პოლიტიკა
„დრო ძალიან ცოტა დარჩა, თუ ასეთ ცუნდრუკს გავაგრძელებთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს სამუდამოდ დავკარგავთ და შესაძლოა, კიდევ ორი რეგიონიც ზედ მივაყოლოთ“
„დრო ძალიან ცოტა დარჩა, თუ ასეთ ცუნდრუკს გავაგრძელებთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს სამუდამოდ დავკარგავთ და შესაძლოა, კიდევ ორი რეგიონიც ზედ მივაყოლოთ“

 

ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გაჩენილი უფსკრულის ამოვსება ჯერჯერობით გადაულახავ რუბიკონად იქცა. მიუხედავად არაერთი კონფრონტაციისა, აზრი და იმედი „ორი რუსეთის არსებობის“ შესახებ ქართულ საზოგადოებაში დღემდე  აქტუალურია. პოლიტიკოსთა ნაწილის მტკიცებით, ორ ქვეყანას შორის ვითარების მოწესრიგებას შეერთებული შტატები მიზანმიმართულად აფერხებს, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოველი მხარდამჭერი დეკლარაცია საქართველოს  თავის ძირძველ კუთხეებს კიდევ უფრო აშორებს. საფრთხე იმისა, რომ  გააქტიურებული სამხრეთის მეზობლის გავლენით მდგომარეობა შესაძლოა, სხვა რეგიონებშიც გართულდეს, რეალობას აცდენილი არ ჩანს.

სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის ე.წ.  საელჩოების გახსნის ფონზე ნატოს პოლიტიკური ცენტრი თბილისში ინაცვლებს. საპარლამენტო ასამბლეის სესიას ოთხი დღის განმავლობაში არაწევრი ქვეყნის დედაქალაქი მასპინძლობს. ალიანსი რუსეთს საქართველოდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. დეკლარაციში  ათასმეერთედ იწერება, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.  

რამდენად არის  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „თბილისური“ სესია პირდაპირი გზავნილი რუსეთისადმი, რომ დასავლეთი არ დათმობს საქართველოს? რა განწყობებია რუსულ პოლიტიკურ წრეებში ჩვენი ქვეყნის და აჭარის რეგიონში გააქტიურებული თურქეთის მიმართ? არსებობს თუ არა რუსულ -ქართული ურთიერთობების დარეგულირების რეცეპტი? ვის და რატომ ხვდება „ქართული დასის“ ლიდერი კრემლში? საქართველოსა და მის გარშემო არსებულ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე Sazogadoeba.ge-ს  ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:

-ბატონო  ჯონდი, თქვენ ახლახანს დაბრუნდით რუსეთიდან, გქონდათ შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, რა განწყობებია საქართველოსთან მიმართ?

-მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ორი განსხვავებული ხედვა არსებობს. ერთი ფრთა, საკამოდ ძლიერი გუნდი ზედმეტი რევერანსებისთვის განწყობილი არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დაიწყებს დიალოგს, ხომ კარგი, თუ არა, არც ამით დაშავდება რამე. მეორე ფრთას, არანაკლებ ძლიერს და გავლენიანი თვლის, რომ  ეს არანორმალური ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს.

-რომელი პოლიტიკოსები მოიაზრებიან პირობითად ამ ჯგუფების სათავეში?

-ახლა ამის თქმა არ შეიძლება, რასაც ვამბობ, დახურულ ფორმატში არსებული საუბრების შედეგია, ძალიან ვფრთხილობ, არ მინდა ზედმეტის თქმით საქმე გავაფუჭო.

