სპორტი
„ტოკიოს ოლიმპიადისთვის შესანიშნავ ასაკში ვიქნები" - რომელ მეტოქეს „ვერ ეჭიდება" ზურა დათუნაშვილი და რა კავშირშია თამაში "ჯეირანი" გამარჯვებულის გამოვლენასთან?
„ტოკიოს ოლიმპიადისთვის შესანიშნავ ასაკში ვიქნები" - რომელ მეტოქეს „ვერ ეჭიდება" ზურა დათუნაშვილი და რა კავშირშია თამაში  "ჯეირანი" გამარჯვებულის გამოვლენასთან?

ავაზასავით სწრაფი, მოქნილი და ფრთხილი...  თავის უპირატესობებს, როგორც წესი, საჭიროებისამებრ იყენებს. როცა სჭირდება აქცენტს სისწრაფეზე აკეთებს, როცა სჭირდება - ძალაზე, ზოგჯერ უპირატესობას მოწინააღმდეგეს უთმობს, თუმცა სიტუაციაზე კონტროლს ინარჩუნებს. მეტოქის ერთი შეცდომა და თვალის დახამხამებაში „ავაზას ნახტომით" გადაევლება თავზე  ...


შესანიშნავი ტექნიკითა და ტაქტიკით გამორჩეული ზურა დათუნაშვილი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ტიტულებითა და გამოცდილებითაც გამორჩეულია. 21 წლის ასაკში ოლიმპიადის მეშვიდეადგილოსანი, ახალგაზრდებს შორის კი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი გახდა, საქართველოს მრავალგზის გამარჯვებულმა წელს ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, ამჯერად უკვე ახალ წონაშიც მოიგო.

ჭიდაობაში ვარჯიში საკმაოდ პატარა ასაკში - ექვსი წლიდან თავის სურვილით დაიწყო. სპორტის სხვა სახეობაზე გადასვლა არასდროს უფიქრია, რადგან ჭიდაობაში თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობდა...

„6 წლის ვიყავი როდესაც ფეხბურთზე შევედი. ორი კვირის განმავლობაში ვიარე და მერე სახლში ვთქვი, რომ ჭიდაობაზე მინდოდა და წამიყვანეს ჭიდაობაზე ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე დარბაზში. მახსოვს, ჩემმა პირადმა მწვრთნელმა ვილიამ ხარაზოვმა ჩემზე თქვა: „ ეს ბავშვი ან დამაქცევს, ან ამაშენებსო". პირველი სამი შეჯიბრი, რომელზეც მონაწილეობა მივიღე, მოვიგე, მეოთხეზე კი მესამე ადგილი დავიკავე და მაშინ გავიგე წაგების გემო." 

როგორც ჩანს, რადგან საპრიზო ადგილზე გასულმა „წაგების გემო" გაიგო, მხოლოდ გამარჯვებით დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ​ პირველოსბისკენ სწრაფვა  ზურას ბავშვობიდანვე სისხლში ჰქონდა. სწორედ ამ თვისების გამო მრავალი წარმატებაც  მოიპოვა, თუმცა იმედგაცრუებაც ბევრი იყო, რომელსაც ობიექტურთან ერთად, სუბიექტური მიზეზებიც განაპირობებდა ...  

„პირველად საერთაშორისო ასპარეზზე 15 წლის ასაკში გავედი. საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე კადეტებში და ევროპის ჩემპიონატზე წავედი, თუმცა წონა დავიკელი და ამან დამაზარალა, ევროპაზე შედეგი ვერ გავაკეთე." 

მედლის გარეშე დარჩა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებულ ტრავმას მიუძღვის. ფიქრობს, რომ მედლის მოპოვება თავის პირველივე ოლიმპიადაზე ლონდონშიც შეეძლო, თუმცა ყველაზე დიდ იმედგაცრუებად რიოს ოლიმპიურ თამაშებს ასახელებს. 

