საზოგადოება
ლევან კოჭლოშვილი: ახლო მომავალში კეთილშობილი ნაცები საპატრიარქოს განკითხვის დღეს მოუწყობენ!
ლევან კოჭლოშვილი: ახლო მომავალში კეთილშობილი ნაცები საპატრიარქოს განკითხვის დღეს მოუწყობენ!

„უკრაინაში ცხოვრობს ჩემი ნაცნობი, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ყოფილი და მოქმედი ნაცების ლიდერებთან. მას ენდობიან, ნაცების შეკრებებზეც დაიარება, თუმცა მსოფლმხედველობით ანტინაცია და ნაცების წრეში კონკრეტული მიზნებით რჩება. მინდა, მისგან მიღებული ინფორმაციები გაგიზიაროთ, მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ნაცები თუ რა მზაკვრულ გეგმებს სახავენ!“ - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელმა, ლევან კოჭლოშვილმა.

- ნაცებში მცირე განხეთქილება მოხდა და ევროპული საქართველოს სახით მნიშვნელოვანი ჯგუფი გამოეყო, კეთილი ბოკერიას, კეთილი დავით ბაქრაძის, კეთილი გიგი უგულავას და მათი მიმდევრების სახით, რომელთაც ევროპული საქართველო დაირქვეს, თუმცა პირობითად, კეთილშობილი ნაცები ეწოდათ. არაკეთილშობილები კვლავ ჩვეული ენთუზიაზმით განაგრძობენ მიშათმადიდებლობას, მაშინ როცა მათგან გამოყოფილები ფორმალურად უპირისპირდებიან თავიანთ სოციოპათ ბელადს, იმის მიუხედავად, რომ სისხლიან რეჟიმთან ყველაზე მკაფიოდ თავად ასოცირდებიან.. ასეთი დაყოფა მხოლოდ ფანდია მოსახლეობის გულუბრყვილო იმ გულუბრყვილო ნაწილის მისატყუებლად, ვისაც სააკაშვილი ნეგატიური თვალსაზრისით დაამახსოვრდა, ვინც არც ნაცებს უჭერს მხარს და არც ოცნებას! დიახ, ამ ორ ჯგუფს საერთო ინტერესები გააჩნია და ნებისმიერ მომენტში, როცა საჭიროება იქნება - კვლავ გაერთიანდებიან, მითუმეტეს, როცა ორივე გუნდს დავით კეზერაშვილი აფინანსებს და შესაბამისად, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს! სხვათაშორის, ახლხან რუმინეთში ბეზინგასამართი სადგურების, გალფის ქსელი ამოქმედდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს 50 %-იანი წილი აქვს. აქედან მიღებული შემოსავალიც კეთილშობილი და არაკეთილშობილი ნაცების დაფინანსებაზე იხარჯება.

- თქვენი ახალი ინფორმაციები კეთილშობილი ნაცების სამოქმედო გეგმებს უკავშირდება?
- დიახ. ჩემთვის ცნობილი გახდა მათი გეგმის შესახებ, რომლის განხორციელებაში გარკვეულ წარმატებას თუ მიაღწევენ, ნაცებთან გაერთიანებამდე მათ მოკავშირედ დაფიქსირდება კიდევ რამდენიმე პოლიტიკური პარტია! მანამდე, ნაციონალური მოძრაობა მოერიდება, ხისტად დააფიქსიროს პოზიციები იმ მიმართულებით, საითაც კეთილშობილები გააქტიურებას აპირებენ. კეთილშობილების იდეოლოგთა ნუსხაში, ბოკერიას, ბაქრაძესა და უგულავასთან ერთად, გივი თარგამაძეც შედის.

- რა არის მათი მიზანი?
- მათი მიზანია, ბლიც შეტევა განახორციელონ კონკრეტულად სამ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე: მართლმადიდებელ ეკლესიაზე, პროკურატურაზე და სასამართლოზე. ამ მიზნით, უკვე გამოყოფილია თანხები და გაწერილია გეგმა, რის მიხედვითაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იმოქმედონ! პირველ რიგში, შეტევები განხორციელდება პატრიარქის კომპრომეტაციის მიზნით, რადგან სწორედ ის ბრძანდება შეუცვლელად მაღალი რეიტინგის პატრონი, რასაც ვერ უარყოფენ თვით ენდიაის და აირაის მესვევურები! დარტყმის ობიექტად ეკლესია იმიტომ შეარჩიეს, რომ იციან, მათ მზაკვრულ გეგმას პირველ რიგში სწორედ მართლმადიდებელი მრევლი დაუპირისპირდება! გარდა ამისა, კეთილშობილი ნაცები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესთა თანხვედრაშიც მოექცნენ, რომლებსაც რა ხანია, დასახული აქვთ მართლმადიდებელი ეკლესიის დემორალიზაციის მკაფიო ამოცანა!

