კულტურა
„ქალბატონმა ვიოლეტამ გამაოგნა, მან საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი აიღო და თუთაშხია ლიტვურ ენაზე თარგმნა“ - გურანდა გაბუნია
„ქალბატონმა ვიოლეტამ  გამაოგნა, მან საკუთარ თავზე უმძიმესი ტვირთი აიღო  და თუთაშხია ლიტვურ ენაზე თარგმნა“ - გურანდა გაბუნია

„პოეზიის გაზაფხული 2017“ და ლიტვურ ენაზე ამღერებული ქართველი ახალგაზრდები

„თბილისის სკვერი“ ვილნიუსში და ქართული ენის შემსწავლელი კურსი უნივერსიტეტში - ლიტვასა და საქართველოს შორის გაბმული უხილავი ძაფი მათ მომავალსა და სტრატეგიულ ურთიერთობებზე აისახება. ქვეყნების დაფასება ხომ მათი კულტურის შეცნობით და პატივისცემით იწყება. სწორედ ეს სცადა ლიტველმა  ქალბატონმა ვიოლეტა შობლინსკაიტემ, რომელმაც ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი ნაწარმოები „დათა თუთაშხია“ მშობლიურ, ლიტვურ ენაზე თარგმნა. ამბობს, რომ ამ საპასუხისმგებლო საქმეს 30 წელი შეალია. პრეზენტაცია კი ლიტვაში - ვილნიუსსა და კაუნასში ჩატარდა.

საქართველოსა და ლიტვას ერთმანეთთან მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლიდან აკავშირებთ. ეს ორი ქვეყანა თითქოს ერთმანეთს ჰგავს - მათ არც ტერიტორიის ფართო არეალი აქვთ და დიდად არც გავლენის სფეროების სიჭარბეს განიცდიან, თუმცა ორივე მათგანს თავისუფლებისთვის მებრძოლი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ხალხი ასაზრდოებს. კულტურაც ორივეს საამაყო აქვს, ამიტომ ლიტვის სხვადასხვა ქალაქი ქართველი ხელოვანების გამოფენებსა თუ კონცერტებს ხშირად მასპინძლობს.

ანალოგიური ვითარებაა საქართველოშიც. აქ 70-მდე ახალგაზრდა ლიტვურ ენას სრულიად უფასოდ ეუფლება. მათ სწავლას, ვიდას კავალიაუსკასიას ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზიდენტი თავს არ ზოგავს, რომ ქართველმა მოსწავლეებმა ლიტვური ენა მაქსიმალურად კარგად აითვისონ. ის მათი არამარტო საყვარელი მასწავლებელი, მეგობარიცაა. ცენტრში ახალგაზრდები არა მარტო ენას ეუფლებიან, არამედ, ლიტვის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლადაც იბრძვიან. ასე დაფინანსების მოპოვების შანსი ეძლევათ. ამისთვის ერთადერთი მოთხოვნის შესრულება - კარგად სწავლაა საჭირო.  

სწორედ ვიოლეტა შობლინსკაიტეს ნათარგმნი „დათა თუთაშხია“ იქნა წარმოდგენილი საერთაშორისო ფესტივალის „ პოეზიის გაზაფხული 2017“ ღონისძიებათა პროგრამაზე საქართველოში, რომელსაც  15 მაისს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ  მთარგმნელს საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობებში გაწეული დიდი წვლილისთვის მადლობის სიგელი გამოუგზავნა.  

ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“ლიტვაში უზარმაზარ ღონისძიებად ითვლება. ის სათავეს 1965 წლიდან იღებს და ყოველწლიურად ტარდება. 20 წელზე მეტია ის ლიტვის საზღვრებსაც გასცდა. ახლა ამ ფესტივალს ის ქვეყნები მასპინძლობენ, რომლებთანაც ლიტვას მეგობრული ურთიერთობა აქვს. საქართველოში ის ლიტვის პარლამენტის წევრის საქართველოსთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის პატრონაჟის ქვეშ ტარდება.

