საზოგადოება
„კარგი თამადის წინამძღოლობით სუფრა არასოდეს გადავა ღრეობაში, რადგან სმაში შეჯიბრის გარდა სუფრასთან გართობის და სიამოვნების მიღების უამრავი გზა არსებობს“ - კახა იშხნელი
„კარგი თამადის წინამძღოლობით სუფრა არასოდეს გადავა ღრეობაში, რადგან სმაში შეჯიბრის გარდა სუფრასთან გართობის და სიამოვნების მიღების უამრავი გზა არსებობს“ - კახა იშხნელი

ის კარგი ექიმია, მაგრამ საზოგადოება უფრო სიმღერით იცნობს. ცნობილი მომღერლების - დები იშხნელების ოჯახის ღირსეულმა შთამომავალმა უნებურად კიდევ ერთი პროფესია შეიძინა, როცა ცნობილი თამდების ნუსხაში მოხვდა! ვესაუბრებით ექიმ ფტიზიატრს, პროექტის “ექიმები (არ) ხუმრობენ” მონაწილეს და ექიმთა ტრიოს წევრს, კახა იშხნელს.

- დიდად საპატიოა გაზეთ "ასავალ-დასავალის" მიერ ცნობილ თამადად ჩემი აღიარება. თამადა ნამდვილი ლიდერია, რომელსაც საზოგადოება ირჩევს და ის ამ საზოგადოებას უნდა ემსახუროს, ეფეროს და დაუვიწყარი დრო გაატარებინოს, აქედან გამოდინარე, იმის გარდა, რომ თამადის მისია ფრიად საამაყოა, დიდ პასუხისმგებლობასთან და შრომასთანაც გახლავთ დაკავშირებული.

- დიდ და მცირე სუფრებს ერთნაირი წარმატებით უძღვებით?
- მე თამადების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მცირე სუფრებთან უფრო ახდენენ რეალიზაციას და წინასწარ კი არ ემზადებიან ამ ფუნქციის შესასრულებლად, არამედ, თანამეინახეთა შორის სახელდახელოდ ირჩევიან. მართალია, არსი ერთი და იგივეა, მაგრამ გაცილებით რთულია დიდი, ქორწილის სუფრის ხელმძღვანელობა, როცა თანამეინახენი მხედველობის არედან გეცლებიან და კომუნიკაცია ჭირს. ჩემი სტილი უფრო ისეთი კლასიკური სალონური სუფრის გაძღოლაა, როგორსაც ჭაბუა ამირეჯიბი აღწერს დათა თუთაშხიას ცნობილ სიუჟეტში. არსებობს სხვაგვარი სახელდახელო მოლხენაც, როგორიც ნოდარ დუმბაძის მზიან ღამეშია, როცა მთავარი პერსონაჟი ღამის დარაჯ ართავაზასთან პურისჭამას და ხვაშიადის გაზიარებას შეყვება.. თავ-თავისი ხიბლი აქვთ სუფრებს, სადაც სხვადასხვა თაობა და ორივე სქესია წარმოდგენილი ასევე, მეგობართა შორის, მამაკაცურ მოლხენას. გაძღოლის იმპროვიზაცია სწორედ თანამეინახეთა კატეგორიაზე და მათი მისწრაფების სფეროთა გათვალისწინებაზეა დამოკიდებული. დიდ სუფრებზეც მითამადია - სკოლა ახალდამთავრებული მქონდა, როცა ქორწილის სუფრას გავუძეხი და საკმაოდ კარგად გამომივიდა, იმის მიუხედავად, რომ ასეთ სუფრებთან თამადის ასაკს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რა თქმა უნდა, უპრიანია, თამადას გამოცდილება, ცენზი უწყობდეს ხელს, რასაც მხოლოდ სოლიდური ასაკი განაპირობებს.

