რელიგია
„მართლმადიდებლობაში შეიძლება პიროვნებებს შეეშალოთ რამე, მე შემეშალოს, რომელიმე ეპისკოპოსს შეეშალოს, პატრიარქს შეეშალოს, მაგრამ ეკლესიას -არა“ - დეკანოზი მამა დავით ქვლივიძე
„მართლმადიდებლობაში შეიძლება პიროვნებებს შეეშალოთ რამე, მე შემეშალოს, რომელიმე ეპისკოპოსს შეეშალოს, პატრიარქს შეეშალოს, მაგრამ ეკლესიას -არა“ - დეკანოზი მამა დავით ქვლივიძე

2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც განკაცებული მაცხოვარი სამყაროს მოევლინა, კაცობრიობის ცოდვილი სულები სამუდამო სატანჯველისგან საკუთარი უმანკო სისხლით იხსნა   და სამოთხის კარი გაიღო.   უფალმა ცხოვრების წიგნად სახარება დაგვიტოვა, ხოლო დევიზად-მოყვასის  სიყვარული, - “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და  ახალი წელთაღრიცხვაც დაიწყო. თუმცა, ეშმაკს არ ეძინა… მორწმუნეებს შორის განხეთქილება გაჩნდა, რამაც ქრისტიანული რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობად დაქსაქსვა გამოიწვია. ხოლო იმ სწავლების ერთგული, რომელსაც ქრისტე ქადაგებდა, წმინდა მამების განმარტებით, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია დარჩა. როგორ „გადამღერდა“  ქრისტეს ნაქადაგარი  უბრალო მოკვდავთა მიერ? რატომ ჩაერია ადამიანი საღვთო წერილში?!  საინტერესო თეოლოგიურ და ისტორიულ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ეკლესიის  წინამძღვარი დეკანოზი, მამა დავით ქვლივიძე ესაუბრება:

-მამაო, როგორც ვიცით, „დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი“ ...სამყარო უფლის ნებით შეიქმნა, ყველა ვთანხმდბით, რომ უფალი ერთია, თუმცა სხვა რელიგიებს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანული რელიგიაც  არაა ერთიანი. რა განსხვავებაა მის მიმდინარეობებს შორის და რატომ ვთლით ჩვენ, რომ ერთადერთი და ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობაა?

-დღეს მსოფლიოში ოთხასამდე ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენლები გვხვდებიან: მართლმადიდებლები, კათოლიკები იგივე ლათინოპაპისტები, მონოფიზიტები, კოფტები, ბაპტისტები, იეღოველები და ა.შ. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა   ქრისტიანულ მიმდინარეობას გარდა მართლმადიდებლებისა ჰყავს  ისტორიული პიროვნება, ვისაც ეს სწავლება  ეკუთვნის. ასევე ცნობილია ქალაქები, თარიღები, ცნობილია ისტორიები ამა თუ იმ მიმდინარებების ჩამოყალიბებისა და დაფუძნებისა. აი, მაგალითად: კათოლიციზმი მე-11 საუკუნეში 1054 წლიდან გვხვდება, მონოფიზიტობა 451 წელს ჩამოყალიბდა, პროტესტანტობა 1583 წლიდან, იეღოველობა  კი ბევრად ახალია დ 1870 წლით თარიღდება. ერთადერთი სწავლება, რომელიც უცვლელად მოდის მოციქულების დროიდან, ეს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიაა. ერთადერთი, რომელსაც არასდროს არაფერი შეუცვლია, მოციქულების სწავლებას განაგრძობს დღესაც და უამრავი ბრძოლის მიუხედავად  „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.

