პოლიტიკა
„თუ კონსტიტუციამ არ შეაჩერა მზაკვრული გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ, ქართველები მალე ფულიანი უცხოელების დაქირავებული მუშები იქნებიან“
„თუ კონსტიტუციამ არ შეაჩერა მზაკვრული გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ,  ქართველები მალე ფულიანი უცხოელების დაქირავებული  მუშები იქნებიან“

კონსტიტუციის პროექტის წარდგენა რეგიონებსა და  დედაქალაქში ხმაურის ფონზე წარიმართა. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას და პროტესტს ქართული მიწის გასხვისების საკითხი იწვევს. საზოგადოება ორგანულ კანონზე აქცენტის გადატანას თვალთმაქცობად მიიჩნევს და მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის აკრძალვას კონსტიტუციით ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობით და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება. მიწის უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული ნებისმიერი „ხვრელის“ დატოვება სამშობლოს ღალატად ფასდება.

უკმაყოფილებას ადამიანის  უფლებების დაცვისთვის გათვალისწინებული ახალი ნორმებიც იწვევს. ეკონომიკურად უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობა ხელისუფლებას მათი კანონიერი მოთხოვნების უგულებელყოფასა და ბიზნეს-ელიტების ლობირებაში ადანაშაულებს.

ამ ფონზე ხელისუფლება ირწმუნება, რომ ახალი კონსტიტუცია ქვეყნის განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და ოპონენტებს გაუნათლებლობასა და კომუნისტური ეპოქისადმი ტრფიალში დებს ბრალს.

მართლაც რამდენად არის მთავარი საკანონმდებლო აქტის პროექტი დემოკრატიისკენ  გადადგმული ნაბიჯი?  როგორ არის დაცული ადამიანის ფუნდამენტურის უფლებები? იძლევა თუ არა აღნიშნული კონსტიტუცია იმის გარანტიას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ქართველები უმცირესობაში არ აღმოჩნდებიან? ქვეყანაში მიმდინარე  აქტუალურ საკითხებზე Sazogadoeba.ge-ს ყოფილი პარლამენტარი, იურისტი ვალერი გელბახიანი ესაუბრება:

-ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებდით კონსტიტუციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს?

-ასეთ რეჟიმში კონსტიტუციის განხილვა არასწორია. ეს არის ნაცრის შეყრა მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის. საკითხზე მსჯელობა  სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან სპეციფიკის მიხედვით უნდა ხდებოდეს და ოქმები დგებოდეს. აქ მხოლოდ ფორმალური ნაწილია დაცული და ბუნებრივია, ამ პროცესს საერთო სახალხო განხილვასთან არანაირი ორგანული კავშირი არ გააჩნია.

პრეამბულა როგორ იწყება: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცხადებთ ურყევ ნებას, რომ საქართველო იქნება ასეთი და ასეთი სახელმწიფო...ანუ, პრეამბულა გვამცნობს, რომ ეს ერის დოკუმენტია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული. სრულფასოვანი განხილვა არსებული პრეამბულის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. კონსტიტუციაში ქართველი ხალხის ნება უნდა ჩანდეს და არა რომელიმე პარტიის.

თუ ევროპული სტანდარტები  გვაინტერესებს, კონსტიტუცია პირველ რიგში არის კონსენსუსის შედეგი, ანუ პროდუქტი ხალხის ნებისა. ეს სტანდარტი დარღვეულია და ამიტომ  ამგვარ განხილვას ხალხის მხარდაჭერის ლეგიტიმური და სუვერენული საფუძველი არ გააჩნია.

-რაც შეეხება შინაარს, თქვენ როგორც იურისტი, რამდენად არის კონსტიტუციის ეს ახალი პროექტი ძველის გაუმჯობესებული ვარიანტი?

- გაზეთ „ალიაში“ იბეჭდება ჩემი „ესეები კონსტიტუციაზე“ და იქ თავების მიხედვით ვწერ ყველა ნაკლოვანების შესახებ, რომელიც ამ კონსტიტუციას თან ახლავს. ამ ყველაფერს ერთ ინტერვიუში ბუნებრივია, ვერ ავსახავ, მაგრამ ზოგადად გეტყვით:

პირველი თავში მცდელობაა შთაბეჭდილების შექმნისა, რომ სამართლიანი და სოციალური სახელმწიფო შენდება, მაგრამ აქაც თავის მოტყუებაა, მეტი არაფერი. იქ, სადაც უნდა ეწეროს, რომ „სახელმწოფო უზრუნველყოფს“,  წერია „სახელმწიფო ზრუნავს“, ანუ, დეკლარირებულ ნორმებს აქვს ადგილი.