დამსწრეთა შორის ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი, სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი და სხვა საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებოდნენ. ლიტვურ და ქართულ ენაზე წარმოდგენილმა უკვდავმა ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ აგრძნობინა დამსწრე საზოგადოება, რომ „დათა თუთაშხია“ ის ლიტვურ ენაზეც მშობლიურივით ჟღერს.

ღონისძიების ბოლოს კი სტუმრები საკუთარ ემოციებს ვეღარ მალავდნენ:

ვიოლეტა შობლინსკაიტე: „როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ჩემმა მეგობარმა „დათა თუთაშხია“ მაჩუქა. წავიკითხე, ძალიან მომეწონა და გული დამწყდა, რომ ლიტვურ ენაზე არ იყო ნათარგმნი. მაშინ ძალზედ ახალგაზრდა ვიყავი და თითქოს მეშინოდა, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს შევჭიდებოდი. მინდოდა, გამოცდილ ადამიანს ეთარგმნა, თუმცა ასეთი არავინ გამოჩნდა. ბოლოს მივხვდი, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. ვთარგმნე და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ , რომ ამ წიგნის ავტორის, ბატონი ჭაბუას გაცნობის ბედნიერებაც მომეცა. „დათა თუთაშხია“ ქართული ნაწარმოებებიდან ჩემი პირველი ნათარგმნი წიგნია. შემდეგი კი ნოდარ დუმბაძე იქნება“....

ლაშა ამირეჯიბი: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლიტვის მხარეს, ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ „დათა თუთაშხია“ ლიტვურ ენაზე ითარგმნა...

ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით: მამა პოლიტპატიმარი იყო, თუთაშხიას რომ წერდა. როდესაც განთავისუფლდა, დასთან, როდამ ამირეჯიბთან ჩავიდა მოსკოვში. ამ დროს ნაწარმოები დასამთავრებელი იყო - ფინალი დაწერილი არ ჰქონდა. ცუდად იყო, ყელზე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა როცა ავადმყოფობის შესახებ გაიგო, წავიდა, მაღაზიაში პალტო იყიდა თავისთვის, მივიდა დის სახლში და ოთახში ჩაიკეტა იმ რწმენით, რომ არ მოკვდებოდა. ფინალი 10 დღეში დაწერა ... მას შემდეგ დიდხანს იცოცხლა“....

გურანდა გაბუნია: „ აღტაცებული და გაოგნებული ვარ, ასეთი რთული ენის სწავლა ასე კარგად რომ მოახერხეს ამ ახალგაზრდებმა. ბატონი ვიდასი დიდებული ადამიანი ყოფილა. მან მთელი ცხოვრება შეწირა ამ საქმეს, ქალბატონმა ვიოლეტამ კი  გამაოგნა, მან უმძიმესი ტვირთი აიღო თავის თავზე და თუთაშხია თარგმნა. მადლობა მათ  იმისთვის, რომ ჩვენს ენას ასე აფასებენ და მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ასე კარგად რომ ისწავლეს ლიტვური ენა.

გამოგიტყდებით, ძალიან ძნელი იყო ფილმის „დათა თუთაშხიას“ ნაწყვეტის ყურება. ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის. ყველა ის სპექტაკლი, რომელშიც მე და ოთარი ერთად ვთამაშობდით, დიდ ნაღველს იწვევს. რთულია, მაგრამ რას იზამ, დრო გარბის ცრემლით გამოთხოვების და თვალის ერთხელ მოკვრის სურვილში“....

ღონისძიებაზე  ქართული და ლიტვური სიმღერები და ლექსები ერთმანეთს ორ ენაზე ენაცვლებოდა, რომელსაც ქართველი უნიჭიერესი სტუდენტები წარმოგვიდგენდნენ. თავად ლიტველი პოეტები კი( ვიოლეტა შობლინსკაიტე, გასპარას ალექსა, რენალდა მაჩიულსკიენე) საკუთარ ლექსებს უსაზღვრო გრძნობით კითხულობდნენ....

ფესტივალზე გიორგი დვალიშივლის ალბომი „ბუნების 100 საოცრება“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც სტუმრებს საქართველოს უნიკალური ადგილები გააცნო.

