მოქალაქის ტრიბუნა
„ქუჩაში ხშირად ვაწყდები ერთმანეთში გადალაპარაკებას: "შეხედე, როგორია" - ვინ არის სანდრო მენსონი?
„ქუჩაში ხშირად ვაწყდები ერთმანეთში გადალაპარაკებას: "შეხედე, როგორია" - ვინ არის სანდრო მენსონი?

        მოქალაქის ტრიბუნა

  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაცია გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


 

სანდრო მენსონი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა და თავადაც ხელოვანია. გატაცებულია ფოტოგრაფიით, ამის გარდა არის თვითნასწავლი მუსიკოსი. ყველაფერთან ერთად სანდრო გარშემომყოფებისგან ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინდივიდუალური და არაორდინალური სტილით. იგი გვესაუბრა თავის კარიერაზე და იმ სირთულეებზე რაც გოთად ყოფნას საქართველოში ახლავს თან ...

პატარაობიდან ვხატავდი და არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა, გავიხსენებ, იორდანიის ბიენალეს, სადაც სპეციალური პრიზის მფლობელი გავხდი. პირველი გამოფენა 6 წლის ასაკში მქონდა. ხატვის გარდა ვიყავი გატაცებული დიზაინერობით. შექმნილი მაქვს დეკორატიული მინის ბოთლების კოლექცია, ვაკეთებ საინტერესო აქსესუარებს. ამის გარდა დაკავებული ვარ მუსიკით. სიმღერა დავიწყე ჩემით, პედაგოგთან არასდროს მივლია, წლების განმავლობაში თავად ვიმუშავებდი ვოკალს, ვსწავლობდი სიმღერას, და ჩემს ვოკალურ მონაცემებს ვხვეწდი. შემდეგ ჩავწერე პირველი სიმღერა, ავტვირთე  youtube-ზე და  საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა. ჩემი ხმის ტემბრი და მუსიკალური ჟანრი მაინც უცხო იყო საქართველოსთვის, ამიტომ ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ფართო საზოგადოების წინაშე კი რამდენიმე წლის შემდეგ წარვდექი და ჩავატარე ჩემი პირველი სოლო კონცერტი, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.  ამის შემდეგ კი აქტიურად დავკავდი მუსიკით.

-პირველად როდის გაგიცნო ქართველმა მსმენელმა?

-სანამ ტელეეკრანებზე გამოვჩნდებოდი, მანამდე ჩემზე არაერთი სტატია იწერებოდა ონლაინ პრესაში და ჟურნალებში. პირველად ტელეეკრანებზე გამოვჩნდი 2014 წელს მაესტროს დღის შოუში, როდესაც ორგანიზება გავუწიე საქართველოში გოთების საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილ ღონისძებას. ამის შემდეგ იყო ნანუკას შოუ, გადაცემა კრაზანა, ტელეკომპანია იმედის და იბერიის რამდენიმე გადაცემა და სხვ.

როგორი ბავშვი იყავი? გარშემომყოფები თავიდანვე გრძნობდნენ, რომ საქმე  არაორდინალურ ადამიანთ ჰქონდათ?

 -ვფიქრობ, რომ ბავშვობაშიც განსხვავებული ვიყავი. ყოველთვის გამოვირჩეოდი ინდივიდუალიზმით. ეს ეხებოდა ჩაცმის სტილს,  ვარცხნილობას, ხასიათსაც კი. საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი, აქედან გამომდინარე, გარშემომყოფებისთვის ამოუცნობი და იდუმალი. ხელოვანი ადამიანების ოჯახში გავიზარდე. ჩემთვის ხელოვნება ყველაფერია, ძრირითადად, მთელი დღე,  სწავლის შემდეგ ხატვით ვიყავი დაკავებული და ჩემი ხედვები და ფანტაზიები ქაღალდზე გადმომქონდა.

რამდენი წლისა გაგიტაცა გოთურმა სუბკულტურამ?

 -14-15 წლის ასაკში მიმიზიდა გოთურმა სუბკულტურამ, მისმა ესთეტიკამ და განსხვავებულმა სტილმა. ვკითხულობდი გოთური ჟანრის ლიტერატურას, დავიწყე გოთიკის მოსმენა, გავეცანი გოთურ ხელოვნებასა და მუსიკას.ამის შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი თავი გოთიკაში მივხვდი  რომ ეს არის ჩემი სამყარო და შინაგანი მდგომარეობა. გოთიკა იყო და არის, ეს ჩემთვის დროებითი გატაცება არასდროს ყოფილა, გოთიკა მთელი ცხოვრებაა.

            

რამ იქონია გავლენა შენზე, რამ გიბიძგა იმისკენ რომ თავად გამხდარიყავი გოთური სუბკულტურის ნაწილი?

