მოქალაქის ტრიბუნა
“თქვენ დამისვით ისეთი დიაგნოზი, რაც ექიმებმა ვერ შეძლეს და წინასწარ სასიკვდილოდ გამიმეტეთ” - ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს
“თქვენ დამისვით ისეთი დიაგნოზი, რაც ექიმებმა ვერ შეძლეს და წინასწარ სასიკვდილოდ გამიმეტეთ” - ღია წერილი ირაკლი ღარიბაშვილს
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


 

ღია წერილი (განცხადების ნაცვლად)  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილს!


მინდა გითხრათ, რომ დიდი გულისტკივილით ვტოვებ ჩემს ბიბლიოთეკას, რომელიც აწ. განსვენებულ რ. გორგილაძესთან ერთად დავაფუძნე 1965 წელს. სწორედ იმ ნაწილის, სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორიც, სამწუხაროდ ბრძანდებით დღეს თქვენ. ჩემი გულისტკივილი არ არის გამოწვეული სამსახურიდან წასვლის გამო (მე ღირსება ბოლომდე შევინარჩუნე და გადაწყვეტილებაც მე თვითონ მივიღე), არამედ ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი მუშაობის და დიდი გამოცდილების მიუხედავად, თქვენგან აბუჩად აგდების და დამცირების გამოა! ( რამდენჯერმე უსაფუძვლო დაქვეითება და შესაბამისად , ყველაზე დაბალი ხელფასის ქონა , რაც ძალიან დამამცირებელი იყო, ამასთან მითითება, რომ 60 წლის შესრულების შემდეგ, ყველა უნდა მიხვდეს , რომ წავიდეს , მაგალითად მომიყვანეთ თქვენი დედა, „“ჩემი დედა“ , „ ჩემი მამა“ - ხშირად მოგყავთ ეს მაგალითისთვის, თუმცა აღზრდილობა ნამდვილად გაკლიათ! არ უნდა იკადროთ ასეთი ინფანტილური მაგალითის მოყვანა, მითუმეტეს, რომ თქვენც მოგიახლოვდათ საპენსიო ასაკი და დიდი ხანია, პატარა ბიჭსაც არ გავხართ. 


გაკვირვებული ვარ, რატომ არ მიდიხართო? მითხარით თქვენ, მაშინ, როცა მე წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ განცხადება ამის შესახებ არ დამიწერია , ვფიქრობდი, ამხელა გამოცდილების კადრს, ამასთან “იმ“ ბიბლიოთეკის დამფუძნებელს, უამრავი კდრების აღმზრდელს, როგორ შემელევა-მეთქი, თანაც სრულ ჭკუაზე ვარ და ფიზიკურადაც ჯანმრთელი! როგორც ჩანს, თქვენ დამისვით ისეთი დიაგნოზი, რაც ექიმებმა ვერ შეძლეს და წინასწარ სასიკვდილოდ გამიმეტეთ. თქვენი მოლოდინი რომ არ გამართლდა და შვებულებიდან დავბრუნდი, გაბრაზებულმა ის დამსახურებული შეღავათიც მომიხსენით, რომელიც თქვენ უსაფუძვლოდ დაქვეითების გამო, იძულებული იყავით, მოგეცათ. ჩემს შეკითხვაზე - ჯინაზე აკეთებთ ამას? -  სულმოკლეურად მომაძახეთ, - დიახ, ჯინაზეო! ეს არის სანიმუშო მაგალითი თქვენი მიზანთროპული ბუნების და იმის, თუ როგორი არ უნდა იყოს დირექტორი!

