საზოგადოება
ზურაბ ქუმსიაშვილი: ყოველდღიურად თავს ვიწამლავთ! ისეთ პროდუქტებს მივირთმევთ, რომლებსაც საკვებთან კავშირი არ გააჩნიათ!
ზურაბ ქუმსიაშვილი: ყოველდღიურად თავს ვიწამლავთ! ისეთ პროდუქტებს მივირთმევთ, რომლებსაც საკვებთან კავშირი არ გააჩნიათ!

თითოეული ჩვენგანი საკვებთან ერთად ყოველწლიურად 3 კილოგრამამდე სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს იღებს, რაც ჯანმრთელობაზე დამანგრეველად მოქმედებს! - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოში ინტეგრალური მედიცინის დამფუძნებელმა, პროფესორმა ზურაბ ქუმსიაშვილმა: 

- ინტეგრალური მედიცინა მკურნალობის და დიაგნოსტიკის ახალი მიმართულებაა, ის მიზნად ისახავს არატრადიციული მედიცინის ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც თავისი გვერდითი მოვლენებით არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმს. ეს არის მომავლის მედიცინა, რომელიც გამორიცხავს ორგანიზმის ქიმიზაციას სხვადასხვა ძლიერმოქმედი ქიმიური პრეპარატებით. ინტეგრალური მედიცინის პოზიციიდან არ არსებობს უკურნებელი დაავადებები, არამედ არსებობს გარკვეული მცდარად გათვლილი პროცესები. ჩვენს დროში ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნიან ემულგატორები. ისინი საკვებდანამატს წარმოადგენენ, რომელთა შემცველობა ეტიკეტზე E ასოთი აღინიშნება. ემულგატორის დამატებით დამზადებული პროდუქცია ძალზე იაფი ჯდება, რადგან მათი საშუალებით აუმჯობესებენ პროდუქტის ფერს, ზრდიან გაყინული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა, აღწევენ ფუნთუშეულის სიმფუმფულეს და ამით ხეირობენ როგორც იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორი მხარეები. უამრავი ემულგატორიდან საქართველოში აკრძალულია მხოლოდ ხუთი: E-121, E-123, E-240, E-924 a და b. ემულგატორები მეტად სახიფათოა ბავშვებისა და ასთმიანებისათვის. განსაკუთრებით საშიშია საღეჭი რეზინები, რადგან ისინი სიმსივნეებს იწვევენ. სტატისტიკურად, ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ათასი ადამიანი შხამიანი საკვების მოხმარების შედეგად კვდება. მრავალი შხამის დასახელებას პროდუქტის ეტიკეტზეც ამოიკითხავთ: ნატრიუმის ნიტრატი, პროპილენგლიკოლი, საქარინი, ასპარტამი, ფოსფორმჟავა, ჰიდროგენიზირებული ცხიმი და სხვა. პროდუქტებს მიმზიდველი ფერის მისაცემად უმატებენ საღებავებს, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ მავნეა. ასევე მავნეა მადის მომგვრელი სხვადასხვა პრეპარატებიც. დადგენილია, რომ სინამდვილეში იოდდეფიციტური დაავადების მიზეზი იოდის დეფიციტი კი არ არის, არამედ ის, რომ ორგანიზმი იოდს ვერ ითვისებს. ამაში კი მას ხელს უშლის სამი რამ, რაც იოდის შემწოვ არხებს კეტავს: შხამიანი საკვები, პესტიციდები და მძიმე მეტალები.

