მოქალაქის ტრიბუნა
„ასე ძალიან თუ უჭირს უნივერსიტეტს, ხომ არ შევთავაზოთ დახმარება და ჩვენი პენსიიდან ხომ არ ვუწილადოთ თანხა?“ - რას ითხოვენ სააკაშვილის მიერ „ჩარეცხილი“ პროფესორები და რატომ თვლიან, რომ კიდევ ერთხელ „ჩარეცხეს“?
„ასე ძალიან თუ უჭირს უნივერსიტეტს, ხომ არ შევთავაზოთ დახმარება და ჩვენი პენსიიდან ხომ არ ვუწილადოთ თანხა?“ - რას ითხოვენ სააკაშვილის მიერ „ჩარეცხილი“ პროფესორები და რატომ თვლიან, რომ კიდევ ერთხელ „ჩარეცხეს“?

აკადემიური წოდება: პროფესორი/დოქტორი

სამუშაო სტაჟი: 30-65 წელი

ჯანმრთელობის მდგომარეობა: მძიმე

საარსებო წყარო: პენსია

სტატუსი: “ჩარეცხილი”

 

2016 წელს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით დაიმედებული 400-მდე ადამიანი, ერთწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ისევ მორალური და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. 2015 წლის ივნისში,  მაშინდელი რექტორის,  ვლადიმერ პაპავას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილი პირობები ვადის გასვლისთანავე პოლიტიკური დაპირებებივით აორთქლდა. შესაბამისად, განსაკუთრებული დამსახურების მქონე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით პენსიისა და მწარე რეალობის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. არადა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №57/2015 დადგენილების საფუძველზე გაცემული 50 ლარამდე თანხა გასული წლის დასაწყისში უმრავლესობისთვის არა მარტო ერთი წამლის ფული, არამედ სააკაშვილის მიერ „ჩარეცხილებად“ შერაცხვის სანაცვლოდ მორალური კომპენსაციის მოპოვების საფუძველი აღმოჩნდა.

ახლა რექტორი გიორგი შარვაშიძეა, რომელსაც ვლადიმერ პაპავას მსგავსად, “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით არ უსარგებლია. შესაბამისად, 2017 წლიდან პროფესორებს ის მიზერული დახმარებაც შეუწყდათ, რომლითაც განსაკუთრებული დამსახურების მქონე ღვაწლმოსილ ადამიანებს უნივერსიტეტის მხრიდან ელემენტარულად გამოხატული მცირედი თანადგომის მუდმივი ილუზია შეექმნათ.

„სააკაშვილის მიერ ჩარეცხილი უნივერსიტეტის ღირსეული თანამშრომლები ახალმა რექტორმა კიდევ ერთხელ ჩარეცხა. ამბობენ, ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა და მიზეზიც ესააო. შემოსავალი როგორ არ აქვს? უნივერსიტეტის მეორე კორპუსი გაქირავებული ყოფილა, ბიბლიოთეკაში ტრენინგები ტარდებაო და ა.შ. თუ ჩემ გაზრდილ სტუდენტს 3800 ლარი აქვს ხელფასი, ჩემთვის 33 ლარი უნდა დაენანოს უნივერსიტეტს? PSP-ში ვიყავი, პენსიონერს წამლების ფული დაუანგარიშეს, 104 ლარი გამოვიდა. მოვკვდე აქვე, მირჩევნიაო, ამბობდა. ეს 30-40 ლარი, რომელიც უნივერსიტეტმა გაიმეტა ერთი წლის განმავლობაში, რაღაცას მაინც გვშველოდა. ერთ წამალს იყიდდა ადამიანი. ერთი წლის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ ვიღაცას ვახსოვდით. ეს, იცით, რამდენს ნიშნავს? ნუგეშია ამ სიბერეში. ერთ-ერთმა პროფესორმა, ვანო გიგოშვილმა,  რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის მხრივ, მითხრა, შვილიშვილი მეცოდება, თორემ თავს მოვიკლავდიო. ერთი ქალბატონია კიდევ, ასევე დიდი დამსახურების მქონე, ონკოლოგიური ავადმყოფია, ოპერაცია გაიკეთა და უმძიმეს მდგომარეობაშია. მისთვისაც  40 ლარი დაენანა უნივერსიტეტს. მართლა ჩაგვრეცხეს ყველა.“- განაცხადა ჩვენთან საუბარში უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა, ცისანა კვირიკაშვილმა.