ვიდას კავალიაუსკასი: „ფესტივალის სტრუქტურა და პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, ის არამარტო ამ ცენტრში, არამედ სხვა რეგიონებშიც ტარდება. 2015 წელს, როდესაც ეს ფესტივალი ჩავატარეთ, ჩვენი პარტნიორები ქობულეთის თვითმმართველობა და თელავის თვითმმართველობა იყვნენ. წელს უკვე ბორჯომი და ამბროლაურია. ისინი ძალიან აქტიურად გვიწყობენ ხელს ღონისძიების ჩატარებაში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ჩასული სტუმრების დასაბინავებლად 20 უფასო ადგილი გამოყო. ღონისძიებები ჩატარდება როგორც ბორჯომში, ისე ამბროლაურში, წაიკითხავენ ლიტვურ და ქართულ ლექსებს და იმღერებენ ქართულ და ლიტვურ სიმღერებს. ლიტვიდან ყოველ წელს ცნობილი მწერლები და პოეტები ჩამოდიან. წელს ჩვენ იმპროვიზაცია გავაკეთეთ და წარვადგინეთ რომანი „დათა თუთაშხია“, მე ვამაყობ ჩვენი ქართველი სტუდენტებით, რომლებიც უკვე ლაპარაკობენ ლიტვურ ენაზე. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი რეპეტიცია, რომ აქცენტიც მოგვეშორებინა. აი, მაგალითად, ლორენა შამათავას, რომელიც  ჩემი საუკეთესო სტუდენტია, სამი წელი დასჭირდა. გვაქვს სამი ჯგუფი დონეების მიხედვით. მაგრამ უცხოური ენის შესწავლის განმავლობაში ისეთ უცხო მეთოდებს ვთავაზობთ სტუდენტებს, რომლებიც კულტურული ნიშნების შეთავსებას გულისხმობს, მოგეხსენებათ, რომ გრამატიკის სწავლა მშრალად მოსაწყენია და ამ მეთოდით სტუდენტებს სწავლის მოტივაცია უძლიერდებათ. აქ, ჩვენს ცენტრში, გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიება, მაგრამ კონკრეტულად ამ ფესტივალთან დაკავშირებით მინდა ერთ-ერთი მეთოდი გამოვყო. უცხოური ენის სწავლებისას, მაგალითად, ადამიანი ზეპირად სწავლობს ლექსს, ან სიმღერის ტექსტს, ამის მიხედვით ის ძალიან ბევრ სინტაქსურ და მორფოლოგიურ კონსტრუქციას და ახალ სიტყვას იძენს, რაც მისი სიტყვების ლექსიკური მარაგის გაფართოების გარანტიაა. ზოგს უფრო უადვილდება, ზოგს - ნაკლებად. ჩვენ ასევე ხშირად ვმოგზაურობთ ლიტვაში . ლიტვის განათლების სამინისტრო ძალიან ბევრ პროექტს აფინანსებს,  მაგალითად, საზაფხულო კურსები, რომელიც სტუდენტების  ერთი თვით გამგზავრებას და 570 ევროს ოდენობით სტიპენდიის დანიშვნას გულისხმობს . რა თქმა უნდა, ადამიანი იმ გარემოში, სადაც მის გარშემო ყველა ლიტვურად საუბრობს, უშუალოდ ეხება კულტურას და ეცნობა ქვეყანას, რაც უძლიერებს მოტივაციასა და სწავლის სურვილს. მაგალითად, ლორენა შამათავა, რომელიც არის ცენტრის სტუდენტების პრეზიდენტი და რომელსაც დღეს გამოუგზავნა პარლამეტის თავმჯდომარემ მადლობის სიგელი, 7-ჯერ არის ნამყოფი ლიტვაში ოფიციალური ვიზიტებით, პროექტების ფარგლებში დაფინანსებით.

ლორენა შამათავა, რომელიც უკვე მშობლიური ენასავით ფლობს ლიტვურს, ბედნიერია, რომ ამ ცენტრის მოსწავლეა...

