სპორტი
„მქონდა მომენტი, როდესაც საერთოდ არავის ვახსოვდი" - რაზე სწყდება გული ყველაზე მეტად გურამ თუშიშვილს?
„მქონდა მომენტი, როდესაც საერთოდ არავის ვახსოვდი" - რაზე სწყდება გული ყველაზე მეტად გურამ თუშიშვილს?

„რეალობა მაინც ესაა -  წარმატებული როცა ხარ, მაშინ უნდიხარ ყველას, ეს ასეა, ხალხის ფსიქოლოგიაა და ამას ვერ შევცვლი. მქონდა მომენტი, როდესაც საერთოდ არავის არ ვახსოვდი, მაგრამ ამაზე არ მწყდება გული...”
 

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორ ძიუდოისტ გურამ თუშიშვილს განვლილი კარიერის განმავლობაში არა ერთ წარმატებასთან ერთად იმედგაცრუებაც ბევრი ჰქონდა...

„გასულ წელს ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა, ავარიაშიც მოვყევი და რთული პერიოდი მედგა. ამ დროს ძალიან დამეხმარა ჩვენი თილისმა, ზურა კახაბრიშვილი. ყველაფერში გვერდით დამიდგა, არა მარტო მედიცინის კუთხით, ფსიქოლოგიურადაც ძალიან დამეხმარა. მისნაირი ხალხი ძალიან სჭირდება ქართულ სპორტს. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო, ლაშა გუჯეჯიანს,  რაღაც პერიოდი ისე მედგა გვერდით, მასთან სახლში ვცხოვრობდი, მისი მეუღლე გვიმზადებდა საჭმელს. მე და ლაშა ერთად ვვარჯიშობდით ხოლმე, ტრავმა მქონდა და ცალი ხელით ვვარჯიშობდი. ახლაც ერთად ვვარჯიშობთ, მაგრამ იმ პერიოდში ძალიან დამეხმარა, ფსიქოლოგიურადაც გამაძლიერა. ისე კი ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი  წვლილი ჩემს პირველ მწვრთნელს მიუძღვის -  ბათუ ჯიქურს. მან მასწავლა ყველაფერი, არა მარტო სპორტი - ცხოვრება, ზრდილობა, მეტოქის პატივისცემა. ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის და ყველანაირად ვეცდები არ გავუცრუო იმედი…“

ძიუდოში ვარჯიში 12 წლის ასაკში დაიწყო. ხელს ოჯახური ტრადიციაც უწყობდა და ხასიათიც...

„ძალიან აქტიური და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სახლში ყველას ვღლიდი. ოჯახმა გადაწყვიტა სპორტზე მივსულიყავი, თან მამა მყავდა სპორტსმენი და ამანაც განაპირობა. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა და ყველანაირად ხელს უწყობდა ჩემი სპორტული კარიერის განვითარებას. ახლაც ასეა. რაღაც ტრადიციებიც კი გვაქვს და ცრურწმენებისაც კი გვჯერა, მაგალითად ის, რომ აეროპორტში ერთად წავიდეთ, რომ ჩანთა აუცილებლად დედამ ჩამილაგოს და ასე შემდეგ. ახალა უკვე პირადი ოჯახიც მაქვს, ზაფხულში შევქმენი, პატარა გოგონაც მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ“
 

ვარჯიშის დაწყებიდან წარმატება მალევე არ ყოფილა, რამაც ცოტა იმედიც გაუცრუა და ერთი პერიოდი სპორტისთვის თავის დანებებაც აფიქრებინა,  მაგრამ გადაწყვიტა მეტად მოენდომებინა, რამაც საბოლოოდ  შედეგი მაინც გამოიღო, თუმცა ის, რის მიღწევაც ახალგაზრდულ ასაკში ვერ შეძლო, მისთვის ყველაზე დიდ გულისტკივილად რჩება...

„თავიდანვე ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ პირველ ეტაპზე იმედგაცრუება უფრო მქონდა. ზოგჯერ ისე ვყოფილვარ, რომ თავის დანებებაზეც მიფიქრია,  მაგრამ მაინც მოვინდომე, უფრო მეტი ვივარჯიშე და პირველი შედეგიც იყო -  16 წლის ასაკში  ჭაბუკების ნაკრებში ევროპაზე ავიღე მესამე ადგილი, შემდეგ მსოფლიო მოვიგე. ფინალში ქართველს ვეჭიდავე, შაკო ჩოჩელს, ჩემს მეგობარს. აქიდან დაიწყო ჩემი წინსვლა. შემდეგ გადავედი ახალგაზრდებში, ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ორ წონაში -100-ში და მძიმეში. ახალგაზრდებში მსოფლიოზე ვერ გავაკეთე შედეგი, ორივეჯერ იაპონელთან დავმარცხდი. ვერ გავთვალე რაღაცები, ტექნიკური ხარვეზების გამო, თორემ იქაც აუცილებლად მოვიგებდი, ძალიან  მწყდება გული ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რომ არ ვარ. ძალიან მინდოდა, რადგან ვინც ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მერე ყველამ დიდი შედეგი გააკეთა და ძალიან მწყდება გული, შეიძლება დიდებზე მეტადაც მინდოდა, მაგრამ არაუშავს დავივიწყე ეგ და ახლა შევეცდები დიდებში გავაკეთო შედეგი”