„მივუდგეთ ამ საქმეს ქრისტიანულად“ - ამ თხოვნით  sazogadoeba.ge-ს რედაქციას „ჩარეცხილთა“ ბედით  ძალიან შეწუხებლმა პროფესორმა, საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, დემურ ბახტაძემ მომართა. პროფესორის თქმით, უნივერსიტეტში წარმოუდგენელი ამბები ხდება.

-ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ხალხი რა სიტუაციაშია. მე მოგცემთ ტელეფონის ნომრებს და ძალიან გთხოვთ, დაურეკეთ, დაინტერესდით, გაიგეთ მათი მდგომარეობა. მე არაფერი მიჭირს, ეს თანხა არ მჭირდება, ყოფილი დეპუტატი ვარ და მაღალი პენსია მაქვს, მაგრამ... აქ მარტო მე ხომ არ ვარ? ფენომენალური ხალხის ოჯახები დღეს უმწეო მდგომარეობაშია. მათი საკითხი შესასწავლია. დაელაპარაკეთ და დარწმუნდებით თვითონ. ერთი წელი ამ ადამიანებმა, ფინანსურთან ერთად, მორალური თანადგომაც იგრძნეს.  ძალიან გთხოვთ, ამ საკითს მივუდგეთ ქრისტიანულად“- აღნიშნა პროფესორმა.

ბატონმა დემურმა, დაახლოებით, 10 ადამიანის ტელეფონის ნომერი ჩაგვაწერინა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანთან დავრეკეთ. ისტორიაც და მდგომარეობაც იდენტურია - ეს ადამიანები საკუთარი შრომის დაფასებას და გაწეული ღვაწლისთვის ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ.

ცისანა დვალი: ეს იყო მორალური მხარდაჭერა, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფინანსურადაც გვეხმარებოდა. ჩემი მეუღლე, ამირან გაგნიძე, პროფესორია, 44 წელი იმუშავა, დღესა და ღამეს ათენებდა, რომ მაქსიმალური შედეგი მიეღო, სახელმძღვანელოები მოემზადებინა და ა.შ. ბოლოს ინსულტმა დაარტყა და დავრჩით ასე უსახსროდ, შეჭირვებულად. იმიტომ კი არა, რომ საარსებო წყარო არ გვაქვს, ელემენტარული რაღაც გაგვაჩნია, მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც შვილებს შეჰყურებ ხელებში, რომელთაც 3-3 ბავშვი ჰყავთ, იმათაც თავისი პრობლემები აქვთ.  შექმნილმა მდგომარეობამ ძალიან დაგვთრგუნა და ძალიან შეგვაწუხა. მერე უნივერსიტეტის მცირედი მორალური მხარდაჭერა ვიგრძენით, რომელიც მიზერული თანხით გამოიხატა. ახლა ესეც აღარ გვაქვს. თითქოს ძალიან მცირე იყო თანხა, მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავდა. აკადემიური საბჭოს დადგენილებაში ეწერა, რომ ეს ყოველწლიურად იქნებოდა და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთი წელი მოგვცეს მხოლოდ. მიზეზის გასაგებად რამდენიმე პროფესორი ავიდა უნივერსიტეტში, ჩემი მეუღლე მათ შორის არ იყო, ვერც იქნებოდა, გადაადგილება უჭირს, ვერ იცვამს, ვერ მოძრაობს, ყველაფერში დახმარება სჭირდება, თუმცა სხვებმა მოგვიტანეს ამბავი, - უკიდურესად უჭირს უნივერსიტეტს ფინანსურად და ამის გამო ვერ გვეხმარებიანო. როგორც თქვეს, სახელმწიფოც არ ეხმარება მაინცდამაინც და თურმე თანამშრომლებსაც ვერ აძლევენ პრემიებს, იმ თანამშრომლებს, რომელთაც გაზრდილი, 2000-3000 ლარიანი ხელფასები აქვთ... და უფრო მეტიც... ერთი სიტყვით, როდესაც პროფესორები მივიდნენ, ასეთი პასუხი გამოიტანეს...