- რა დაავადებებს იწვევენ ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები?
- სიმსივნის გამომწვევ ემულგატორებად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ითვლება და შესაბამისად მკაცრად იკრძალება E-131, 142, 153; 211; 212; 213; 215; 216; 219; 230, 240; 249; 280; 281; 954. ერთდროულად კუჭ–ნაწლავის დაავადებისა და ალერგიის გამომწვევი ემულგატორებია: E-154; 338; 340; 341; 343; 450; 451; 452; 461; 462; 463; 465; 466; 629; 630; 631; 632; 633; 634; 635. ერთდროულად კუჭ–ნაწლავის გამომწვევ და წნევის ამწევ ემულგატორებად ითვლება: E-120; 250; 300; 450; 621. განსაკუთრებით საშიში ემულგატორების სიაში შედის: E-510; 513; 527. საეჭვო დასახელების დანამატების კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული შემდეგ ემულგატორებს: E-104; 122; 141; 150; 171; 173; 477. განსაკუთრებით საშიშია ნატრიუმის გლუტამატი (E-621), რომელსაც უამრავ საკვებ პროდუქტს უმატებენ გემოს გასაძლიერებლად. მას გემრიელ შხამსაც უწოდებენ, მაგრამ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ხორცპროდუქტების, ლუდის წარმოებაში, კონსერვებში და ჩიპსებში. ორგანიზმში იგი იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევას, მხედველობის დაქვეითებას, ზოგად სისუსტეს და სხვა შეუქცევად მოვლენებს.

- ემულგატორთა გარდა რა საფრთხეს შეიცავენ თანამედროვე პროდუქტები?
- მაგალითად, დახლებზე დაწყობილი რძის პროდუქტების თითქმის 80 პროცენტი შეიცავს ბუნებრივი კარაქის იაფ შემცვლელს - პალმის ზეთს, რასაც დიდი მოგება მოაქვს მწარმოებლებისთვის. იგი არ იშლება ორგანიზში და გვშხამავს! სტეროიდულ ჰორმონებს ფართოდ იყენებენ საქონლის და ფრინველის კუნთოვანი მასის გასადიდებლად. შესაბამისად, ხორცი იაფი ჯდება. სტეროიდული ჰორმონები საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან ისინი ცხოველთა ორგანიზმში არ იშლება, უძლებს დუღილს და ხანგრძლივად ინახება. ეს ჰორმონები გროვდება ორგანიზმში და შემდგომში არღვევს ნივთიერებათა ცვლას! ორგანიზმისთვის განსაკუთრებით საშიშია მარგარინი. ის ემულსიური პროდუქტია, რომელიც მზადდება მოდიფიცირებული მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმების შერევით. 

- გენმოდიფიცირებული პროდუქტებიც საშიშია?
- ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიის ლობისტების მხრიდან ასეთი პროდუქტების უვნებლობის თავგამოდებული მტკიცების მიუხედავად, ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ასეთი საკვები იწვევს უჯრედების პოტენციურ სიმსივნურ ზრდას, ტვინის და ღვიძლის მოცულობათა შემცირებას, მამაკაცთა სასქესო ჯირკვლების ნაწილობრივ ატროფიას, იმუნიტეტის დასუსტებას და სხვა ანომალიებს. მაგალითად, მას შემდეგ, რაც გმ სოია შეიტანეს დიდ ბრიტანეთში, მის მიმართ ალერგიის შემთხვევების რაოდენობა 50 პროცენტით გაიზარდა. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, გმ პროდუქტების ფართოდ გამოყენება მასობრივ დაავადებათა მიზეზი გახდა. 

- გაფუჭებისგან პროდუქტის ანტიბიოტიკებით დაცვა მიუღებელია?
- დიდ საშიშროებას წარმოადგენს ანტიბიოტიკების შემცველი ქათმის ხორცი. განსაკუთრებით იგი ბავშვებისთვისაა საშიში. ასეთი ხორცი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას. ინტენსიურმა ანტიბიოტიკურმა თერაპიამ გამოიწვია პრაქტიკულად ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულ მიკროორგანიზმთა შტამების წარმოქმნა. ამიტომ იქმნება ახალი უფრო ძლიერი პრეპარატები, რასაც მოჰყვება უფრო და უფრო მდგრადი ბაქტერიების წარმოშობა. მეფრინველეობაში ანტიბიოტიკების უზომო გამოყენება ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ძირითადი სამკურნალო პრეპარატები არაეფექტური ან ნაკლებად ეფექტური! გარდა ამისა, ფრინველებს ხშირად კვებავენ გმ საკვებით. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს კომბინირებული საკვებისა და ვეტერინარიული პრეპარატების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ლაბორატორიები.

