საზოგადოება
ცოტნე ანანიძე: გამარჯობა, მიხეილ, იმედია, მიცანი!
ცოტნე ანანიძე: გამარჯობა, მიხეილ, იმედია, მიცანი!

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მის მიერ უსამართლოდ რეპრესირებული ადამიანის პირისპირ აღმოჩნდებოდა. სწორედ ასე მოხდა 28 მაისს, როცა ღრუბლებს ზემოთ, კიევი-ოდესა რეისის თვითმფრინავის სალონში მოულოდნელად აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს, ცოტნე ანანიძეს გადაეყარა.

 -გამარჯობა, მიხეილ, იმედია, მიცანი! გახსოვს, 2011 წელს შეთითხნილი ბრალდებით რომ დამიჭირე? გახსოვს, ბათუმის უნივერსიტეტი რომ დაარბევინე? - რაღა თქმა უნდა, სააკაშვილს პასუხი არ ჰქონდა. როგორც ცოტნე ანანიძე ამბობს, ერთი ეგ იყო, ჩვეული ისტერიკა დაიმართა და დაცვის ზურგს ამოფარებულმა პირადი ბუქი დააყენა, თუმცა როგორც კი თვითმფრინავი ოდესაში დაეშვა, ჩვეული ლაჩრობით მოკურცხლა.

რა უთხრა ანანიძემ სააკაშვილს, რისი დაფიქსირებაც მგზავრებმა ვიდეოკადრებში ვერ მოასწრეს? ცოტნე ანანიძეს ჩვენ ტელეფონით ოდესიდან საქართველოსკენ გამოფრენის მოლოდინის მომენტში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ:

- სააკაშვილის რეჟიმმა შვიდკაციან ჯგუფთან ერთად მე 2011 წელს დამაპატიმრა და 222-ე და 353-ე მუხლების ფარგლებში ხელისუფლების დამხობის მიზნით აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე პოლიციისთვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა დაგვაბრალა. ჯერ, 21 მაისს, ჩემი მეგობრები დააკავეს, მე ცოტა მოგვიანებით - 26 ივნისს მომადგნენ.. 2012 წლის 5 დეკემბერს ახალი ხელისუფლების დადგენილებით, პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭეს და ამნისტიით გავთავისუფლდი. საქმის ანალიზმა ცხადყო, რომ ჩემს საქმეში არანაირი იურიდიული მტკიცებულება არ არსებობდა და პოლიტიკური მოტივით გახლდათ შეკერილი!

- დაპატიმრებამდე რას საქმიანობდით? რით მიიპყარით რეჟიმის ყურადღება?
- 2007 წლიდან სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით. 2007 წლის 8 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა თბილისის მოვლენების კვალდაკვალ, სასწავლო პროცესის დროს ბათუმის უნივერსიტეტი დაარბია. დაკავების მომენტში ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრი გახლდით. რეჟიმის მხრიდან გამოვლენილ უკანონობებს სტუდენტი აქტიურად ვეწინააღმდეგებოდით და ვაპროტესტებდით. გათავისუფლების შემდეგ აჭარის ტელევიზიაში პოლიტიკური თოქშოუს წამყვანად და მაუწყებლობის დარგში ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვიმუშავე, მოგვიანებით კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ამირჩიეს.

- სააკაშვილს სად და როდის შეეყარეთ?
- კიევიდან ოდესისკენ მოვფრინავდი, როცა სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თვითმფრინავის სალონში სააკაშვილი იჯდა. მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, მივსულიყავი და ის კითხვები დამესვა, რომელიც ქართველი საზოგადოების მხრიდან მის მიმართ მუდმივად ისმის და ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში ტელეეკრანიდანაც ვაჟღერებდი! როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ ჰქონდა. სახეზე პანიკური შიში დაეტყო, როგორც ხშირად ემართება ხოლმე ისეთ სიტუაციებში, რომელიც მისთვის წინასწარ დაგეგმილად კი არა, სპონტანურად და მოულოდნელად ვითარდება!

