კულტურა
„ფრესკა სულიწმინდის მადლით კეთდება, რომელიც გადმოდის, მხატვრის ხელში, როგორც გამტარი, ისე გადის და გადადის კედელზე“ - გიორგი ვართაგავა
„ფრესკა  სულიწმინდის მადლით კეთდება, რომელიც  გადმოდის, მხატვრის ხელში, როგორც გამტარი, ისე გადის  და  გადადის კედელზე“  - გიორგი ვართაგავა

ხელოვნებაა თავად უკვდავებამხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი

იყო მხატვარი,  ნიშნავს, იმეგობრო მუზასთან, მერე მხატვრის იარაღით ფურცელზე გადმოსცე.  რისი დაწერაც და თქმაც შეუძლებელია და იქცე უკვდავად....

მთაწმინდა... იტალიური ეზო...  მიხვეულ-მოხვეული კიბე, მაღალჭერიანი სახლი და ნახატებით დაფარული კედლები;  ჩარჩოების მიღმა მომზირალი სხვადასხვა სახე და უსიტყვო ენით გადმოცემული  სამყარო, რომელიც არც ბუნების პეიზაჟია  და არც ყვავილების კონა...  ნახატები სიურეალისტურ-ფსიქოლოგიურ ენაზე მეტყველებენ და გაცილებით მეტს ამბობენ ...   ეს სახლი მხატვარ გიორგი ვართაგავას ბავშვობასთან აკავშირებს.

სერიოზული ნამუშევრების შესრულება  ჯერ კიდევ 10-11 წლის ასაკში მამის დავალებითა და მეთვალყურეობით  დაიწყო. მას შემდეგ ხატვა მისი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელსაც გიორგის ეკონომისტობა უნდოდა), ბედნიერია, რომ ეს პროფესია აირჩია. ზუსტად იცის, რომ სხვა ნებისმიერი საქმე   მისთვის უცხო იქნებოდა და მასთან ვერასდროს იმეგობრებდა.  მხატვრობამ კი საკუთარი თავი აპოვნინა და .....

ფანქრით დაიწყო, შემდეგ ნახატებს სხვადასხვა საღებავით ხატავდა... მოგვიანებით უფლისგან საოცარი ხატწერის მადლი მიიღო.... ტაძრების მოხატვით იგრძნო, რომ  ასე უფალთან ბევრად ახლოსაა...

ახლა საღებავებიდან  უფრო ხშირად ზეთს, პიგმენტს და ტემპერას იყენებს...მისი საყვარელი ფერები  წითელი და ლურჯია, აი, ყვითელი კი სასტიკად არ უყვარს, იმდენადაც კი, რომ ხშირად თვალს არიდებს....

გიორგი ცნობილი კრიტიკოსის იპოლიტე ვართაგავას შვილთაშვილი და უნიჭიერესი მხატვრის ავთანდილ ვართაგავას შვილია , ბიძა ტარიელ ვართაგავაც მხატვარი იყო. ახლა არც მამა და არც ბიძა ცოცხლები აღარ არიან, თუმცა მოგონებებში არასდროს ტოვებენ და გიორგი მათ შესახებ სიამაყით ჰყვება....