ურთიერთობების საკითხი დღესვეა მოსაგვარებელი, რადგან ხვალ გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება და ორივე სახელმწიფოს მეტი ფასი დაგვიჯდება. შეიძლება რუსეთისთვის მეტი ფასის გადახდა დამღუპველი არ იყოს, თუმცა  სამხრეთ საზღვრებზე სტაბილურობის შენარჩუნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის უსაფრთხოება საქართველოსთან პირდაპირ არის დაკავშირებული.  ჩვენს ქვეყანასთან ერთად ანტიტერორისტულ და სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა რუსეთს საშუალებას მისცემს სამხრეთის საზღვრები მთლიანად აკონტროლოს.  ეს საკითხი საქართველოსთვის კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გადაუჭარბებლად გეტყვით, ყოფნა-არყოფნასთან არის დაკავშირებული.

-რას გულისხმობთ?

-ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო დღეს სრულიად მარტო, მოკავშირის გარეშე არის დარჩენილი. ქართულ საზოგადოებას კვებავენ ილუზიებით, თითქოს ნატო და ევროკავშირი ჩვენი მოკავშირეა, რაც სიცრუეა.  ნებისმიერ მომენტში, როგორც კი მათ ფინანსურ ინტერესებს საქმე შეეხება, ნატოც, ევროკავშირიც და შეერთებული შტატებიც საქართველოს გაყიდიან.  რაიმე რეალური მხარდაჭერა ჩვენ არცერთ საერთაშორისო ფორმატში არ მიგვიღია. მათ საქართველო სჭირდებათ არა ქართველი ხალხისთვის, არამედ ესჭიროებათ ტერიტორია, როგორც რუსეთზე სამხედრო შეტევის პლაცდარმი. ამის პირდაპირი დასტური ბევრი არსებობს.

ხომ ნახეთ, ტრამპის და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრის ფოტო, როგორი უპატივცემულობა გამოიჩინა ტრამპმა. მე არ ვაკრიტიკებ კვირიკაშვილს,  ეს არ არის საკრიტიკო თემა, მაგიდასთან ფეხზე იდგა არა გიორგი კვირიკაშვილი, არამედ საქართველო, ეს იყო უპატივცემულობა საქართველოს მიმართ.

მეორე ფაქტიც გავიხსენოთ, როგორი იყო ევროკავშირის წარმომადგენლის, ბატონი ზალბერის საქციელი საქართველოსთან მიმართებაში. მას დამკვირვებელს ეძახიან, მაგრამ მე უფრო სწორი ტერმინი შევარჩიე, ეს არის ზედამხედველი ქართულ-რუსული ურთიერთობებისა. საქართველოს მთავრობას შეერთებული შტატები  უფლებას არ აძლევს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს, არ ენდობა, ვაი და, რუსებმა და ქართველებმა მართალა შეძლონ მოლაპარაკება. აბაშიძის ფორმატიც კი, რომელიც მწვანილის გაყიდვას ეხება, არ მოსწონთ და მისი დახურვა უნდათ. ეს ზალბერი ჩაბრძანდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და სეპარატისტულ უკანონო ხელისუფლებებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ამით რეალურად მათი კანონიერება აღაიარა.

-ეს ხომ არ არის სიგნალი იმისა, რომ  საერთაშორისო ვითარება, არაღიარების პოლიტიკას ვგულისხმობ, შესაძლოა, ჩვენს საწინააღმდეგოდ შეიცვალოს?

-შეიცვალოს კი არა, ეს იმის მაჩვენებელია, როგორია რეალურად ევროკავშირის და დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. პირდაპირ უნდა ვთქვა, ეს არის საქართველოს პროდასავლური კუსის სრული კრახი,  საბოლოო ფიასკო. ამ ფაქტის მიჩქმალვას დასავლეთიდან ტოტალურად კონტროლირებადი მედია ცდილობს. ამის დაბეჭდვას ახერხებს თქვენი პორტალი და რამდენიმე სააგენტო, შეიძლება კანტი-კუნტად კიდევ რომელიმე ტელევიზიაში ინფორმაცია გააჟღერო, ყველა დანარჩენმა ეს თემა ჩახურა, რათა ის ილუზიები შეინარჩუნონ, რომლითაც ქართული საზოგადოების გამოკვებას ცდილობენ.

