საზოგადოება
ალექსანდრე ჭუმბურიძე: გამომძიებელი, პროკურორი და თავშესაფრის დირექტორი ნაცების დამქაშს მფარველობენ!
ალექსანდრე ჭუმბურიძე: გამომძიებელი, პროკურორი და თავშესაფრის დირექტორი ნაცების დამქაშს მფარველობენ!

სააკაშვილის რეჟიმის ყოფილ პოლიტპატიმარს, ჯალათების და "ნასედკა" პატიმრების მიერ სასტიკად ნაწამებ ალექსანდრე ჭუმბურიძეს კვლავ დაპატიმრებით ამჯერად ახალი ხელისუფლების ძალოვნები ემუქრებიან. როგორც "ასავალ-დასავალს" თავად განუცხადა, გამიზნული პროვოკაცია ამჯერადაც ნაცების დავალებით მოუწყვეს.


***
ციხეში მას ჯოტიკას ვეძახდით. ალექსანდრე ჭუმბურიძე 2006 წლის 10 სექტემბერს საკანში გავიცანი. 4 დღით ადრე სააკაშვილის რეჟიმმა კოალიცია ანტისოროსის შემადგენელი პარტიების 12 უდანაშაულო ლიდერი დაგვაპატიმრა. შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობის ცილისმწამებლური ბრალდება წაგვიყენეს. მაშინ გლდანის ციხე ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, ამიტომ, წინასწარი პატიმრობის მოსჯის შემდეგ რუსთავის მე-6 მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაგვიყვანეს და ორად გაგვყვეს. N-5 საკანში ჩემთან ერთად მოხვდნენ კოკა კვინიკაძე, გიორგი ახობაძე, რამაზ სამნიძე და ვახტანგ ტალახაძე. თავს დამტყდარი ფათერაკი ბოლომდე გაცნობიერებულიც არ გვქონდა და სახტად მყოფები მდუმარედ შევცქეროდით ერთმანეთს, როცა პირქუში საკნის მასიური რკინის კარები ხმაურით გაიღო და ბადრაგმა უცნობი, მაღალი კაცი შემოაგდო. სწორედ ეს იყო ჯოტიკა. მას თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ლესია უკრაინკას ქუჩაზე განთავსებული ნაცების ცენტრალური ოფისის აფეთქების მცდელობა ბრალდებოდა! სააკაშვილის რეჟიმმა ისე დაგვიჭირა, ხელთ შეთითხნილი მტკიცებულებაც არ ეკავათ. ფიქრობდნენ, გზადაგზა შეაკოწიწებდნენ მათ მიერვე გამოგონილ ეპიზოდებს. იგეგმებოდა, რომ ჩვენი საქმე გაერთიანებულიყო კოდორში კვიციან - ბათიაშვილის "ამბოხის" ასევე ფაბრიცირებულ საქმესთან და ჩვეული ბაქიბუქით მსოფლიო საზოგადოებისთვის ზარზეიმით შეეტყობინებინათ, თუ როგორ გამოააშკარევეს "რუსეთიდან მართული შეთქმულებათა ჯაჭვი". მეტი დამაჯერებლობისთვის რეჟიმის საგამოძიებო ორგანოები გამალებით ცდილობდნენ, ჯოტიკა როგორღაც ჩვეთან დაეკავშირებინათ, ვითომდა, ჩვენი დავალებით აფეთქებდა ნაცების ცენტრალურ შტაბს, არადა, კაცი აშკარად პროვოკაციის მსხვერპლი იყო: კუდ-ის აგენტმა, მისმა ძველმა ნაცნობმა ჯერ პურიჭამით შეიყოლია, მერე ქეიფის სხვაგან გაგრძელების მოტივით ტაქსით წაიყვანა და ნაცების ოფისთან ამგვარად მიიტყუა, შავი პარკის დაკავება სთხოვა და თავად გაერიდა. სპეცრაზმი სწორედ ამ მომენტში დაესხა თავს ჯოტიკას. გამოძიების მტკიცებით, პარკი ტროტილით სავსე აღმოჩნდა.. 


