ak.ge
ეკონომიკა
„სამყაროში რაღაც სერიოზულად იცვლება, რასაც საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“
„სამყაროში რაღაც სერიოზულად იცვლება, რასაც საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“

2017 წელს საქართველო “შუა გაკრეფილი“ პარლამენტით, გაუფასურებული ეროვნული ვალუტით, უმძიმესი ეკონომიკური ფონით და ახალი საგარეო პოლიტიკური გამოწვევებით ხვდება. ხელისუფლების დამაიმედებელ პროგნოზებს, რომ მომდევნო წელი, „ძალიან კარგი“ იქნება, საზოგადოება სკეპტიკურად უყურებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არამწარმოებელი, იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანაა, ექსპერტები ლარის გამყარების ობიექტური ფაქტორების არსებობას გამორიცხავენ. გარდა ამისა, მსოფლიოში მიმდინარე სისხლიანი პროცესები ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც რისკებს ამაღლებს.   

როგორი იქნება მომდევნო წელი  საქართველოსთვის? რამდენად მაღალია სოციალური აფეთქების საშიშროება ქვეყანაში? გაგრძელდება თუ არა მომავალ წელს ლარის გაუფასურების ტენდენცია? როგორ აისახება მსოფლიოს ახალი   გადანაწილების პროცესი საქართველოზე? ამ საკითებზე sazogadoeba.ge-ს ექსპერტი, ანალიტიკოსი  გია ხუხაშვილი  ესაუბრება:

-ბატონო გია, როგორი იყო 2016 წელი საქართველოსთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით?

- თუ არ ჩავთვლით  ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, სხვა მხრივ ვითარება რთულია. ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, 2017 წელის გაზაფხულიდან უკვე მოვიმკით. გარდა ამისა, ეს იყო საარჩევნო წელი, რაც   სახელმწიფოსთვის არცთუ სასარგებლო შედეგებით დასრულდა.  მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში  მესამე არჩევანზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო, პოლიტიკა ისევ ორ პოლუსიანი დარჩა.  მესამე არჩევანის რეალიზება ვერ მოხერხდა, რადგან  ხელისუფლებამ  ე. წ. „შუას გაკრეფის“ ტექნოლოგია გამოიყენა, ანუ, თავისი მთავარი მტერი დანიშნა და  ამომრჩეველს, პრინციპში, სხვა არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვა. შევარდნაძიდან მოყოლებული ყველა ასე აკეთებდა. ამიტომ ის პოლიტიკური შედეგი, რაც არჩევნების შემდეგ დადგა, საზოგადოების განწყობებს არ ასახავს. მიუხედავად აბსოლუტური ძალაუფლებისა, ხელისუფლება ამომრჩევლის რაოდენობის მხრივ, სუსტი ლეგიტიმაციისაა.   ასეთი იყო 2016 წელი, მოკლედ რომ გითხრათ...

-როგორ ფიქრობთ, გაგრძელდება თუ არა მომავალ წელს ლარის გაუფასურების ტენდენცია?

-ლარის გაუფასურება გაგრძელდება თუ არა, დღეის მდგომარეობით ნეგატიური შედეგები უკვე დამდგარია. რომც არ გაგრძელდეს, სოციალური რისკების მატებას ვეღარ გადაფარავს, რადგან ლარის გაუფასურების შედეგად გამოწვეული პრობლემები საკმაოდ პრობლემატურია. ასე რომ, პროგნოზირება იმისა, როგორი იქნება ტენდენცია, ძნელია. ჩვენ არ გვაქვს პროგნოზირების სისტემური საფუძველი, შესაბამისად, ეს  ხშირ შემთხვევაში მკითხაობას ემსგავსება.

-არსებობს თუ არა ასეთ ვითარებაში ლარის კუპონიზაციის საფრთხე?

-ასე დრამატულად საკითხს არ დავაყენებდი, კუპონიზაციის საფრთხე ალბათ, არ არის. კურსის შენარჩუნებასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეის მოცემულობით, ძალიან სერიოზული სოციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

-რა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით არის გამოწვეული ლარის გაუფასურება? ხშირია საუბარი კერძო ბანკების მანიპულაციებზე ამ პროცესში...

-მიზეზი არის ქრონიკული, მოთხოვნა -მიწოდებას შორის დეფიციტი. რითია ეს განპირობებული? სისტემური სტაბილურობის ფაქტორი არის იმპორტ-ექსპორტის სალდოს ნულოვანი ნიშნული. ჩვენ ვართ მომხმარებელი, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, შესაბამისად, ვალუტაზე მოთხოვნა სავაჭრო ბრუნვაში მკვეთრად აჭარბებს ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებს, ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი. ახლა, დანარჩენი, ზაფხულში ტურისტები ჩამოვლენ და ფულს ჩამოიტანენ, სეზონური ფაქტორია, ხან- არის, ხან -არა. საახალწლო ფაქტორიც არსებობს, რადგან ინდაური და გოჭი უნდა ვიყიდოთ, ლარი გამყარდება, მაგრამ ლარის გამყარების  ობიექტური ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს.