- როგორ განმარტავთ თამადის ინსტიტუტს? ეს ტრადიციაა თუ სუფრასთან წესრიგის ორგანიზების საშუალება?
- მოლხენა შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: პურისჭამა, ნადიმი და ღრეობა. პირველ შემთხვევაში წევრები ზომიერად მიირთმევენ სასმელს, ნადიმი კი, ნამდვილი ქეიფია, თუმცა ისედაც ხდება, როცა ნადიმი ღრეობაში გადადის და სმაში შეჯიბრის სახეს იღებს. ასეთ სუფრას უკვე არ ესწრებიან არამსმელები, ასევე, ქალები და ბავშვები. როცა ჩვენი სუფრის ტრადიციას მავანი აკრიტიკებს, უთუოდ ღრეობას გულისხმობს. ეს მოსაწონი მართლაც არ არის. კარგი თამადის წინამძღოლობით სუფრა არასოდეს გადავა ღრეობაში, რადგან სმაში შეჯიბრის გარდა სუფრასთან გართობის და სიამოვნების მიღების უამრავი გზა არსებობს. სწორედ ამიტომ, თამადის ინსტიტუტი გახლავთ ტრადიციული სუფრის ოპტიმალურად ორგანიზების მექანიზმი, სადაც დროსტარების კომპონენტების მრავალფეროვნებაა!

- სასმელს კარგად ეგუებით?
- ყოველ შემთხვევაში, არ მაგონდება, რომ ოდესმე ღვინო მომრეოდეს. რამდენადაც ვიცი, სჯულისკანონში აღწერილია, თუ რამდენს უნდა სვამდეს ადამიანი. დავით მეფსალმუნე წერს, რომ ღვინო ახარებს გულს კაცისას, ანუ სიხარულის და სიამოვნების გამომწვევი საშუალებაა. ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი დოზა, რამდენი უნდა დალიოს, ვიდრე დათვრება. თამადამ ლხინი ისე უნდა წარმართოს, თანამეინახეები კი არ დაათროს, არამედ მათ სიხარული მიანიჭოს. სმაზე ორიენტირებული ლხინი სასიამოვნო ვერ იქნება, თუმცა არც მეორე უკიდურესობას - ქეიფის დროს სასმელისთვის ზურგის შექცევას მოეძებნება გამართლება. მთავარია, თამადამ ოსტატურად გამოიყენოს ექიმის მთავარი პრინციპი - არ ავნო!

- სუფრის გაძღოლაში მომღერლის პროფესიაც გეხმარებათ?
- მოგეხსენებათ, ცნობილი მომღერლების, დები იშხნელების უფროსი ძმის შვილიშვილი გახლავართ. ჩემი ბაბუა - ვლადიმერ იშხნელი - საუკეთესო თამადა და კარგი მომღერალი ყოფილა. მისი ხმა შემორჩენილია კინოფილმში დაკარგული სამოთხე. იმ დროს სცენაზე ქალის დგომის ტრადიცია არ არსებობდა და დები იშხნელების სცენაზე გამოყვანაში დიდი როლი შეასრულა გალაკტიონ ტაბიძემ, მაგრამ თურმე, ვიდრე ბაბუა ცოცხალი იყო, გალაკტიონს ამის გაკეთება ვერ გაუბედავს, რადგან კონფლიქტიც კი მოყოლია პოეზიის მეფის თავდაპირველ მცდელობას. იშხნელების ოჯახში სუფრა აუშლელი იყო, სახლიდან მუდამ ქართული სიმღერების ტკბილხმოვანება მოისმოდა. მეც მათგან დამყვა სიმღერის ნიჭი, რაღა თქმა უნდა, სუფრასთან ეს ნიჭი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. იმ სუფრას, სადაც თანამეინახეებს ხმებში შეწყობილად სიმღერა შეუძლიათ, სულ სხვა ფასი აქვს! ძალიან ხშირად, მეგობრების წრეში, სწორედ ისეთ სუფრებთან მიწევს თამადობა, სადაც ყველა მღერის. სიმღერა სუფრის ერთსულოვნების განმაპირობებელი ფაქტორია და კარგ თამადას უნდა გააჩნდეს ალღო, როდის არის აუცილებელი ამ კომპონენტის ამოქმედება. სიმღერა მხოლოდ თამადის თანხმობით უნდა იწყებოდეს, ხოლო სულ სხვა პეწი აქვს იმ სუფრას, სადაც თამადა თავად მღერის!

