პოლიტიკა
„ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება მორალით“- რა შემთხვევაშია დასაშვები გამოხატვის პროცესის შეზღუდვა და რატომ უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუცია ქვეყანაში არსებულ მორალს?
„ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება მორალით“- რა შემთხვევაშია დასაშვები გამოხატვის პროცესის შეზღუდვა  და რატომ უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუცია ქვეყანაში არსებულ მორალს?

„დღეს ომი ხმლით აღარაა, გონებით და ინფორმაციითაა. ამიტომ, მათ,  ვისაც თქვენს მოვალეობად  ოჯახისა და შთამომავლობისთვის ბრძოლა მიგაჩნიათ, კარგი იქნებოდა, თუ მოთმინებას მოიკრეფდით და გულდასმით წაიკითხავდით აღნიშნულ განხილვას. კონსტიტუცია არის იმ ყველაფრის სამართლებრივი საფუძველი, რაც შემდგომ მოხდება.“

ხელისუფლების მხრიდან მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოში ქვეყნის კოსტიტუციის ახალ რედაქციაზე კამათი არ წყდება, მეტიც, საზოგადოებაში,  აღშფოთებულთა რიცხვი მატულობს.  გამომდინარე აქედან,  პროტესტის გამოხატვისკენ მოწოდებები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო შესწორებებში ქართველი ერის ინტერესები გათვალისწინებული არაა, განსაკუთრებული პროტესტი კი მიწის გასხვისების საკითხს უკავშირდება. პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემების გადაჭრა არსებული მოდელის 1921 წლის კონსტიტუციით ჩანაცვლების გზით მოხერხდება.  

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც კონსტიტუციის რედაქტირებულ მოდელს არ ეთანხმებიან,  ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილიცაა, რომელიც სხვა მნიშნვნელოვან პუნქტებთან ერთად, აქცენტს საქართველოს კოსტიტუციაში საზოგადოებრივი მორალის ცნების დაფიქსირებაზეც აკეთებს. მისი თქმით,  ქვეყნის მთავარ დოკუმენტში მორალი და ზნეობა ნახსენებიც არაა, მაშინ, როდესაც ეს  პრობლემა ბევრ ქვეყანაში მოგვარებულია. 

„როგორც აღმოჩნდა, ბევრი ქვეყნის კონსტიტუცია აფიქსირებს საზოგადოებრივი მორალის ცნებას და საქართველოს კონსტიტუციაში საერთოდ არც მორალია ნახსენები და არც ზნეობა. ამ დროს საერთაშორისო კონვენციებში ჩაწერილია და შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციებში გადატანილია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი ზნეობის (მორალის) დაცვის მიზნით. ჩვენს კონსტიტუციაში ეს არაა ჩაწერილი (მაგ, მუხლი 24, პუნქტი 4), როდესაც წერია სომხეთის (3 ადგილას) , პოლონეთის, უკრაინის გერმანიის კონსტიტუციებში“- აღნიშნავს ბესარიონ ბოჭორიშვილი.

ბოჭორიშვილმა საკუთარი შენიშვები პარლამენტს ჯერ კიდევ 4 მაისს გადაუგზავნა, დეტალები კი საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო. მისი თქმით, მოქალაქეების აქტივობას ამ კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„მოქმედ კონსტიტუციაში და გადასინჯვის კანონპროექტში უგულვებელყოფილია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ეროვნული თვითგამორკვევის მიზნით ჩატარებული რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომლითაც ქართველი ერის გარშემო გაერთიანდა მთელი საქართველოს ერი. არსად არის ნახსენები საქართველოს დამფუძნებელი ქართველი ერი. აგრეთვე არსადაა ნახსენები საქართველოს ეროვნული ინტერესები.


შემოღებულია საკონსტიტუციო ნორმები  გამოიწვევს ეთნიკურად ქართული და რელიგიურად მართლმადიდებლური ჯგუფის მთლიან, ან ნაწილობრივი განადგურებას - რომის ტატუტის შინაარსით. გამოაცლის ამ ჯგუფს ერთადერთ საარსებო მიწას და გარემოს. დიდი ხნის წინ დაწყებული ამ პოლიტიკის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული სურათის შეცვლა. მათ შორის, ისეთი პირობების შექმნით, რამაც უკვე გამოიწვია საქართველოდან 2 000 000 -ის იძულებით გადაადგილება. დანაშაული კაცობრიობის წინაშე.