- ბოლო დროს ფართოდ გავრცელდა ე.წ. ენერგეტიკული სასმელები.
- ენერგეტიკული სასმელიები კოფეინთან, ტაურინთან და ვიტამინურ კომპონენტებთან ერთად შეიცავს გლუკურონლაქტონს, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული იყო ვიეტნამში განლაგებული ჯარის მორალური და საბრძოლო სულისკვეთების სტიმულაციისთვის, რადგან იგი სტრესულ პირობებში დამამშვიდებელ ეფექტს იწვევდა და მოქმედებდა როგორც ჰალუცინოგენი, თუმცა, ამ ნივთიერების გამოყენება მალევე აკრძალეს, რადგან ჯარისკაცებს შორის თავის ტკივილის, თავის ტვინის და ღვიძლის კიბოს შემთხვევებმა იმატა. ენერგეტიკული სასმელი შეიცავს სისხლის გამათხელებელ კომპონენტებს. სასმელის მავნეობა მატულობს მისი ალკოჰოლთან ერთად მიღებით.

- ჯანმრთელობისთვის გამაგრილებელი სასმელებიც სახიფათოა?
- ასპარტამი, ტარტრაზინი, ბეტა-კაროტენი, სუკრალოზა აზორუბინი - ეს იმ ნივთიერებების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქართული გამაგრილებელი სასმელები შეიცავს და ეს ყველაფერი ბოთლზე მიმაგრებულ ეტიკეტზეა დატანილი. ზოგიერთი მწარმოებელი ეტიკეტზე დანამატის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ლათინური ნუმერაციით აწერს, მაგალითად E - 160. ზოგიერთი კი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ გამაგრილებელი სასმელი წყალს და შაქარს შეიცავს. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლისთვის გაურკვეველი რჩება, თუ რას მიირთმევს, თუმცა იმის გამო, რომ საფრთხეში ჩახედული ყველა არ არის, ბოლომდე გაშიფრული ეტიკეტიც არაფრის მთქმელია! მაგალითად ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ, არაკალორიული დამატკბობელია, მაგრამ მისი ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ყურებში ხმაურის ილუზიას, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. მადაზე მოქმედებს ასპარტამის მეორე ელემენტი - ფენილალანინი, რომელიც აქვეითებს თავის ტვინში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემაში) დონეს. სეროტონინის ძირითადი ფუნქცია განწყობილების ამაღლებაა, რომლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დეპრესიას, პანიკაში ჩავარდნას, ძალადობას. გარდა ასპარტამისა, ქართულ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ გამაგრილებელ სასმელებში ხშირად გამოიყენება სინთეზური საღებავები, მათ შორის, ერთ-ერთია ტარტრაზინი (E-102, ყვითელი საღებავი). ეს ნივთიერება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, იწვევს ალერგიას, კანის დაავადებებს, ყურადღების დაქვეითებას, ჰიპერაქტიურობას, მხედველობისა და ძილის დარღვევას. იგი კანცეროგენია!

- საკვების საღებავებზე რას გვეტყვით?
- საღებავებს საკვების ვიზუალური ეფექტის გამოასაწვევად იყენებენ, თუმცა ისინი ჯანმრთელობას მკვეთრდა ვნებენ! სინთეზური საღებავია აზორუბინი (E-122, წითელი საღებავი), რომელიც იწვევს ბავშვებში ყურადღების გაფანტვას, ზრდის კიბოს წარმოქმნის ალბათობას, იწვევს ღვიძლის, თირკმლებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, მარილების დაგროვებას. აღნიშნულ საღებავებს იღებენ ქვანახშირის ფისისგან! პატენტ ბლუ V (E-131, მწვანე საღებავი) იწვევს ასთმას, ალერგიას, ჰიპერაქტიურობას, ჭინჭრის ციებას, ანაფილაქსიას, უარყოფითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე! 

- გამოდის, ყველაზე უხიფათო კვების პროდუქტი მხოლოდ ბოსტნეული და ხილია?
- თვით ყველაზე სასარგებლო და ნატურალური პროდუქტები - ბოსტნეული და ხილი შესაძლოა, შხამად იქცეს, თუ იგი მოყვანილია საავტომობილო გზის გასწვრივ ან ქარხნის მახლობლად, რის გამოც პროდუქტში გროვდება ბენზპირენი და კიბოს გამომწვევი სხვა ნივთიერებები!