-ილუზიაა ის დეკლარაცია, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში გამართულ სესიაზე მიიღო? დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ასამბლეამ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს საქართველოდან თავისი ჯარები, ამასთან უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. როგორ შეაფასებდით  ამ დოკუმენტის პროდუქტიულობას?

-ასეთი დეკლარაციების  გამო დავკარგეთ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო. სწორედ ამგვარი უპასუხისმგებლო ცუნდრუკის გამო დამატებით დავკარგეთ ჩვენ ახალგორი და 200-მდე სოფელი. დრო ძალიან ცოტა დარჩა და თუ ასეთ ცუნდრუკს გავაგრძელებთ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს უკან დაბრუნების ყველა შანსს საბოლოოდ გავუშვებთ ხელიდან და შესაძლოა, კიდევ ორი რეგიონიც ზედ მივაყოლოთ.

-თქვენ ამბობთ: „ძალიან ცოტა დრო დარჩა... შეიძლება კიდევ ორი რეგიონი დავკარგოთ“, უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა საფრთხეებს გულისხმობთ?

-იცით რა, არ მინდა რეგიონებზე ყურადღება გავამახვილო და ამით ზედმეტი დაძაბულობა შემოვიტანო. ცოტა დრო დაგვრჩა მოლაპარაკებებისთვის, ეს საკითხი უნდა გადაიჭრას. ჩვენ ვართ მარტო, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ნათესავი არავინ  ჰყავს, არ გვყავს ისეთი ძლიერი დიასპორები, როგორიც მაგალითად, სომხებს, ებრაელებს, რუსებს, ბერძნებს და ა . შ.  ჩვენი პატრონი არის მაღლა ცაში ღმერთი, აქ   ერთმანეთის პატრონები უნდა ვიყოთ, ჭკუა და რაციონალური მოქმედება გვჭირდება. ერთადერთი ერი, რომელმაც ფიზიკურ განადგურებას გადაგვარჩინა,   არის რუსი ერი, ახლა ჩვენ მათთანაც კონფლიქტში ვართ.

საქართველოს ტერიტორიას, როგორც უპატრონოდ მიტოვებულს, ისე უყურებს ძალიან ბევრი  სახელმწიფო. ზოგიერთი ქვეყანა ძველი იმპერიული სიზმრებიდან ჯერაც არ გამოსულა და ჩვენი ტერიტორიის მიტაცებით არის დაინტერესებული. საქართველოში მასობრივად მიმდინარეობს არაბების, თურქების, ჩინელების, ინდოელების ჩამოსახლება. ევროპის მაგალითმა აჩვენა, რომ ეს ხალხი ყველგან მიკრო სახელმწიფოებს ქმნის და არსად  ინტეგრირდება. ასეთ ზეწოლას დიდი ევროპული ქვეყნებიც ვერ უძლებენ. მანჩესტერში, სადაც ტერორისტული აქტი განხორციელდა, მოსახლეობის უმრავლესობას ახლო აღმოსავლეთიდან გადმოსახლებული მუსლიმები შეადგენენ. ბოლო წლების განმავლობაში  ლონდონში 500 ანგლიკანურ-ქრისტიანული ტაძარი დაიხურა და  443 მეჩეთი გაიხსნა. მეჩეთების 80% სწორედ იმ დახურულ ტაძრებში გაიხსნა. გესმით, ეს რა ტენდენციის მაჩვენებელია? როდესაც ლონდონში, უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს დედაქალაქში ასეთი ვითარებაა, საქართველოში რა შეიძლება მოხდეს, თუ ეს პროცესი არ გავაკონტროლეთ?