ახლა, მე უნდა ჩამოგითვალოთ, რამდენჯერ გამაკვირვეთ (და არა მარტო მე) :
გაკვირვებული ვარ, იმ დილეტანტიზმით და განუკითხაობით, რაც თქვენ დანერგეთ ბიბლიოთეკაში და რისთვისაც პასუხს აუცილებლად აგებთ! საბიბლიოთეკო პროცესების მიმართ თქვენ გაქვთ სრულიად ზედაპირული, ზერელე დამოკიდებულება, ამიტომაც გარშემო შემოიკრიბეთ ამ დარგის უვიცი , უავტორიტეტო, გამოცდილების არმქონე, გაიძვერა ადამიანები,რომლებსაც, ბუნებრივია, ადვილად მართავთ. პროფესიონალი, დამსახურებული თანამშრომლები კი თვალში არ მოგდით და ყოველგვარი ხრიკებით აიძულებთ დატოვონ სამსახური. 


გაკვირვებული ვარ იმით, რომ ბიბლიოთეკის ფონდების კომპიუტერიზაციის პროცესი, რომლითაც თქვენ ასე მოგაქვთ თავი, დაიყვანეთ მხოლოდ რაოდენობაზე-ხარისხი-ნულის ტოლია! თქვენ ისეთი ფანტაზიის უნარი აღმოგაჩნდათ, რომ დამუშავების განყოფილება, რომელიც ბიბლიოთეკის ტვინია, გადააქციეთ „ცეხად“, სადაც ბეჭდური ერთეულის მეცნიერული დამუშავება და მისი მუდმივი რედაქტირება კი არ მიმდინარეობს, არამედ უვიცი ბალახაძის მეთაურობით გააჩაღეთ „სოც-შეჯიბრი“, ვინ უფრო მეტ რაოდენობას „შეყრის“ თქვენს „კოჰაში,“ ამისთვის თქვენ მას ქება -დიდებით ამკობთ და არ იშურებთ გამამხნევებელ სიტყვებს: „როგორ ამოქაჩა,“ „ როგორ აამუშავა ხალხი“. განა სასაცილო არ არის? თითქოს, დამუშავების განყოფილება ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და დისტანციურმა, უვიცმა განყოფილების გამგემ, „დიდი საგნობრივი მუშაობა“ ჩაუტარა თანამშრომლებს. მისთვის მთავარია, ბიბლიოთეკარებმა თავჩაღუნულებმა, სწრაფად შეიტანონ, თან თარგმნონ რუსულიდან (ვინც არ იცის ენა, არა უშავს???), თან ზიდონ სართულებზე უმძიმესი და უბინძურესი წიგნები, რადგან სტრუქტურულად განუყოფელი პროცესები, ერთმანეთს დააშორეთ. წიგნის საბოლოო რედაქტირება არ ხდება და განყოფილების გამგემ არ იცის, რომ ყველა შეცდომა, რაც (ბიბლიოთეკაში გარდაუვალია), თავს იყრის კატალოგში, მოთხოვნის შემთხვევაში, წიგნი ვერ იძებნება და ამ დროს იწყება „დამნაშავის“ ისტერიული ძებნა. არავის თავში არ მოსდის, რომ შეცდომები უნდა სწორდებოდეს, ყველა პროცესების მცოდნე, გამოცდილი რედაქტორისგან, აუცილებლად წიგნთან ერთად, სანამ წიგნი საცავს ჩაბარდება! სად არის ამ ამ დროს განყოფილების გამგე? მუშისთვის და ელემენტარულად მწმენდავისთვის (ევროპულ სტანდარტებს არ ვგულისხმობ) ფულს ვერ იმეტებთ . სამაგიეროდ, ფულს თხოულობთ გაწელილი რემონტებისთვის, სხვადასხვა არაფრისმომცემი ღონისძიებებისთვის, სადაც მხოლოდ თქვენთან დაახლოებული „ელიტა“ მონაწილეობს.“ სხვები“ კი , ამ გაუსაძლის პირობებში, ქანცის გაწყვეტამდე მუშაობენ , თქვენგან დაშინებულები, რომ სამსახურიდან არ გააგდოთ, უსიტყვოდ იტანენ ამ გაუგონარ უსამართლობას და სიბინძურეს .