აგრეთვე გაუკუღმართებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები, უგულებელყოფილია ევროპულ კონვენციაში დამკვიდრებული შემზღუდავი ნორმებიდან ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, მათ შორის, ეროვნული უშიშროებითს და საზოგადოების მორალით თავისუფლებათა შეზღუდვის ნორმა, უფრო დაწვრილებით. იხილეთ შესწორებები და ცვლილებები ჩემს ფეისბუქგვერდზე.  ამ განხილვის გამოქვეყნებას საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზანია აქვს.  მათ შორის. ჩემი კოლეგა ადვოკატებისთვის და განსაკუთრებით არაიურისტებისთვის.“- წერს ბესარიონ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორ შეიძლება კონსტიტუციის ქვეყანაში არსებულ მორალთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული სუვერენიტეტის ეფექტური დაცვა, ვინ ახორციელებს კონსტიტუციის გადასინჯვას  და ვისი ინტერესების გათვალისწინება ხდება ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე მუშაობისას, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე sazogadoeba.ge-ს ადვოკატი ბესარიონ ბოჭორიშვილი ესაუბრება. 

-  დავიწყოთ იმით, რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს მთავრობას აქვს დასავლეთის სტარდატებთან ჰარმონიზაციის პოლიტიკა. ვიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც დასავლეთთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის ხელმომწერია და ამ კონვენციაში უფლებებისა და თავისუფლებების გარდა, არის ჩანაწერი დანაწესის შეზღუდვის შესახებ. ანუ საუბარია იმაზე, თუ რით შეიძლება შეიზღუდოს ის თავისუფლებები, რაც კონვენციაში არის გაწერილი. აქ სხვადასხვა ჩამოთვლილ ფაქტორთან ერთად, დასახელებულია  საზოგადოების მორალი, პასუხისმგებელი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ეროვნული უშიშროება და ეს ჩამონათვალი მკაფიოდ მეორდება კონვენციაში, ასევე სხვა საერთაშორისო დოკუმენტებშიც, მაგრამ ჩვენს კონსტიტუციაში ნახსენებიც კი არაა,  არც ეროვნული უშიშროება თავისი საჭიროებებით და არც მორალი, როგორც შემზღუდავი გარემოება.

არსებობს იდეოლოგიზირებული მიდგომები კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ჩემთან,  იდეოლოგიზირებულ ადამიანებს, ლექტორებს უთქვამთ - „რა საჭიროა მორალი?“. მაგრამ თუ მორალი არ არსებობს, საზოგადოებაც არ არსებობს. მათი ასეთი პოზიაცია ნეობოლშევიზმს ჰგავს. იდეოლოგიური ხარკის მოხდის მიზნით რეალობისგან შორს დგას. დღეს ახალი ბოლშევიზმია ნეოლიბერალიზმი, რომელიც  ადამიანებს აიძულებს რეალობას ასცდნენ. ასეთია არის მორალის უგულებელყოფის პროცესი და მიზეზები. მეორე მხრივ, თვით ამ ნეოლიბერალიზმსაც კრიზისი აქვს ევროპაში და ამერიკაშიც. ამის მაგალითია ტრამპის გამარჯვება ნეოლიბერალ კლინტონზე. მორალთან დაკავშირებით ძალიან მნიშვენლოვანია ნეოლიბერალური იდეოლოგიის  მე-5 კოლონის მოქმედება საქართველოში.

ყველაზე კარგი ის იქნებოდა, თუ არ აქვთ იმის უნარი, რომ გამართონ სამართლებრივად, პირდაპირ გადმოიტანონ ის დანაწესი, რაც ევროკონვენციის მე-9, მე-10, მე-11 მუხლების ნაწილშია. ყველაზე კარგადაა ეს მე-10 მუხლის მეორე ნაწილში. აიღონ და პირდაპირ გადმოიტანონ კონსტიტუციაში, რადგან ის უკვე სამართლებრივად  გამართული და გამართლებულია.

- გვაქვს თუ არა ანალოგიური პრეცედენტი? ანუ არსებობს თუ არა მსგავსი ჩანაწერი რომელიმე  ქვეყნის კონსტიტუციაში?

