სპორტი
"მერანი" მიქრის - მარტვილის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა
"მერანი" მიქრის  -  მარტვილის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა

მეექვსე გამარჯვება - "გურია" - "მერანი" 0-2

"მერანი" წაუგებელ სერიას აგრძელებს. მარტვილელები დღეს ლანჩხუთს ესტუმრნენ და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "მერანელებმა" მართლაც, რომ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

დღევანდელმა მატჩმა ლანჩხუთში დიდი ინტერესი გამოიწვია და ადგილობრივი გულშემატკივარი დიდი რაოდენობით მოვიდა საკუთარი გუნდის საქომაგოდ. "მერანსაც" ჩამოჰყვა ერთგული ქომაგები მარტვილიდან, რომლებიც მხურვალედ ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს, მთელი მატჩის განმავლობაში.

სტუმრებს უკვე მე-6 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. შეტევა აკაკი შულაიამ წამოიწყო, რომლის პასითაც ჩალაძემ გააგრძელა იერიში, ორ მცველს გასცდა და ტრეტიაკს დაუგორა ბურთი, უკრაინელმა დაბალ კუთხეში დაარტყა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.

მომდევნო შეტევაც ჩალაძე-შულაიამ ერთობლივი ძალებით განახორცილეს, საბოლოოდ შულაია შეიჭრა "გურიას" საჯარიმოში, მასპინძელთა ფეხბურთელი იძულებული იყო თამაშის წესები დაერღვია. კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად გაიშვირა ხელი თერთმეტრმეტრიანის ნიშნულისკენ.

პენალტი უზადოდ რევაზ ბარაბაძემ შეასრულა, რომელმაც აუღებელი დაურტყა ხვედელიძეს და მეოთხე გოლი მიითვალა მიმდინარე სეზონში.

39-ე წუთზე "მერანის" განაპირა მცველმა კიჭი მელიავამ ჩაახვია ბურთი კუთხურის ალამიდან "გურიას" საჯარიმოში, გურულთა კიპერი არადამაჯერებლად გამოვიდა, ყველას ლომაშვილმა დაასწრო და ახლო მანძილიდან უფრო სოლიდური გახადა ანგარიში.

ტაიმის მიწურულს, მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ სტუმრებს. რევაზ გეწაძის მიერ შესრულებული სტანდარტის შემდეგ, მეკარემ მუშტებით კუთხურზე მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარში მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ და 57-ე წუთზე "ექს-მერანელი" ალექსანდრე შენგელიას უძლიერესი დარტყმის განეიტრალება მოუწია ზურაბ მამალაძეს, 69-ე წუთზე კი "მერანის" გამოცდილმა კიპერმა პუბლიკის ოვაცია დაიმსახურა, რადგან ახლო მანძილიდან სანდრო ბახიას მიერ დარტყმული ურთულესი ბურთი მოიგერია.

82-ე წუთზე, წესით გოლი უნდა გასულიყო "გურიას" კარში, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ აშკარად არ გაუღიმა შეცვლაზე შემოსულ შოთა ჯიქიას. შეტევა ტეიდმა წამოიწყო, რომლის პასით ტრეტიაკმა შოთა ჯიქია გაიყვანა ხელსაყრელ ადგილას, "მერანელმა" მეურვე მარტივად ჩამოიცილა და ტექნიკურად დაარტყა, ბურთი გვერდითა ძელს მოხვდა.

საბოლოოდ მატჩი "მერანის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ეს მარტვილელების მიერ მოპოვებული ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა. მატჩის დასასრულს, "მერანის" პრეზიდენტს, ფრიდონ ინჯიას, რომელიც თავისი გუნდის ყველა თამაშს ესწრება, გულშემატკივრებმა გამარჯვება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს იმ სიხარულისთვის, რასაც "მერანი" შესანიშნავი თამაშებით ჩუქნის თავის რაიონს.

გუნდი მომდევნო ტურის მატჩს მარტვილში ჩაატარებს. 23 აპრილს "მერანი" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს. დღევანდელი მონაცემებით კი მარტვილის გუნდი 19 ქულით პირველ ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

13 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი, "ევ. შევარდნაძე". VII ტური

"გურია" (ლანჩხუთი) - "მერანი" (მარტვილი) 0-2 (0-2)

მამალაძე, ორბელაძე, მაისაშვილი, მელიავა (ლუკავა 86'), გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე, შულაია, ტრეტიაკი (წოწონავა 82'), ბარაბაძე (ჯიქია 58').

სათადარიგო: კულუა, გიორგაძე, თოლორდავა.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

"გურია": ხვედელიძე,შენგელია, კუსიანი, მოსიძე, მეგრელიშვილი, კაშია, კიკნაველიძე (კოტრიკაძე 53'), მალანია, ბარბაქაძე (ტყემალაძე 67'), ბახია, გოგუაძე.

სათადარიგო: ძაგანია, ლაბაძე, ნარიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

გოლები: ბარაბაძე (18' პენ), ლომაშვილი (37').

გაფრთხილება: კუსიანი (27'), ტრეტიაკი (52'), ჯიქია (60'), ბახია (67').

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

 

წყარო