ყველა, ვისაც არ მოწონს თქვენი “ показух“-ობა , მუშაობის სტილი და არასწორი მენეჯმენტი, მოიშორეთ ან დააქვეითეთ და ხშირ შემთხვევაში უცოდინარებით შეცვალეთ. საშუალო ასაკის, ვისაც ჯერ პენსია არ ეკუთვნის და მძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს, თანაგრძნობის მაგივრად, აიძულეთ წასულიყო. თქვენ ხართ ტიპიური არქიფო სეთური : „ხალხი ბედნიერი არ უნდა გახადო“,რადგან შეიძლება ბუნტი მოგიწყონ! ამისთვის ასინეთებიც გყავთ გვერდით, თქვენგან დავალებულები.


გაკვირვებული ვარ, რატომ გაავსეთ ბიბლიოთეკა ბალახაძის და პავლიაშვილისნაირი უვიცებით? პირველს წარმოდგენა არა აქვს, სად მოხვდა და რა უნდა აკეთოს, მეორე კი უკვე თავმოჭრილია მოზარდმაყურებელთა თეატრში სპეციფიკის არცოდნით, გაუკუღმართებული სისტემების დანერგვით , ფულის სიყვარულით და ნეპოტიზმით, რასაც აქაც აგრძელებს!


თქვენ ხელს უწყობთ ამ უმსგავსობას, მისი რჩევით ხდება ხანდაზმულების შევიწროება და მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, ერთი სული გაქვთ , რომ მათ დატოვონ სამსახური, რათა პავლიაშვილმა თავისიანები მოიყვანოს.

რა დამსახურებისთვის, ან რა ცოდნისთვის მიეცით ბალახაძეს უფლება, დისტანციურად მართოს ასეთი მნიშვნელოვანი განყოფილება და კანტი-კუნტად შემოირბინოს, ან რისთვის უხდით მას ხელფასს? მას ხომ არ შეუძლია, განყოფილებაში წამოჭრილ პროფესიულ საკითხებზე იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს, გააკონტროლოს , ასწავლოს ? ყველა დამუშავებულ ბაჭდურ ერთეულს, გაუკეთოს საბოლოო რედაქტირება, თუ ეს, თქვენი აზრით საჭირო არ არის? უფრო მეტიც, ის ხმამაღლა აცხადებს,რომ არ აინტერესებს ეს საქმე! აქ დანაშაულის ელემენტებიც მოჩანს: ხომ არ შედგა თქვენს შორის რაიმე გარიგება? რა თქმა უნდა, ასეთი ეჭვები მუსიერებს ბიბლიოთეკაში!!!

თქვენ ბიბლიოთეკაში დააწესეთ გაუგონარი რამ : ადამიანები, რომელთაც ერთი წიგნი არ დაუმუშავებიათ თავიდან ბოლომდე და ეს პროცესები მათთვის უცხო ხილია, აკონტოლებენ პროფესიონალ, მცოდნე ბიბლიოთეკარებს, უფროსებადაც დაუსვით მათ და ხელფასიც მეტი დაუნიშნეთ - რაში? მხოლოდ ზედამხედველობისთვის? ეს ხომ ძალზე სასაცილოა და ძალზე გასაკვირი?


ათეული წლების განმავლობაში , დამსახურებულმა, მცოდნე, საქმის მოყვარულმა, “საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარებმა“, შექმნეს ბიბლიოთეკის ფონდების ინტელექტუალური ბაზა (კატალოგები), რომელსაც პავლიაშვილი რაღაც ყუთებს ეძახის. ,ბიბლიოთეკაში ჩქეფდა მუშაობა, გვიხაროდა სამსახურში მოსვლა, კოლეგების ნახვა და , ვინ არ იცოდა ქალაქში ეს ბიბლიოთეკა, თქვენი „სასტავი“ კი ელექტრონული დომხალის შექმნით ხართ შეპყრობილი, რაც ძალიან მალე დიდ პრობლემად გადაიქცევა! ძველის ნგრევით ახალს ვერაფერს შექმნითო - თქვენზეა ნათქვამი!

