პოლიტიკა
ელენე ტოგონიძე: „შთაბეჭდილება იქმნება, რომ თეატრიც და სასამართლოც შეგნებულად აჭიანურებენ დროს და დაზარალებულის სიკვდილს მოუთმენლად ელოდებიან“
ელენე ტოგონიძე: „შთაბეჭდილება იქმნება, რომ თეატრიც და სასამართლოც შეგნებულად აჭიანურებენ დროს და დაზარალებულის სიკვდილს მოუთმენლად ელოდებიან“

ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დრამა რეალურად გათამაშდა. საბჭოთა პერიოდში დასი ფოთის ყოფილ საკათედრო ტაძარში იყო შეფარებული. საზოგადოების მოთხოვნით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ნატაძრალი საპატრიარქოს დაუბრუნა, თეატრისთვის კი ახალი შენობა ააგო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში ტაძრის შებილწვის ცოდვამ სწორედ ამ ახალ შენობაში ამოხეთქა — სცენის მუშა 9 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და წელს ქვემოთ მოწყდა! ვინ იცის, ეს განსაცდელი უფალმა მუშაზე უპირატესად, თეატრს მოუვლინა, რათა მძიმე ცოდვა ლოგინს მიჯაჭვულზე ზრუნვით გამოესყიდა. თუმცა თეატრმა რატომღაც, ამ მორალური ვალდებულებისგან ხელის დაბანა გადაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამის გაკეთება კიდეც დაავალდებულა და კაცმა არ იცის, უკვე ეს ახალი ცოდვა მომავალში მათ როგორ მოუბრუნდებათ.

როგორია პატიოსანი, მშრომელი ადამიანის ბედი საქართველოში, თუ მუშაობის პროცესში ჯანმრთელობისთვის შეუქცევად ტრავმას მიიღებს? ამის შესახებ მომაკვდავი მუშის, ვასილ ჭითანავას ადვოკატი, იურიდიული მომსახურების კომპანია „სამართლის სახლის“ იურისტი ელენე ტოგონიძე მოგვითხრობს:

 

— თეატრის მშენებლობაში 50 წლის ჯან-ღონით სავსე ფოთელი ვასილ ჭითანავა მოხალისედ მონაწილეობდა. შენობა ექსპლოატაციაში 2014 წელს შევიდა. ვასილი თეატრში დატოვეს - სცენის მემანქანედ გააფორმეს. თავის მოვალეობას ბეჯითად და გულმოდგინედ ასრულებდ — სარდაფიდან სცენაზე დეკორაციები გადაჰქონდა და მითითების შესაბამისად ალაგებდა, მაგრამ 2015 წლის 17 ნოემბერს უბედურება დატრიალდა: „ლიფტის“ ტროსი, რითაც ტვირთს ეზიდებოდა, გაწყდა, ვასილ ჭითანავა სცენას დაენარცხა, ზედ კი დეკორაციის მძიმე მორები დაეყარა. შედეგად, ხერხემლის და შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებები მიიღო. წელს ქვემოთ მოწყდა და შრომის უნარი სამუდამოდ დაკარგა! მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. უკვე, ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაეწყო - ეტლში ჯდომაზე უარს აცხადებს და მუდმივად ლოგინს არის მიჯაჭვული. მარტოხელა კაცს ამჟამად თავს მატერიალურად შეჭირვებული და ადგას. მის მეტი არც არავინ ჰყავს!

— თეატრმა არ იზრუნა თავის თანამშრომელზე?

— მსახიობებმა საკუთარი ინიციატივით ერთჯერადად შეაგროვეს რაღაც თანხა და გადასცეს. ადმინისტრაციამ კი სცენა დაუთმო ვასილის მეგობრებს, რომლებმაც დახმარების მიზნით საქველმოქმედო საღამო გამართეს — ეს იყო და ეს, მაგრამ როცა საქმე დაზარალებული მუშისთვის სარჩოს დანიშვნაზე და მკურნალობის ხარჯების გასტუმრებაზე მიდგა, ადმინისტრაციამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. საცოდავი კაცი ბედის ანაბარად დარჩა! რა უნდა ექნა მის დას, სად ეშოვა უამრავი ფული, რაც ასეთ მძიმე ავადმყოფს სჭირდებოდა?  მან დახმარებისთვის „სამართლის სახლს“ მოაკითხა, ჩვენ კი სასამართლოს მივმართეთ.

— კანონი რას ამბობს? ვინ უნდა იზრუნოს მუშაობის დროს ტრავმირებულ თანამშრომელზე?

