საზოგადოება
„საკონცერტო დარბაზები და გართობა კარგია, მაგრამ თუ მთა არ გავამაგრეთ, გართობა ოხრად დაგვრჩება" - ბაღათერ არაბული
„საკონცერტო დარბაზები და გართობა კარგია, მაგრამ თუ მთა არ გავამაგრეთ, გართობა ოხრად დაგვრჩება" - ბაღათერ არაბული

დაცარიელებულ მთას შემორჩენილი ყოველი მოსახლე სასაზღვრო ზონის მეციხოვნის ფუნქციას ბუნებრივად ითავსებს. აქედან გამომდინარე, დემოგრაფიული კატასტროფა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძალზე თვალშისაცემია, სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს.  ეჭვი იმას, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალები თითოეულ ცხელ წერტილს და პრობლემურ კერას  სათავისოდ აქტიურად იყენებენ, არცთუ უსაფუძვლოა.  „სახელმწიფოს დიდი სიფრთხილე მართებს, საკონცერტო დარბაზები და გართობა კარგია, მაგრამ თუ მთა არ გავამაგრეთ, გართობა ოხრად დაგვრჩება,“-აცხადებს ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, ბაღათერ არაბული. მის თქმით, ქვეყანაში პრიორიტეტები არასწორად ნაწილდება, კონცერტებზე მილიონები იხარჯება, მაშინ, როდესაც გათვლების თანახმად, 10 სოფლის აღდგენას სულ 5 მლნ ლარი ჭირდება.

ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge- პოეტი ბაღათერ არაბული  ესაუბრება:

-პატრიაქრის იდე იყო ხელისუფლებას მთის აღდგენისთვის ხელი შეეწყო და ახალგაზრდა ოჯახები მთაში დაებრუნებინა, უნდოდა ეს პროცესი ხევიდან დაეწყო. ეკონომისტების დაანგარიშებით, 10 სოფლის აღდგენას თავისი სახლებით, მესაქონლეობით, 200 ლარიანი დახმარებით  5 მლნ ლარი ჭირდებოდა. თითო სოფელში  5-5 ოჯახი უნდა დაბრუნებულიყო, ახალგაზრდა წყვილებიც მოზებნილი გვყავდა. საპატრიარქო მხარს გვიჭერდა, ჩემი ინტერვიუებიც დაიბეჭდა, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა. არსებობს საპარტნიორო ფონდიც, რომელიც მთის პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა,  ეს ძალიან სამწუხაროა.

საკონცერტო დარბაზის მშენებლობაში მილიონები გადაიხადეს, არ ჯობდა ამ ფულით მთის სოფლები აგვეღორძინებინა? სახელმწიფოს პრიორიტეტები არასწორად აქვს გადანაწილებული. მე ვფიქრობ, მთავარი არის მთა, მთის გარეშე, სასაზღვრო ზონის გაძლიერების გარეშე ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ. შატილში  ფიჭვნი დავკარგეთ, რუსები შემოვიდნენ და დაეპატრონენ. ხელისუფლებამ, საპარტნიორო ფონდმა მთაში ახალგაზრდების დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. მთავრობამ ბიზნესმენებს მთის სასაზღვრო ზონაში მცირე საწარმოების შექმნა უნდა დაავალოს და დღგ-ს გადასახადისგან გაათავისუფლოს. ეს მეურნეობებისთვის წახალისება იქნება, მიეცეთ გრძელვადიანი სესხები, მოხდეს ინფრასტრუქტურის შექმნა ნორმალური ცხოვრებისა და სწავლა-განათლებისთვის.

საკონცერტო დარბაზები და გართობა კარგია, მაგრამ თუ მთა არ გავამაგრეთ, გართობა ოხრად დაგვრჩება. ხევსურეთში სულ 200-300 კაცია დარჩენილი, ისიც მოხუცები.  რაღაცეები ნაწილობრივ განხორციელდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

-რას ფიქრობთ ხანდოს ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ მოსახლეობა მაღალი ძაბვის ანძების აგებას აპროტესტებს. რამდენად  პასუხისმგებლიანია სახელმწიფო ადგილობრივებთან მიმართებაში?

