავია. ნახატის  შესაქმნელად  5-10 წუთი სჭირდება. სწყინს როდესაც არ უჯერებენ, რომ ნამდვილად მისი შესრულებულია, ამიტომ ხატვის პროცესს ვიდეოზე ვიღებთ.

ვფიქრობ, ყველა ბავშვი თავისებურად განსაკუთრებულია. ჩვენ კი უფროსებს, ზოგჯერ  მათი სახალისო „აღმოჩენები“ გვავსებს და სერიოზულ თემებზეც გვაფიქრებს.   

-ადამიანი სულიერია თუ უსულო? - ვეკითხებით ერთხელ მეცადინეობისას.

-ეს კითხვა არ არის  სწორი, - გვპასუხობს  ელენე და აგრძელებს თავის მოსაზრებას, -   ადამიანი სულიერია,  ვიდრე  ცოცხალია, სიკვდილის შემდეგ ის უსულოა...

ასეთ შემთხვევებში ცოტას იბნევი და აგრძელებ ბავშვის მეცადინეობას, - ეს ყველაფერი  ძალიან საინტერესოა...

მახსოვს, ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო,  როდესაც  თავის  ხელს დააკვირდა და დამწუხრებულმა   მითხრა: „ერთი თითი მაკლიაო“, - თან ეტირებოდა.. საჩვენებელ და ცერა თითს შორის არსებულ „ადგილზე“ წუხდა. ფიქრობდა,  რომ აქ  ერთი თითიც დაეტეოდა...   ასეთი „მიგნებები“ მერე  ფურცლებზე გადმოაქვს და ეს გულწრფელობა მოსწონთ და უყვარდებათ ადამიანებს. სხვათა შორის, ელენეს რამდენიმე ნახატი უკვე გაიყიდა და ეს მისთვის დიდი სტიმულია.  

- ელენე, რას ფიქრობ საკუთარ  თავზე?

- ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, როგორც ყველა....

(მართლა არ იცის, რომ განსაკუთრებულია):

- რა არ გიყვარს?

- არ მიყვარს, როცა რამეს მაძალებენ...

- რომელი ნახატი გიყვარს ყველაზე მეტად შენს ნამუშევრებში?  

- ყველაზე მეტად მიყვარს "ჯესი"

 -რატომ, რა არის მასში, რაც სხვა ნახატში არ არის?

- ის ჩემი ყველაზე საყვარელი ოთხფეხა მეგობარი იყო.. სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი..

- გაქვს ოცნება?

- კი...  ჩემი ოცნებაა, ვიყო წარმატებული... რომ... მერე...  გაჭირვებულებს  დავეხმარო.

-  ფიქრობ, რომ როცა გაიზრდები, იქნები დიდი მხატვარი?

 - როცა გავიზრდები, აუცილებლად ვიქნები დიდი მხატვარი, აუცილებლად.

 

მოკლე პასუხები და წინადადების ბოლოს  წერტილები... თან ხატავს... არ სცალია... კეთილგანწყობილია, მაგრამ ძალიან დაკავებული... მაინც არ ვეშვები:

 

- ელენე, მართალია,  შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ ასეთი კითხვებისთვის, მაგრამ როდესაც შენს ნახატებს ვათვალიერებ ვგრძნობ, რომ შენ შეგიძლია შენებურად  მიპასუხო ამ კითხვებზე: რა არის სიცოცხლე? სევდა? სიხარული? გამარჯვება? დამარცხება? იმედი? 

 - შემიძლია,  ფერებით  ვთქვა,  რა ფერია  სიცოცხლე… 

სიცოცხლე - ცისფერია, სევდა - ნაცრისფერი, სიხარული - ვარდისფერი, გამარჯვება - წითელი... დამარცხება - შავი,  იმედი კი..... იმედი  თეთრია...

- და რატომ  თეთრი?

-იმიტომ, რომ სუფთაა... ძალიან სუფთა...


 

Propellerads

loading...