„ყველაზე ცუდად და დიდ იმედგაცრუებად რიოს ოლიმპიური თამაშები მახსოვს, რადგან ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მედალი გამეკეთებინა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, იმას რომ ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მქონდა ხელი არ შეუშლია, რადგან ასეთი წნეხი არ მაქვს ხოლმე. რაღაც ნიუანსებმა ითამაშეს როლი და მოხდა ის, რაც მოხდა"

გასულ ზაფხულს მიღებულმა ამ იმედგაცრუებამ მის სამომავლო გეგმებს ხელი ვერაფერში შეუშალა. ვარჯიში მალევე დაიწყო და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. შესანიშნავად დაიწყო 2017 წელიც, როდესაც წონის ცვლილების შემდეგ ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, შემდეგ პირველივე საკმაოდ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ივან პადუბნის გრან პრი მოიგო, ხოლო რამდენიმე დღის წინ კონტინენტის უძლიერესის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. აპირებს, რომ ასეთივე წარმატებით გაიაროს ახალი ოლიმპიური ციკლი და ტოკიოშიც ფავორიტის სტატუსით ჩავიდეს...

„ახალი ოლიმპიური ციკლი დაიწყო და ვგეგმავ, რომ როგორც ეს ევროპის ჩემპიონატი გავიარე, ასევე წარმატებულად გავიარო მთელი ოთხწლიანი პერიოდი. ახლა მალე მსოფლიოს ჩემპიონატია პარიზში, მზადება უკვე დავიწყე. აგვისტომდე რამდენიმე შეკრებას გავივლი და რამდენიმე მოსამზადებელ ტურნირზე ვიქნები. ჩემი პირადი მწვრთნელი და ნაკრების მწვრთნელები მეხმარებიან, ახალი მწვრთნელები გვყავს, ძალიან პროფესიონალები არიან და ყველაფერში გვერდით გვიდგანან - ბექა როყვა, შაკო გადაბაძე, შმაგი სართხუციშვილი და გვეხმარება ლადო გეგეშიძე. ენერგიას არ ზოგავენ ჩვენთვის" 

26 წლის დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ტოკიოს ოლიმპიადისთვის მოჭიდავისთვის ოპტიმალურ ასაკში იქნება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომდევნო 4 წელიწადში შეემატება გამოცდილებაა. 

„როდესაც ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი, ყველაზე ახალგაზრდა წევრი ვიყავი, ახლა რომ გადავხედავ ხოლმე ყველაზე ასაკიანი ვარ. ვფიქრობ, ტოკიოს ოლიმპიადისთვის შესანიშნავ ასაკში ვიქნები. 30-ის გავხდები და ორ თვეში იქნება ოლიმპიადა. კვირკველია და მინდორაშვილიც დაახლოებით ამ ასაკში იყვნენ, როდესაც ოლიმპიადა მოიგეს. ეს ის ასაკია, როდესაც არც ძალიან ახალგაზრდა ხარ და არც ვეტერანის ასაკში, ვფიქრობ მოჭიდავისთვის ოპტიმალური ასაკია"  


 

მიაჩნია, რომ ზედა წონაში გადასვლა ძალიან წაადგა, რადგან 75 კგ-ში ბევრს იკლებდა და ეს ასუსტებდა. ახლა მხოლოდ 4 კილოგრამის დაკლება უწევს, რაც მისი თქმით, ფორმაში შესვლაში ეხმარება. 

„საერთოდ ახალ წონასთან შეგუება რთულია, ზედა წონაში უფრო მეტი ძალა და ენერგიაა საჭირო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად შევეწყე ახალ წონას, თავს კომფორტულად ვგრძნობ.ასევე შიდა კონკურენცია არის ჩემს წონაში ძალიან მაღალი, საქართველოში მყავს მსოფლიოს ფავორიტი მოჭიდავეები ჩემს წონაში. ეს ძალიან კარგია, ერთმანეთს ვაძლიერებთ" 

ზურას ჭიდაობის სტილი სპორტის ამ სახეობის მოყვარულთათვის საკმაოდ დასამახსოვრებელია. ის როგორც ტაქტიკით, ასევე შესანიშნავი იმპროვიზაციებითაც გამორჩეულია. ამბობს, რომ სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია და მეტოქეების სუსტ და ძლიერ მხარეებს ყოველთვის სწავლობს, თუმცა არსებობს ერთი სპორტსმენი, რომელსაც ვერ ეჭიდება...

„როცა ჩემს ძმას ვხდები, ვერ ვჭიდაობ, ჯეირანს ვთამაშობთ ხოლმე და ისე ვწყვეტთ გამარჯვებულს" 



 

 

 

 

 

 

loading...