იპოლიტე ვართაგავა ცნობილი კრიტიკოსი , მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, რომლის  ცხოვრება  მე-19 საუკუნეში,1879 წელს იღებს სათავეს, ყაზანში  სასულიერო აკადემიაში სწავლობდა,  მისი მოღვაწეობა სასულიერო გზით უნდა წასულიყო,  მის ნამოწაფარ ეფრემ II-ს ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსად კურთხევაც შეუთავაზებია, თუმცა იპოლიტეს უარი უთქვამს, რადგან მისი გადაწყვეტილება  არა სასულიერო, არამედ საერო ასპარეზზე მოღვაწეობა იყო. ამიტომაც აკადემიის დამთავრების შემდეგ 7 წელი ჯერ სიმფეროპოლში მუშაობდა, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სემინარიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. მოგვიანებით სასულიერო სფერო, ფაქტობრივად,  უკან მოიტოვა და  სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იპოლიტე  მთელი თავისი შემოქმედებით  მომავალი თაობის აღზრდაში იყო ჩართული.  მან ძველსლავურად  დაწერა წიგნი „ბავშვთა აღზრდაში წმინდა მამების როლი“, რომელიც  შემდეგ  საპატრიარქომ  ათარგმნინა  და დღეს მის ბიბლიოთეკაში ინახება, შემდეგ კი თავიდან ბოლომდე გადაიჭრა ლიტერატურაში, კრიტიკაში. თავიდან  სიმფეროპოლიდან   აგზავნიდა სტატიებს. ის ლიტერატურულ პაექრობებში და პოლემიკებში  აქტიურად იყო ჩართული. შემდეგ ილია ჭავჭავაძესთან დაიწყო თანამშრომლობა,   მის გაზეთში სტატიებს ბეჭდავდა,  კარგი ურთიერთობა ჰქონდა   აკაკი წერეთელთანაც.   წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრიც კი იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში თუკი რამე კრიტიკა  დაწერილა, ფაქტობრივად, იპოლიტეს დაწერილია.. იმ პერიოდში მთელი ტვირთი კიტა აბაშიძის შემდეგ მის მხრებზე გადავიდა. ასევე იყო ვაჟა -ფშაველას მეგობარი, რომელიც იპოლიტემ გააკრიტიკა, მისი პირველი კრიტიკოსი იყო ....მას და ვაჟას საერთო ნათლულიც ჰყოლიათ...

იპოლიტეს სხვადასხვა თაობები ჰყავდა აღზრდილი,  გალაქტიონის მასწავლებელიც იყო სასულიერო სემინარიაში , ცისფერყანწელებთან ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის აკაკის და  ილიას შემოქმედების შემდეგ მათი შემოქმედება და სტილი  მიუღებელი იყო. ერთხელ თურმე მხცოვან გალაქტიონს გამოუვლია   იპოლიტესთან  და სურათის გადაღება შეუთავაზებია. შიხმარის ფოტო- ატელიეში იპოლიტე, გალაქტიონი და იური ჩიკვაიძე (გალაქტიიონს ახლდა) წასულან და სურათი ერთად გადაუღიათ. მაშინ არავის უფიქრია, რომ  ეს ფოტო წლების შემდეგ ისტორიის საკუთრებად გადაიქცეოდა...

-იპოლიტე მხოლოდ კარგი კრიტიკოსი და მწერალი კი არა, კარგი მამა და ბაბუა იყო, ტყუპებს მამაჩემს და ბიძაჩემს მამობასაც უწევდა და ბაბუობასაც. შრომას, მიწის სიყვარულს და მასთან ურთიერთობას  აჩვევდა, მამაჩემს რამდენჯერ უთქვმს, რომ გამთენიისას აღვიძებდა და მიწის დასამუშავებლად მიჰყავდა. შვილები, შვილიშვილები ყველა მიაჩვია შრომას და მისი  ფასი ასწავლა.    მამაჩემი, ავთანდილ ვართაგავა და ბიძაჩემი ტარიელი ტყუპები იყვნენ და აქედან გამომდინარე, მათი შემოქმედება  გაჭრილი ვაშლივით   ჰგავდა ერთმანეთს.  პროფესიონალი თუ არ იყავი მხატვრობაში, მათი ორი ნამუშევარი გვერდიგვერდ რომ დაგედოთ, ვერ გაარჩევდი, რომლის ნამუშევარი იყო, იმდენად მსგავსი  შინაგანი სამყარო  ჰქონდათ.  ხშირად ერთს დაუწყია ხატვა და მეორეს გაუგრძელებია, უფრო ხშირად ტარიელი დაიწყებდა ხოლმე ხატვას და მერე მიატოვებდა შუა გზაში, არ ვიცი რატომ აკეთებდა ამას, ალბათ თვლიდა, რომ როგორც უნდოდა, ისე არ გამოსდიოდა, ავთანდილი გამოსტაცებდა ნახატს და  ამთავრებდა ნამუშევარს.