სრულიად უტვინო და ნამუსგარეცხილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მიწას ზურგით არავინ მოიკიდებსო. მიწას არავინ წაიღებს, მაგრამ აქ დასახლდებიან  და პატრონები ისინი იქნებიან. უმრავლესობაში არაბები და თურქები აღმოჩნდებიან  და ეს აღარ იქნება სა-ქა-რთვე-ლო, ანუ, ქართველების ქვეყანა. ვინ იქნება ამ ქვეყნის პატრონი, ამაზეა ლაპარაკი,  თუ საქართველო ქართველების აღარ იქნება, მაშინ რა გვინდა ჩვენ? მაშინ რატომ ვმოძრაობთ ევროპისკენ?  ქართველები ემიგრაციაში წავიდნენ და აქ არაბები და თურქები ჩამოსახლდნენ? ეს არის ქართული ოცნება?

რაში სჭირდება დასავლეთს ნატოში საქართველოს გაწევრიანება? შეერთებული შტატები და ევროპა რუსეთზე თავდასხმის ობიექტად და სავაჭროდ საქართველოს ტერიტორიას ისედაც იყენებენ.

ფოთში ამერიკის საზღავო- სამხედრო ბაზა შენდება, ხელისუფლება ცდილობს აქ შეერთებული სტატების სარაკეტო და ანტისარაკეტო სისტემა განათავსოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისს მოსკოვი ბირთვულ იარაღს დაუმიზნებს, რაც დასასრული იქნება. შეიძლება რუსეთმა განთავსების საშუალებაც არ მისცეს და მასშტაბური სამხედრო  კონფლიქტი დაიწყოს. შეერთებული შტატების დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს, იქ ისეთი სულელი არავინ არის, რომ ჩვენს გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. დახმარება რომც დააპირონ, საქართველო გაქრება. სირია რუსეთის და შეერთებული შტატების დაპირისპირების პოლიგონად  იქცა და დღეს ეს სახელმწიფო აღარ არსებობს. 22 მილიონიანი უძლიერესი და უმდიდრესი ქვეყანა ნანგრევებად არის ქცეული. თუ ვინმე ცდილობს, რომ საქართველოში სირია და ავღანეთიზაცია მოხდეს, ეს მიზანმიმართული ღალატია. ამიტომ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მსგავსი უპასუხისმგებლო ცუნდრუკის, სხვას ვერაფერს დავარქმევ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს, რადგან ამის უკან არაფერი  დგას.

თანაც გაწევრიანება ნატოში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მე-5 პუნქტის ამოქმედებას არ მოითხოვს, რაც სამხედრო კონფლიქტში დახმარებას  გულისხმობს.  ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იძულებული გახდება აღიაროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, ეს იქნება ისტორიული ღალატი. თუ ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია ხელიხელჩკიდებული, ცეკვა-ცეკვით აქეთკენ მიექანებიან, ვიმეორებ, ეს არის ღალატი.

-ბატონო ჯონდი, მესმის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთში შეიძლება განსხვავებული მოსაზრების ძალები არსებობენ,  მაგრამ  ფაქტია, რომ  კრემლმა ცხინვალში უკვე ე.წ. ელჩი დანიშნა, სოხუმშიც „საელჩო“ გახსნა. სურს კი რეალურად მოსკოვს  თბილისთან ნორმალური ურთიერთობების დაწყება? რა პერსპექტივა აქვს საქართველოს რუსეთთან დიალოგს?

-ძალიან კარგად და სწორად არის კითხვა დასმული.... რუსეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ძალიან დიდი გავლენის მქონე ჯგუფები, რომლებიც საელჩოების გახსნას და ამ პროცესს უფრო მეტი სიფრთხილით უყურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ აქვს აზრი ქართველებთან ლაპარაკს და ურთიერთობების დალაგებას, არა ძალის, არამედ დიალოგის ენაზე, მაგრამ ჩვენ ისეთი საქციელებით, როგორიც არის ნატოს ასმბლეები და დეკლარაციები, ვასუსტებთ ამ აზრს რუსეთში. იმ ჩინოვნიკებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არ არის სავალდებულო საქართველოსთან რაიმე  ზედმეტი დიალოგის წარმოება, მეტ არგუმენტს ვაძლევთ, მიმიხვდით?