-ხანდოს ხეობაში ხელისუფლებას  დიდი სიფრთხილე მართებს. იქ სადაც ეროზიული ქანებია და მოსახლეობას ზიანი ადგება, თავისთავდ ცხადია,  სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი მოსახლეობის სასარგებლოდ გააკეთოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხაზები გაიყვანო და სოფლები გააუქმო. მცხეთა -მთიანეთის რეგიონში დემოგრაფიული კატასტროფაა,  თითოეული ოჯახის არსებობას  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ ყოველი მოსახლე  სოფელს ნიშნავს, ერთი ოჯახის დაზარალებაც  ძალიან დიდი დანაშაული იქნება. მოსახლეობასთან სპეცნაზით ლაპარაკი  არ შეიძლება, სპეციალისტები უნდა ავიდნენ და მოსახლეობა დაარწმუნონ.

თუმცა მომეჩვენა, რომ  პროცესები ხანდოში ორგანიზებული იყო,  რადგან  ადგილობრივებთან ერთად სხვებიც იმყოფებოდნენ, ყველაფერს ღრმა გაანალიზება ჭირდება.

იგივე, სვანეთში, ხუდონჰესთან დაკავშირებითაც არის პრობლემები. ჩვენ საქართველო ჰესებისთვის და ტრანსპორტისთვის არ გვჭირდება, საქართველო მოსახლეობისთვის გვინდა, თუ მოსახლეობა აიყარა, მაშინ რა აზრი აქვს ამგვარ ტექნიკურ პროგრესს?  ყველაფერი ხალხს უნდა მოემსახუროს, თუ ხალხი წინააღმდეგია, უნდა დავარწმუნოთ, რატომ არის ასე უკეთესი, ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად არწმუნებს ხელისუფლება ხალხს ახალი კონსტიტუციის პროგრესულობაში? რამდენად სწორად მიმდინარეობს განხილვის პროცესი?

-წინა წლებიდან კარგად გვახსოვს კონსტიტუციის ცვლილებები როგორ  ჩაკეტილ სივრცეში მიმდინარეობდა, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ.  სააკაშვილმა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო, რადგან პრემიერობას აპირებდა, პრეზიდენტს ყველა უფლება შეუკვეცა და მთელი ძალაუფლება პრემიერმინისტრისკენ გადაქაჩა,  ეგონა ყურმოჭრილი მონა, დავით ბაქრაძე პრეზიდენტად ეყოლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ცდილობს განხილვაში  დემოკრატიული მუხტი შეიტანოს, ამას  მაინც  ფორმალობის ელფერი დაჰკრავს. არავინ იცის იმ კონსტიტუციაში რა წერია. ხელისუფლებას კეთილი უნდა ენება და მოსახლეობისთვის პროექტი დაბეჭდილი სახით წინასწარ  დაერიგებინა, ახლა ეს  მხოლოდ რიტორიკაა.

ფილარმონიაში მომხდარ დაპირისპირებას რაც შეეხება, ნაციონალების და მათი განაყოფების მხრიდან მართულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არჩევნები ახლოვდება და ეს ე.წ. საპარლამენტო ოპოზიცია ყველა ცხელ წერტილს სათავისოდ აქტიურად იყენებს.  ვფიქრობ, აუდიტორია 115-ის  ქმედება დესტრუქციული და მართული იყო.

მიუხედავად ამისა, კობახიძის რიტორიკას გამართლება არ აქვს. მან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ბოლოს იძულებული გახდა დარბაზიდან გაქცეულიყო. როგორ, დემოკრატია მარტო ის არის, რასაც თვითონ ფიქრობენ? რატომ მოჰყავთ ასეთი დაუღვინებელი ხალხი პოლიტიკაში? პოლიტიკოსს მეტი თავშეკავება მართებს.  ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერად მეოთხედ აირჩიეს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომკავშირის ცეკას მდივანი იყო. ე. ი. კობახიძის ლოგიკით, მერკელი  ხელისუფლებაში ვერასოდეს უნდა მოსულიყო. ყველა პერიოდში იყო ხალხი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა, ამის მაგალითი, ჩვენი ეროვნული გმირი, ჟიული შარტავაა.

დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ყველა დროში იცავდნენ და იცავენ, იგივე ბაკურ გულუა, თემურ შაშიაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვები. მათი გამოყენება სახელმწიფოს ახლაც შეუძლია, მაგარამ არ იყენებს, მათ აქვთ ის გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად ქართულ პოლიტიკას და ქართულ ცხოვრებას დიდ ძალას შემატებდა.

