მოქალაქის ტრიბუნა
„ტურიზმი მეცნიერების პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა“ - პრობლემის ფესვები, ანუ რატომ არ ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტირებას მომავალში
„ტურიზმი მეცნიერების პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა“  - პრობლემის ფესვები, ანუ რატომ არ ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა ინვესტირებას მომავალში

საქართველო - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა,  ქართველები - სტუმართმოყვარეობით განთქმული ერი,  ლანდშაფტი - ღვთისგან ბოძებული სიმდიდრე - ის, რაც ქართველებისთვის ჩვეულია, საზღვარს იქით მაცხოვრებლებს მაგნიტივით იზიდავს.

თუ სხვა ქვეყნებში კონკრეტული „საოცრებები“ წარმატებულად განხორციელებული ცალკეული პროექტების შედეგია, საქართველოს ეს  ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, აბსოლუტურად ბუნებრივად აქვს.

დეკლარირებული წარმატებების მიუხედავად, ქვეყანა დღეს ეკონომიკური განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფება: გაჩერებულია მძიმე მრეწველობა და მანქანათმშენებლობა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მით უმეტეს,  დამოუკიდებლად წარმოება კი ძალიან შორეულ პერსპექტივად  ისახება. დანგრეულია სოფლის მეურნეობაც, რომელმაც, მართალია,  ბოლო რამდენიმე წელია გამოცოცხლება დაიწყო, მაგრამ მისი მთლიანად წელში გამართვა და ფეხზე დაყენება მძიმე მრეწველობის რეანიმაციაზე არანაკლებ ინვესტიციებსა და დროს მოითხოვს. შესაბამისად,  ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა, ექსპორტი იმპორტზე ბევრად ნაკლებია და სახელმწიფო იძულებულია, ყოველწლიურად საგარეო თუ საშინაო ვალი გაზარდოს. ამ რთულ ვითარებაში კი, ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ქვეყნის ფეხზე დაყენება შეუძლია და ფაქტობრივად,  მნიშვნელოვანი შემოსავალი უკვე  მოაქვს, ის ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელიც ჩვენ ხელის გაუნძრევლად გვარგუნა უფალმა. ზღვა, მთა, ჩანჩქერები, ხეობები, ჭიუხები  - ჩამოსათვლელიც და სანახავიც ჯერ კიდევ ბევრია. ახლა მთავარია ამ ყველაფრის გამოყენებით მეტი ეკონომიკური სარგებელიც მივიღოთ...

ის, რომ ტურიზმი მნიშვნელოვანი სფეროა და ტურისტი მნიშვნელოვანი ფიგურანტი, ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა... პრობლემები ამ სფეროშიც არსებობს.  აქ არც მარტო სახელმწიფოს მონდომებაა საკმარისი და არც საზოგადოების,   ამ ორის გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებია საჭირო...