არადა, სულ 50 ლარზე იყო საუბარი, საშემოსავლოც იქვითებოდა და ხელზე ასაღები 44 ლარი გამოდიოდა. ამასაც კვარტალში ერთხელ გვაძლევდნენ, 132 ლარი იყო სამი თვის ანუ. ბატონი დემური (ბახტაძე) მაშინაც აქტიურად იყო ჩართული საქმეში. ცდილობდა, მიეღწია, რომ დამსახურებული თანამშრომლებისთვის ემერიტუსის სტატუსი მიენიჭებინათ, მაგრამ არ გამოვიდა.

რა ვიცი, ასე ძალიან თუ უჭირს უნივერსიტეტს, ასეთ დღეში თუ არიან, ვფიქრობ, ხომ არ შევთავაზოთ დახმარება და ჩვენი პენსიიდან ხომ არ ვუწილადოთ თანხა? ჩვენც ძალიან გვიჭირს, მაგრამ... თუ ასე მძიმე მდგომარეობაში არიან, რა ვქნათ?!

ქვეყანაში უამრავი გაჭირვებულია, მაგრამ მეცნიერებას, ვფიქრობ, მაინც სხვა მიდგომა სჭირდება. ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი ვიშრომეთ, დღე და ღამე ვიმუშავეთ, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა გავწიეთ, უამრავი დისერტაცია და ნაშრომი შევქმენით, ეს სხვანაირი შრომაა, ინტელექტუალური. ვფიქრობ, უნივერსიტეტს შეუძლია, დაუფასოს ამ ადამიანებს. სულ რაღა დარჩა? რაც მე ვიცი, სამი პროფესორი უკვე გარდაიცვალა 2016 წელს. ჩვენ, იცით, რისთვის ვიბრძვით? განკურნებისთვის კი არა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, ცოტა გახანგრძლივებისთვის. მაგრამ... თუ ეს ასე პრობლემურია უნივერსიტეტისთვის, თუ ასე მტკივნეულად მოქმედებს მის ბიუჯეტზე, ამაზეც უარს ვიტყვით...

ანზორ ლაშხია: 63 წელია, ჩემს უნივერსიტეტში ვარ. ყველა საფეხური გავიარე, პენსიაში გასვლამდე დოქტორი ვიყავი და უძლიერესი ფაკულტეტის დეკანიც. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე გაგვიხარდა მე და ჩემს თაობას, რომ უნივერსიტეტმა რაღაც პატივი გვცა და ის გროშები გადმოგვიგდო. 45-50 ლარი სულ, მაგრამ ეს მორალური მხარდაჭერა იყო. ე.ი. გვაფასებდნენ.

პაპავა იყო მაშინ რექტორი. ძალიან გახარებულები ვიყავით... ახლა ახალი მოსულა ვიღაც და ეს ამბავიც ჩაშალეს.

ჯანმრთელობის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, ორივე თვალზე ოპერაცია გავიკეთე და  20%-ს ვხედავ სულ, მეტს არა. ჩემებს ხელით დავყავარ ლამის. შემოსავალი პენსიის გარდა არაფერი გვაქვს და...

ზოგადად, ძველები უნდა გაიხსენოს ყოველთვის უნივერსიტეტმა. უნდა შეკრიბოს ხელმძღვანელობამ და გააცნოს ახალგაზრდებს. მაგრამ სადაა პატრონი? ყველანი ჩარეცხილები როგორ უნდა ვიყოთ, როგორ? წარსულს თუ არ მივხედეთ, ისე აწმყო და მომავალი როგორ იქნება?

