მოქალაქის ტრიბუნა
მითოსური რეალობა
მითოსური რეალობა
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


ქართველი ერის ისტორია, ისევე როგორც სხვა ერების, გარკვეულწილად მითოსურია. ეს არცაა გასაკვირი. ინფორმაციული ვაკუუმი ან ამა თუ იმ ჟამთააღმწერის მონათხრობი მიზეზთა გამო, ყოველთვის ობიექტური ვერ იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნურად შექმნილ "დროებით გმირებზე". საბედნიეროდ, ღირსეულ წინაპართა მაგალითზე ყოველთვის იზრდებოდნენ მამულიშვილები, სამშობლოს სამსახურს თავგანწირვისათვის მზადებას რომ უკავშირებდნენ. გმირი ხომ ყველა ეპოქაში სამ საუნჯეს ესალმუნებოდა - უფალი, სამშობლო, ადამიანი!

ისტორიის ლაბირინთებში მოგზაურობა სრულებითაც არაა აუცილებელი, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ. უბრალოდ მეტი გულისყურია საჭირო.

1989 წლის 8 აპრილი შეუპოვარი ქართული სულის კიდევ ერთი გამოვლინების ნათელი მაგალითია - ცნობილი მწერლისა და მეცნიერის აკაკი გაწერელიას სახლ-სალონიდან აქციაზე მიმავალ სამ მეგობარს კოკა გაწერელიას, ნოდარ ქორიძესა და თემურ ქორიძეს გზად მომიტინგეთა დასარბევად მიმავალი ტანკები შეეყარათ. სასტუმრო "ივერიასთან" ისინი შიშველი ხელებითა და ანთებული გრძნობით ტანკების წინ ასფალტზე წამოწვნენ და ასე გააჩერეს ბეტეერები. მოგვიანებით, მათ სხვებიც მიყვნენ, რუსმა ჯალათებმა უკან დაიხიეს. მოქალაქეებში თავგანწირვისა და თვითრწმენის იმედი მასიურად დაბრუნდა...

შემდგომ, პირველი ვინც ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებას მიაწოდა ისევ თემურ ქორიძე გახლდათ. ის ტრიბუნაზე მიიჭრა, მერაბ კოსტავას მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯა და კოკა გაწერელიას საარაკო გმირობის ამბავი ლეგენდასავის გაახმოვანა (თავისი თავი და მისი ძმა არც უხსენებია).

ვინც ამ ისტორიის მოსმენისას ამომიტივტივდა წიგნებიდან ამოკითხული, ერთი მხრივ ცოტნე დადიანი, მეორე მხრივ კი ჩაღატა ნოინი იყო...

ორივე ეპიზოდი ჰეროის ნამდვილი, უანგარო გმირობაა!

თემურ ქორიძეს უნდა დავესეხსო: "1989 წლის 9 აპრილი ისტორიული გზაგასაყარია. ამ დღიდან მოყოლებული ქართველი კაცი უკვე აღარ იყო "ახალი ანთროპოლოგიური" ტიპი - ჰომო სოვიეტიკუსი, მან სიცოცხლისუნარიანობით შთაგონებულმა შეგნებული არჩევანი გააკეთა, რასაც ორი წლის შემდეგ უდიდესი გამარჯვება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა".

...იქნებ ამ ფაქტის გამომზეურება დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავის დროზე!

თუ რატომ, ამას გონიერი მკითხელი ადვილად მიხვდება!

დაბოლოს: დღევანდელი საქართველო არა 1918 წლის 26 მაისის, არამედ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობაზე დგას. დღეს ჩვენ სწორედ ამ საქართველოს თავისუფლების ჰაერს ვსუნთქავთ!

P.S. აქვე ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ მარტვილის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ გაიხსნა, სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები.

 

loading...