-ამ ცენტრის არსებობის შესახებ სრულიად შემთხვევით გავიგე. ძალიან მიყვარს ენების შესწავლა და რადგან უფასო იყო აქ სწავლა, ამიტომ გადავწყვიტე მოვსულიყავი და ლიტვური მესწავლა.  აქ რომ მოვედი პირველად, გარემომ მიიპყრო ჩემი ყურადღება, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოსდა პატარა ლიტვაში ვიმყოფებოდი. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროფესორის დამოკიდებულება იყო სტუდენტების მიმართ , ეს იყო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა, ბატონი ვიდასი არის პროფესიონალი, აქვს შესანიშნავი სწავლის მეთოდები, რომლებიც არასდროსაა მოსაწყენი. ეს საფუძველს გვიქმნის რომ სწავლის პროცესი არ იქცეს მომაბეზრებლად. გარდა ამისა, ცენტრი არის არამარტო ენის, არამედ კულტურის ცენტრი, სადაც უამრავ ღონისძიებას ვატარებთ და ბევრი სტუმარი ჩამოდის ლიტვიდან, ჩვენ მართლაც აქტიური სტუდენტური ცხოვრება გვაქვს“- განაცხადა ლორენა შამათავამ.  

ნინო ჩარგეიშვილი: ამ ორგანიზაციამ სუნთქვა 4 წლის წინ დაიწყო, ლიტვამ გადაწყვიტა, რომ ქართველებისთვის ლიტვური ენის შესწავლის შანსი მიეცა, რომ შემდეგ სწავლა ევროპულ ინსტიტუტში გაეგრძელებინათ. წარჩინებული სტუდენტები ლიტვაში უფასოდ სწავლის გაგრძელებას ორივე საფეხურზე შეძლებენ. როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე. ქართველ პროფესორ-მასწავლებლებსაც ეძლევათ ლიტვაში ლექციების წაკითხვის შესაძლებლობა. მთავარია, ინგლისური მაინც იცოდნენ საფუძვლიანად. გამორიცხული არც მათი დასაქმებაა. მით უმეტეს, რომ პრეცედენტი უკვე გვაქვს. ქართულმა საელჩომ მოითხოვა ლიტვურის მცოდნე სპეციალისტი და ახლა ერთ-ერთი სტუდენტი სწორედ ამ საელჩოში მუშაობს, ასე რომ. ეს საკმაოდ პერსპექტიულია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორის თქმით, ასეთი ლამაზი ღონისძიებების ჩატარება მომავალში ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობის გაღმავების საფუძველი გახდება.

-ეს იყო ლიტვური ხელოვნების საღამო ქართულ სივრცეში . ქართველი სტუდენტების მიერ  ლიტვურ ენის დაუფლება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ამ ორი ერის ურთიერთობის გაღრმავებას და ისინი გახდებიან მომავალში ეკონომიკის, ბიზნესის და ხელოვნების ხაზით ურთიერთდამაკავშირებელი ხიდები საქართველოსა და ლიტვას შორის“- განაცხადა პრორექტორმა.

ღონისძიება და ვიდას კავალიაუსკასის საქმიანობა ლიტვის ელჩმა საქართველოში ბატონმა გიედრიუს პუოჯუნასიმაც შეაფასა:

„ძალზედ სასიამოვნოა, რომ ბატონი ვიდასი თავის სტუდენტებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში, არ მეგულება სხვა ადამიანი, ასე ლამაზად რომ წარმოაჩენს მის კულტურას სხვა ქვეყანაში. საიდუმლო არ არის ის, რომ საქართველოსა და ლიტვას ძალიან ძლიერი ურთიერთობა აკავშირებთ, ასეთი ღონისძიებები კი კიდევ უფრო აძლიერებს მას. პოეზია იმ სულის ნაწილია, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქვეყნის იდენტობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტუდენტების სურვილი, რომ შეიცნონ ლიტვური კულტურა და შეისწავლონ  ენა. ამ ყველაფრით თქვენ აშენებთ დიდ ხიდს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მეგობრობას აერთიანებს.. დიდი მადლობა ბატონ ვიდასს და ქართველ სტუდენტებს“...

 

 

loading...