გარდა ამისა, პოლიტიკის მხოლოდ ერთი მიმართულებით  წარმართვა „ოცნების“ დანაშაულად მიმაჩნია. კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის ჩაწერა გაუმართლებელია. საგარეო კურსი იმაზე უნდა იყოს აგებული, სახელმწიფოს რა პერიოდში რა უფრო აწყობს. იაპონიას რუსეთთან დღესაც ტერიტორიული დავა აქვს, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია. უკრაინას ომობს რუსეთთან, მაგრამ პოროშენკო და პუტინი ერთმანეთს ესაუბრებიან. სააკაშვილის გამყიდველი ხელისუფლება პირდაპირ ხახაში ჩაუვარდა რუსეთს. ივანიშვილი რომ მოსკოვში ჩასულიყო და დალაპარაკებოდა, დარწმუნებული ვარ, ახლა მავთულხლართებზე ლაპარაკი აღარ დაგვჭირდებოდა.  ამ სამეზობლოდან ჩვენ ვერსად გავიქცევით. გვინდა თუ არა, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ.

- უნდა აიკრძალოს თუ არა კონსტიტუციით მიწის უცხოელებზე მიყიდვა?

-აუცილებლად უნდა ჩაიწეროს! ასე ჰარიჰარად რომ რიგდებოდეს და იყიდებოდეს მიწები უცხოეთში, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ამას ვითომ ინვესტორების მოზიდვით ამართლებენ.  იმ ინვესტორს 5-10 წლიანი ხელშეკრულება გაუფრმე თავისი პირობებით, თუ კარგად იმუშავებს, კიდევ გაუგრძელე. მიწის გაყიდვა არის დანაშაული ქართველი ერის წინაშე, ამის უფლება არავის აქვს.  მთავრობები მოდიან და მიდიან, ქართველი ხალხი რჩება. მცირენი ვართ  დარჩენილი და ქვეყანას უნდა მოვუაროთ. ქართულ მიწას მისხალიც არ უნდა მოაკლდეს. ისედაც განახევრებულია ქვეყანა და  კიდევ გაყიდვა როგორ შეიძლება? გამოდის, ბოლოს ჩვენ მარტო კორპუსები დაგვრჩება თბილისსა და ქუთაისში. თუ ასე მოხდა, კორპუსიდან ეზოში ჩამოსასვლელი და დასასვენებელი ადგილი აღარ დარჩება საქართველოში.

-დაპირისპირება მეშახტეთა ტრაგედიის ნიადაგზეც მოხდა, როგორ ფიქრობთ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაში?

-ეს მართალაც მძიმე ტრაგედიაა, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ისიც მინდა ვთქვა, რომ „ქვანახშირი“ ბეჟუაშვილებისაა,  პირწავარდნილი ნაციონალების.  თვითონ მილიონებს აკეთებენ და მუშებს ელემენტარულ პირობებს არ უქმნიან. სახელმწიფომ უნდა დაიბაროს და ტყავი გააძროს, აანაზღაურებინოს  ყველაფერი და თუ კომპანია მუშებს სათანადოდ არ მოუვლის, „ქვანახშირის“ ნაციონლიზაცია მოახდინოს.

სახელმწიფოს დიდი სიფრთხილე მართებს, თითქმის ყოველდღე რაღაც პროვოკაციები ხდება. ანტისახელმწიფოებრივი ძალები ყველა ცხელი წერტილის სათავისოდ  გამოყენებას ცდილობენ. ხომ ხედავთ, აჭარაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მოწყობა რამდენჯერ სცადეს, მუსლიმი საზოგადოების წახალისებით სიტუაციების დაძაბვა დაიწყეს. მუსლიმი თემი ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთის აშენებას ითხოვს. აჭარაში 200-მდე მეჩეთი არსებობს, მე მგონი ამდენი თურქეთშიც არ არის. ჩვენ არცერთი რელიგიის წინაარმდეგი არ ვართ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ისლამი საქართველოში თურქეთის მხრიდან ძალად თავსმოხვეული რელიგიაა.  გახსოვთ, ბათუმში როგორი დესტრუქციული ძალები მოქმედებდნენ, მაშინ ჩვენ დიდ უბედურებას გადავრჩით. არაქართველების მიმართ იქ რაღაც რომ მომხდარიყო,  საშინელება დატრიალდებოდა. საზღვრისპირა  რეგიონებში, იგივე ბათუმში, ამგვარი პროვოკაციული ქმედებები არის სამშობლოს ღალატი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თურქთიდან მართული, მოსყიდული ძალების მეშვეობით ხორციელდება.