- რა დატვირთვა აქვს პიროვნულ სადღეგრძელოს?
- რა თქმა უნდა, დალოცვაა. საზოგადოებისთვის ადამიანის ღირსებების და მიღწევების შეხსნებაა. ადამიანზე ამბობ მხოლოდ კარგს! შეიძლება ვინმეს გადამეტებულადაც შეასხა ხოტბა, მაგრამ ეს არ ნიშნავს გაფეტიშებას. ეს არის მინიშნება, რა თვისებებით აღსავსე გსურს იმ ადამიანის ხილვა, ვისაც ადღეგრძელებ.

- ვინ მიგაჩნიათ ცნობილ თამადებს შორის ავტორიტეტებად?
- სიმონიკა სხირტლაძე მართლაც შეუდარებელი თამადა იყო. დები იშხნელების უკანასკნელი მოჰიკანის, თამარ იშხნელის ქელეხის სუფრას სწორედ ის გაუძღვა და მამა მიყვებოდა, რომ მონუსხულივით უსმენდა და მის ყოველ საღეგრძელოს, აღფრთოვანებული დარჩა სუფრასთან მისი თავდაჭერის მანერით და ჟესტებით.. დიდებული სიტყვაკაზმული თამადა იყო აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი. პირად მე, თამადობა რობერტ ბიბინეიშვილმა მასწავლა, რომელიც მიმეორებდა, ქორწილის სუფრის 46 ხერხით გახსნა შემიძლიაო! ძალიან მაგარი თამადები იყვნენ რევაზ ღლონტი და გენერალი ჯიმი მიქელაძე, უძლიერესი თამადები ბრძანდებიან ცნობილი ექიმი ლადო კახაძე და ცნობილი ჟურნალისტი მერაბ ბერაძე. ახალი თაობის თამადებს შორის დავასახელებ ჯონი ჯანაშიას, გია ბაღაშვილს, გოჩა გორგოძეს, ლადო ციმაკურიძეს.. ჩემს ოჯახში, შინაურ წრეში, მამაჩემის იუბილეზე ერთხელ თვით ზვიად გამსახურდიამ ითამადა. ეს იყო ინტელექტის ნამდვილი აღლუმი, რომელსაც ენაცვლებოდა ლექსების დეკლამაცია და თამადის განუმეორებელი სიმღერა! განსაკუთრებით დამამახსოვრდა სადღეგრძელო, როცა ბატონმა ზვიადმა გვარები დალოცა და განაცხადა, რომ იესო ქრისტეს მოსვლამდე იყო გვაროვნული არისტოკრატიზმის ხანა, რომელსაც ქრისტეს მოსვლის შემდეგ სულიერი არისტოკრატია ჩაენაცვლა!

- ექსპრომტად რა სადღეგრძელოს ეტყვით ასავალ-დასავალის მკითხველებს?
- ბავშვობა მინდა გაგახსენოთ.. სიყვარულის და დადებითი ემოციების სისავსის დრო იყო, როდესაც ულამაზესი ფერებით ივსებოდა სულის თეთრი ფურცლები და ერთმანეთს უანგაროდ ვჩუქნიდით დადებით ემოციებს. ადამიანები ამ ქვეყნად ერთმანეთისთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭების მიზნით ვარსებობთ, მაგრამ ცხოვრება თავის კვალს გვამჩნევს და ზრდასრულნი ამას იშვიათად ვახერხებთ. ბედნიერება დადებითი ემოციების თაიგულია, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში აგროვებენ. ნუ დაგეზარებათ - გაეცით თაიგული და უანგაროდ მიანიჭეთ დადებითი ემოცია თუნდაც უცნობ ადამიანებს! ეს თაიგული აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ და თქვენივე ბედნიერების საფუძვლად გარდაიქმნება! მადლობა უფალს და ყველა ადამიანს, ვისაც უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლის მანძილზე ამ თაიგულს გავუნაწილებთ, დაე თქვენი ცხოვრების თითოეული დღე ბედნიერი ყოფილიყოს, ჩემო ძვირფასებო!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...