მოდის ტრენდები
„ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ამ სისადავით სიმდიდრე შემექმნა“ - მარტივი, ანუ გენიალური - „Moko handmade“ - ახალი ქართული ბრენდი საქართველოში
„ჩემი მთავარი ამოცანა იყო, ამ სისადავით სიმდიდრე შემექმნა“ - მარტივი, ანუ გენიალური -  „Moko handmade“ - ახალი ქართული ბრენდი საქართველოში

„ყველაფერი გენიალური მარტივია“ - დიზაინერმა ნანა აქუბარდიამ ახალი ქართული  ბრენდი „Moko handmade“ ასე მარტივად, ანუ გენიალურად შემოგვთავაზა.

ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთი ტყავის აქსესუარები ყურადღებას ორიგინალურობით, დახვეწილობით, სისადავით და ემოციურობით იპყრობს. ავანგარდული და კლასიკური ხედვის  ნაზავი თეთრისა და შავის კონტრასტში მატერიალიზებული სახით წარმოგვიდგება. შემოქმედებაში (გა)დატანილი ხასიათი ხელით ნაფერი ტყავის ნაკეთობებშიც ვლინდება, ხოლო ყავისფერი და მწვანეს კონტრასტი ორ ფერში გამოხატულ მრავალფეროვნებას კიდევ მეტად ამდიდრებს.   

ორიგინალური ვიზუალის, დახვეწილი გემოვნებისა და იდეალური ხასიათის დიზაინერი ყველაფერს მეორე, ანუ სხვა მხრიდან უყურებს, ხოლო ინდივიდუალური აღქმის უნარი გონების მართვისა და ქმედებებში ემოციების ჭკვიანურად გადატანის საშუალებას იძლევა. ქმნილებებს წარმოსახვაში საკუთარი სურვილებით ძერწავს, შემდეგ ფრთებს ასხამს და ოცნების რეალიზებას იწყებს, მუხლჩაუხრელი და 24 საათიანი შრომის შედეგად კი ფრთაშესხმული საოცნებო იდეის მატერიალიზმში კონვერტაციაც ხერხდება.

ნანა აქუბარდია: საოცნებო ნივთს იშვიათად ვყიდულობ, თუ რამეს გულით მოვინდომებ, აუცილებლად მივიღებ.  როდესაც სურვილი ჩნდება, ნივთი წარმოსახვით იხატება და შემდეგ ჩემივე ხელით იქმნება. ვფიქრობ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს. მთავარია, ადამიანმა მოინდომო და მისკენ წინსვლა არ დაიზარო. ბუნებრივია, იქნება დაბრკოლებებიც, იქნება სირთულეებიც, მაგრამ შედეგის ხიბლი სერიოზული მოტივაციაა იმისთვის, რომ ხელისშემშლელ ფაქტორებს ებრძოლო. მე და ჩემი გუნდი ძალიან დიდ შრომას ვდებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი ნაწარმი მივიღოთ. ეს ჩვენთვის განმსაზღვრელია. არასდროს ვაკადრებ და არასდროს შევთავაზებ სხვას, ჩემგან ისეთი ნივთი იყიდოს, რის მოხმარებაზეც მე თვითონ ვიტყვი უარს. ჩათვალეთ, რომ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ, რომელსაც შემდეგ სიამოვნებით ვუზიარებ სხვას.

ორიგინალური ხედვისა და გარეგნობის გოგონა ახალი სამსახურის ახალმა უფროსმა, დაახლოებით, ოთხი წლის წინ გამაცნო. მისმა ცხოვრებისეულმა ხედვამ და დახვეწილმა გემოვნებამ კი მასთან მეგობრობა მაიძულა. რეალობის მისეული, ინტერპრეტირებული ახსნა გადამწყვეტ მომენტებში ბევრისთვის არაერთი პოზიტიური ქმედების განმსაზღვრელი აღმოჩნდა.

- ადამიანური ფაქტორი ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. მეგობრობას სწავლა არ სჭირდება. ეს შინაგანი მდგომარეობაა. ადამიანი ან გიყვარს, ან - არა. თუ გიყვარს, მისთვის ყველაფერს აკეთებ, ცდილობ, გულწრფელი იყო, გულახდილობა კი მწარე სიმართლის თქმასაც გაიძულებს ხანდახან.

- მეგობრებს ცხელ გულზე გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას ურჩევ, ცდილობ, ამით უფრო დიდი შეცდომისგან იხსნა, უარესისგან დააზღვიო. რამდენად მოგვყებიან?