- მათი ნახატები ძალზედ ფსიქოლოგიურია, სიურეალისტური ჟანრის მხატვრობის წაკითხვა   არც თუ ისე იოლია....

დიახ, ხატვის სტილი სიურეალისტულს შიძლება უფრო მივაკუთვნოთ, ფსიქოლოგიურიც არის, თუმცა  მთლად ჟანრულიც არაა...  ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის რეალიზმი, ეს არც საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული სოციალიზმია (ასე ერქვა), ანუ კოლმეურნეებს რომ ხატავდნენ ხოლმე...  შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ,  უბრალოდ, ეს დამკვიდრებული იყო მაშინ,  ასე უნდა გეხატა და გზა ხსნილი გქონდა. სხვანაირად ხატვა  პრობლემებს ქმნიდა. რამდენჯერ ჩამოუხსნეს მამას და ბიძას  გამოფენები...  მართალია,  სახლში არავინ შემოგივარდებოდა, მაგრამ დაბლოკილი იყავი და საკუთარ ნახატებს ვერ გამოფენდი,   რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მოსკოვში რომ წაიღეს გამოფენა და   ჩამოუხსნეს. აქ კი  კატალოგი დაუჭრეს, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათი შემოქმედება არ ჯდებოდა მათ მოთხოვნებში, იდეოლოგიაში, თავისუფალი აზროვნება მაშინ აბსოლუტურად  ჩაკეტილი იყო და არავის აინტერესებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება ასე იყვნენ, ასე ხატავდნენ, მათი  ნახატები სიღრმისეულად  იკითხება. შეიძლება ისეთი იდეა იყოს მასში ჩადებული, რომ თუ რაღაცა სხვა სპეციფიკური განათლება არ გაქვს , ლიტერატურაში,  პოეზიაში,  რელიგიაში  ან თუნდაც  მისტიკაში ვერ ერკვევი, იმას ვერ წაიკითხავ. ეს არ არის ის ნახატები, რომ შეხედავ და თვალს ლამაზი ფერები მოეფინება.   ამ მხრივ, რთულია გასაგებად... იყო შემთხვევა, ჩემთვის უკითხავთ, თუ რას ნიშნავდა ესა თუ ის  ნახატი,   ვერ გამიცია პასუხი,  ყველა სურათის ახსნა მეც კი არ ვიცოდი,  მე, შეიძლება, ჩემებურად ამეხსნა, თუმცა  არა ისე, როგორც რეალურად ჩაიფიქრა მხატვარმა. მიუხედავად იმისა,  რომ ჩემს თვალწინ იხატებოდა ეს და იმ სამყაროს ნაწილი ვიყავი.

-თქვენი ფსიქოლოგიური მიდგომა  და სულიერი განწყობა როგორია?  ელოდებიან მუზას  თქვენი ნახატები? იქნებ, ფრესკებზე ისაუბროთ... როგორია მხატვრის  გზა მხატვრობიდან ხატწერამდე? როგორია გზა, რომელსაც ხატმწერი გადის?  ის ხომ ჩვეულებრივი მხატვრისგან განსხვავებით ჩარჩოებშია მოქცეული...

- აი, მაგალითად სრულიად საკმარისია გავიარო ქუჩაში,  ან ნებისმიერ გარემოში აღმოვჩნდე, თუნდაც ახლა ცას შევხედოთ, გარემოს მოვავლოთ თვალი და იქიდან ამოვიდეს რაღაც იმპულსი, ამას ვერც დაგეგმავ. წარმოიდგინე, რომ  მუზა თან დაგყვება და   სულ გაზის მხარზე, რომელსაც  სულიერ ფოტოგრაფს დავარქმევდი. მოდის მუზა, რომელიც  სხვადასხვა ფერში, ფანქარში ან თუნდაც, შეიძლება გრაფიკულად განხორციელდეს...  ტუშით თუნდაც.