შესანიშნავია ელექტრონული კატალოგი, ძალიან მომწონს, მაგრამ ის ბარათულს (პავლიაშვილის აზრით, უკვე გადასაყრელ ნაგავს), ბევრი მიზეზების გამო, მთლიანად მაინც ვერ ჩაანაცვლებს ! რაც მთავარია! ჯერ წიგნები უნდა გასუფთავდეს პროფესიონალურად, წესის მიხედვით, გადაირჩეს იდეურად მოძველებული და დახეული წიგნები( ამას ჭირდება კვალიფიციური კომისიის შექმნა) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიტანონ „კოჰაში“, პროფესიონალმა, გამოცდილმა და რუსულის კარგად მცოდნე ბიბლიოთეკარებმა, (რადგან რუსული წიგნებია უმეტესობა), რასაკვირველია, საბოლოო რედაქტირებით (არა კორექტირებით)! სამწუხროა, რომ ეს ანა-ბანა არ იცით და ბიბლიოთეკაში უვიცობას მწვანე შუქი აუნთეთ! 


გაკვირვებული ვარ იმით, რომ საბჭოთა ყველაფერი გძულთ, გამოჩენილ მეცნიერებს დასცინით და ნაფტალინებად მოიხსენიებთ (საკუთარი საბჭოთა მშობლების გარდა), მაგრამ სწორედ იმ მანკიერი მეთოდებით მართავთ დღეს ბიბლიოთეკას! ორივე ბიბლიოთეკა თქვენ გადააქციეთ ბინძური წიგნების საწყობად. ჩემი ბიბლიოთეკა, კი სადაც 21 მლ ერთეული გამოგონებაა, საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული. ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მხოლოდ 17 მლ ერთეული გამოგონებაა და ისინი ამით ძალიან ამაყობენ, თქვენ კი მათი გადაყრაც კი გინდოდათ.

იბადება კითხვა: ამ თითქმის ათი წლის მანძილზე, ბევრჯერ რომ ისეირნეთ უცხოეთში, სად ნახეთ ბიბლიოთეკის საცავები ამ მდგომარეობაში? ან იქ მომუშავე თანამშრომლები ასეთ სავალალო მდგომარეობაში?

ამ გაგანია რემონტის, გაუსაძლისი ჭუჭყის, საშინელი ხმაურის, სარემონტო სამუშაოების ნორმების იგნორირებით, თქვენ დაამყარეთ შეუბრალებლად სანიმუშო დისციპლინარული რეჟიმი. ნაცვლად იმისა, რომ შემოკლებული დღე შემოგეღოთ, გააჩაღეთ „ სტახანოვური“ მუშაობა , ყოველი საათის და წამების ფიქსირება , „ზედამხედველების“ კონტროლი, იწერება უამრავი განცხადებები.

საინტერესოა სად მიგაქვთ ეს ‘დოკუმენტაცია“, ან ამდენ ქაღალდს რატომ ხარჯავთ? რას აღწევთ ამით? ესაა თქვენი კომუნიკაციის სტილი თქვენგან დამუნჯებული ბიბლიოთეკარების მიმართ?

ბოლოს! ტრაგედიაა, ასეთი ოდიოზური ფიგურა მართავდეს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას. კოლექტივის 80% -თვის თქვენ მიუღებელი ხართ, მაგრამ ვინ გაბედავს და ამას პირში გეტყვით! სამსახური ამ დაქცეულ ქვეყანაში ყველას უნდა, თუმცა, მე ბევრჯერ მქონია თქვენთან საუბარი მტკივნეულ საკითხებზე. ამიტომაც ამომიძულეთ!