***
მოკლედ, ჯოტიკა კამერაში შემოგვისახლეს. იმედი ჰქონდათ, საკანში დამონტაჟებული ფარული კამერების დახმარებით ჩვენს საუბრებს თავის ჭკუაზე დაამონტაჟებდნენ და სასამართლოზე ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოიტანდნენ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მერე  ჩვენი გზები გაიყარა. ჯოტიკა სხვა საკანში შეასახლეს,  რამდენიმე საკანი მოატარეს, ერთხანს, ბაჩო შარაშენიძის საკანშიც ჰყავდათ, რომელსაც დეზერტირების ბაზრის ყოფილი დირექტორის, ლაერტ ზუბადალაშვილის ვაჟის მკვლელობა ბრალდებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნდათ. (ამჟამად, სამუდამოპატიმრობამისჯილი შარაშენიძის საქმეს სასამართლო იხილავს და დიდი ალბათობით, მას მალე გამართლებით გაათავისუფლებენ) მოგვიანებით, როცა ჩვენ უკვე ზონაზე ვიყავით, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოგვინახულა და მოგვითხრო მე-6 ციხეში დარჩენილი ჯოტიკას სასტიკად წამების შესახებ. თურმე ჭუმბურიძე ადმინისტრაციის განკარგულებით, აგენტ პატიმრებთან - ვასილ გოშაძესთან და გიორგი ყუფარაძესთან შეუყვანიათ საკანში და ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ჯოტიკას წყლით სავსე პლასტმასის ბოთლებით სცემდნენ. მისგან მოითხოვდნენ, დათანხმებოდა ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემას, თითქოს ბაჩო შარაშენიძეს მასთან წამოცდა, რომ ზუბადალაშვილი ნამდვილად მისი მოკლული იყო! თავად ყუფარაძე და გოშაძე ადამიანების მკვლელობაში და ცხედრების ჩაბეტონებაში არიან მხილებულები. არცთუ დიდი ხნის წინ, კოჯორში მათ მიერ მოკლული დედა-შვილის ცხედრები აღმოაჩინეს.. ამ რეციდივისტებს რეჟიმი სასჯელის შემსუბუქებას პირდებოდა, თუ სხვა პატიმრების დამუშავებაში და მათ ცრუმოწმეებად გადაქცევაში ადმინისტრაციას დაეხმარებოდნენ. ასე აღმოჩნდა ჯოტიკა მათი მსხვერპლი, თუმცა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ წამებას ვაჟკაცურად გაუძლო და სიცოცხლის სასწორზე შეგდების ფასად ჯალათებს აგენტობაზე პრინციპული უარი სტკიცა, ხოლო მოგვიანებით ისინი სასამართლოზეც ამხილა!


***


ალექსანდრე ჭუმბურიძე პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა და 2013 წლის იანვარში ამნისტიით გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსულს ოჯახი დანგრეული დახვდა.. თავზე ჭერიც არ გააჩნია. ხან ვის შეეკედლა და ხან ვის. ვერც სამსახური იშოვა და სოციალურად დაუცველთა სიაშიც კი არ შეიყვანეს, იმის მიუხედავად, რომ რაც აცვია, იმის მეტი არაფერი აბადია! იძულებული გახდა, ლილოში მდებარე თავშესაფარში შეეფარებინა თავი, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა და ამდენ განსაცდელგამოვლილ კაცს, რომლის თავზეც ნაცების რეპრესიული რეჟიმის წისქვილის ქვამ მთელი სიმძიმით იბზრიალა, ისევ ნაცების მხრიდან ახალი განსაცდელი შეამთხვია. დაპატიმრებით ამჯერად ახალი ხელისუფლების ძალოვნები ემუქრებიან. 

- ალექსანდრე, ამჯერად რა ფათერაკი გადაგხდათ?
- მოგეხსენებათ, ნაცებმა სრულიად უდანაშაულო კაცი ნაცებმა თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამიჭირეს და 10 წლით პატიმრობა მომისაჯეს. ციხეში 6 წელი და 4 თვე გავატარე, ამ ხნის განმავლობაში მრავალი დამცირება და წამებაც გადავიტანე. ოჯახი დამენგრა. იძულებული გავხდი, სახლი დამეტოვებინა. ღამის გასათევი არსად მაქვს და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ლილოში, სასამართლოს არქივის უკან მდებარე მერიის ბალანსზე არსებულ თავშესაფარში ვცხოვრობ. ეს თავშესაფარი ნაცების ნამდვილი ბუდე აღმოჩნდა! როგორც დავრწმუნდი, ამ თავშესაფარში არსებულ ატმოსფეროს მერიაში მოკლათებული ნაცი ჩინოსნები აკონტროლებენ, მათი კი, თვით თავშესაფრის დირექტორს, გოჩა მინდიაშვილსაც ეშინია. თავშესაფრის მრავალი ბინადარი ნაცების მომხრეა და მათ დავალებებს ასრულებენ. ერთხანს, ყველაფერი ნორმალურად იყო. ვმეგობრობდი თავშესაფარში მცხოვრებ ვასილ აკოფიანთან, მაგრამ როცა მან ჩემთვის სრულიად მიუღებელი წინადადება შემომთავაზა, ჩვენი ურთიერთობები დაიძაბა.

- რა მოგთხოვათ?