ფრესკების მოხატვა თავდაპირველად  მამაჩემმა და  და ბიძაჩემმა დაიწყეს.  პირველად საჩხერის რაიონში,   სოფელ ქორეთში  ეკლესია მოხატეს, რაზეც კინაღამ დაიჭირეს. კომუნისტების  პერიოდი 1982-1985 წლები იყო.  ჯერ აღადგინეს, გალესეს  და შემდეგ მოხატეს.  მამა და ბიძა ძველ თაობას მიეკუთვნებიან. მათი რიცხვი, ვინც 90-იანებში დაიწყო ხატების წერა, დიდი არ არის. ისინი ამაშიც მოწინავეები იყვნენ.  არასოდეს არ დაუწყიათ ამით მანიპულირება, ბევრმა ხატმწერმა შეიძლება ვერც ვერაფერი გითხრათ მათზე, რომ ჰკითხოთ. იმიტომ, რომ ისინი არასოდეს არ წარმოაჩენდნენ თავს. ის პოპულიზმი, რომ ეს მათ გააკეთეს, არასოდეს არ ჰქონიათ, თავისთვის რუდუნებით აკეთებდნენ თავის საქმეს.

საერთოდ ეკლესიის მოხატვაზე კურთხევას სპეციალური საბჭო გასცემს , რომლის თავმჯდომარეც პატრიარქია, კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, კონკრეტულმა ეპისკოპოსმაც მოგცეს.  შემდეგი საფეხური ესკიზების დამტკიცებაა ფერშიც, ფანქარშიც, მიწევდა იკონოგრაფიის გავლაც.  იქ დამტკიცების შემდეგ  გვაქვს ეკლესიის მოხატვის, ან ხატის დაწერის უფლება. თავდაპირველად მამაჩემი და ბიძაჩემიც რომ მუშაობდნენ ამ სფეროში, მე პატარა შეგირდივით ვიყავი, ხან ერთ  ნაწილს გამაფერადებინებდნენ კედელზე, ხან პირიქით,  საღებავს გავამზადებდი ხოლმე...შემდეგ უფრო მეტ რაღაცაში ჩავიხედე, მეტი ინფორმაცია მივიღე, უფრო მეტი ასლი ვაკეთე.  ქართულმა, ბერძნულმა, თუ  ბიზანტიურმა სკოლამ   გამოიწვია ჩემს ხელზე გავლენის მოხდენა. მამაჩემი და ბიძაჩემი თვითმყოფადობიდან ამოდიოდნენ. ხშირად ყოფილა, რომ მათ რაღაც დეტალი, ან მთლიანი სცენა დაუწყიათ და  მერე მე დამიმთავრებია ბოლოს იმიტომ, რომ სახეს უფრო მეტი დახვეწა სჭირდებოდა, რომელსაც სწავლა  უნდა, ისევე, როგორც მათემატიკას, თუ სხვა ნებისმიერ საგანს, რომელსაც   მერე შენს ნიჭს  ახვედრებ, რომ  ეს ყველაფერი დააშენო. მერე როცა უკვე დრო გადის და ხელიც მიეჩვევა,  თავისთავად ცხადია,  რაღაც  დეტალს აკეთებ და  ფართო სცენაზეც გადადიხარ, ვითარდები და დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო იხვეწები. 

მამაჩემი და  ბიძაჩემი დაზგური მხატვრობიდან პირდაპირ ფრესკაზე გადაერთვნენ, იყო პერიოდები, როდესაც სულ ფრესკებს ვწერდით, რაც შეეხება  ეკლესიებს,  ჩვენს ოჯახს მთლიანობაში 16  გვაქვს მოხატული:  რაჭაში, ზემო იმერეთში, თბილისში, რუსთავში, ხარაგაულში, განსაკუთრებით არ შემიძლია, არ გამოვყო ნიკორწმინდა.