თქვენ ძალიან კეთილშობილურ საქმეს მოკიდეთ ხელი და თუ ამას შედეგი მოჰყვება, ეს ძალიან მაგარი ამბავი იქნება, ორივე მხარეს მოსალოცად გვექნება საქმე.

ოთარ ჭილაშვილი: უნივერსიტეტში 50 წელზე მეტი ვიმუშავე, 80 წლის ვარ. უამრავი შრომის ავტორი, საკმაოდ შთამბეჭდავი გამოცდილებით. ტრომბი, ანევრიზმა... მოკლედ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაქვს სახარბიელო. საკმაოდ ძვირადღირებული წამლებია საჭირო. ის 132 ლარი, რომელსაც კვარტალში ერთხელ გვაძლევდნენ, ჩვენთვის რაღაცას ნიშნავდა. თავიდან საუბარი იყო, თითქოს უნივერსიტეტიდან „გაყრილ“:ხალხს 200-300 ლარი მიეცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა. თანხა ბევრად მცირე აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში,  ეს მაინც მორალური მხარდაჭერა იყო. ერთ თავ წამალს მაინც ყიდულობდა ადამიანი. იცით, რამდენს ნიშნავს იმის გააზრება, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს საკუთარ  თანამშრომლებზე? მაგრამ ერთ წელიწადში ყველაფერი დასრულდა, დახმარება ყველას მოეხსნა. უნივერსიტეტი ამბობს, რომ ფული არ აქვს. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ბევრი სხვა პრობლემაცაა. თანამშრომლებსაც აღარ აძლევენ პრემიებს, რომელიც სულ რაღაც 100 ლარს შეადგენდა და წელიწადში სამჯერ: ახალ წელს, აღდგომას და მარიამობას ერიცხებოდათ. შემცირებებზეც იყო საუბარი, მაგრამ ახლა გაჩერდნენ. ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ ჩავიქნიეთ ხელი.

თინათინ ჯაში: პირადად ჩემთვის არც დახმარების დანიშვნა უკითხავს ვინმეს და არც მოხსნა. მიზეზიც არ უთქვამთ. ან რა მიზეზი უნდა მქონოდა? რა უნდა დამეშავებინა?! როგორც დანიშნეს, ისევე მოხსნეს. მიზერული იყო თანხა, მაგრამ პენსიონერი ვარ და ეს მცირედიც რაღაცას ნიშნავდა. წამლები გვჭირდება, არსებობა გვინდა და თუ ვინმე ცოტას მაინც დაგვეხმარებოდა, კარგი იქნებოდა, თუმცა... სცადეს პროფესორებმა, გაერკვიათ, რა ხდებოდა, რატომ აღარ იღებდნენ დახმარებას, მაგრამ ვერ გაარკვიეს. მე შვილთან ვცხოვრობ და ის მეხმარება. მადლობას გიხდით, რომ ამ პრობლემით დაინტერესდით, მაგრამ... შედეგი ექნება?

გულიკო ფარაჯაევა: მე ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, ჩემი მეუღლე დიალიზზეა. ეს დანამატი, რომელიც იანვრიდან შეგვიწყდა, რაღაცაში მაინც გვეხმარებოდა. პირადად მე ორ დღეში ერთხელ 20 ლარი მჭირდება + წამლები. ჩემს მეუღლესაც სჭირდება წამლები. ოთხი წელია, დიალიზის პროგრამაშია, ეს კია უფასო, მაგრამ... სხვა მედიკამენტებიც ხომ მაინც უნდა? საკმაოდ ძვირადღირებული წამლებია. გარდა ამისა, ასაკში ვართ, ხან წნევა გვაწუხებს, ხან - გული. ჩვენი აღებული თანხა ამ ჩვენს მედიკამენტებსაც არ ყოფნის., მხოლოდ პენსიით ვცხოვრობთ. შვილი მყავს, გოგონა, გათხოვილი, მას ორი სტუდენტი შვილი ჰყავს, რაც შეუძლია, ყურადღებას გვაქცევს, მაგრამ...  ეს მიზერულია... ჩვენ ბევრი გვჭირდება და მას საკუთარი ოჯახიც მისახედი ჰყავს.

ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სასწავლებელში მუშაობდა, როდესაც ეს დადგენილება გამოვიდა. პირობა იყო ასეთი - კანდიდატი სხვაგან არ უნდა ყოფილიყო დასაქმებული და სხვა შემოსავალი არ უნდა ჰქონოდა. მაშინ თქვეს, მინიმალური თანხა 200 ლარი იქნებაო. ასაკმაც თავისი ქნა, თან თირკმელები აწუხებდა და ამიტომ არსებული სამსახური დატოვა. 200 ლარის ნაცვლად,  დაგვინიშნეს 55 ლარი, ამას საშემოსავლო ექვითებოდა და ხელზე 44 ლარს ვიღებდით. სამ თვეში ერთხელ გვაძლევდნენ.

მეც და ჩემს მეუღლესაც უნივერსიტეტში მუშაობის 45 წლიანი სტაჟი გვაქვს. მეუღლე 18 წელი კათედრის გამგე იყო. მისი საერთო სტაჟი კი 52 წელს შეადგენს.  არის პროფესორი, ბიზნესაკადემიის წევრი.  ამ კატეგორიის ხალხს უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდება მიენიჭა და თითქმის შეუნარჩუნდათ თავიანთი ხელფასი. ჩვენ კიდევ უნივერსიტეტმა „ჩარეცხილებად“ გამოგვაცხადა.  ბევრი ასპირანტი ჰყავს აღზრდილი. მარკეტინგში სხვადასხვა სახელმძღვანელოების, ასევე  200-მდე შრომის ავტორია.  მეც ასევე.   მიღებული აქვს ღირსების ორდენიც. ამდენი მოღვაწეობის შემდეგ, რატომ ვერ უნდა მივიღოთ თუნდაც მორალური მხარდაჭერა.

აი, მაგალითად, ხელოვნების მუშაკებს დაუფასდათ და ბიძინა ივანიშვილი ეხმარება. ბუნებრივია, ამაზე პრეტენზია არ გვაქვს, უფრო პირიქით, ღმერთმა მეტი მისცეს, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ ჩვენც მოგვაქციოს ყურადღება? შეიძლება, ივანიშვილმა არც იცის, რომ ასეთი დამსახურების ხალხი  ასეთ მდგომარეობაშია ...

ამ თემაზე საკუთარი გულისტკივილი დოცენტმა გივი პაპიძემ რამდენიმე კვირის წინ  „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, ზაზა დავითაიას გაუზიარა, რომელმაც  ჩვენი წინა რესპონდენტის მსგავსად, დახმარებისთვის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მიმართვის ადრესატი აგრეთვე მოქმედი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც აღმოჩნდა.