-რუსეთის პრეზიდენტი რომელ ჯგუში შეიძლება მოვიაზროთ?

-პირდაპირ გეტყვით, პუტინი იხრება იმ აზრისკენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს. ამას მოწმობს მისი განცხადება სოჩაში, რომ მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. გავიხსენოთ მეორე განცხადებაც, რომ თუკი აფხაზები, ქართველები და ოსები  მოილაპარაკებენ, მზად არის ურთიერთობების დალაგებას ხელი შეუწყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია პრეზიდენტისგან, სიგნალი კი არა, პირდაპირი ნათქვამია, ხოლო როგორ უნდა განხორციელდეს ეს ხელშეწყობა, ამის რეცეპტიც არსებობს, რუსეთში ჩვენს კოლეგებთან ამ რეცეპტზე გვაქვს საუბარი.  არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც რუსეთსაც და საქართველოსაც  ამ პოლიტიკური და სამართლებრივი ჩიხიდან გამოიყვანს. ამ გზით ყოველგვარი პოლიტიკური უხერხულობები და სამართლებრივი კაზუსები აღმოიფხვრება, მათ შორის ისიც, რომ რუსეთს აღიარებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა.  გზა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთს საშუალებას მისცემს  აღიარება უკან წაიღოს, ამის თეორიული  შანსი არსებობს. ვხედავთ, რომ რუსეთში ყველაზე გავლენიანი ფიგურა, რომელსაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია, მზად არის ჩვენთან სალაპარაკოდ, მაგრამ ჩვენ ვართ მზად? ჩვენ რას ვპასუხობთ? პრეზიდენტ პუტინის წინადადებას, რომ მზად არის ამ საკითხებზე სასაუბროდ და ხელი შეუწყოს აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას და ინტეგრაციას, ჩვენ რით ვუპასუხეთ? პუტინის განცხადებაზე ჩვენი პრემიერის და პრეზიდენტის პასუხი იყო, ამერიკელებს მოველაპარაკებით და მათთან ერთად გავაანალიზებთო. ეს რა იყო, იცით? რა გითხრათ, ეს იყო ოფიციალური დეკლარირება იმისა, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყანა არ ვართ, სუვერენული სახელმწიფო არ ვართ და უფროსებს უნდა შევუთანხმდეთ. 

რუსეთს ვპასუხობთ ნატოს ასამბლეებით, საერთაშორისო ტრიბუნებიდან ლამძღვა-გინებით და სხვა ათასი სისულელით, რომელიც პირდაპირ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვის ტოლფასი შეიძლება გახდეს. აი, ასეთია რეალობა.

-ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გამორჩეული იყო  იმით, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა. ამის მაგალითი სულ რამდენიმე არსებობს. თქვენი აზრით, ეს არის თუ არა გზავნილი რუსეთისადმი, რომ დასვლეთი არ დათმობს საქართველოს, როგორც თავის გავლენის სფეროს?

-არა, ამას არ ნიშნავს... ჩვენი უფროსი შეერთებული შტატებია, ტრამპი ახლა  რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება. პოლიტიკური ვაჭრობა და მსოფლიოში გავლენების ხელახლა გადანაწილება მათ შორის მოხდება. როცა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, თავის აქტივს ორივე წინ დაილაგებს. შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი აქტივი, რომელიც უნდა გაყიდოს ან არ გაყიდოს, რომლითაც უნდა ივაჭროს, არის საქართველო. ანუ, საქართველოს ბედი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროს საქართველოს მონაწილეობის გარეშე გადაწყდება, ისე როგორც ლენინის და ათათურქის დროს გადაწყდა.