- როცა "რუსთავი-2"-ს დასაცავად აქცია დაანონსდა, ჩემთან მოვიდა და მითხრა - აქციაზე წამოდი, იქ საჭმელსაც გვაჭმევენ და ფულსაც დაგვირიგებენო. ვუპასუხე - მაგათთან აქციაზე როგორ წამოვალ, სულ ოქროში რომ ჩამსვან, სწორედ მაგათმა დამიჭირეს და მაწამეს მეთქი და ნაცებს ერთი გულიანად შევაგინე. ჩემმა გინებამ გაანაწყენა და მივხვდი, რომ მას ნაცებთან გაცილებით მეტი აკავშირებდა, ვიდრე ფულის გამო აქციაზე მისვლის სურვილი. რაღაც ჩაიბურტყუნა და გამეცალა. ამის შემდეგ ჩემს მიმართ რადიკალურად შეიცვალა. ცინიკურად მელაპარაკებოდა, სულ გამოწვევაზე იყო. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და მივუთითე, რომ ასეთი დამოკიდებულება შეეწყვიტა. უფრო უკმეხად მიპასუხა - როგორ მიბედავ, შენ რა იცი, მე რა ცხოვრებით მიცხოვრიაო და დედაზე შემაგინა. გავიწიე, მაგრამ ოთახში დაცვა შემოვარდა და შუაში ჩაგვიდგა. როგორც კი აკოფიანს გარეთ შევეჩეხე, მივმართე - გინებისთვის ბოდიში გაქვს მოსახდელი მეთქი. ისევ შეურაცხყოფა მომაყენა. მხარზე ხელი ვკარი. არაფერი ტკენია, შეშინებული გაიქცა, მაგრამ როცა ოთახში შევედი, ყველას თანდასწრებით ისევ უშვერი გინება დამიწყო. ამჯერად ნერვები ვეღარ მოვთოკე და მუცელში ფეხი ვდრუზე. არც ამჯერად დაზიანებულა, მაგრამ გაიქცა და თავშესაფრის ადმინისტრაციას შესჩივლა. იმათმა კი, პოლიცია გამოიძახეს. 

- ეს ხომ ჩვეულებრივი, რიგითი კონფლიქტია...


- მაშინ მეც ასე მეგონა. ამიტომ პოლიციას ყველაფერი გულახდილად მოვუყევი. ბოლო მომენტამდე მჯეროდა, რომ აკოფიანი თავის საჩივარს უკან გამოითხოვდა. მე ქართულად ცუდად ვლაპარაკობ და წერა მიჭირს, ამიტომ, ჩემი ჩვენება თვითონ ჩაიწერეს და როცა ხელის მოწერა მომთხოვეს, წაუკითხავად მოვაწერე, დღემდე არ ვიცი, ოქმში რა ჩაწერეს. არ მეგონა, სიტუაციას სერიოზული ელფერი თუ მიეცემოდა. მითუფრო ვერ წარმოვიდგენდი, საქმე სასამართლომდე თუ მივიდოდა! ამიტომ, როცა მკითხეს - ადვოკატი ხომ არ გინდაო - უარი ვთქვი.. ახლა კი, ისე გამოვიდა, რომ სასამართლოზე დაცვის და თარჯიმნის გარეშე ვრჩები, რადგან მათი დაქირავების საშუალება არ გამაჩნია. აშკარად ვგრძნობ, ცუდს მიპირებენ, რადგან პროკურორი რევაზ სვანიძე დამამცირებლად მელაპარაკება, თან მრავალმნიშვნელოვნად იქადნება, რომ აუცილებლად ციხეში გამიშვებს! გამომძიებელი ზურა - თავშესაფრის დირექტორის მეგობარია. ისე გამოდის, რომ გამომძიებელიც, დირექტორიც და პროკურორიც ჩემს წინააღმდეგ ნაცების დადგმული პროვოკაციის მონაწილეები არიან და ნაცების დამქაშს მფარველობენ! თავად აკოფიანი, რომელსაც თავი ძველ ბიჭად მოჰქონდა, პოზიციას არ ცვლის და სარჩელის გამოტანას არც კი აპპირებს! სასამართლო 5 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული. იმის მიუხედავად, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე არ არის და წვრილმანი ხულიგნობით დააკვალიფიცირეს, არაოფიციალურად მარწმუნებენ, რომ სასამართლო დარბაზში დამაპატიმრებენ და ციხეში გამიშვებენ! არც ადვოკატი მყავს და არც ვინმე პატრონი, რომ ჩემი სიმართლე გავიტანო, მხოლოდ ბედს ვარ მინდობილი. 

ბოლოთქმა: 

ალექსანდრეს მონათხრობის პარალელურად, გადავწყვიტე, მეორე მხარესთვისაც მიმეცა პოზიციის გამოხატვის საშუალება, ამიტომ ვასილ აკოფიანის ტელეფონის ნომერი ავკრიფე:

- ბატონო ვასო, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, ზაზა დავითაია ვარ. შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ?


- კიბატონო, მკითხე.

- ალექსანდრე ჭუმბურიძესთან რა უთანხმოება გაქვთ?


- მაგ კაცზე ლაპარაკს საერთოდ არ ვაპირებ, შენ კიდევ, დაახვიე ზორთები, გაიგე?!

ამ უკმეხი სიტყვებით კავშირი გაწყვიტა. რამდენჯერმე კიდევ შევეცადე მასთან კონტაქტზე გასვლას, რათა ზრდილობა შემეხსენებინა და კუთვნილი ადგილიც მიმეთითებინა, მაგრამ ჯიუტად მითიშავდა. კაცი თავს აშკარად ხელშეუხებლად თვლის და თავისი "კრიშა" - ყოვლისშემძლე ჰგონია! არ გამიკვირდება, მისგან შეურაცხყოფის მორიგი ობიექტი მოსამართლე თუ აღმოჩნდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...