-კი, როგორ არა. ასეთი ჩანაწერები არის პოლონეთის, ასევე სომხეთის კონსტიტუციაში. სამ ადგილას არის ჩანაწერი მორალის შესახებ. ამის გარეშე შეუძლებელია, შედგეს საზოგადოება. წინააღმდეგ შემთხვევაში პიროვნებამ უნდა იცხოვროს მარტო, საზოგადოებისგან განდეგილად. ამ შემთხვევაში, არ დასჭირდება არანაირი მორალი.

- ბრძანებთ, რომ  ქვეყანაში რელიგიურ, ეთნიკურ, ისტორიულ ფასეულებათა საფუძველზე დაპირისპირების პრევენციისთვის, სახელმწიფომ მუდმივი რეგულირება უნდა მოახდინოს...  გასაგებია, რომ საკანონმდებლო რეგულაციებს გულისხმობთ, მაგრამ  პარალელურად, კიდევ სხვა გზაც ხომ არ არსებობს?

-კონსტიტუცია არის უმთავრესი კანონი, რის მიხედვითაც შემდეგ იქმნება დანარჩენი რიგი კანონმდებლობა სახელმწიფოში. თუ რომელიმე კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ის სწორდება. ე.ი. კონსტიტუციაში უნდა იყოს უმთავრესი პრინციპები ჩაწერილი, რომელიც შემდეგ დანარჩენ კანონებს დაარეგულირებს. ამაში იგულისხმება ადამიანის თავისუფალი გადაადგილების შესახებ ევროკონვენციის ნორმების გადმოტანა. ამ შემთხვევაში კონვენციის ხელმომწერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი ნორმას ჰქონდეს შეზღუდვა. გამომდინარე მისი მდგომარეობიდან, მისი რეალობიდან. ჩვენი რეალობა არის ის, რომ საქართველოში მაცხოვრებელი არის 3 მილიონი და ეს 3 მილიონი მოსახლე იგივე მდგომარეობაში ვერ იქნება, როგორც გერმანიაში ან საფრანგეთში მოსახლე ათეული მილიონი. აქ იგულისხმება მიგრაცია. თავისუფალი გადაადგილების უფლება ნიშნავს, რომ ვუშვებთ თავისუფალ მიგრაციას. იქ კანონი არეგულირებს მიგრანტების შემოსვლის კანონიერებას, ისინი არიან ლტოლვილები თუ არა, ესაჭიროებათ დახმარება თუ არა, მაგრამ რეალობა ასეთია - მილიონი მიგრანტი გერმანიისთვის არაფერია, მაგრამ ერთი მილიონი მიგრანტი საქართველოში რომ შემოვიდეს, საქართველოს არც ეკონომიკიდან და არც სოციალური ყოფიდან , არც დემოგრაფიიდან ნორმალური არაფერი დარჩება. ჩვენ ჩვენი მიგრანტები გვყავს მოსავლელი და იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან დაკმაყოფილებულები და ამ დროს უნდა გახსნა, თუმცა ფაქტობრივად, გახსნილი არის სანახევრო უვიზო რეჟიმი ე.წ. მესამე ქვეყნებთან.

მესამე ქვეყნებში იგულისხმება ქვეყნები, რომლის დაყოფა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ხდება, სადაც  სწორედ აგრესიული ისლამი ბადებს ტერორიზმს და ამ ხალხის შემოშვებას კანონი ყველანაირად მწვანე შუქს უნთებს. კონსიტუციით დაწყებული და კონკრეტული კანონმდებლობით დამთავრებული. მიწის გასხვისება ყველაზე მთავარი კომპონენტია, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნიდან შემოვლენ ადამიანები, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულები და ადვილად მოწყვლადები არიან, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა მოახერხონ მათი გადაბირება. შესაბამისი ორგანოებიდან რომ გამოითხოვოთ სტატისტიკა, ნახავთ, რომ  მიწას ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე ისლამური რელიგიის მიმდევრები, როგორც შიიტები, ისე სუნიტები. ერაყში შიიტებსა და სუნიტებს შორის დიდი დაპირისპირებაა და ეს დაპირისპირება გადმოვა პატარა ქვეყანაში, სადაც ძალიან ცოტა მოსახლეობაა. ევროკავშირის მასშტაბით, ჩვენ ვართ უმცირესობა და მიდგომებიც უნდა იყოს რეალური.

- როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში, რის საფუძველზე  შეიძლება მოხდეს  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?