-გავლენა იქონია ისევ და ისევ ხელოვნებამ, გოთურმა ლიტერატურამ და მუსიკამ. გავეცანი გოთური სუბკულტურის ისტორიას, მსოფლმხედველობას, სტილს, ესთეტიკას და აღმოვაჩინე რომ ეს ყველაფერი ჩემში იყო, ჩემ ხასიათს და შინაგან მდგომარეობას ესადაგებოდა. მივხვდი რომ თავადაც გოთიკის ნაწილი ვიყავი, უკვე ცხრა წელზე მეტია რაც ამ სუბკულტურის წარმომადგენელი ვარ.

რა რეაქცია აქვს ხალხს შენი დანახვისას და იცვლება თუ არა მათი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში?

-ჩემი დანახვისას ხალხს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს.  დიდ ყურადღებას ვიქცევ, ხშირად ვხედავ გაკვირვებულ სახეებს, ზოგს მოსწონს ჩემი სტილი, ზოგს არა. თუმცა ძირითადად მაინც ნეგატიურ დამოკიდებულებას ვაწყდები. ისინი უარყოფითად აღიქვამენ განსხვავებული იმიჯის მქონე ადამიანებს, სამწუხაროდ, ხალხს უჭირს სიახლეების მიღება. 9 წელია გოთური იმიჯით დავდივარ, სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ ვგრძნობ საზოგადოების ცვლილებას, აქ ყველაფერი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება ან ერთ ეტაპზეა გაჩერებული. ყოველდღიურად ხშირად ვაწყდები ისეთ ფაქტებს, როგორიცაა ერთმანეთში გადალაპარაკება: "შეხედე, როგორია". ძირითადად თავისთვის ჩაილაპარაკებენ ხოლმე, უტაქტო შეძახილებიც არაერთხელ ყოფილა, თუმცა მე ჩემი ინდივიდუალური სტილის დაკარგვას არ ვაპირებ ამის გამო და ბოლომდე ის დავრჩები ვინც ვარ.

-ყველაზე ხშირად რა "მითებს" იგონებენ და რა ჭორები გესმის გოთებზე, თუნდაც პირადად შენზე?

-ყველაზე ხშირად გოთებს აბრალებენ სატანისტობას, სექტანტობას. ვითომ ისინი კატებს ატყავებენ და ათას საშინელებას აკეთებენ. თუმცა ეს სრული აბსურდია. გოთიკა არაა ანტირელიგიური,  პირიქით, ის ძალადობის მოწინააღმდეგეა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები, მე, პირადად, მათი დაცვით აქტიურად ვარ დაკავებული. საზოგადოებას კი მსგავსი დამოკიდებულება გოთების მიმართ იმიტომ აქვს, რომ ჩვენ განსხვავებულ იმიჯს ვატარებთ. ეს, ალბათ, მათ აშინებთ, არ არიან ინფორმირებულები ამ სუბკულტურის შესახებ და არ იციან რა არის გოთიკა.

-რას აკეთებს სანდრო მენსონი თავისუფალ დროს? რა საქმით ხარ დაკავებული (მუსიკისა და ფოტოგრაფიის გარდა) და რა არის შენი ჰობი?

თავისუფალ დროსაც ისევ ჩემი სფეროებით ვარ დაკავებული: ვხატავ, ვმღერი, დავდივარ რეპეტიციაზე, სტუდიაში ვწერ სიმღერებს, ვგეგმავ ფოტოსესიებს, ვეძებ განსხვავებულ ტიპაჟებს და ვცდილობ მათ წარმოჩენას ფოტონამუშევრებში, აგრეთვე ვიგონებ კოსტუმებს და სცენის ტეკორაციებს ჩემი კონცერტებისთის. დავდივარ კინოში მეგობრებთან ერთად. როგორც აღვნიშნე, ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები,სახლში სამი ძაღლი მყავს და მათ ვუვლი, ვასეირნებ.

-რომელმა პროექტმა ან სატელევიზიო შოუმ მოგიტანა ყველაზე დიდი წარმატება?

-წელს ვიყავი სახალხო პროექტის - "ნიჭიერის" მონაწილე. ჩემთის ეს დიდი გამოცდილება იყო, ფილარმონიის სცენაზე, უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე პირველად წარვსდექი. ვთვლი რომ საკმაოდ წარმატებული გამოსვლა გვქონდა: ოთხი ‘’კი’’, ჟიურის საუკეთესო შეფასება და ხალხის ოვაციები. ნიჭიერის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნო, უამრავი გულშემატკივარი გამომიჩნდა, ამან ჩემს კარიერაზე დადებითად იმოქმედა.

-მოგვიყევი შენი სამომავლო გეგმები შესახებ

-რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად ჩავწერე ორი ახალი სიმღერა, ვაპირებ კლიპის გადაღებას. აგრეთვე ვთანამშრომლობ რამდენიმე მუსიკოსთან და კომპოზიტორთან, ვამზადებთ ერთობლივ პროექტს. 22 მაისს კი, როგორც ყოველ წელს, გოთების საერთაშორისო დღის ორგანიზატორი ვარ და ვატარებ კონცერტს, სადაც მსენელის წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა ჯგუფები(ჯერ არ დავაკონკრეტებ) მათ შორის მეც. 

                          

                                                                                                                   ავტორი: ეთო ხითარიშვილი

loading...