- მე უბრალოდ ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ვთვლი, რომ ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ეს უფრო მეტ შეცდომას დაგვაშვებინებს. ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომას და შესაბამისად, ყველა იმსახურებს მეორე შანსს. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს უფრო მეტად შედეგზე უნდა ვიფიქროთ. ნებისმიერი საქმე უნდა იყოს ამ შედეგზე ორიენტირებული. ქმედება უნდა განსაზღვრავდეს უკეთეს მომავალს. თუ ყველაფერი უარესობისკენ მიდის, ე.ი. რაღაც ნამდვილად შესაცვლელია. ზოგადად, არ ვთვლი, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, გარემო ფაქტორების ბრალია. ღრმად მწამს, რომ ამ გარემოს ჩვენ ვქმნით და ყველაფერი, რაც ისე არაა, სხვისი კი არა, ჩვენი დამსახურებაა.  ასე რომ...

შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა და ყოველმხრივ გააზრებული გადაწყვეტილება - ეს მისი ცხოვრებისეული კრედოა.  მას, რასაც სხვისი თვალი აბსოლუტურად ჩვეულებრივად უყურებს, დიზაინერი სხვა თვალით აღიქვამს.  წარმოშობით სოხუმელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნების იმედიც არ დაუკარგავს. ამბობს, რომ მაშინ ომსაც სხვა თვალით, ანუ აფხაზების მხრიდან უყურა.

-პატარა ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. ნათესავებთან გადავედი სტუმრად და იქ შევრჩი. კარგა ხნის განმავლობაში ვერ ვნახე ჩემი მშობლები და ძმა, თუმცა მომავლის იმედი არც მაშინ დამიკარგავს. მერწმუნეთ, მეორე მხრიდან ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს. და ეს მხოლოდ ომს არ ეხება.

ნოსტალგიამ გააძლიერა, ოჯახის წევრების თანადგომამ და მეგობრების სიყვარულმა მოტივაცია აუმაღლა, დაგროვილი ემოციები და მოჭარბებული გრძნობები შემოქმედებით საქმიანობაში გამოიყენა და... შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მალე სუფთა ტყავისა და ნატურალური ქვების ტანდემით შექმნილმა ყელსაბამებმა მეგობრების გული დაიპყრო. შემდეგ სხვადასხვა დიზაინით ექსკლუზიურად მეგობრებისთვისაც დამზადდა. მოწონებულ აქსესუარებს ქვეყნის ფარგლები არ ეყო და ცოტა ხანში საზღვრებსაც გასცდა ... 

-  მეგობრებს უნდოდათ, ჩემი ხელნაკეთი ნივთები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. ბუნებრივია, ამის სურვილი მეც მაქვს. ვფიქრობ, მომხმარებელს საკმაოდ ხარისხიან პროდუქციას ვთავაზობთ. თითოეული ნივთი ჩემი ხედვის ნაყოფია. ექსკლუზიური დიზაინია. მთის ბროლიც სხვა ტექნოლოგიებით არის ჩასმული აქსესუარებში, გამჭოლად. ხელსაც სასიამოვნოდ ედება და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. ქამარიც ორმაგია და ძალიან უხდება სამოსს, შავსა და ყავისფერში გვაქვს, თუმცა, ძირითადად, ყველაფერი მაინც შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. გვაქვს ხელით შეღებილი სამკაულებიც, რაც არანაკლებ ეფექტურია. საღებავი არ გადადის, არ ხუნდება, წყალს უძლებს და ა.შ. ანუ ყველაფერი ნატურალური და გამძლეა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ „მოკო ჰენდმეიდი“ ჩემი სამუშაო არ გახლავთ, ეს ჰობია, სულის ნაწილია, ის საქმიანობაა, რომელსაც მთელი გულით ვაკეთებ და რომელშიც მთელ ჩემს ხასიათსა და ემოციებს ვდებ. აბსოლუტურად ყველა ნივთი, რომელიც აქ, ამ მაგიდაზე დევს, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. არ არსებობს უკეთესი და უარესი, ბევრად ლამაზი და ნაკლებად მოსაწონი, აქ ყველაფერში ჩემი სახასიათო შტრიხია, შესაბამისად, დიზაინიც ექსკლუზიურია. ტექნიკური თვალსაზრისით კი ჩემი გუნდის წევრებიც მეხმარებიან.

- სტენდიც ძალიან ორიგინალურია ...

- კი, სტენდიც ჩემი დიზაინით შეიქმნა. სპეციალურად დავამზადებინე. თეთრ ფერშია.. აქაც სისადავე ვამჯობინე, ძირითადად, ყველაფერი სადაა. ზედმეტად შეგნებულად არ გადავტვირთე. ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს მარტივია, მაგრამ...  მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ამ სისადავით, ამ სიმარტივით სიმდიდრე  შემექმნა. რამდენად მოვახერხე, ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია.

ცნობისთვის, დიზაინერ ნანა აქუბარდიას ხელნაკეთი ნამუშევრების ხილვა, შეფასება და შეძენა სოციალური ქსელის საშუალებითაც არის შესაძლებელი. აქტიურ რეჟიმში მუშაობს ფეისბუქგვერდიც. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.  https://www.facebook.com/mokohandmade

 

 

     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

loading...