რაც შეეხება მეორე თავს, ადამიანის უფლებებს, იმდენად შეუსაბამოა, რომ მე ასეთი არამწყობრი, არათანმიმდევრული დოკუმენტი ჯერ არცერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ მინახავს. მაგალითად, პიროვნული ხელშეუხებლობა უფრო მაღალ ფასეულობად არის გამოცხადებული, ვიდრე  სიცოცხლის უფლება. ანუ, იერარქიაში რიგითობაც კი დარღვეულია. სიცოცხლის უფლება უფრო მეტად ფასობს თუ დანარჩენი უფლებები? რა თქმა უნდა, სიცოცხლე. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლის ფასეულობა იკარგება. უფლებათა ფუნდამენტურ იერარქიაში სიცოცხლეს არა აქვს ის ადგილი მიკუთვნებული, რაც არის „განუყოფელი  და წარუშლელი უფლება“.

დებატებში აქცენტი გადატანილია პარტიებს შორის კვოტების განაწილებაზე, არადა,  ყურადღება ადამიანის უფლებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ადამიანის უფლებათა სისტემა ნებისმიერი  სახელმწიფოს ფუნდამენტია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაიცვას. ფრანგულ დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ მთავრობა ადამიანის უფლებების დასაცავად იქმნება. თუ ადამიანის უფლებები დაცული არ გვაქვს, მთავრობა რად გვინდა? აქედან გამომდინარე, მეორე თავის ყველა ნორმა არის  ფორმალური.  ეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ევროპულ კონვენციაში უფრო უკეთესად წერია და გადმოეწერათ მაინც.  

-თვლით, რომ ეს არაკვალიფიციურობის ბრალია?

-არ ვიცი, რატომ ხდება ასე, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. საქართველოში ამ 24 წლის განმავლობაში სრულფასოვნად დაცული ადამიანის არცერთი უფლება არ ყოფილა. ექსპლუატირების მცდელობა ყველა ხელისუფლების მხრიდან  იყო. ეს ხელისუფლება ამას უკვე კონსტიტუციით გვეუბნება.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მე-18 მუხლში, ხოლო პროექტის მე-13 მუხლში ადამიანის ხელშეუხებლობაზეა საუბარი. მოქმედი ამბობდა, რომ როდესაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება პირის დაკვება და ჩხრეკა, მას საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის საპროცესო აქტი სჭირდება. ანუ, ყველა პოლიციელს არ აქვს უფლება ადამიანი დააკავოს და გაჩხრიკოს. ეს ხომ ჩვენს თვალწინ ყოველ დღე ირღვეოდა, მაგრამ ახლა ესეც ამოიღეს და მე-13 მუხლში წერია, რომ ნებისმიერ პოლიციელს აქვს უფლება დაიჭიროს ნებისმიერი ადამიანი.  ასეთ თვითნებობაზე მიშვებული წესრიგი დაუშვებელია. შეუძლებელია თვითნებობამ წესრიგი წარმოშვას. ჩვენ ღებულობთ ფორმულას, რომლის მიხედვითაც,  ადამიანის არცერთი უფლება დაცული არ არის.

საკუთრების უფლება მოქმედი კონსტიტუციის  21-ე მუხლითაც არ იყო სათანადოდ დაცული, სააკაშვილის რეჟიმის დროს ვისაც ქონება გააჩნდა, თითქმის ყველას წაართვეს, მაგრამ ახალი კანონპროექტით რაც იყო, ისიც აღარ არის დარჩენილი.

„ადამიანის თავისუფლება არის სიცოცხლეს პლუს ქონება“- ეს არის თავისუფლების ფორმულა ევროპული კონსტიტუციით. თუ ქონება არა გაქვს, მაშინ თავისუფლებაც არ გაქვს, საკუთრების წყაროს გართმევენ, მატერიალურ ქონებას გართმევენ, უკან დამბრუნებელი არავინ არის, არცერთი სამართლებრივი მექანიზმი არ მუშაობს და  შეიძლება ამას პროგრესი ეწოდოს? შეიძლება სახელმწიფო დაარქვა იმ მთავრობას, რომელიც ადამიანის ქონებას, სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებას არ იცავს?  ამას ლაფსუსები კი არა, უცოდინრობა ჰქვია.