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 40 წლის განმავლობაში ვიმუშავე. უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესურას შავი დღეები სააკაშვილის რეჟიმის მმართველობამ 2006 წელს დაუყენა, როცა განათლების ე.წ. რეფორმის საფუძველზე ცოდნის ტაძრიდან ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გამოგვყარეს დამსახურებულ პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა, დაახლოებით 80 %. ბიოლოგიის ფაკულტეტზე 500-მდე თანამშრომლიდან სამსახურში მხოლოდ 45 ადამიანი დატოვეს, დანარჩენები ჩაგვრეცხეს და ეს ამზრზენი პროცესი რეორგანიზაციად მონათლეს. სხვა ფაკულტეტებზეც ამგვარად მოიქცნენ. ზუსტად ვიცი, ამჟამად სტუდენტების რაოდენობა მაშინდელზე ნაკლები ნამდვილად არ არის.. ამ პროცესმა სწავლის დონე მნიშვნელოვნად დააკნინა, რადგან უნივერსიტეტში დარჩენილი პედაგოგების კონტიგენტი სტუდენტებს იმ საგნებსაც ასწავლიან, რომელშიც ნაკლებად არიან კომპეტენტურნი! რა თქმა უნდა, ყველაფრის გამო სააკაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ პროფესურის ჩარეცხვაში განსაკუთრებით იაქტიურეს მაშინდელმა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ. ცოდნის ტაძრის ნგრევა და მისი დიდების დამარხვა სწორედ ამ არამზადების ხელით მოხდა. დაახლოებით 3 ათასი თანამშრომელი დაგვტოვეს სამსახურის გარეშე. მოგეხსენებათ, პროფესორს ასაკი შვენის. მე მაშინ 68 წლის გახლდით, რაც პროფესორისთვის შემოქმედებითი პიკის ასაკია. დავრჩი ღირსებაშელახული, სრულიად უსახსროდ, პენსიის ამარა. 2017 წლის დადგომისთანავე შევიტყვეთ, რომ დახმარებას აღარ მივიღებდით. მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ ახლა, როცა ის ბრძანება თავიდან წავიკითხეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ადმინისტრაციას შემწეობის გაცემის ვადა მითითებული 2016 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონია!

- იმ 400 ყოფილი თანამშრომლიდან, რომლებიც 1 წლის განმავლობაში შემწეობას ვიღებდით, უმრავლესობა 75 წლის ასაკს გადაცილებულები ვართ. ოთხასიც აღარ დავრჩით - ბევრი გარდაიცვალა. ათობით წლის განმავლობაში ვიმსახურეთ ცოდნის ტაძარში. დღევანდელი დუხჭირი ცხოვრების ფონზე ჯერ თვეში 40-50 ლარი რა ბედენაა და მერე, ამასაც რომ სახვეწრად გაგიხდიან.. კვლავ მწირი პენსიის ამარა დავრჩით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მივმართო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს: სახელმწიფომ იქნებ გამონახოს რაიმე რესურსი, რათა სააკაშვილის რეჟიმისგან რეპრესირებულ, უნივერსიტეტის მხცოვან ყოფილ მეცნიერ-თანამშრომლებს დახმარება აღუდგინოს. 200 ათასი ლარი არ უნდა იყოს ძნელად მოსაძიებელი! ამ 400 მხცოვანი ყოფილი მეცნიერ-თანამშრომლის სახელით მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც მეცენატს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ასობით გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გადაურჩენია შიმშილით სიკვდილს - ჩვენც მოგვხედეთ.. სიცოცხლე გაგვიხანგრძლივეთ და ამ სიბერეში შეჭირვება აგვარიდეთ! „- აღნიშნა გივი პაპიძემ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

ზემოთ მოყვანილი თითოეული ღვაწლმოსილი ადამიანის ბიოგრაფიული დეტალებზე ყურადღება ამ ეტაპზე შეგნებულად არ გავამახვილეთ და დღევანდელ პუბლიკაციაში მხოლოდ მათი გულისტკივილი გაგანდეთ. იმ ადამიანების, რომლებიც სახელმწიფოსგან მხოლოდ პატივისცემას და მცირე ფინანსური დახმარებით გამოხატულ მორალურ მხარდაჭერას ითხოვენ. ბუნებრივია, რამდენიმე კითხვით უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც მივმართეთ, თუმცა პასუხს რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგაც ვერ ვეღირსეთ. იმედი მაქვს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ თანამშრომლებს უყურადღებოდ არ დატოვებს და თანადგომას რაიმე ფორმით მაინც გამოუცხადებს.

პ.ს. ცხოვრება მუდმივი არაა! ჩვენც დავბერდებით! და დიდი ალბათობით, ჩვენც „ჩავირეცხებით“!

ეს საქართველოა!

 

loading...