- რა უთხარით?
- მივესალმე და ვკითხე - იმედია, მიცანი მეთქი, - ვერ გიცანიო. - ბათუმის უნივერსიტეტის დარბევა თუ გახსოვს მეთქი? - არა, არ მახსოვსო - უტიფრად იუარა. -ჩემთვის წაყენებული, შენი შეთითხნილი ბრალდებაც არ გახსოვს მეთქი? ნირი ეცვალა და გონს მოსვლა არ ვაცალე, კითხვები მივაყარე: დაჭერები, ციხის ამბები, ადამიანების წამებებიც არ გახსოვს? მიპასუხე მეთქი! - მე შენ არაფერს არ გიპასუხებო.. მერე, აღიქვა, რომ არასახარბიელო სიტუაციაში მოხვდა. თანაც, ისიც დააფიქსირა, მგზავრებმა მობილური ტელეფონები რომ ამოიღეს და ვიდეოკამერები ჩართეს.. ამიტომ, ფეხზე წამოხტა: ბათუმის უნივერსიტეტი და მთელი აჭარა მე ავაღორძინეო და ჩვეული ისტერიკა დაიმართა!

- მარტო იყო?
- იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ განუცხადებია - დაცვის გარეშე დავდივარო - როგორც კი ჩვენი პოლემიკა გამწვავდა, აღნაგობით გამორჩეული რამდენიმე ადამიანი მაშინვე ჩვენს შორის ჩადგა და მასთან მიახლოვების საშუალება აღარ მომცეს. როგორც კი თავი დაცვის ზურგს უკან დაიგულა, სააკაშვილმა ჩვეული ისტერიკა დაიმართა და პირადი შეურაცხყოფის მოყენებაც სცადა, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ ამას თავისივე შიშის დასაფარად აკეთებდა, თანაც, ჩემს არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა! მისი სტილი მხოლოდ ლანძღვაა, წყობიდან გამოდის, როცა კანონზომიერ კითხვებს უსვამენ!

- ცოტნე, თქვენი დაპირისპირების ვიდეოკადრები როგორ მოხვდა სოციალურ ქსელებში?
- არ ვიცი. ცხადია, სააკაშვილის მხარესაც ექნება ვიდეოკადრები, მაგრამ მათ გამოქვეყნება ნამდვილად არ აწყობთ! ჩემი აზრით, რაც გამოქვეყნდა, ერთ-ერთი თვითმხილველი მგზავრის მიერ გადაღებული კადრებია. ჩემი ვარაუდით, ის მგზავრი სომხეთის მოქალაქე უნდა იყოს! როგორც გავაანალიზე, გადაღებული კადრები თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტოებს მიაწოდეს, რომლებმაც მერე მედიასა და სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

- გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კამათის დროს მარტო ხართ.
- 2 მეგობარი მახლდა, მათ შორის, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნების მდივანი გიორგი მანველიძე იყო. ბორტზეც იყო რამდენიმე ქართველი მგზავრი, რომლებმაც ჩემი კითხვების პათოსი არა მხოლოდ სრულად გაიზიარეს, არამედ სააკაშვილი იმ სიტყვებით შეამკეს, რასაც ქართველი ხალხისგან იმსახურებდა! არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პოლემიკა. გავრცელებულ კადრებში ამ პოლემიკის მხოლოდ ნაწილია ასახული. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც ოდესის აეროპორტში ჩვენი თვითმფრინავი დაჯდა და მგზავრები თვითმფრინავიდან აეროვაგზლამდე გადასაყვან ავტობუსში ავედით, კამათი იქაც გაგრძელდა, მაგრამ როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვიდა, სააკაშვილმა დაცვის თანხლებით, პირდაპირი მნიშვნელობით - მოკურცხლა!

- კიდევ რა უთხარი სააკაშვილს ისეთი, რაც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ვერ მოხვდა?
- მისი ისტერიკის მიუხედავად, წყნარად და დამაჯერებლად შევახსენე მისი ჩადენილი დანაშაულები, არგუმენტად მოვუყვანე საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის დანაშაულებზე! ვერც ერთ კითხვაზე მან პასუხი ვერ გამცა! სააკაშვილს პასუხები უბრალოდ არ გააჩნია და ჩვეული დემაგოგიით ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას, მაგრამ გარწმუნებთ, პასუხისმგებლობის ჟამი აუცილებლად დაუდგება! ძალიან ბევრი ოჯახი გაამწარა და ვერასოდეს შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, თუნდაც ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქეთ გადაიკარგოს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"