- ყველაზე მთავარი არის ის,  რომ კანონმდებელი შინაარსიდან უნდა გამოდიოდეს და არა ფორმალობიდან. რისთვის არის საჭირო მოქალაქეობა? მოქალაქეობა არის უფლებები და მოვალეობები. ანუ ხდება ადამიანის აღჭურვა,  როგორც უფლებებით,  ისე მოვალეობებით. მოქალაქეობის მიღების ძირითადი არსი არის ის, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსულმა პირმა გაიცნოს საზოგადოება, მისი ცხოვრება, მოახერხოს იმ უნარებისა და ჩვევების შეძენა, რომელიც მას ხელს შეუწყობს ინტეგრაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ პიროვნებას, განახორციელოს თავისი ინტერესები. ანუ პირადი ინტერესი უშუალოდ არის დაკავშირებული კოლექტიურ ინტერესებთან. წარმოუდგენელია, ადამიანის ინტერესები  საზოგადოების გარეშე დაკმაყოფილდეს. ამისთვის კი საჭიროა ხანგრძლივი ნატურალიზაციის პერიოდი. არ შეიძლება უვადოდ ცხოვრების უფლება ჰქონდეს არამოქალაქეს, როგორც დღეს ნებადართულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით.

- როგორც თქვენ მიერ გაკეთებულ შესწორებებშია აღნიშნული, შემოქმედებით პროცესში ჩარევა, ცენზურა დაუშვებელია, მაგრამ გამოხატვის პროცესის შეზღუდვა დასაშვებია საზოგადოების მორალით...

- აქაც ზუსტად გამოხატვის თავისუფლებაზეა საუბარი და არა შემოქმედების შეზღუდვაზე. კონკრეტულად, თქვენ რაც გინდათ, ის შექმენით, ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ ... მაგალითად, თქვენ თუ შექმენით ნახატი, რომელზეც ტერორისტული აქტია ასახული,  თქვენი საქმეა, მაგრამ თუ ქუჩაში გამოხვედით და საზოგადოებას მოუწოდეთ ტერორიზმისაკენ - დანაშაულია. შემოქმედების გამოხატვაში არ უნდა იყოს დანაშაული ნიშნები, არ უნდა იყოს მორალის წინააღმდეგ მიმართული ქმედება - ეს ეხება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. რაც ისედაც ევროკონვენციით არის განსაზღვრული და კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული.

- ამ ლოგიკით, შესწორებები, რომელიც თქვენ გაქვთ მოყვანილი, წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა ვენეციის კომისიასთან, ან ზოგადად, საერთაშორისო მოთხოვნებთან?

- ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს საკონსულატაციო ორგანო. ვენეციის კომისიის დასკვნები სავალდებულო არ არის. ეს იმ შემთხვევაში არის საჭირო, როცა ეჭვი გეპარება შენს დებულებებში, გჭირდება გადაკორექტირება. არ მგონია, თუ პირდაპირ მივმართავთ ამ კითხვებით, რაც მაქვს ჩამოწერილი, ვენეციის კომისიას, უარყოფითი დასკვნა დადოს. ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ თავისუფლების შეზღუდვა არ შეიძლება მორალით. კონვენცია არსებობს და ვენეციის კომისიის დასკვნა ყოველთვის ექვემდებარება საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს.

- როგორც აღნიშნეთ,  მოქმედ კონსტიტუციაში და გადასინჯვის კანონპროექტში უგულებელყოფილია 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ასევე საქართველოს დამფუძნებელი ქართველი ერი. რას ისახავს მიზნად აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმები?