ჩვენ შეგვეძლო და დღესაც შეგვიძლია რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ველაპარაკოთ და ის ამ განწყობას გამოხატავს. მაგრამ არ დგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯებს. ერთადერთი გზა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაა, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს, იმიტომ რომ  თავისუფალი არ არის. ხელისუფლება ვაშინგტონიდან წამოსული მესიჯებით იმართება, ეს არის მთავარი ტრაგედია ბოლო 25 წლის მანძილზე. აი ეს უნდა შეცვალოს ქართველმა ხალხმა. ქართველებმა ჩვენს ქვეყანაზე კონტროლი დავკარგეთ. ჩვენ არ ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. სანამ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, ჯერ თბილისი უნდა დავიბრუნოთ, საქართველო უნდა დავიბრუნოთ და მერე უნდა ვილაპარაკოთ საქართველოს ამ ორი ძირძველი კუთხის დაბრუნებაზე.

-მუსლიმი თემის ერთი ნაწილი ბათუმში ნაკაიძის ხელმღვანელობით, ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ მოთხოვნის უკან რეგიონში ვითარების აჭრის მცდელობა იდგეს?

-აჭარას მეჩეთები აკლია? ევროპის უდიდეს ქალაქში, ლონდონში მოსახლეობის რაოდენობა საქართველოზე 7-ჯერ მეტია და იქ 443 მეჩეთია გახსნილი, ევროპის ქვეყნებში განგაშის ზარებია უკვე შემოკრული. შეადარეთ, აჭარაში, სადაც მუსლიმების სულ რამდენიმე პროცენტი ცხოვრობს 400-მდე ახალი მეჩეთია გახსნილი. ანუ, ეს არ არის სულიერების და სამლოცველოს მოთხოვნა. აჭარელი მუსლიმები ჩვენი სამშობლოს ძალიან დიდი პატრიოტები არიან, ყველა საშუალება აქვთ, რომ თავიანთი რწმენით იცხოვრონ და ილოცონ. მათ ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს. მე ბათუმელი ვარ და კარგად ვიცი, აჭარაში სანამ თურქეთის ასეთი დიდი დოზით შემოსვლა არ მოხდა,  მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კინკლაობა არასოდეს ყოფილა.  ასეთი პროვოკაციული გამოხტომები თურქული რადიკალური ძალების პარპაშის შედეგია. ანუ, ყველა ეს „კონფლიქტი“ ამ რადიკალური ძალების მიერ არის ინსპირირებული. ისინი  წყლის ამღვრევას ცდილობენ, რომ მერე ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ და იმპერიული ამბიციები დაიკმაყოფილონ. არასოდეს არანაირი  კონფლიქტი არ ყოფილა მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს შორის. ისინი ასეთ იაფფასიან, თურქულ ოქროზე გაყიდულ პროვოკაციას  არასდროს აჰყვებიან, ეს მცდელობები  აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა უნდა ალაგმონ  თურქული რადიკალური ძალების უკონტროლო პარპაში საქართველოს ტერიტორიაზე და მერე არავითარი პროვოკაციული გამოხტომები აღარ იქნება. რამე სჭირდებათ აჭარელ მუსლიმებს? ეს მათი სამშობლოა და როგორმე პროვოკატორების და თურქების ჩარევის გარეშე მოახრხებენ ამ საკითხების გადაწყვეტას. ესენი სხვაზე უკეთესი ქართველები და ყველაზე მეტად პატრიოტები არიან. მუსლიმი ქართველების მონაწილეობთ და მათი ბრძოლის შედეგად დაუბრუნდა აჭარა საქართველოს და ყოველთვის ასე იქნება.

- რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრისას რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორია მათი განწყობა საქართველოში და კერძოდ, აჭარის რეგიონში თურქეთის გააქტიურებასთან დაკავშირებით? რამდენად აღელვებთ მათ ეს პროცესი საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე?

-იცით რა, რუსეთის და თურქეთის ურთიერთობა ამ ეტაპზე კარგია, ზოგიერთ თემატურ საკითხში ისინი მოკავშირეები არიან, მაგალითად, სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესში. მოგეხსენებათ, თურქებს  პრობლემა აქვთ ქურთებთან, რომელთაც  შეერთებული შტატები იარაღს აწვდის. თუ ქურთებმა შეძლეს და  ორი რეგიონი შეაერთეს, ისინი  თურქეთის მთელ სამხრეთ ნაწილს წიაღებენ, ეს კი თურქეთის დაშლას ნიშნავს.

