საზოგადოება
„შემოვა არაბი, ირანელი თუ ვიღაც უცხოტომელი და 2-3 მილიარდ დოლარად იყიდის ქვეყანას“ - რა საკითხებს გადაწყვეტს „ქართული მიწის დაცვის ტრიბუნალი“
„შემოვა არაბი, ირანელი თუ ვიღაც უცხოტომელი და 2-3 მილიარდ დოლარად იყიდის ქვეყანას“ - რა საკითხებს გადაწყვეტს „ქართული მიწის დაცვის ტრიბუნალი“

საყოველთაო განხილვის ჩაშლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი რაუნდიც ვერ შედგა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს წინასწარ შეთანხმებული შეხვედრის ჩატარების საშუალება პოლიტიკური სარჩულის არსებობის მიზეზით არ მისცა. "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" თავმჯდომარის,  მიხეილ ანდღულაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო დონის აღიარებული ქართველი ექსპერტები იყვნენ მოწვეულები. მათ იმ საკითხების სამართლებრივი ფორმულირება  უნდა წარმოედგინათ, რომლის კონსტიტუციაში ჩაწერასაც ითხოვდნენ. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთახმების არსებობის მიუხედავად, შეხვედრა მაინც ვერ შედგა.

მიხეილ ანდღულაძე: აქ სამასზე მეტი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა გაერთიანებული. როდესაც ჩვენ დავინახეთ 15 მაისის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეხვედრის ჩაშლის პრეცედენტი, გაგვიჩნდა მოტივაცია, რომ გვეფიქრა ალტერნატიულ ცვლილებებსა და განხილვებზე. საზოგადოებაში არიან ძალიან სერიოზული ექსპერტები. მათ შემუშავებული აქვთ ის სწორი კონცეფცია და მიმართულება, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიწის დაცვას, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამან გამოიწვია აღშფოთება საზოგადოების მხრიდან. სულ ხიდჩატეხილი სიტუაცია ხომ არ უნდა იყოს? აი,  ამ ხიდჩატეხილობის პრობლემის მოსაგვარებლად გადავწყვიტეთ,  ჩვენი ძალებით დაგვეწყო ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. პირველი რაუნდში ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - მიწის გასხვისების პრობლემაზე უნდა გვემსჯელა. მიწის ექსპერტებს საზოგადოებისთვის იმ საკითხების  ფორმულირება უნდა წარმოედგინათ, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს.  ამასთან დაკავშირებით იყო შეთანხმებები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. დაგვპირდნე, რომ 27 მაისს პირველ საათზე დაგვითმობდნენ  სააქტო დარბაზს, შესაბამისად, შედგებოდა ზემოხსენებული საკითხების განხილვაც. შეხვედრაზე ასევე მოვიწვიეთ ყველა რანგის  სახელმწიფო მოხელე.  და აი,  ერთი დღით ადრე მივიღეთ  სატელეფონო ზარი, -  თქვენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სარჩულს იძენთ და პოლიტიკური თავყრილობა უნივერსიტეტში დაუშვებელია,  ამიტომ ჩვენ ამ განხილვის ჩატარების უფლებას ვერ მოგცემთო...

კარგად ვიცით,  რომ ხელისუფლებასაც ჰქონდა დაანონსებული და დაგეგმილი უნივერსიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ისმის კითხვა:  ამ შემთხვევაში არ არსებობდა პოლიტიკური სარჩული?

უარის მიუხედავად, დღეც უნივერსიტეტის ეზოში მაინც შევიკრიბეთ და  ხალხს დავპირდით,  რომ არა კონფრონტაციით, არა დაპირისპირებით, არა რაღაც რადიკალური ხაზის გატარებით, არამედ აკადემიურობით, კვალიფიკაციურობით და ცივილურად აუცილებლად ჩავატარებთ განხილვებს და ვაჩვენებთ საზოგადოებას ჩვენს დამოკიდებულებას.

ანზორ მესხიშვილი , ექსპერტი: ყველაზე დიდი აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ვლაპარაკობთ, - უნდა ვიაროთ ილიას გზითო,  თითქოს ილია მომხრე იყო მიწების გასხვისების. სინამდვილეში ის  კატეგორიული წინააღმდეგი იყო უცხოელებზე მიწების მიყიდვის.  ილიას აქვს ნათქვამი, -  თუ ქართველი კაცი ჩაიდენს დანაშაულს, რაც არ უნდა მძიმე დანაშაული იყოს ის და მერე მოინანიებს, მას შეიძლება საზოგადოებამ აპატიოს, მაგრამ თუ ქართველი კაცი გაყიდის მიწას, გაყიდის მამულს, ის ამ დანაშაულს ვერც მოინანიებს და მას არც საზოგადოება აპატიებს. ახლა, სამწუხაროდ, გადაწყვიტეს, რომ მიწის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ორგანულ კანონში ჩადონ. ორგანული კანონი ისეთია, როცა გინდა, რამდენსაც გინდა შეცვლი. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მიწები არ გაიყიდოს უცხო მოქალაქეებზე და ეს ჩაიწეროს კონსტიტუციაში.