-უგულვებელყოფილია ამ აქტების შედეგები. ამ რეფერენდუმის მიზანი იყო ეროვნული თვითგამორკვევა. რაც ყველა ერს აქვს ამის უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერმა უნდა მოიპოვოს სუვერენიტეტი თავის მიწაზე თავისი რესურსებით, თავის სახელმწიფოზე. რეფერენდუმში მონაწილეებმა ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ ქართველები და სხვა ერები, რომლებიც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში, საქართველოს დამფუძნებელი ერის გარშემო შეიკრიბა, დაჯგუფდა, კონსოლოდაცია მოახდინა და ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამის შედეგად უნდა ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო, რომელიც გარანტიებს შექმნიდა,  სახელმწიფო ყოფილიყო სუვერენული, მისცემდა გარანტიას რომ ჩატარდებოდა დემოკრატიული არჩევნები და ა.შ. და დაიცავდა ეროვნულ უსაფრთხოებას. არსად არ არის ნახსენები ეროვნული უსაფრთხოება. უფრო მეტიც, თავდაცვის თავის სადაც არის, იქ არის ნათქვამი, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აწარმოოს თავდავცითი ომი. აქვს უფლება, ნიშნავს, რომ შეიძლება არ აწარმოოს. პირიქით ეს უფლება კი არ არის, არამედ ეს ვალდებულებაა. ან ამ კონსტიტუციის ავტორები ვერ ანსხვავებენ უფლებას ვალდებულებისაგან, ან ეს განგებ არის მავნებლური ჩანაწერი, რომელიც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს სახელმწიფოს, რომ აწარმოოს თავდაცვითი ომი, მაშინ როდესაც მოქალაქეს ავალდებულებს, რომ მან უნდა დაიცვას ქვეყანა და წავიდეს ჯარში. ეს ყველაფერი არის ეროვნული. კონსტიტუციაში კი ვხედავთ, რაც იყო, ისიც ამოიღეს და გაუარესდა მდგომარეობა. ეს არის გზა ანექსიისკენ. ეს არის ანექსია რაღაც ჯგუფების მიერ, უგულებელყოფა საქართველოს სუვერენიტეტის.

- და ვინ ახორიელებს ამ ანექსიას?

- ამის ანატომია უნდა გაშიფროს ვინმემ, ვინ არიან ხელისუფლებაში? ვინ იღებს ახლა ამ კონსტიტუციას? ვინ ახდენს ამ კონსტიტუციის გადასინჯვას? ვინ არის უფლებამოსილი, რომ კენჭისყრა ჩაატაროს, მიიღოს და დაამტკიცოს? ამ ადამიანების ბიოგრაფია უნდა ვნახოთ. ამას თავი რომ დავანებოთ კონსტიტუციის განხილვის დროს ვინ შემოიტანა ეს წინადადება? ვინ იყო ავტორი, რომ ეს ან ის ჩანაწერი ყოფილიყო? ვინ შემოიტანა წინა ხელისუფლების დროს ინიცატივა, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული ყოფილიყო „ეროვნული უშიშროება? შესაბამისად, ეს ადამიანები ახორცილებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს. დანარჩენი გამოძიების საქმეა. დაადგინოს შესაბამისმა ორგანოებმა, ვის ინტერესებს ახორციელებენ. არიან რომელიმე ქვეყნის აგენტები თუ სხვა რაღაც ამოძრავებთ. ფაქტი სახეზეა, ყველა ხედავს ამ შეუსაბამობას. არავინ არის კმაყოფილი. შესაბამისად, პასუხები პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გასცენ. პოლიტიკოსებმა არსებულ რეალობაზე უნდა ისაუბრონ და არა თითიდან გამოწოვილ თემებზე.

- აღნიშნული შესწორებები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ? რატომ არ მოხერხდა მათი საჯარო განხილვა? რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ წააწყდით?

- ეს დოკუმენტები გადავუგზავნე როგორც საზოგადოებივ მაუწყებელს, ასევე პრეზიდენტის აპარატს, ასევე პარლამენტის საკონსტიტუციო  გადასინჯვის კომისიას. მათ აქვთ ვადა, რომ განიხილონ და გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ვადა 15 მაისს იწურება. სახალხო განხილვა 15 მაისამდე აქვთ გამოცხადებული. ეს ვადა სასაცილოდ მცირეა. თუ გააგრძელებენ და შესწორებებს შეიტანენ, კარგი იქნება, თუ არა და ფაქტი სახეზეა, რაღაც სერიოზული განხილვები არ ხდება, რაღაც პარტიული ნეობოლშევიკური ქმდებები ხდება.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს ჩამოცილებით მისთვის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირებას, ასევე პოლიტიკური ბლოკების გაუქმების საკითხებს ითვალისწინებს. შემოდის ასევე ე.წ. ბონუსის სისტემა, რითაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია გადაუნაწილებელ მანდატებს  წაიღებს, ამით კი  კიდევ უფრო გაზრდის პარლამენტში საკუთარ წარმომადგენლობას  და ა.შ.

 

loading...