სპორტი
ზაზა სილაგაძემ ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები დატოვა - რამ აიძულა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის საუკეთესო მწვრთნელი, ეს გადაწყვეტილება მიეღო?
ზაზა სილაგაძემ ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები დატოვა - რამ აიძულა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის საუკეთესო მწვრთნელი,  ეს  გადაწყვეტილება მიეღო?

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძამ თანამდებობა დატოვა.

მსოფლიოსა და ევროპის ორგზის საუკეთესო მწვრთნელმა გადაწყვეტილება წინა კვირას მიიღო, თუმცა ჭიდაობის ფედერაციას არც ამ ფაქტის და არც მთავარი მწვრთნელის  შემცვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

13 თებერვალს ჩატარებული პრეზიდიუმის სხდომაზე როგორც თავისუფალის, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები აირჩიეს. ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ ზაზა სილაგაძე დაინიშნა. აქვე ითქვა, რომ მთავარი მწვრთნელები დამხმარე მწვრთნელების შემადგენლობას თავად დააკომპლექტებენ, თუმცა, როგორც sazogadoeba.ge-სთვის  გახდა ცნობილი, ზაზა სილაგაძის გუნდის წევრები  - მუხრან მაჭუტაძე, ოთარ ფევაძე და გიორგი ჭინჭველაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ გაანთავისუფლა, შესაბამისად, სილაგაძე გუნდს იმ წევრებით, ვისთან ერთადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ზედიზედ ორჯერ მოიგო, ვეღარ დააკომპლექტებდა, რის გამოც დაკავებული თანამდებობის დატოვება თავადაც გადაწყვიტა.

Sazogadoeba.ge-ს აღნიშნული ინფორმაცია თავად ზაზა სილაგაძემაც დაუდასტურა.

-„ჩემი ნაკრებიდან წამოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ  მწვრთნელები, ვისთან ერთადაც  ის უდიდესი შედეგი გავაკეთე - ორი წლის განმავლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, არ დატოვეს თანამდებობაზე და მეც წამოვედი. ისინი რატომ გაუშვეს ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი რა გახდა მიზეზი.“- განაცხადა სილაგაძემ.

გათავისუფლების მიზეზი ასევე უცნობია ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელის, ზაზა სილაგაძის გუნდის წევრ ოთარ ფევაძისთვის: 

- როგორც ვიცი, თავიდან იყო ასეთი საუბარი, რომ მთავარ მწვრთნელს უნდა დაეკომპლექტებინა გუნდი, მაგრამ  შემდეგ ზაზა სილაგაძემ გვითხრა, რომ რადგან ჩვენ, ანუ მისი გუნდის წევრები, აღარ დაგვტოვეს, ისიც წამოვიდა... 

- ახსნა-განმარტება არ მიგიღიათ, რა გახდა თქვენი გაშვების გადაწყვეტილების მიზეზი?

- აღარ მომიკითხავს. სამინისტროში, როგორც მწვრთნელები, რომ აღარ ვიყავით, აღარაფერი აღარ მომიკითხავს, ჩვეულებრივად წამოვედით სამსახურიდან. არავის არაფერი უთქვამს და არც ჩვენ გვიკითხავს,  რატომ გვიშვებდნენ, არავისთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. გააგრძელებენ ჩვეულებრივად მუშაობას. ღმერთმა გაუმარჯოთ, კარგი საქმე აკეთებინოს ყველას, ღმერთმა ქნას, ყველამ ჩვენზე უკეთესი შედეგი დადოს.

პრეტენზიები არ აქვთ მწვრთნელებს, მაგრამ კითხვები გვაქვს ჟურნალისტებს. 

რა გახდა ბოლო ორი წლის საუკეთესო სამწვრთნელო გუნდის გაშვების მიზეზი? რატომ არ გააკეთა ჭიდაობის ფედერაციამ განცხადება, როდესაც ზაზა სილაგაძემ თანამდებობა დატოვა და ვინ ასრულებს ახლა მის მოვალეობას? - ამ კითხვებით sazogadeoba.ge-მ ჭიდაობის ფედერაციას მიმართა. ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ  პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისგან  პასუხი მივიღეთ. მისი განცხადებით, დასახელებული მწვრთნელები  თანამდებობიდან არავის გაუშვია და მათ კონტრაქტით გათვალისწინებული მუშაობის ვადა ამოეწურათ. 

„მწვრთნელებს აქვთ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა.ამ ადამიანებს ამოეწურათ აღნიშნული პერიოდი. პრეზიდიუმზე ჩვენ წარვადგინეთ მწვრთნელების რამდენიმე კანდიდატურა, რომელსაც პრეზიდიუმმაც დაუჭირა მხარი და შეირჩა გუნდი, რომელიც შედეგზე არის ორიენტირებული და ჩვენთვის,ისევე როგორც გულშემატკივრისთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ბატონ ზაზა სილაგაძეს, ასევე შევთავაზეთ დარჩენა და გუნდთან ერთად მუშაობა, მომავალი გამარჯვებებისათვის, მაგრამ მისი პირადი გადაწყვეტილება იყო ამგვარი. ახლა მის მოვალეობას სოსო  ჯაბიძე ასრულებს. - განაცხადა გეგა გეგეშიძემ. 

ცნობისთვის: საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა  მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები ბოლო ორი წლის განმავლობაში ზედიზედ მოიგო. ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე  9 მედალი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე - 12 მედალი მოიპოვეს. გუნდმა UWW-ს ეგიდით ჩატარებული თითქმის ყველა შეჯიბრება ტრიუმფალური გამარჯვებებით დაასრულა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მთავარი მწვრთნელის ზაზა სილაგაძის და უფროსი მწვრთნელების - მუხრან მაჭუტაძის, ოთარ ფევაძისა და გიორგი ჭინჭველაშვილის ხელმძღვანელობით ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდი იყო.

loading...