რაც შეეხება იმას, რომ ბანკები მანიპულირებენ და ბაზარზე სპეკულაციას ეწევიან, ამგვარი შეთქმულების თეორიის განვითარებისაგან მე თავს შევიკავებდი.  

-რა მთავრი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა 2017 წლისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით?

-მთავარი გამოწვევები, ჩემი აზრით, მაღალი სოციალური რისკებია. ფაქტიურად, ჩვენ ამ თვეების განმავლობაში, ქვეყანაში  საშუალო ფენა დავკარგეთ. საშუალო ფენამ ღარიბთა კატეგორიაში გადაინაცვლა. ეს არის სოციალურად დაუცველი ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ფუნდამენტი, ანუ, ეკონომიკა, რაზეც კეთილდღეობა უნდა შენდებოდეს. უმუშევრობა და სიღარიბე - მთავარი გამოწვევა მაინც ეს არის.

-აქედან გამომდინარე, რამდენად მაღალია მომავალ წელს სოციალური აფეთქების რისკები ქვეყანაში?

- თეორიული  საფრთხე არსებობს, მაგრამ საფრთხე რომ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში გადაიზარდოს, კონსოლიდაცია სჭირდება. პროტესტის კონსოლიდაცია კი ლიდერს საჭიროებს. ასეთი პოლიტიკური ლიდერი დღევანდელი გადმოსახედიდან თითქოს, არ ჩანს, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ რაღაც მოხდეს.

 -მსოფლიოს ახალი  გადანაწილების პროცესი, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე, ელოდებით თუ არა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს?

-სამყარო იცვლება, ჩვენ ახლა გლობალური ლიბერალური პროექტის კრიზისის ფაზაში ვართ, რაც შეიძლება ამ პროექტის კრახით დამთავრდეს. ევროპაში ტრანსფორმაცია მიდის, სხვა ტიპის ჭრებია მოსალოდნელი.  შეერთებული შტატების მხრიდანაც რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა უნდა მოხდეს. ჩვენ  ე.წ. კონსერვატიული რევოლუციის პროცესში ვიმყოფებით, რით დასრულდება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, სურათი საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა,  ისე რომ აღარ იქნება, როგორც იყო, ეს ფაქტია. სამყარო  ტრანსფორმაციის ეტაპზეა, რაღაც იცვლება და იცვლება სერიოზულად, რასაც საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

-ბოლო დროს რუსეთ-თურქეთს შორის დამთბარი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა  საქართველოზე რა გავლენას იქონიებს? საითკენ მიდის საბოლოოდ ჩვენი ორი მეზობელი სუპერსახელმწიფის დაახლოების პროცესი?

-ეს არ არის დათბობა, ეს ინტერესთა თანხვედრაა და ამასაც, რა თქმა უნდა, ჩვენზეც სერიოზული გავლენა ექნება, მაგრამ აქაც ყველაფერი ძალიან მყიფეა. ჩვენ არ ვიცით ეს მოკლევადიანი ინტერესთა თანხვედრაა თუ  გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობა, აქაც გაურკვევლობაა. ახლა ყველაფერი ერთ სტადიაზეა და რა მიმართულებას მიიღებს, არ ვიცი.  გარდამავალ პროცესში ვართ, გრძელვადიანი სტრატეგია არცერთ ურთიერთობებში არ ჩანს. ბუნდოვანია რა მოხდება ევროპაში, შტატებში, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებში. ცვლილებების დროს რამის პროგნოზირება რთულია. ძალიან მრავალწახნაგოვანია ეს ყველაფერი და ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, დღევანდელ სამყაროში ამას ვერავინ აკეთებს,  თუ აკვირდებით, ხშირ შემთხვევაში როგორი ურთიერთგამომრიცხავი ანალიზი კეთდება.

-მაშინ, როდესაც ტერორიზმი მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შეეხო, ჩვენს გარშემო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,  არსებობს თუ არა გამოწვევები საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით?

-რა თქმა უნდა, დღევანდელ სამყაროში დაცული არავინ  არის, თუმცა, საქართველო თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ საერთოდ რაიმე ტიპის უსაფრთხოებაზე შეიძლება ლაპარაკი, შედარებით უფრო მეტად დაცულია. პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან ძნელია  რაღაცის გაკეთება დამალო. ყველა ყველას იცნობს, ტერორისტებიც კი სამზარეულოში ჭორაობენ და მეორე დღეს ყველამ იცის ამის შესახებ. ასე რომ, მართალია, ბოლომდე დაცულები, არ ვართ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ევროპის, ამერიკის, ან თუნდაც რუსეთის მდგომარეობაზე უკეთესია.  


 

Propellerads

loading...