მართალი სარწმუნოება საფუძველია სამოთხეში მოხვედრისა,  ამას სახარებაზე დაყრდნობით ვამბობთ, ამ წმინდა წიგნმა ახარა კაცობრიობას სამოთხის დაკეტილი კარის გაღება და ღმერთთან დაბრუნება. სახარება ეს წმინდა წიგნია, მოციქულებისგან სულიწმინდის კარნახით დაწერილი, რომელშიც ერთი იოტას ჩამმატებელი ან  დამკლები მკაცრი სასჯელით ისჯება. მასში გარკვევით წერია: „ვინც ამ წიგნს რამე მცირედი მიუმატოს და ისე ასწავლოს, მას მიემატოს ის წყლულები, რაც ამ წიგნში წერია და ვინც მას მცირედი დააკლოს და ისე ასწავლოს, იგი დააკლდეს სასუფევლის დიდებას და მისი სახელი ამოშლილ იქნას ცხოვრების წიგნიდან“.

 ლათინოპაპისტები  დიდ ცდომილებაში ჩავარდნენ, მათ არამც თუ ერთი ასო, სიტყვა - „და ძისაგან“ (მას „ფილიოკვე“ ჰქვია  ) ჩაამატეს  წმინდა წიგნში, რომელიც ყოვლად წმინდა სამების არსს თავდაყირა აყენებს. ჩვენ  მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და  სულიწმინდა არის ერთარსი და სამპიროვანი.  წმინდა მამები თვალსაჩინოებისთვის მას  მზეს ადარებენ (თუმცა ღმერთის შედარება არაფერთან არ შეიძლება, მაგრამ ეს უბრალოდ მაგალითია). მზე არის სფერო, წრეხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული - ეს სიმბოლურად მამაა, მზიდან გამოდის სინათლე- ნათელი სოფლისა, რომელიც  სიმბოლურად - იესო ქრისტეა და გამოდის სითბო სიმბოლურად - სულიწმინდა. მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ რომ სამი მზეა, მზე ერთია.  წმინდა სამებაში მამა, ძე და სულიწმინდა არის ერთარსი და სამპიროვანი. სახარებაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ მამა დაუსაბამოა, მამისაგან გამოდის სინათლე ანუ იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა. მაგრამ სამივე: მამა, ძე და სულიწმინდა ერთი პატივის და ერთი დიდების და ერთარსნი არიან. ეს არის არსი ჭეშმარიტი სარწმუნოების, მართლმადიდებლობისა. კათოლიკები მიუხედავად იმისა, რომ 1054 წლამდე ამ სწავლებას აღიარებდნენ,  შემდეგ ცრუ სწავლება დანერგეს, რის მიხედვითაც მამისაგან იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა, თუმცა მათი სწავლების მიხედვით, ძისაგანაც გამოდის სულიწმინდა, აქედან გამომდინარე, სულიწმინდას ორი საწყისი ჰქონია. მამისაგან და ძისაგან გამომავალი, მათი სწავლების მიხედვით, არსებობს მამაღმერთი, ძე ღმერთი და ორი სულიწმინდა, არა სამება, არამედ „ოთხება“. სახარებაში კი მრავალი ადგილია ისეთი, სადაც პირდაპირ წერია, რომ სულიწმინდა მამისაგან გამოდის და ჩვენამდე ძის საშუალებით მოდის. მისი საწყისი მამაა და არა - ძე.  „მე მივდივარ მამისაგან, რათა მოგივლინოთ ნუგეშისმცემელი სული იგი წმინდაი, რომელი მამისაგან გამოვალს“- ამბობს უფალი.

-ხშირად კათოლიკე ქრისტიანებს ინკვიზიციის  წარსულ ცოდვებს ახსენებენ, რამდენად იყო გამიჯნული მართლმადიდებლური სამყარო ამ სისასტიკისაგან?