— თუ ტრავმა ადამიანს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მოუვიდა, თუ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მუშაობის უსაფრთხოების წესები დარღვეულია, დაწესებულება კანონის ფარგლებში ვალდებულია, თანამშრომელზე იზრუნოს! სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. დაზარალებულს არც სპეცტანსაცმელი ეცვა, ისიც გაირკვა, რომ, დეკორაციების გადასატანი „ლიფტით“ თურმე მსახიობებიც სარგებლობდნენ, თეატრის ადმინისტრაციამ კი, სასამართლოზე ლიფტის ტექნიკურად გამართულობის საბუთი ვერ წარმოადგინა! პირველი ინსტანციის სასამართლოს 3 თვე დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თეატრს ვასილ ჭითანავასთვის ყოველთვიური გადასახდის სახით 280 ლარი, ექთნის ხელფასისთვის - 300 ლარი, ხოლო უკვე გაწეული სამედიცინო ხარჯის ასანაზღაურებლად 4 ათასი ლარი დააკისრა.

— რას შვება თეატრი? იხდის ამ თანხებს?

— იხდის, თუმცა პარალელურად, ფოთის საქალაქო სასამართლოს ეს დადგენილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გადახდას არ აპირებდა, მაგრამ საქართველოს საპროცესო კოდექსი ავალდებულებს, თუ საქმე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ საკითხთან არის დაკავშირებული, სამივე ინსტანციის გავლამდე, ანუ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვსლამდეც გადაიხადონ პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული თანხა. სამაგიეროდ, თეატრმა კატეგორიული უარი თქვა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული 67 ათასი ლარის გადახდაზე, რაც ვასილ ჭითანავასთვის ფიზიოთერაპიის 6 კურსის ჩატარებას უნდა მოხმარდეს! ანუ, თავიანთი „კეთილი ნებით“ თეატრის მესვეურები თავს არაფერში ივალდებულებენ, არც მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ ადამიანის მიმართ რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა მათ და სულაც, შრომითი პირობების არასრულფასოვნების გამო დაინვალიდდა! ვასილ ჭითანავას გამოჯანმრთელება შეუძლებელია, მაგრამ თეატრს ის მაინც შეეძლო, მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. არადა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თეატრიც და სასამართლოც შეგნებულად აჭიანურებენ დროს, დაზარალებულის სიკვდილს მოუთმენლად ელოდებიან, რათა ხარჯის გაღება თავიდან აირიდონ! სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლას ხომ ძალიან დიდი დრო სჭირდება და მანამდე შეიძლება ვასილ ჭითანავამ ვერც იცოცხლოს.

— ვინ არის თეატრის დირექტორი?

— თენგიზ ხუხია. თუმცა, მორალური პასუხისმგებლობის მთლიანად მისთვის დაკისრება სწორი არ იქნება, რადგან თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამოდის, რომ ფოთის მუნიციპალიტეტიც დაინტერესებულია რესურსის ბედით, რასაც ისინი თეატრისთვის გამოყოფენ. ვფიქრობ, თეატრი მუნიციპალიტეტის რჩევით მოქმედებს. აბა, რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი, თუ ვასილ ჭითანავასძთვის საჭირო თანხას სახელმწიფო გამოუყოფს? თავისი ჯიბიდან ხომ არ უნდა იხადონ?!  უფრო მეტსაც გეტყვით: ფოთის მერია პროცესზე მესამე პირადაც კი იყო ჩართული, სწორედ მერია განსაზღვრავს თეატრის ბიუჯეტს, თუმცა ვასილ ჭითანავასთან დაკავშირებით მერიამ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა!                

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში როდის განიხილება საქმე? ამდენ ხანს რატომ გაჭიანურდა?

- კანონის ფარგლებში საპროცესო ვადები მკვეთრად განსაზღვრულია. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიმე მხარე ასაჩივრებს, სასამართლო ვალდებულია, 5 დღის ვადაში საქმე ზედა ინსტანციაში გადაგზავნოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 4 თვის განმავლობაში გვატყუებდნენ, საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადავგზავნეთო. აღმოჩნდა, რომ გადაგზავნილი არ იყო! ფაქტობრივად, ეს დრო ამაოდ დაიხარჯა მაშინ, როცა ვასილ ჭითანავას სიცოცხლის გახანგრძლივება სასამართლოს ვერდიქტზეა დამოკიდებული! ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი 11 იანვრისთვის არის ჩანიშნული. საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება და სამართლიანობასთან ერთად, ეს განაჩენი იმის საზომადაც იქცევა, თუ როგორ აფასებს ჩვენი სახელმწიფო მისი ერთგული, პატიოსნად მშრომელი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს!

 თეატრს მარტო სანახაობრივი ფუქცია არ გააჩნია, ის საზოგადოებაში სიკეთის გაღვივებას, მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ, რადგან ფოთის დრამატული თეატრი ამ მისიას ვერ ასრულებს, იქნებ ვასილ ჭითანავას ტრაგედია სცენაზე წარმოდგენის სახით დაედგათ! დრამისთვის უფრო მძაფრ სიუჟეტს ახლო მომავალში ნამდვილად ვერსად მიაგნებენ!


 

 

Propellerads

loading...
loading...