 

უფროსებში მისი წარმატება გასულ წელს საქართველოს ჩემპიონობით დაიწყო. წელს კი უკვე სამ ტურნირზე იყო და აქედან ორი შთამბეჭდავად მოიგო, თუმცა თვითონ ეგონა, რომ ახალ წონაში თავიდან გაუჭირდებოდა. მისი აზრით, პარიზში სწორედ ეს - საკუთარი თავის რწმენა დააკლდა.

ბაქოს გრან სლემისა და ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კი  განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზეც - მსოფლიოს ჩემპიონატზეც ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩადის და როგორც ამბობს, ამის სასიკეთოდ გამოყენებასაც აპირებს...

„როდესაც რამეს იგებ და ცნობილი ხდები, შემდეგ უფრო მეტი შრომა გჭირდება, რადგან ყველა გაკვირდება, ის რომ ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მექნება, უნდა გამოვიყენო ყველანაირად სასიკეთოდ. არ უნდა მოვდუნდე და უფრო მეტი უნდა ვივარჯიშო. ძიუდო ისეთია, რომ სულ მაგარი ვერ იქნები, ძალიან ვითარდება და სპორტსმენიც უნდა განვითარდეს და დაიხვეწოს. ამიტომ სხვა ილეთებიც უნდა დავხვეწო, რადგან ახალა ჭიდაობა ცოტა ერთფეროვნებაში მომიწია. ჭკვიანი ძიუდოისტი მერე დამიბლოკავს და სხვა არსენალიც უნდა მქონდეს. ასე რომ მსოფლიომდე ბევრ ვარჯიშს ვაპირებ, როგორც ფიზიკურ, ისე ტაქტიკურ მომზადებას. ძალიან მინდა, რომ მოვიგო.  მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ქართველი აქამდე არავინ ყოფილა და მაგარი იქნება გამარჯვება. მსოფლიომდე რამე ტურნირზე ვიჭიდავებ თუ არა, ჯერ არ ვიცი. ამას ჩვენი მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე გადაწყვეტს. მე მაინც მგონია, რომ დავისვენებ და ძირითადად ვარჯიშს დავუთმობ დროს, რომ მსოფლიოზე კარგი შედეგი გავაკეთო”

მეტოქის ტაქტიკურად შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგიერთი მათგანისთვის კი კონკრეტულ ილეთსაც კი ამზადებს, მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკას კრპალეკთან გაკეთებული გდება წინასწარ ჰქონდა დამუშავებული. თუმცა, ამასთან მიაჩნია, რომ ტატამზე მდგომი ნებისმიერი სპორტსმენი, განურჩევლად ტიტულებისა, ანგარიშგასაწევი მეტოქეა...

„ძიუდო იძლევა იმის საშუალებას, რომ მეტოქეს  ტაქტიკურად მიუდგე. ახალა ზუსტად ვიცოდი, რომ კრპალეკი მაქედან დაეცემოდა. მე და ჩემი ტრენერი, ბათუ ჯიქური ვამუშავებდით მაგ ილეთს, ერთი თვის შეძენილი იყო ეგ ილეთი, ბარნა ბორიც ასევე დავაგდე ბაქოში. გუნდურის ფინალშიც ვიცოდი, რომ თუ დავაგდები საიდოვს, მხოლოდ მაქედან, მეტი არაფრიდან არ დაეცემოდა. აბა, მაგასთან „უჩი მატას“ ვერ გავაკეთებდი. შიში არც ერთი მეტოქის არ მაქვს, სპორტსმენს თუ თავის თავის არ სწამს დიდ შედეგებს ვერ მიაღწევს. ყველაზე მეტად რისიც მეშინია, ესეაა ჩემი თავი. ისე კი ყველას ანგარიშგასაწევ მეტოქედ მივიჩნევ, არ უნდა წახვიდე შეჯიბრზე იმ განწყობით, რომ ვინმე ერთია შენი კონკურენტი, ტატამზე ყველა მოსაგებად გამოდის“
 


 

​ევროპის ჩემპიონატის გუნდურ პირველობაზე რუსეთთან გამართულ ფინალში გადამწყვეტი შეხვედრა მას მოუწია. ამბობს, რომ გამარჯვებისთვის განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად  განეწყო, მიუხედევად იმისა, რომ მისთვის მთავარი მოგებაა და მეტოქეს არ ანიჭებს მნიშვნელობას. ცდილობს სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან მაქსიმალურად გამიჯნოს...