- ბატონო ზურაბ, რა ვჭამოთ და რა ვსვათ, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ?
- იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც თავიდან ავიცილოთ იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებები, საჭიროა უარი ვთქვათ ონკანის წყლის სასმელად გამოყენებაზე, რადგან მასში დიდია ქლორის შემცველობა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან იოდის გამოდევნას. მაღაზიაში ნაყიდ წყალში კი, ქლორი არ არის. უარი უნდა ვთქვათ ენერგეტიკულ და გაზიან სასმელებზე. სითხის სახით მივიღოთ მხოლოდ სუფთა წყალი და ნატურალური, ტანინიანი ღვინო.


უარი უნდა ვთქვათ ხორცპროდუქტებზე - სოსისებზე, ძეხვებზე, დაპრესილ შაშხებზე, რადგან მათში, როგორც წესი, ნატურალური ხორცის შემცველობა 15%-ს არ აღემატება და ისიც დაბალხარისხიანია. ხორცი უნდა მივიღოთ გადამუშავების გარეშე, მაგალითად, მწვადი შამფურზე, მოხარშული ხორცი, სალა. 


საერთოდ უნდა ავკრძალოთ საკვებ რაციონში მაღაზიის მაიონეზი, რადგან ის უამრავ მავნე ნივთიერებას შეიცავს და იწვევს ნაწლავების სხვადასხვა მძიმე დაავადებებს. ჯობია მაიონეზი სახლში მოვამზადოთ ნატურალური პროდუქტებისგან. კეტჩუპების მოხმარების მაგივრად მოვიხმაროთ ტყემალი. 


უცხოური კანფეტების მაგივრად საკვებად გამოვიყენოთ ნატურალური ჩურჩხელა და ქიმიურად დაუმუშავებელი ჩირები. უარი უნდა ვთქვათ ფერად საკვებზე (მარმელადები, ჟელებონები, სხვადასხვა ფერადი კანფეტები). ვეცადოთ შევიძინოთ ისეთი საკვები, რომლებსაც აქვს ნატურალური ფერი. განსაკუთრებით სასარგებლოა ნიგოზი, მოუხალავი მზესუმზირა და მოუხალავი გოგრის თესლი. ასევე თხილი და ნუში. 


ავკრძალოთ რაფინირებული მცენარეული ზეთების გამოყენება. კარაქების 95% არის პალმის ზეთით დამზადებული სპრედი, რომელიც მავნებელია ორგანიზმისთვის. შესაწვავად გამოვიყენოთ ღორის ქონი ან ერბო. 


მოვერიდოთ მაღაზიებში ნაყიდ პროდუქტებს. განსაკუთრებით დიდ სუპერმარკეტებში, რადგან იქ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც გენმოდიფიცირებულია. შევეცადოთ პროდუქტები შევიძინოთ ბაზარში და იქაც ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
საქართველოში ნებისნიერი პური მზადდება უხარისხო და რაფინირებული ფქვილისგან. სიტუაციას საგანგაშოდ ამძიმებს ის ფაქტი, რომ ყველა პურის ცომი მზადდება თერმოფილური საფუარის მეშვეობით და ნორმალური ტექნოლოგიური პროცესების დარღვევით. შევიძინოთ პურის საცხობი, ქართული ხორბალი დავფქვათ წისქვილში და მოვამზადოთ პური მცენარეული ხაშით. თერმოფილური საფუარები ძირითადად შემოდის თურქეთიდან და უამრავ განვითარებულ ქვეყანაში აკრძალულია - მძიმე დაავადებებს იწვევს!


შევეცადოთ, შევიძინოთ არარაფინირებული პროდუქტები. რაციონში ნახშირწყლები - ცხიმები - ცილები - ასეთი პროპორციით გავანაწილოთ: 40% - 10% - 50%.
გვახსოვდეს: კვირაში ერთი დღე შიმშილი - საუკეთესო მკურნალია!


ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: "ასავალ-დასავალი"
 

loading...