მოგეხსენებათ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ნიკორწმინდა 1010-1014 წლებშია აშენებული, მოხატული კი მე-17 საუკუნეშია. მას  საკურთხევლის სამხრეთ მხარეს აქვს თავისივე მინაშენი, რომელიც  არ არის  ცალკე ნაგებობა, ან ცალკე შენობა. ის  კომპლექსის ნაწილია, ეს წმინდა გიორგის სახელობის   პატარა ტაძარი,  რომელსაც ცალკე ტრაპეზი აქვს,    არასდროს ყოფილა მოხატული, მე და მამაჩემმა ის მეუფე ელისეს კურთხევით მოვხატეთ,  ზუსტად 3 თვე მოვანდომეთ მუშაობას, ის არ არის  ძალიან დიდი და შესაბამისად მოკლე დროში დავასრულეთ, 2011 წელი იყო და  ნიკორწმინდის ათას  წლისთავს მივუძღვენით.  მამაჩემისთვისაც და ჩემთვისაც   ეს იყო ყველაზე დიდი რამ, რაც კი გაგვიკეთებია. ხომ წარმოგიდგენია ნიკორწმინდის ტაძარში რომ შეხვიდე და ფუნჯი კი არა, ხელი მოუსვა უბრალოდ და მოეფერო,  ესეც რამხელა ბედნიერება და მადლია, მე ბედნიერი ვარ, რომ  ჩვენ მისი  მოხატვა გვხვდა წილად....

- როდესაც ადამიანის სხეულს ხატავთ,  მხატვრები, ჩვეულებრივ,  ხორცზე ამახვილებთ ყურადღებას მაშინ, როდესაც ფრესკაზე ხორცი დათრგუნული უნდა იყოს  და წინა პლანზე სულიერება უნდა წარმოაჩინოთ. აი, ამის გარდაქმნა ჩვეულებრივი მხატვრობიდან რთულია ალბათ... როგორ ახერხებთ ხატმწერები, რომ ფრესკა უნდა გელაპარაკებოდეს  სულით, ხორცი კი უგულებელყოფილი უნდა იყოს?

- მხატვრები, შეიძლება, რაოდენობრივად ბევრნი იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ   ხატწერა ყველას  შეუძლია.  ჩვეულებრივი მხატვრისგან განსხვავებით,  მხატვარი რომ გადმოსცემს, იმის არგადმოცემაც უნდა შეძლოს ხატმწერმა, რაც საკმაოდ რთულია. წმინდანს სახე რომ ავიღოთ, ისეთ მოდელირებას ვუკეთებ ფერში,  რომ  თავისთავად რეალისტური გამოდის,  რეალიზმი კიფრესკაში დაუშვებელია, თუმცა ისე ხდება მისი დაწერა, რომ მაქსიმალურად უკანა პლანზე იყოს ხორცი და წარმოჩნდეს  მხოლოდ სული.  მე ვერ გეტყვი, როგორ და რანაირად გამოდის ეს.. არსებობს კანონიკა და პრინციპიც, რის საფუძველზეც, სავარაუდოდ, უნდა გამოგივიდეს ის შედეგი, მაგრამ მხოლოდ  ეს  საკმარისი არაა, შინაგანი განწყობილებაც აუცილებელია, გარდა ამისა, ცოდნა უნდა,  როგორ იხატება, დავუშვათ, ფრესკულად თვალი, როგორ იხატება ცხვირი, პირი, ზოგადად ყველაფერი.  მაგრამ ეს არის სიბრტყობრივი ანუ ბრტყელი ფერწერა. სამი განზომილება  არ ახასიათებს და შესაბამისად ამით არის რთული, ანუ ჩრდილ-სინათლე, როგორც რეალიზმში, ფრესკაში არ არსებობს და ამისი მოხსნა კიდევ რაღაც ბოლომდე არც ვიცი, როგორ ხდება...  ცოტა ამოუხსნელია, თუ  როგორ ვახერხებთ ამის მიღწევას.