რაც შეეხება საქართველოს, მათი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში განსხვავდება ისე, როგორც  ყოველთვის განსხვავდებოდა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მათი ინტერესები დაემთხვეს, ამ თემაზე მოდით, ნუ ვილაპარაკებთ. გამორიცხული ესეც არ არის, მაგრამ მათი ინტერესთა დამთხვევა არის დროებითი, რაც კარგად კარგად იციან. საქართველოს რუსეთის უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საქართველოს დათმობა რუსეთისთვის ძალიან რთულია. აი, აჭარაში რა როგორ იქნება, ამაზე ლაპარაკი წინასწარ არავის შეუძლია.

გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთს საქართველოს მიმართ ინტერესი დაკარგული არ აქვს და აჭარა, ახალციხე, ახალქალაქი და თურქეთის მიმდებარე ტერიტორია ყოველთვის რუსეთის ყურადღების ეპიცენტრში იქნება. მის ინტერესში არასოდეს  შევა აქ თურქეთის შემოშვება, ოღონდ საქართველოს პოზიციებს, დროს და მომენტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მივხვდი თქვენ რა კუთხით დასვით ეს შეკითხვა, ეს საფრთხე არსებობს,  ოღონდ ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა. სულ მქონდა განცდა და ამ ვიზიტისას გამიძლიერდა, რომ რუსეთმა ხელი არ ჩაიქნიოს, არ თქვან, ნუ, კარგი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, კიდევ ერთი-ორი რეგიონი  დაგვრჩეს ჩვენ და დანარჩენი -ამერიკელებს. აი, ეს არის.

ამერიკის აქ შემოსვლა, ცხადია, თურქის და არაბის შემოსვლას ნიშნავს, ეს პროცესი კიდეც მიმდინარეობს. ამის განცდა,  შიში გამიძლიერდა.

-ბატონო ჯონდი, მეჩვენება, რომ წინა ვიზიტებისგან განსხვავებით ამჯერად რუსეთიდან  უფრო მძიმე განწყობებით ჩამოხვედით...

-იცით რა, უფრო მეტი არგუმენტები აქვს იმ მხარეს, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოზე ხელი უნდა ჩაიქნიოს, მაგრამ მე ასე არ შევაფასებ, როგორი შთაბეჭდილებაც თქვენ დაგრჩათ. ჯგუფი, რომელიც ასე არ ფიქრობს, საკმაოდ ძლიერი და გავლენიანია.  სასიხარულო ის არის, რომ ეს ხალხი არ იყო ძალიან აქტიური და ამ ვიზიტისას შევიტყვე, რომ გააქტიურებულა. ახლა წონასწორობის შენარჩუნება და ბევრი რამ ჩვენს სწორ საქციელზეა დამოკიდებული. როცა ჩამოვფრინდი, აეროპორტში ქართველი ახალგაზრდები დავინახე, რომლებიც ნატოს საპარლამენტო დელეგაციას სპეციალურ  დახვედრას უწყობდნენ და გულში ხანჯალივით მომხვდა. ამაში კიდევ ერთი ახალი პროვოკაცია  დავინახე. ასეთი  არასერიოზული საქციელებით და დეკლარაციებით  ბევრი საქმე გავაფუჭეთ და ბევრ საქმეს დავემშვიდობეთ.

-მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში  ვიზიტს ისევ გეგმავთ,  მართალია, რომ ამჯერად  კრემლში ხართ მიწვეული?

-გიდასტურებთ, რომ ისევ მივდივარ, მაგრამ სად და რა ფორმატში იგეგმება შეხვედრები, ამ დეტალების შესახებ  მოგვიანებით ვისაუბრებ.