საქართველოში მიწები ისედაც არ დარჩა, მსოფლიოში ერთ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგული საქართველოში. ერთ სულ მოსახლეზე მოდის 0.12 ჰექტარი მიწა, როდესაც  2 ლარი ნულს უდრის. ფაქტობრივად საქართველოს მიწები აღარ დარჩა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და კიდევ თუ ამას გავყიდით, უფრო მძიმე ვითარება იქნება. საქართველოს დემოგრაფიული მონაცემები ისეთია, რომ ქართულ გვარებში პირველ მეოთხე და მეთვრამეტე ადგილზე არის არაქართული გვარები, ამას რომ დაემატება კიდევ მიწების გაყიდვა...

მე და ჩემი კოლეგები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ არ გაიყიდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე და ეს აუცილებლად უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში.  მეტიც,  არამარტო სასოფლო-სამეურნეო, არამედ არასასოფლო -სამეურნეო მიწების გაყიდვაც გვინდა, რომ აიკრძალოს, მხოლოდ ის არასასოფლო-სამეურნეო მიწები შეიძლება გაიყიდოს, რომლებიც კორპუსების მშენებლობისათვის გამოიყენება, დანარჩენ შემთხვევაში, არასასოფლო-სამეურნეო მიწები არ უნდა გაიყიდოს.

კოკო გამსხურდია, პოლიტიკური პარტია „თავისუფლების“ ლიდერი: დღეს აქ უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება მიწის საკითხთან დაკავშირებით, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ და გაეცნოთ ხალხისთვის თავიანთი პოზიცია, მაგრამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს, დაკეტა დარბაზი, ალბათ მიიღო დირექტივა და ღონისძიება ვერ ტარდება.  აი, ასეთი სიტუაციაა.

ვფიქრობ, რომ ქართული მიწა ეკუთვნის და უნდა ეკუთვნოდეს ქართულ სახელმწიფოს. პრინციპულად რომ ვთქვათ,  მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხოელებზე, თუმცა გამონაკლისებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი ისე, როგორც ეს არის ახალ ზელანდიაში. ტრიბუნალი უნდა დაკომპლექტდეს არამხოლოდ სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან, არამედ საზოგადოებისთვის სანდო  სახეებისგან,  მათ ყველა წინადადება უნდა განიხილონ და იქიდან გამომდინარე,  თუ რამდენად საინტერესოა ეს წინადადება, რამდენად მოხდება ადგილობრივების დასაქმება, რამდენად არ შეიცავს საფრთხეს ეს პროექტი საქართველოსთვის და რამდენიმე ზონა იქნება ქვეყანაში, გადაწყდეს საიდანაც შეიძლება გარკვეულ გონივრულ ლიმიტში მიწის მიცემა უცხოელისთვის.  უნდა იყოს ორი დანიშნულების ინვესტიცია და რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს საგულდაგულო განხილვა, - ხომ არ შეიცავს ის საფრთხეს,  ხომ არ შეცვლის დემოგრაფიულ სიტუაციას და ა.შ.  ანუ, მე ვარ მომხრე ასეთი მიდგომის. რა თქმა უნდა,  ეს ის ზონებია, სადაც შესაძლებელი იქნება უცხოელებზე მიწების გასხვისება გონივრული ლიმიტის ფარგლებში,  ისევე,  როგორც ეს არის ევროპულ ქვეყნებში. ეს ლიმიტი უნდა იყოს,  მაგალითად ისე, როგორც კანადაშია.  კანადაში არის 8 ჰექტარი.  გერმანიაში მეტია - 400-500 ჰექტარი.  ჩვენ ასეთ ფუფუნების უფლებას ჩვენ თავს ვერ მივცემთ.  აი ეს არის ჩემი ხედვა ამ საკითხისა - აუცილებელია ტრიბუნალი. „ქართული მიწის დაცვის ტრიბუნალი“ - ასე უნდა ერქვას მას.

რამაზ გაგნიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული მისიის" წევრი:  ძალიან სამწუხარო სიტუაციაა -  მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უნდა გაყიდოს ქართული მიწები.  ჯერ მომხდარა საქართველოში, რომ რომელიმე მეფეს,  რომელიმე მმართველს,  რომელიმე კრედიტორს და ა.შ. ეს გაეკეთებინა. სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა ამას. ახლა  გადაწყვიტეს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა უცხოტომელების ამარა უნდა დატოვონ. ამასთან, ამბობენ, რომ ილიას, აკაკის, რუსთაველის გზით დავდივართო.  ვერ მივხვდი,  რომელია ეს გზა.  საქართველოში სულ 500-დან 600 ათას ჰექტარამდე მიწაა  დარჩენილი არასასოფლო-სამეურნეო, დღევანდელი მდგომარეობით რომ შეაფასო, სულ  5 და 6 მილიარდ ლარზეა საუბარი მთლიანობაში. ეს არის 2 მილიარდ ნახევარი დოლარი.  არაბი, ირანელი თუ ვიღაც უცხოტომელი, მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, შემოვა საქართველოში, იყიდის ქვეყანას 2-3 მილიარდ დოლარად და შენ გახდები მისი მონა.  ახლა მინდა პასუხი გავცე იმ ქართველებს, ხომ არ მოიკიდებენ ზურგზე ამ ქართულ მიწასო,  რომ გვეკითხებიან.  კი არ მოიკიდებენ, მოგიკიდებენ, რომ იყიდიან და დარჩები მოკიდებული.

მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე:  ხელისუფლება არ არის მზად, რომ გაიმართოს აკადემიური მსჯელობა  კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით და თვითონვე იცის თავისი ძალიან სუსტი პოზიციები.  მას უფრო მეტად აწყობს ყვირილი, კივილი, ასე ვთქვათ, არასამუშაო სიტუაცია, რომ ამით თავისი მომხრეების მობილიზება გააკეთოს და მეორე მხრივ მოსახლეობამდე არ მივიდეს ამ ცვლილებების არსი. მან უბრალოდ გამოაცხადა, რომ აქ პოლიტიკური დაპირისპირების მომენტია. მათ არ ძალუძთ აკადემიურ დონეზე ამის განხორციელება და შესაბამისად, რადგან ჩვენ უნივერსიტეტში უნდა გვესაუბრა ამ თემაზე,  ჩაკეტეს კარები.  ფაქტობრივად, არ გვიტოვებენ არჩევანს და გვაიძულებენ, აქციების გზით წავიდეთ, ხელისუფლება თვითონ უბიძგებს საზოგადოებას ასეთი ქმედებებისკენ.  პირადად მე ხუთჯერ ვარ მონაწილე ამ საზოგადოებრივ დაპირისპირებებში. არ მინდა რუსთაველის გამზირზე ქუჩის გადაკეტვა, მინდა დარბაზში, მინდა აკადემიური მსჯელობით, მაგრამ... არ არიან ამისთვის მზად და თვითონვე იციან ეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს პირველი პირი, რომელიც სოფელ-სოფელ დადიოდა, ივანიშვილი იქნება თუ კვირიკაშვილი, არცერთხელ არ გამოსულა კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრებებით.პოზიციები არ აქვთ, თვითონვე იციან რომ ისეთი ნაღმებია ჩადებული ამ საკონსტიტუციიო პროექტში, რომ დამღუპველია ქვეყნისთვის. ამის გაშიფვრა არ უნდათ.   

ბესიკ ბოგველი, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი:   მიწა ერთ-ერთი სერიოზული კატეგორიაა რელიგიური თვალსაზრისითაც. როდესაც ღმერთმა დაასაქმა ადამი, მას მოვალეობად დაუდო, რომ მიწა უნდა დაეხნა და დაემუშავებინა, ანუ მიწის დამუშავება გათანაბრებულია ღმერთის ფუნქციის აღსრულებასთან. როდესაც ბუნებრივად შენ ამ ფუნქციას ყიდი და სხვას აძლევ უფლებას, რომ მისი მუდმივი მფლობელი გახდეს და იქ იცხოვროს, ძალიან საგანგაშო ნიშანია.

მიწა განეკუთვნება ღმერთის მსახურების კატეგორიალს და ის არ არის იმისთვის რომ გაყიდო და გამოყიდო. ამით ხალხს აკარგვინებ უფლებას, ამ ადგილზე ემსახუროს ღმერთს. შეიძლება ვიღაცამ ილოცოს, მაგრამ გლეხის ფუნქცია არის ის, რომ მან მოიყვანოს მიწა, არცერთ ევროპულ ქვეყანაში მიწას ასე არ ექცევიან, ნებისმიერი აიღეთ მაგალითად.. აშკარად იკვეთება ჯგუფები, რომელსაც აქვთ დიდი ფული, რომლებიც ხელისუფლებაში მოვლენ და ყველაფერს იყიდიან.

ამ თემაზე უნდა გვემსჯელა, მაგრამ... ვფიქრობ,  ხელისუფლებას შიში გაუჩნდა, რომ შეიძლება ისეთი არგუმენტები დაიდოს,  რომელსაც ისინი შემდგომ ვერ შეეწინააღმდეგებიან.  სავარაუდოდ, მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ,  რომ უნდა მიიღონ, დაგეგმონ ძირითადად კანონი,  რომლითაც ისინი მთლიანად ხელში აიღებენ ხელისუფლებას.

რეალურად, მმართველი ძალა ერთს აცხადებს და მეორეს აკეთებს. საქართველოს სულს სხვა მიმართულებით მიაქანებენ, სხვაგვარად მოქმედებენ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. იყო თანხმობა, მივიღეთ უარი. სავარაუდოდ, შეშინდნენ. იმიტომ, რომ სამეცნიერო არგუმენტაციას ვერ წარმოადგენდნენ, ჩვენს არგუმენტებს ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ. აქ ნაშრომებით იყო მოსული ხალხი,  მაგრამ ხელისუფლებამ უარი თქვა მათ განხილვაზე. ისინი სამეცნიერო აზროვნებაზე  ამბობენ უარს,  უარს ამბობენ მენტალურ ცვლილებაზე. ეს კი ძალიან ცუდად მიუბრუნდებათ. 

loading...