ეს კონსტიტუცია არის თავსმოხვეული,  რაღა შორს წავიდე, პირველივე მუხლში წერია, რომ საქართველოში ცხადდება სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება ვისაც უპყრია, ის არის სუვერენული, ხოლო ხალხი არაფერს წარმოადგენს. ეს  ლაიტმოტივი მთელ კონსტიტუციას გასდევს, ყველა ნორმაში იკითხება, რომ სახელმწიფოა მთავარი და არა ადამიანი. როდესაც  ბალანსია ასეა დარღვეული ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო მოვალეობებს შორის, ბუნებრივია, იქ კონსტიტუციის ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია.  ეს დოკუმენტი  მუდმივად არალეგიტილურობის, უწესრიგობის, არეულობების და დეტონატორი ფუნქციის მატარებელი იქნება, პოლიტიკურად ეს ყოველთვის პრობლემებს წარმოშობს.

- რამდენად მყარია კონსტიტუციით პროექტით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები და დაცულია თუ არა შრომითი უფლებები? სწორედ შრომითი ინსპექციის არ არსებობას უკავშირებენ შახტაში მომხდარ საზარელ ტრაგედიას... 

-შახტაში რა, მაღაზიაში რომ მოხდეს რამე, ამით იცვლება რამე? არანაირი დაცულობა არ არსებობს. ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში ეს 30-ე მუხლში, ხოლო კანონპროექტში-26-ე მუხლში წერია. შეადარეთ ძველი და ახალი, ძველი ისედაც არ მუშაობდა, მაგრამ უკეთესი ქართულით მაინც იყო დაწერილი, აბა ეს ნახეთ, როგორ არის დაწერილი. ერთი სიტყვაც არ არის  ნათქვამი  შრომა როგორ უნდა იყოს დაცული, ერთი წინადადება მაინც ეწეროს, რომ შრომითი კონვენციური სამართლით  არის დაცული. 126 კონვენციაა შრომაზე დაწერილი და ერთ-ერთმა მაინც რომ იმუშაოს საქართველოში, გარანტიააა უკვე. არც ანაზღაურების პირობებზეა რამე მითითებული, არც შრომით ინსპექციასა და პროფკავშირების როლზე.

უმუშევრობაზე ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი. სახელმწიფო აღრცხვასაც კი არ ახდენს უმუშევართა რაოდენობის. შემწეობაზე, დასვენების უფლებაზე არაფერი არ წერია, მაშ, რად გვინდა აი, ასეთი 26-ე მუხლი, სადაც მხოლოდ ის წერია: „ვაღიარებთ შრომის უფლებსო. აღიარე ბატონო შენთვის, მაგრამ ჩემთვის ეს აღიარება არაფერს ნიშნავს.

-პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით როგორია თქვენი ხედვა?

-ჯანსაღი კრიტიკა აქაც არ ისმის. თუ საპარლამენტი რესპუბლიკაა და  მართვა-გამგეობა პარლამენტის კონტროლის ქვეშ გადადის, მაშინ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ფუნქცია ნიველირებულია, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველგან ორპალატიანი პარლამენტი არსებობს, ანუ, იქ წარმომადგენლობითობა, ხალხის ნება  დაცულია. პარტიები წყვეტენ ვინ იქნება მთავრობა და ხელისუფლება, ხოლო ხელისუფლებაზე კონტროლს ხალხი წყვეტს. ამიტომ  პარლამენტში როგორც პარტიული, ასევე ხალხის წარმომადგენლობა უნდა იყოს.  დემოკრატია  პროპორციულ და მაჟორტარულ სისტემად არის დაყოფილი. როცა ეს ორი პალატა არსებობს, მაშინ არის საპარლამენტო მმართველობა. ერთპალატიანი საპარლამენტო მმართველობა არის დიქტატურა. ამიტომ თუ ერთპალატიანია, მაშინ ამ დიქტატურის დამაბალანსებელი არის პრეზიდენტი, რომელიც  საყოველთაო წესით ირჩევა. ეს იდეა იდო 1995 წლის კონსტიტუციაში, სანამ პარლამენტი ამ კონსტიტუციით მუშაობდა, საკანონმდებლო ორგანო მართლაც  ფართე პოლიტიკური და წარმომადგენლობითი სპექტრით იყო შევსებული და ბალანსსაც აზრი ჰქონდა. როგორც კი  სააკაშვილმა პრეზიდენტის ფუნქციები შეცვალა და მთავრობა როგორც სუბიექტი შემოიყვანა,ზუსტად ერთპარტიული მმართველობის სისტემა  შეიქმნა და 9 წლიანი რეჟიმი მივიღეთ. ახლაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, შეიძლება მეთოდებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თორემ რეჟიმს ხომ ერთი და იგივე ბუნების აქვს. ანუ, ჩვენ არ მივდივართ  დემოკრატიისკენ, ჩვენ მივდივართ უკან და მე არ შემიძლია ასეთ სისტემებს პროგრესის მომტანი ვუწოდო.