-კათოლიკებმა მას შემდეგ, რაც დაგმეს სულიწმინდა, დაიწყეს ჯვაროსნული ლაშქრობები, წმინდა მიწის განთავისუფლების ფარსს ამოფარებულნი, სინამდვილეში მართლმადიდებლურ სახელმწიფოს არბევდნენ. ჯვაროსნები იესო ქრისტეს სახელით უპირისპირდებოდნენ მართლმადიდებლებს. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ლაშქრობა განსაკუთრებით  შემზარავი იყო, რასაც უკავშირდება კონსტანტინეპოლის დანგრევა და მიწასთან გასწორება. მათ 200 ქართველი ბერი წყალში დაახრჩვეს, ივერონის მონასტრიდან  ახალგაზრდა ბერები მონებად გაყიდეს, ხოლო მოხუცები გემში ჩასვეს და ჩაძირეს. რა იყო მიზეზი? ის, რომ მათ რომის პაპის პრიმატი არ მიღეს. 26 ბერი (ზოგრთეში) ცოცხლად დაწვეს, ათონის მთაზე კი, არის ასეთი ადგილი სახრჩობელას მთა, სადაც მართლმადიდებელი ბერები ჩამოახრჩვეს. ჯვაროსნულ ლაშქრობებში ასევე ცნობილია ლაშქრობა „ბავშვთა ლაშქრობის“ სახელით, მათ  30000 ბავშვი წაიყვანეს, ალპებში გაყინეს, ხოლო დანარჩენი მონებად გაყიდეს. სულიწმინდის გმობის შედეგად კათოლკეებმა დაანთეს  ინკვიზიციის ცეცხლი. ისინი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იესო ქრისტეს სახელით წვავდნენ ხალხს ევროპაში. ამ შემაძრწუნებელ სისასტიკეს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. მართალია, ახლა დაგმო ეს  რომის პაპმა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ განა შეიძლება ეკლესიას რამე შეეშალოს?! ეკლესია ხომ სვეტია ჭეშმარიტებისა. მართლმადიდებლობას არასდროს არაფერზე ბოდიში არ მოუხდია, რადგან მას არაფერი შეშლია. მართლმადიდებლობაში შეიძლება პიროვნებებს შეეშალოთ რამე, მე შემეშალოს, რომელიმე ეპისკოპოსს შეეშალოს, პატრიარქს შეეშალოს, მაგრამ ეკლესიას -არა. აი, ეს გამოიწვია ლათინოპაპისტებისგან სულიწმინდის გმობამ.  და რა ხდება დღეს?!  კათოლიკური ტაძრები დღეს ცარიელია. ზოგჯერ მათ აქირავებენ,  ყიდიან, ხან კი დისკ- ბარებს აწყობენ, რომ შემოსავალი ჰქონდეთ და გადასახადების გადახდა შეძლონ; იმართება ჩემპიონატები მონასტრებს შორის, მონაზვნები კი 5 წლიანი კონტრაქტით ინიშნებიან და ამ დროის გავლის შემდეგ შეიძლება სულ სხვა ამპლუაში მოგვევლინონ. რა არის ამ ყველაფრის  მიზეზი?! რა თქმა უნდა სულიწმინდის გმობა! იესო ქრისტე იძახის: „მე ვარ ვენახი თქვენ ხართ რტოები“ . როდესაც ვაზს გასხლავ,  რტოს მოაჭრი  და დააგდებ, ის  დაჭკნება და გახმება. ეს მოჭრილი რტო კათოლიკები არიან, რომლებმაც გადაჭრეს ეს ტოტი იმ ფესვებიდან, რომელიც მოციქულთა დროიდან მოდიოდა  და შვიდი მსოფლიო კრების სწავლებაზე იდგა. 

-დედამიწაზე 7 მილიარდნახევარი ადამიანი ცხოვრობს, აქედან დაახლოებით მხოლოდ 500  მილიონია მართლმადიდებელი,  ე.ი მხოლოდ მოსახლეობის ეს ნაწილი გადარჩება ანუ ცხონდება?