მთავრობამ ინვესტიციები უნდა მოიზიდოს, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო თუ საზღვაო ინფრასტურქტურა განავითაროს,  ქვეყნის თითოეული მოქალაქის და სტუმრის უსაფრთხოება უზრუნველყოს და საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის პოპულარიზაციაც არ დაიზაროს. რაც შეგვეხება ხალხს, ჩვენ, როგორც სტუმართმოყვარე ერმა, ტურისტს მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება უნდა შევთავაზოთ.  დღეს კი, ამ მხრივ, ნამდვილად ვერ დავიტრაბახებთ.  მცირებიუჯეტიანი საოჯახო სასტუმროები, რესტორნები თუ კაფეები, საერთო ჯამში,  თანამედროვე სტანდარტებს ჩამორჩებიან. პრობლემა არა მარტო გარემონტებული ოთახები და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორნები (ეს საწყისი კაპიტალის არარსებობასაც შეგვიძლია დავაბრალოთ), არამედ უსუფთხო გარემოა (ამას კაპიტალს ნამდვილად ვეღარ გადავაბრალებთ). არაკომფორტული ოთახების კომპენსირება კი სწორედ სუფთა და მყუდრო გარემოს შექმნით არის შესაძლებელი. ყველაზე დიდი პრობლემა კი, ამ მხრივ, რესტორნებსა თუ სასტუმროებში არსებული საპირფარეშოებია. ბუნებრივია, აქ არც ყველა სასტუმროა ნაგულისხმევი და არც ყველა რესტორანი, თუმცა... ტურისტისთვის ეს მაინც ყველაზე დიდი დისკომფორტის მიზეზს წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს შეურაცხყოფას აყენებს ქართველების მრავალსაუკუნოვან კულტურას, რომლითაც ასე ხშირად ვტრაბახობთ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენივე ქვეყნის წარმომადგენლები.  პარადოქსია, მაგრამ ქვეყანაში,  რომელშიც საკანალიზაციო და წყალმომარაგების რთული სისტემები  ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ქალაქებში არსებობდა,  მასპინძელს საქართველოს გასაცნობად ჩამოსული უცხოელი სტუმრები მოუწესრიგებელ, ანტისანიტარიულ საპირფარეშოში შეჰყავს...

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე მოარული ლეგენდების მიუხედავად, გიდი იქნება ეს, მძღოლი თუ კაფე-ბარის მეპატრონე (ცალკეული გამონაკლისების გარდა) დღეს ტურისტს მხოლოდ ფულის „ამოსაქაჩი“ ობიექტივით ეპყრობა.

ამ თითქოს და მარტივად მოსაგვარებელ პრობლემაზე აქცენტს აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტი, ქეთი დავითაშვილიც, რომელიც ხუთი წელია, ინგლისურ და რუსულენოვანი ტურისტებს მაქსიმალური მონდომებით ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას მთელი ძალისხმევით ცდილობს,  რიგ შემთხვევებში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ტურისტების ელემენტარული მოთხოვნების შესრულება მის ძალებს მაინც აღემატება.   

- იმისდა მიუხედავად, რომ გარკვეული წინსვლა არის და დღესდღეობით საქართველო ტურისტების ახალ ნაკადებს იზიდავს, პრობლემების უმრავლესობა მაინც მოუგვარებელი რჩება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ზაფხულის სეზონის გარდა, ზამთრის კურორტებიც შთამბეჭდავად ამოქმედდა.  ვითარდება ტურიზმის ახალი სახეობები, მაგალითად, ეკოტურიზმი და ა.შ.  თუმცა, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მუშაობის ტემპი მაინც ძალიან ნელია. მაგალითად, სახელმწიფოსგან ვითხოვთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პარკების მოვლას, ნაკრძალების მიხედვას და ა.შ. ტურისტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ნორმალური საპირფარეშოები, ან სხვა მცირე სერვისები...  ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით რთულია გიდისთვის, მოიძიოს ტურისტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მქონე კონკრეტული ობიექტები. შესაძლებელია, ეს სერვისები შესთავაზოს თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ, დარწმუნებული ვარ,  ეს ნამდვილად იმუშავებს, თუმცა...

ეს არის ინვესტიცია მომავალში, ხალხი კი დღევანდელი დღით ცხოვრობს. შესაბამისად, ბევრი მათგანი ნაკლებად არის დაინტერესებული. დღეს რომ გავაკეთებთ სუფთა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, ეს იქნება ინვესტიცია შორეულ მომავალში. ტურისტს ისევ მოუნდება ჩამოსვლა, შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგაც. ან სხვას ეტყვის და ურჩევს ამ კაფეს, თუ ოჯახურ სასტუმროს. ამის ნაცვლად ჩვენთან მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობა, ისინი, ვინც შემოსავალს ტურისტების მომსახურებით იღებენ, არ ცდილობენ ხარისხზე ორიენტირებას. ამჯობინებენ,  დღეს მიიღონ ის მაქსიმუმი, რასაც პირველად, შემთხვევით შესული ტურისტებისგან იშოვიან.  ალბათ, ამ მიდგომაში უნდა იყოს პრობლემის ფესვები.

- იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში ტურისტი მასპინძელ გიდს ისეთი კაფე-ბარის მოძებნას სთხოვდა, სადაც სუფთა საპირფარეშო დახვდებოდა, თუმცა გიდისთვის ეს დიდი პრობლემა აღმოჩნდა.

- ეს მხოლოდ მისთვის არ არის პრობლემა. ასეთი მარტივი თხოვნის შესრულება ბევრ რეგიონში  ჭირს. მერე უკვე ტურისტები ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და...

- მიუხედავად ამდენი პრობლემისა,  გიდად მუშაობას მაინც აგრძელებთ... რატომ? ტურისტულ სფეროში ხედავთ მომავალ პროფესიას, თუ ეს, უბრალოდ, დამატებითი შემოსავლის, ანუ ე.წ. „ჯიბის ფულის“ მიღების საშუალებაა?

- როგორც აღნიშნეთ, გიდად მუშაობა და საერთოდ, ტურიზმის სფერო ძალიან კარგი დამატებითი შემოსავალია. მაგრამ ვფიქრობ, აქ ტურიზმთან კავშირიც ძალიან დიდია.  მარტო ჩემი კი არა, ბევრი არქეოლოგისა და ზოგადად, მეცნიერის მომავალი არის დაკავშირებული ტურიზმთან. იმის თქმა მინდა, რომ დღეს არსებობს უფსკრული არქოლოგიასა და საზოგადოებას შორის. ვფიქრობ, სხვა სფეროს მეცნიერებსაც  ასეთი პრობლემები აქვთ, ვგულისხმობ ისტორიას, ეკოლოგიას და ა.შ.  ანუ კვლევები ტარდება, რა თქმა უნდა, ეწყობა ექსპედიციებიც, ამას აქვს ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები საზოგადოებისთვის, მაგრამ იქმნება უბრალოდ სამეცნიერო ტერმინებით გაჯერებული ანგარიშები და ისინი გაუგებარი რჩება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის საშუალო განათლებით.

ტურიზმს შეუძლია, მოახდინოს ამის რეალიზება და იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლებით, მისცეს საშუალება გამოცდილი, განათლებული გიდების დახმარებით, ეზიარონ იმ აღმოჩენებს, რომელთაც აქვს ადგილი ამ მეცნიერებებში.  ფიქრობ, ტურიზმი ძალიან კარგი საშუალებაა ასეთი მეცნიერების პოპულარიზაციისთვის.

 

დაბოლოს,  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ამ საინფორმაციო ომის ეპოქაში, როდესაც ყველა ერის საკუთარ ისტორიას ქმნის, მათ შორის, მეზობელი ერის ცხოვრება-მოღვაწეობასაც თავისებურად განიხილავს, მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ისტორიის სრულფასოვნად შესწავლისა და სწორად მიწოდების საკითხი.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი გიდის მიერ რუსი ტურისტებისთვის ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების ინტერპრეტირებული ვერსიის წარდგენის ფაქტს შეესწრო... მანვე მიამბო, რომ მსგავსი პრეცედენტი პირველი არაა... ამ ადამიანებს ეს ისტორია ისე ემახსოვრებათ, როგორც მიაწოდეს. თუმცა პრობლემა ბევრად ღრმაა -  ჩვენ, ჩვენი მხრიდან,  ნაკლებად ვაწვდით ტურისტებს ამავე ისტორიის ჩვენეულ ვერსიას. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქართველოსა და ქართველი ერის წინააღმდეგ წარმოებულ ტოტალურ საინფორმაციო ომს წავაგებთ, ხოლო მომავალ თაობებს უკვე  საქართველოს სულ სხვა  ისტორია ექნებათ. 

loading...