თქვენნაირ ყოყლოჩინა, ზედმეტად თვითდაჯერებულ დირექტორთან მუშაობა - აუტანელია! წესით, მე კი არ უნდა მივდიოდე, რომელსაც კიდევ შემიძლია, თუნდაც კონსულტაციებით, ჩავარდნილი საბიბლიოთეკო პროცესები დაგალაგებინოთ, ალბათ, აჯობებდა, თქვენ დატოვოთ ბიბლიოთეკა (რასაც თქვენ ცოცხალი თავით არ გააკეთებთ ) და თქვენი საქმე მოძებნოთ, რადგან ბიბლიოთეკა, ზოგადად, მაინც კონსერვატული ორგანიზაციაა და ვერ იტანს ილუზიებს და ფანტაზიებს, რომლის დიდი გაქანებაც გაქვთ. ამ ადგილზე კი, მოიძებნება კულტურული, ადამიანთმოყვარული, კეთილი, მრავალმხრივგანვითარებული, და ადამიანური რესურსების მართვის კარგად მცოდნე პიროვნება, რომელიც ამ საზოგადოებაში, ყველაზე დაჩაგრულ ბიბლიოთეკარებს, ქომაგად დაუდგება.

თქვენ ეს ადგილი მემკვიდრეობით არ გერგოთ, ამიტომ ვალდებული ხართ (დარჩენის შემთხვევაში): მთელი ძალისხმევა მოახმაროთ, უპირველესად და დაუყოვნებლივ, ფონდების და კატალოგების გასუფთავებას, საცავების უმაღლეს დონეზე მოწესრიგებას!
შეეშვით ბიბლიოთეკარების ჩაგვრას და მათი გაჭირვებით ზეწოლას! გაუშვით არაფრისმცოდნე და არაფრისგამკეთებელი სამუშაოს აღმრიცხველები, ამას რიგითი თანამშრომელიც გააკეთებს! ხელფასები გაანაწილეთ სამართლიანად, ყველა დროისთვის მიღებული წესით: ცოდნა! გამოცდილება! დამსახურება! და არა მხოლოდ თქვენი პირადი შეხედულებით!

გახსოვდეთ, რომ თქვენ არაფერი არ შეგიქმნიათ იმის ფასი, რომ უკვე შემდგარი ორი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად დაგსვეს (როგორ? ყველამ ვიცით) და არ გაქვთ უფლება აქ უვიცები აპარპაშოთ! არ გაქვთ უფლება მტვრიანი, ბინძური წიგნებით მოემსახუროთ მკითხველს. იმის შიშით, რომ ის ორიოდე, ხელოვნურად მოზიდული მკითხველიც არ დაკარგოთ, არ იცავთ ბიბლიოთეკარის უფლებებს და უსაფრთხოებას! თქვენ არ გიყვართ ბიბლიოთეკა და არ თანაუგრძნობთ თანამშრომლებს! მეტიც, თვენ მათ არ იცნობთ!


ნუ ეჯიბრებით პარლამენტის ბიბლიოთეკას! ვერ აჯობებთ, რადგან მისი მმართველი, გაცილებით თქვენზე ახალგაზრდა და ჭკვიანი აღმოჩნდა, მან არ დაანგრია ძველი ტრადიციები, არ უსაფრდება თანამშრომლებს, მან სულ სხვა სტრატეგია არჩია , ბუნებით ადამიანებისმოყვარულია, ამიტომაც უყვართ და აფასებენ თანამშრომლები.


ეს არის ის მინიმუმი, რაც გევალებათ, რომ გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩეთ ბიბლიოთეკაში და ეს თქვენი კანტორა, რომელსაც დღეს ბიბლიოთეკა ქვია, საჯარო განხილვის საგანი არ გახდეს!

P.S. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, როგორც გჩვევიათ, შეკრიბეთ ხალხი და კრიმინალური გამოძიება ჩაატარეთ. სიცილ-სიცილით გაარჩიეთ ყველა წინადადება და თავი დაიწყნარეთ, რადგან ვერავინ ვერ გაბედავს ზემოთნათქვამის დადასტურებას! ყოჩაღ! დემოკრატიაც ამას ქვია! ალბათ ხვდებით, რატომ? უბედურება ისაა, რომ თქვენ ეს მოგწონთ!

 

ნ. სიხარულიძე
6.03.17

 

loading...