-ბატონო ვალერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო და მტკივნეული მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხია. როგორ ფიქრობთ, იძლევა ეს კონსტიტუცია იმის გარანტიას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში ქართველები უმცირესობაში არ აღმოვჩნდებით?

-არავითარ გარანტიას არ იძლევა. მიწა ცხადდება სახელმწიფოს ფუნდამენტალურ რესურსად, მაგრამ მიწის საკუთრების საკითხი კანონმა განსაზღვროსო. ამ დროს ეს უკვე განსაზღვრულია და არ ვარგა. ჩვენ კანონით ვერ დავიცავით მიწის თავისუფლების საკითხი. თუ მიწა სტრატეგიული რესურსია და  მას სპეციფიკური მართვა სჭირდება, მაშინ ეს კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული. უნდა ეწეროს, რომ მიწის სამართლებრივი რეჟიმის გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება ისეთი პირობებით, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს ეს? ანუ, მიწის გაყიდვა უარყოფით გავლენას არ უნდა ახდენდეს არც დემოგრაფიაზე, არც ეკონომიკურ პროცესზე და არც ექსპლუატაციაზე. როდესაც უცხოელს მიყიდი მიწას, ეს ექსპლუატაციის წყარო ხდება, თანაც საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს აზიანებს, რადგან ის უცხოელი მოგებას თავის ქვეყანაში აგზავნის.

თანაც შრომითი კანონმდებლობა კონსტიტუციით არა გაქვს მოწესრიგებული, ასეთ შემთხვევაში, დამქირავებელი მუშას მონურ პირობებს სთავაზობს. თუ კონსტიტუციამ არ შეაჩერა მზაკვრული გეგმა ქართველი ერის წინააღმდეგ,  ქართველები მალე ფულიანი უცხოელების დაქირავებული  მუშები იქნებიან. ასეთ სურათს მივიღებთ ბოლოს.

 სხვანაირად კი ხედავთ, ყველა ხელისუფლება უცხოელების და ფულის გავლენის ქვეშ ექცევა,  ფულის გამო ყიდიან მიწას, აი ეს არის სულ...

-ორგანული კანონი, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს, ვერ დაარეგულირებს მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხს?

-ვერ უზრუნველყოფს, კანონის შეცვლა  ნებისმიერ დროს შეიძლება. კონსტიტუციის შეცვლა ნებისმიერ დროს არ შეიძლება. ამიტომ, როდესაც კონსტიტუცია გამოაცხადებს, რომ მიწა არის ჩემი განსაკუთრებული გამგებლობა და იმ შემთხვევაში მივცემ უცხოელს, თუ დავრწმუნდები, რომ ჩემი სახელმწიფოს ეროვნულ და ნაციონალურ სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება, შეიძლება გამონაკლისი დაუშვა, შეიძლება მივცე იჯარით, კი ბატონო, ან თავისუფალი რეჟიმით, ანუ, გავუშვებ როცა მინდა, მაგრამ არ მივყიდი!

-რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, როგორია აქ თქვენი პოზიცია?

-საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა ხდება, რადგან პარტიებს ეკრძალებათ საარჩევნო ბლოკების და კოალიციების შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი სხვა პარტია ბარიერს ვერ გადალახავს. მაგრამ  პარტიებს რამდენი მანდატი ექნება, გლეხს ეს არ აინტერესებს, ზის სახლში მშიერი, არა აქვს ხვალინდელი დღის იმედი, არის გაბოროტებული და გაბრაზებული.

ეს კონსტიტუცია ურჩხულის ფუქციას ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურჩხულის ფუნქციას ასრულებს.

მე ვერაფერი დადებითი ამ კონსტიტუციაში ვერ ვნახე, თორემ რატომ არ მივესალმებოდი?  ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს ახალი იმედი, სტიმული, მაგრამ აქ ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჩანს, რომ მგონია, ამ კონსტიტუციით ჩვენ საერთოდ ვმთავრდებით.

-თუ იყო ხელისუფლების მხრიდან რაიმე შეთავაზებს იმისა, რომ თქვენთან ან სხვა პროფესიონალებთან გაეარათ კონსულტაცია?

-ერთ რამეს გეტყვით, ებრაელის წყევლა ხომ გაგიგიათ, „არც შენი იცოდე და არც სხვისი გესმოდესო“, ამ დღეში არიან და რა ვქნა ახლა?