- ეკლესიის კომპრომეტაციის მიზნით კონკრეტულად რას აპირებენ?
- სამწუხაროდ, ეკლესიაში შიდა დაპირისპირება მართლაც არსებობს. პატრიარქის ტახტს რამდენიმე ჯგუფი ეპოტინება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ციანიდის საქმის გარშემო ახალი სკანდალი აგორდება. კეთილშობილების ეგიდით დაგეგმილია, რომ ერთ-ერთი მეუფე მედიის წინაშე გამოფენს და ალაპარაკდება საპატრიარქოში არსებულ კორუფციულ სქემებზე, სადაც ტყუილ-მართალი ერთმანეთში იქნება არეული. გამოიფინება გარკვეული დაოკუმენტაცია, რაც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს, ვინაიდან მორწმუნე მრევლის ზნეობისთვის მიუღებელი, რამდენიმე სკანდალური ფაქტის ლუსტრაცია მოხდება! წინასწარ ვამბობ, კეთილშობილების ამ გეგმას სწორედ გივი თარგამაძე კურირებს! ის თავის დროზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი, ვისთანაც თავს იყრიდა კუდის აგენტურის გადაღებული, სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მყოფი მღვდელმსახურების სჯულისკანონისგან გადაცდენის და ზნეობასთან შეუფერებელი საქციელების ამსახველი კადრები, რომელთა გამოფენა მართლმადიდებელი მრევლის დიდ განხიბვლას გამოიწვევს. ახლა უკრაინაში შემუშავებული გეგმით, კომპრომეტირებული იმ მღვდელმსახურების დაშანტაჟება ხდება, რათა ისინი ახალი უკეთური საქციელების ჩასადენად დაითანხმონ! პროცესის და ჩატარებული სამუშაოს, შესაბამისად, ათვისებული თანხების შესახებ პერიოდულად ანგარიშს აბარებენ ისრაელში მყოფ კეზერაშვილს! ასე რომ, ახლო მომავალში კეთილშობილი ნაცები საპატრიარქოს განკითხვის დღეს მოუწყობენ!

- ლევან, მოდით, ნაწილობრივ მაინც გავხსნათ ფრჩხილები. ვინ არის ის მეუფე, რომელიც კეთილშობილი ნაცების გეგმაში მთავარ როლს შეასრულებს?
- საზოგადოება ისედაც ხვდება, თუ ვისზეა აქცენტი. დიახ, ის გახლავთ მეუფე პეტრე! სხვათაშორის, ახლახან რუსთავი-2--ს ეთერში მეუფე პეტრეს პირისპირ დასვეს საპატრიარქოს იურისტი ედისერ ქარჩავა, რომელიც სისტემატიურად იმეორებდა, რომ მეუფე პეტრე გავიდა ეკლესიის კანონებს გარეთ! ამით ცდილობდა საზოგადოებისთვის მიენიშნებინა, რომ სწორედ მეუფე პეტრე გამოფენს საპატრიარქოში არსებულ ჭუჭყიან თეთრეულს. გარწმუნებთ, ქარჩავას ნამდვილად გააჩნია თამამი დასკვნების საფუძველი. ადრე ხომ ის მეუფე პეტრეს საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა!

- კარგით. ახლა ის მითხარით, პროკურატურას და სასამართლოს მაინც რას ერჩიან კეთილშობილები“?
- კუდის ყოფილი თანამშრომლებს და სამხედროებს, რომლებმაც თავი უკრაინაში მოიყარეს, საქართველოს ხელისუფლების დასამხობად ამზადებენ. ეს ინფორმაცია არ არის ახლაი, მაგრამ სიახლე ის გახლავთ, რომ პროკურატურა ამ ადამიანებით ბოლო დროს აქტიურად დაინტერესდა და ახლო მომავალში გამორიცხული არ არის, მასობრივად მათი დაპატიმრება და საქართველოში ეტაპირების პროცესი დაიწყოს. ეს კარგად იციან კეთილსობილებმა და აპირებენ, იმ მომენტისთვის, როცა პროკურატურა ბრალის წაყენებას დაიწყებს, საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა არ არსებობდეს! პარალელურად, საქმეში ჩაერთვებიან დასავლური ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალწაყენებულ ნაც დამნაშავეებს პოლიტპატიმრებად გამოაცხადებენ! ანალოგიური აქცენტი იქნება სასამართლოზეც, სადაც ნაცი დამნაშავეების გასამართლება დაიწყება! არ ვამბობ, რომ სასამართლოსა და პროკურატურაში მხოლოდ ფრთიანი ანგელოზები სხედან, მაგრამ ამ ინსტიტუების მიმართ შავი პიარი იქნება მართული პროცესი და ამის შესახებ საზოგადოებამ დაე, წინდაწინ იცოდეს!

- ლევან, საუბრის დასაწყისში მითხარი, რომ ნაცები საპატრიარქო ტახტის ხელში ჩასაგდებად იბრძვიანო.. რას გეუბნებათ თქვენი ინფორმატორი - მათი ფავორიტი მეუფე პეტრეა? 
- არა! თუ მოვლენები ნაცების გეგმის მიხედვით განვითარდება, მეუფე პეტრე მხოლოდ წამებულის გვირგვინს დასჯერდება! პატრიარქის ტახტს ნაცები გიგი უგულავას ფავორიტ ერთ მეუფეს უმზადებენ, რომლის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ, თუმცა მოვლენების განვითარება უახლოეს მომავალში ყველაფერს ისედაც სააშკარაოზე გამოიტანს!


ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"

 

loading...