ხატწერაზე მუშაობის დროს  მე მიგრძვნია, რომ არ ვარ, არ ვარსებობ  და  როდესაც დამიმთავრებია ნამუშევარი, უცბად გამოვფხიზლებულვარ და საკუთარი თავი მიგრძვნია... ფრესკა  ხომ სულიწმინდის მადლით კეთდება, რაც ღვთისგან სულიწმინდის მადლით გადმოდის, მხატვრის ხელში როგორც გამტარი ისე გადის  და  გადადის კედელზე სულიწმინდის მადლით,  ამ დროს შენ- ხატმწერი  მუშაობ და ვერც გრძნობ, როგორ ამთავრებ ფრესკას და მერე ხვდები, რომ დაიღალე, რომ დაბრუნდი აქ, რეალურ სამყაროში. ამით მიხვდი, რომ შენ ფიზიკურად არსებობდი იმ მომენტში, თორემ  მუშაობის პროცესში  დრო არ არსებობს. ეს ის შემთხვევაა, როცა დროსა და სივრცისგან აცდენილი ხარ. 

-ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა შენ ხატავ შემოქმედს და შემოქმედის შემოქმედი ხარ თავად....

- გამოგიტყდები და მართლაც მიფიქრია მაგაზე,  ტაძარს ხარაჩოზე დაწოლილი ვხატავდი ფრესკას, მაცხოვარს ანგელოზები რომ აღამაღლებენ  და  ზუსტად ეგ შეკითხვა გამიჩნდა მე ჩემს თავთან.  მაცხოვრის სახე გამოვსახე, ხილულად მაცხოვარი ხომ არ მინახავს და ამ დროს გამოსახავ იმას, ვინც პირიქით არის შენი შემოქმედი, სამყაროს შემოქმედი, და რამხელა ბედნიერებაა, რომ ამ დროს შენ უბრალო მოკვდავს, წილად გხვდა ბედნიერება, გამოსახო ის.. ძალიან უცნაური გრძნობაა, ვერც გადმოვცემ სიტყვით... საკუთარ თავს რომ ეკითხები, რომ წარვსდგები ოდესმე მაცხოვრის წინაშე, აი, მე რომ ვხატავდი, არის კი მაცხოვარი ისეთი? კი ხატავ მის  სახეს, მაგრამ საბოლოო ჯამში  იქ რომ წარსდგები, მის წინაშე, ნახავ მაცხოვარს და რომ გაიფიქრებ,  აი, სინამდვილეში როგორი ყოფილაო....  იკონოგრაფიულად მაცხოვრის სახე არსებობს, რა თქმა უნდა,  ყველა ჩემი და სხვისი დახატულებიც მეტ-ნაკლებად შეიძლება გავდეს ერთმანეთს, მაგრამ ერთნაირი  არ არსებობს. რომ გამოგივიდეს ყველა, საერთო ჯამში, ბოლომდე ერთმანეთს მაინც არ ჰგავს. ეს არის  შეგრძნება, რომელიც  შეიძლება, ადამიანს რომ უთხრა  და აუხსნა,  ვერ გაგიგოს....

- და ბოლოს ოჯახზე რას გვეტყვით? შვილები გაჰყვებიან, ალბათ, წინაპრების გზას ...

- მყავს მეუღლე და  სამი შვილი ორი ბიჭი და ერთი გოგო, ჩემი მეუღლე, მარი, ჩემი სტუდენტი იყო, მერე გრძნობა გაჩნდა და შევუღლდით.  სამივე ბავშვი ხატავს. მხატვრული ნიჭი მათში მუსიკალურადაც გარდაისახა, სამივე უკრავს ფორტეპიანოზე. ახლა უფრო მეტად მუსიკის მიმართ აქვთ მიდრეკილება.  შუათანას წერაც ეხერხება, ამბობს,  ბაბუას ვგავარო. ჩემს მეუღლესაც მუსიკალური განათლება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად მუსიკოსია, მერე დაამთავრა სამხატვრო, ანუ ეს ნიჭიც გამოვლინდა შვილებში. ხელოვნებას გაყვებიან ალბათ, იმედია, მე არ ჩავერევი მათი პროფესიის არჩევაში, ვფიქრობ, ადამიანი არ უნდა გადააკეთო...თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საკუთარი ცხოვრება შექმნას თავად.