„ვიცი, რომ იყო სკეპტიციზმი რუსეთთან ფინალის წინ, მაგრამ არ წავაგეთ, არც არასდროს არ წავაგებთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე არ ვუყურებ ასე, რომ რადგან რუსეთია რამე განსაკუთრებულია მათ დამარცხებაში. ძალიან კარგი ბიჭები არიან. ვმეგობრობ მათთან, დამიჯერეთ, ბევრ ქართველს სჯობიან ურთიერთობაში, შეგნებაში და გვერდზე დგომაში. ჩემთვის სპორტი პოლიტიკური სახე არაა, ბოდიშს მოვუხდი იმ ხალხს, ვინც რუსეთისგან ომის დროს დაზარალდა, შეიძლება მათ ცუდად გაიგონ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სპორტი სპორტია. რუსი ძიუდოისტებიც ასე ფიქრობენ. კონკრეტულად ამ შეხვედრაში კი ძალიან „დავიგრუზე“, რადგან ჩვენმა ისეთმა ლიდერებმა წააგეს ლაშამა და ზებედამ - ორმა უძლიერესმა სპორტსმენმა, რომ აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. ძალიან მინდოდა გამარჯვება და მაქსიმალურად მოვბილიზდი, არადა ვფიქრობდი, რომ ჩემამდე არც მოვიდოდა და მანამდე შეძლებდნენ ბიჭები მოგებას. ფსიქოლოგიურადაც გამარჯვებისთვის განვეწყე, ბუნებრივია, ვნერვიულობდი, ასეთ დროს ადამიანი თუ არ ნერვიულობს, მაშინ ცოტა პრობლემები აქვს, მაგრამ შევძელი თავის კონტროლი, საერთოდ ვცდილობ ხოლმე ნერვიულობა არ შევიმჩნიო, განსაკუთრებით ჭიდაობაზე, ამით მხოლოდ მეტოქეს მივცემ შანსს“   

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში, პარიზის გრან სლემზე უკვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ალბათ, მაინც ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ მომდევნო ორ ტურნირს ასე შთამბეჭდავად მოიგებდა. მართლაც, მოგებაც არის და მოგებაც. ბაქოშიც და ვარშავაშიც ძლიერი, გამოცდილი, ტიტულოვანი ძიუდოისტები ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით, თითქოს ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამარცხა. ფაქტია მსოფლიო ძიუდოს თუშიშვილის სახით ახალი ვარსკვლავი შეემატა, ამ წონაში კი ძლიერი სპორტსმენის გამოჩენას, რასაკვირველია, მოჰყვა კითხვა - შეძლებს გურამ თუშიშვილი ლეგენდარული ტედი რინერის ჰეგემონიის დასრულებას? - თავად გურამი მისი და რინერის მოსალოდნელი შეხვედრის და მით უმეტეს შედეგის შესახებ საუბარს თავს არიდებს, თუმცა მიაჩნია, რომ:

„ყველაფერი იქნება, თუ იქნება შრომა და ვარჯიში. ჩვენ გვაქვს ქართველებს ამის პოტენციალი. ყველანაირი ნიჭი გვაქვს ილეთების გაკეთების, ჩვენი ერთადერთი პრობლემა რაც არის, სუნთქვის პრობლემაა, ფიზიკური მომზადება”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მომავალს დიდი იმედით უყურებს. მიაჩნია, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ბევრის მიღწევას შეძლებას...

„ძალიან მაგარი გუნდი და მწვრთნელები გვაყვს. ყველაფერს გააკეთებს ეს გუნდი, თითქმის ყველა ახალგაზრდები ვართ, ადაპტაციაც გავლილია უკვე და დაწმუნებული ვარ,  ძალიან ბევრი შედეგი გვექნება. არა მარტო მე, ნაკრებში ჩემზე მაგარია ბევრი, თან ისეთი ადამიანები გვიდგას გვერდზე, თუნდაც ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარი ბექა ღვინიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ძალიან დიდი სპორტსმენია ამირან პაპინაშვილი, საერთოდ ძალიან მაგარი გუნდია და ბევრ რამეს გავაკეთებთ”

- პირადად შენს მიზნებსა და მომავალზე რას გვეტყვი?

- მე ყოველთვის პირველობაზე ვფიქრობ. არასდროს არ ვფიქრობ, რომ მეორეთი ან მესამეთი დავკმაყოფილდე. თუ მივდივარ შეჯიბრზე, მივდივარ მოსაგებად. სხვანაირად ვერც მიაღწევ დიდ გამარჯვებას. ისეთ დიდ გამარჯვებას, ძიუდოს გვირგვინი რაცაა - ოლიმპიური თამაშები. ყველაფერი მნიშვნელოვანია, ევროპაც, მსოფლიოც, მაგრამ ოლიმპიადის მოგებით ისტორიაში ხარ.
 

           

ფოტოები :  eju 

ვიდეოს ავტორი:  Georgia Wrestling

 

 

 

 

 




 

 



 

 

 

 

 

 

loading...