-ადამიანმა სასუფევლის შესახებ სწორი სწავლება თუ არ იცის, ის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, მაცხოვართან მივიდა ერთი მდიდარი კაცი და ჰკითხა რა უნდა გაეკეთებინა ცხონებისთვის. მაცხოვარმა კი ორი მცნების დაცვა მოსთხოვა : „გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა გულითა  შენითა, ყოვლითა სულითა შენითა , ყოვლითა გონებითა შენითა“  და მეორე - „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“. ანუ მაცხოვარმა  სამოთხეში მოხვედრისთვის ორი პირობა წაუყენა:  ადამიანსა და ღმერთს შორის სწორი ურთიერთობა , იგივე  ადამიანისგან ღმერთის შესახებ სწავლების სწორად შეცნობა, ანუ სწორი სარწმუნოების ფლობა და  ადამინის მიერ გაჭირვებულის დახმარება.  კეთილი ადამიანიც კი, რომელსაც არასწორი სარწმუნოება აქვს, მაინც ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს. სახარებაში წერია: „განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (მათეს სახ. მე-7 თავი 22-23 მუხლი) ანუ, მხოლოდ სიკეთის კეთება არაა საკმარისი ცხონებისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჯოჯოხეთში დაიტანჯება სხვა ძალიან ცოდვილი სულებივით.  იქ  ყველა ერთნაირად არ იტანჯება, ისე როგორც სამოთხეში ერთნაირ დიდებაში არაა ყველა. კეთილი, მაგრამ არასწორი სარწმუნოების მქონე ადამიანები ღმერთს ვერ ნახავენ, თუმცა სიკეთეს უფალი არ დაუვიწყებთ მათ.

დღეს, როდესაც ადამიანი არ დაფიქრდება, რატომ გადმოდის ცეცხლი ყოველ წელს მხოლოდ მართლმადიდებლებზე, არ დასვამს კითხვას, რატომ ჩერდება მდინარე იორდანე  ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე, არ დაინტერესდება, რატომ არ იხრწნება მართლმადიდებლების მიერ ნაკურთხი წყალი, ის უფლის ღირსი არ არის და ვერ შევა სამოთხეში. 68-ე ფსალმუნში ამბობს უფალი: „გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქვენი“.

-ტრადიციების დაცვა რატომღაც საქილიკო გახდა და ბევრი მას ჩამორჩენილობად განიხილავს, ზნეობა კი ხელისშემშლელ და წარმატებისკენ სვლაში ბარიერად განიხილება...

-ჩვენი ქვეყანა თუ ზნეობას, ტრადიციებს დაუწყებს ბრძოლას, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ როდესაც ქვეყანას ღვთისმოშიში, კეთილმორწმუნე,  ზნეობრივი მეფე ჰყავდა ისეთები როგორებიც იყვნენ: გიორგი III, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვანი, საქართველო განვითარებული და გაძლიერებული იყო,  ვიყავით „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, გვქონდა  „ ოქროს ხანა“. არ შეიძლება ქვეყნას უზნეო  ხელისუფალი მართავდეს. გავიხსენოთ, როდესაც ჰეროდემ საკუთარ ძმას ცოლი წაართვა,  იოანე ნათლისმცემელმა ამხილა იგი, რადგან კარგად იცოდა, რომ მას სხვებიც  მიბაძავდნენ, ეს ერის გარყვნას და ღმერთთან დაცილებას  შეუწყობდა ხელს, როგორც ეს საქართველოში მოხდა ლაშა-გიორგის მეფობის დროს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიასთან ბრძოლა დასაწყისშივე განწირულია წაგებისთვის, ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე : „ეკლესია ლოდია თავკიდული, ვინც ამ ლოდს დაეცემა დაიმტვრევა, ვისაც ეს ლოდი დაეცემა გასრესს“. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც მართლმადიდებლობა შემოგვინახეს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან  ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეკითხება. სახარებიდან გახსოვთ ალბათ, ვისაც ბატონმა 5 ტალანტი ჩააბარა, მას  ათი მოსთხოვა, ვისაც 2 ჩააბარა, მას -4. ჩვენ ძალიან ბევრი ჩაგვაბარა და უნდა დავუბრუნოთ კიდეც. სახარებაში წერია, რომ „კრავი“ აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ ქრისტეს მცნებებით ვიცხოვრებთ, ღმერთს არ დავცილდებით, ჩვენს ცოდვებს მოვერევით და ჩვენს საკუთარ სინდისთან მართალნი ვიქნებით, ჩვენ  ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ...