პოლიტიკა
„ზემო აჭარა პანკისზე უფრო სახიფათოა“ - გადაიზრდება თუ არა სპარსეთის ყურეში შექმნილი დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომში და რა საშიშროების წინაშე დგას საქართველო
„ზემო აჭარა პანკისზე უფრო სახიფათოა“ - გადაიზრდება თუ არა სპარსეთის ყურეში შექმნილი დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომში და რა საშიშროების წინაშე დგას საქართველო

დიდი დაძაბულობა, რომელიც სპარსეთის ყურეში შეიქმნა, შესაძლოა, მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ტეროროზმის ფარულად დამფინანსებელი არაბული ლიგის ქვეყნები ყატარს ანალოგიური საქმიანობისთვის უპირისპირდებიან. თანამედროვე პოლიტიკური პარადოქსის მიხედვით, ტერორიზმის მხარდაჭერასა და არადემოკრატიულობაში მხილება მას შემდეგ იწყება, რაც ესა თუ ის სახელმწიფო თავისუფალ თამაშს იწყებს და  მთავარი გეოპოლიტიკური ძალების ინტერესს სცდება. აქედან გამომდინარე, ბნელ საქმეებში მხილებული ყატარი დამოუკიდებელი ქმედებების გამო  იზოლაციაში ექცევა.

საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული ემირატები ყატარს საზღვაო- საჰაერო სივრცე უკეტავს.  ოთხი ავიაკომპანია აღმოსავლეთის ერთ-ერთ ჰაბად აღიარებული დოჰას მიმართულებით ფრენას წყვეტს. არაბული სახელმწიფოები ყატარის მოქალაქეებს ტერიტორიის დასატოვებლად ორკვირიანი ვადას აძლევენ.

ოფიციალური დოჰა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და  დიპლომატიური იზოლაციიდან გამოსვლის გზებს ეძებს: „ჩვენ არ გვაქვს პასუხი ფაბრიკაციაზე, რომელსაც ყატარის წინააღმდეგ აჟღერებენ. ეს პროცესები  რეგიონში დესტაბილისაციისაკენ არის მიმართული“, - აცხადებს ქვეყნის პირველი დიპლომატი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი.

მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. საუდის არაბეთს ზურგს შეერთებული შტატები უმაგრებს, კეთროვნად შერაცხულ ყატარს კი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი ირანი და თურქეთი ესარჩლება, მეტიც, ანკარა დოჰას დასახმარებლად სამხედრო დანაყოფების გაგზავნის გადაწყვეტილებას მალევე იღებს.

პარალელურად, ირანი თეირანში მომხდარ ტერაქტსა და იემენში განვითარებულ პროცესებში საუდის არაბეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ირანი ტერორისტულ თავდასხმას ადეკვატური ზომებით უპასუხებს. თეირანის განცხადებით, პრობლემას არა ტერორისტები, არამედ მათი დამფინანსებელი სახელმწიფოები წარმოადგენენ: „თითქმის ორ წელიწადნახევარია, რაც საუდის არაბეთი იემენში არა სამხედრო ობიექტებს, არმედ საავადმყოფოებს, ქუჩებს, ბაზრებს, მეჩეთებს და სამოქალაქო პირებს ბომბავს. ისინი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს. ამის შემდეგ კი აშშ-ს პრეზიდენტი საუდის არაბეთში ჩადის, ისინი ადამიანის უფლებებზე საუბრობენ და ირანს სანქციებს უწესებენ. ამერიკასთან მილიარდი დოლარის ხელშეკრულების მიუხედავად საუდის არაბეთი რეგიონში მიზნებს ვერ მიაღწევს,“-აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

არაბული ქვეყნები ყატარს განსაკუთრებით შიიტურ ირანთან მეგობრობას არ პატიობენ. სპარსეთის ყურეში შექმნილი კონფლიქტი ირანსა და საუდის არაბეთს შორის ისტორიული მტრობის გაგრძელებად განიხილება. პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ყატარის  იზოლაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავება და მთელი რიგი გართულებები შეიძლება მოჰყვეს.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები მახლობელ აღმოსავლეთში? მწიფდება თუ არა რეგიონალური ომი ირანსა და საუდის არაბეთს შორის?  არსებობს თუ არა საშიშროება იმისა, რომ სპარსეთის ყურეში შექმნილი დაპირისპირება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს? როგორ აისახება ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე? მსოფლიოში მიმდინარე უმწვავეს გეოპოლიტიკურ პროცესებზე sazogadoeba.ge- „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი, აღმოსავლეთმცოდნე გუბაზ სანიკიძე ესაუბრება:

-ბატონო გუბაზ, რას გვეტყვით სპარსეთის ყურეში შექმნილ დაძაბულობასთან დაკავშირებით? არაბული ქვეყნები ყატარს „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ და მასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტენ.  მხოლოდ ყატარი ქმნის  არაბული ქვეყნებიდან ამ მხრივ პრობლემებს? ანუ, ეს არის რეალური მიზეზი, თუ ისიც, რომ ყატარი დამოუკიდებელ  თამაშს ცდილობს რეგიონში?

- სპარსეთის ყურეში ვითარება საკმაოდ რთულია.   ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მრავლმხრივი და მრავალწახნაგოვანია, მაგრამ უმთავრესი მაინც სუნიტებსა და შიიტებს შორის შიდა ისლამური დაპირისპირებაა. სუნიტებსა და შიიტებს შორის რიცხობრივი შეფარდება დაახლოებით 70%-30%-ზეა სუნიტების სასარგებლოდ. თუმცა,  შიიტებს ერთი უპირატესობა აქვთ, მათ „ჰყავთ ერთი თავი“, ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. სუნიტური სამყაროს ლიდერობაზე კი რამდენიმე ქვეყანას აქვს პრეტენზია. ასეთი ქვეყანა იდეაში შეიძლება იყოს ინდონეზია, იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი, 250-მლნ-იანი მუსლიმური ქვეყანაა, მაგრამ ინდონეზია ვერ იქნება, რადგან ისლამური სამყაროს პერიფერიაზე მდებარეობს. ლიდერი შეიძლება იყოს პაკისტანი, რადგან ის ერთადერთი მუსლიმური სახელმწიფოა ბირთვული იარაღით, მაგრამ მიზეზთა გამო ესეც ვერ იქნება. ამის მიღწევას ძალიან ცდილობს თურქეთიც, თუმცა სუნიტური სამყაროს ლიდერად მაინც საუდის არაბეთი მოიაზრება, რადგან ის ცენტრალური ქვეყანაა და ამასთან, წმინდა ქალაქები- მექა და მედინა მის ტერიტორიაზეა. გარდა ამისა, საუდის არაბეთს განუზომლად დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. ის  დასავლეთის და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სტრარტეგიული მოკავშირეა.

საუდის არაბეთს და ირანს შორის დიდი ხანია არა კონკურენცია, არამედ მტრობაა ჩამოყალიბებული. ესაა ისტორიული მტრობა არაბებსა და სპარსელებს, შიიტებსა და სუნიტებს შორის. საუდის არაბეთი და ირანი არის მთავარი დაპირისპირებული ძალა და სხვათაშორის, სირია  და ერაყი ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ასპარეზია.

მოგეხსენებათ, არსებობს იდეა შეიქმნას ნატოს მსგავსი სამხედრო ალიანსი სუნიტური ქვეყნებისთვის. ეს იდეა პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. საუდის არბეთის გარშემო ე.წ სუნიტური ნატო უნდა მოიკრიბოს, მაგრამ ყატარმა  ირანთან ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ის მოცულობით მცირე ქვეყანაა, მაგრამ დიდი ფინანსური რესურსი გააჩნია. ყატარი გაზის მარაგით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას სერიოზული გავლენები აქვს სხვადასხვა ქვეყნებში,  რაც მთავარია, სპარსეთის ყურეში გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არის ირანთან. ამ რამდენიმე ხნის წინ ყატარმა და ირანმა საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტებიც გაცვალეს ერთმანეთში. საუდის არაბეთისთვის ირანისა და ყატარის დაახლოება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ირანი, ვიმეორებ, არის მოსისხლე მტერი საუდის არაბეთის.

ყატარი თავს დამოუკიდებლად გრძნობდა და ასეც იქცეოდა. ის ხარჯავდა ფულს როგორც სირიაში, აფინანსებდა ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიც არის „ჯაფხატ ალ ნუსრა“ და „ალ ქაიდა“, ასევე ე.წ. ისლამური სახალიფო. გარდა ამისა,  ყატარს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს გაერთიანებულ საამიროებთან. ეს ქვეყანა შემჩნეულია იემენში ხუსიტების აჯანყების დაფინანსებაში, ყატარი ასევე არის დამფინანსებელი ორგანიზაცია „ჰამასის“, რომელიც დღეს ღაზის სექტორს მართავს.

-საუდის არაბეთი არ არის შემჩნეული ტერორიზმის მხარდაჭერაში?  ანუ, რასთან გვაქვს საქმე, რისთვის დაიდგა ეს სპექტაკლი?

-საუდის არაბეთი შემჩნეული კი არა, გადამჩნეულიც არის ამ საქმეში. საუდის არბეთი რომ ყატარს ეტყვის, შენ აფინანსებ ტერორისტულ ორგანიზაციებსო, ეს სულ ცოტა, სასაცილოა, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკა რატომღაც ასე განსაზღვრავს, თორემ საუდის არბეთი ამ მიმართულებით მეორე სპონსორია. იზოლაციის მცდელობის არსი არის ის, რომ ყატარი დააბრუნონ ამ არაბულ ერთობაში, თუმცა ყატარს აქვს გარკვეული დამცავი მექანიზმები. პირველ რიგში, ეს არის ამერიკული სამხედრო ბაზა, რაც მის  ოკუპაციას გამორიცხავს. მეორე, ყატარს ირანთან და თურქეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ  ერდოღანის ბოლო განცხადებები მოვისმინეთ. თურქეთმა ყატარს ფაქტიურად, ხელი დააფარა. ამიტომ როგორ და რანაირად განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თვითონ არაბები რთულად ამოსაცნობი ხალხია, მე მათ არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, ამ ხალხის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ არაბული სამყარო ეს არის გამოცანა დანარჩენი სამაყაროსთვის. როგორ მოიქცევიან, რას იზამენ, რა განლაგებით დაჯგუფდებიან, რას მოილაპარაკებენ, ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, პროგნოზების გაკეთება არ შეგვიძლია. გართულებისკენ წავა საქმე თუ პირიქით, ჩაქრობისკენ, ამასაც ვერ გეტყვით. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თვითონ ყატარი რას აირჩევს, წავა კონფრონტაციაზე თუ - არა.

-შესაძლოა  თუ არა, რომ ყატარის იზოლაციამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავოს?  საუბარია იმაზე, რომ  მწიფდება რეგიონალური ომი ირანსა და საუდის არაბეთს შორის... რამდენად რეალური გეჩვენებათ ეს?

-ეს ყველაზე რეალური საშიშროებაა... ახლო აღმოსავლეთი არის  ადგილი, სადაც ნებისმიერი ომი შეიძლება მსოფლიო ომში გადაიზარდოს, აქ ამის პოტენციალი არსებობს. ბიბლიური ტერმინი „არმაგედონი“ არამეულიდან ითარგმნება, როგორც „ადგილი ქალაქ მეგიდოსთან“. მეგიდო დღეს ისრაელ-სირიის საზღვარზეა, ეს არის ძველი მიტოვებული ქალაქი. წინასწარმეტყველების მიხედვით, ამ ადგილზე უნდა მოხდეს შეჯახება სიკეთესა და ბოროტებას შორის. ამას აღიარებს როგორც იუდაიზმი, ისე ქრისტიანობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ისლამიც. ანუ, მე რას ვამბობ, ახლო აღმოსავლეთი არის ერთადერთი რეგიონი, სადაც კონფლიქტმა შეიძლება მსოფლიო ომი გამოიწვიოს. რატომ? იმიტომ, რომ დღეს 7 მილიარდი ადამიანიდან 4 მილიარდზე მეტი  ე.წ. აბრამისტული რელიგიის მიმდევარია. იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმები, მსოფლიოს მოსახლეობის 60 % რელიგიურად ანუ სულიერად  ამ რეგიონზეა მიბმული, ამიტომ საშიშროება ძალიან რეალურია. 

ერთი-ერთზე რომ ავიღოთ, ირანის  და საუდის არაბეთის კონფლიქტის შემთხვევაში, ირანი იმ  დროში გაანადგურებს საუდის არაბეთს, რა დროც დასჭირდება ირანულ ტანკებს ერ- რიადში შესასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის სამხედრო ბიუჯეტი  მეოთხე ადგილზეა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც საუდის არაბეთი და არც ირანი მარტო არ იქნებიან. ირანს ზურგს რუსეთი უმაგრებს. ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩინეთიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, ტრადიციულად ჩინეთი ირანის სტაბილური პარტნიორია. ვერ გეტყვით, სანამდე მივა საქმე, თუმცა აქ გამორიცხული არაფერი არ არის. ახლო აღმოსავლეთში იმდენად ფეთქებადსაშიში ვითარებაა,  ამაღამ რომ ომი დაიწყოს, ხვალ უკვე მსოფლიო ომში იქნება გადაზრდილი.

-თურქეთი და ირანი ყატარის მხარეს აღმოჩნდნენ, რამდენად სავარაუდოა, რომ ამ ძალის ცენტრად რუსეთი მოგვევლინოს?

-მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქმე სამხედრო კონფლიქტამდე არ მივა, იმიტომ, რომ  ამას შეიძლება ბევრი სახელმწიფო ემსხვერპოლოს, მათ შორის ყატარიც, საუდის არბეთიც, კუვეიტიც, გაერთიანებული საემიროებიც და ა. შ. მინდა ვიფიქრო, რომ გლობალურ დაპირისპირებამდე პროცესები არ მივა, ღმერთმა ნუ ქნას, ასე ვისურვებდი, ღმერთმა არ დაუშვას ასეთი რამ, ეს  უდიდესი ამბავი იქნება. პარადოქსი ის არის, რომ ყატარს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ამერიკასთან, ასევე ირანთან.  არაბულ სამყაროს ახასიათებს ეს პარადოქსალური ურთიერთობები.

-ე.წ. ისლამური სახელეწიფო ერაყსა და სირიაში სერიოზულად შევიწროებულია, რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ მათ სხვა არეალში გადაინაცვლონ და ახალი ფრონტი, მაგალითად ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გახსნან?

-მე ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვიზიარებ. რა თქმა უნდა, გადაინაცვლებს, გეოგრაფიას რომ გააფართოებენ, ეს ცხადია. ისლამურ ფუნდამენტალიზმს, ანუ პოლიტიკურ ისლამს ორი ფრონტი აქვს:  დასავლეთში-სირია-ერაყი და აღმოსავლეთში -ცენტრალური აზია, რომლის დაძაბულობის ცენტრი არის ავღანეთში. „ისალმური სახელმწიფოს“ ერთი თვისება აქვს, ის არ არის ფესვებგადგმული, ძალიან მობილური სახელმწიფოა, მისთვის  არც ეკონომიკას, არც ტერიტორიას მნიშვნელობა არა აქვს. „ისლამური სახალიფო“ დღეს სირია-ერაყშია და ხვალ შეიძლება სუდანში აღმოჩნდეს. ეს არის ე.წ. მომთაბარე სახელმწიფო. „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ქალაქს, რაკას ქურთული რაზმები მიადგა, მოსულიც თითქმის აღებულია, თუმცა, ამერიკელებს და მის მოკავშირეებს ძალიან უჭირთ მისი საბოლოოდ დამორჩილება. სამხედრო თვალსაზრისით „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება შესაძლებელია, მაგრამ მეტასტაზები ტერორიზმის სახით ვრცელდება. ხომ ხედავთ, რაც ხდება, ავსტრალიას და  ფილიპინებსაც მისწვდნენ უკვე. ისინი გეოგრაფიის გაფართოებას აუცილებლად შეეცდებიან,

-რუსეთის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ „ხალიფატი“  მის სამხრეთ საზღვრებთან  დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. დგას თუ არა საშიშროების წინაშე საქართველო?

-ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ვაჰაბიზმმა ყველა სუნიტურ ქვეყანაში შეღწევა  და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილის გულის დაპყრობა მოახერხა, ეს არის ყველაზე დიდი ხიფათი. შუა აზიის ხელისუფლებებს ძალიან სერიოზული საშიშროება ელოდებათ, იმიტომ, რომ ისინი  თიხის ფეხებზე შემდგარი რეჟიმებია. ძალიან ბევრი იბრძვის შუა აზიის ისლამური ხალიფატის რაზმებში, სხვათშორის, თუ დავუკვირდებით, ბოლო ტერაქტების ავტორები შუა აზიელები არიან. დიდი ხიფათია მოსალოდნელი  ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთი როდის გასკდება, კაციშვილმა არ იცის, დაღესტანში  ფაქტიურად, სამოქალაქო ომი მიდის.

-პანკისის ხეობიდან და აჭარიდან „დაიშის“ რიგებში არაერთი მებრძოლია გაწევრიანებული, ამ მხრივ საფრთხეებს როგორ შეაფასებთ?

-მე ვფიქრობ და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ პანკისი ისე სახიფათო არ არის ჩვენთვის, როგორც ზემო აჭარა, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ზემო აჭარა პანკისზე უფრო სახიფათოა.

-დაგვიზუსტეთ, რას გულისხმობთ?

-არის საკითხები, რაზედაც ახლა არ ვისაუბრებ. საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში ანალიტიკური ცენტრი უნდა შექმნას, სადაც სპეციალისტები მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიაციას დადებენ. მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის თამასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მქონდა დამუშავებული, წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში. სახელმწიფოები და სპეცსამსახურები სხვადასხვა ვარიანტს დებენ, აქ  ამ თემაზე არავინ  ფიქრობს. ჩვენთან ხელისუფლება ბანკირების ინტერესებს ატარებს,  ბანკირებს ფინანსები კი, მაგრამ გეოპოლიტიკა, არ ესმით. ეს ჩვენ შეიძლება ფასად დაგვიჯდეს.

გამოვიძიეთ ბათუმში რა მოხდა? იყო ერთკვირიანი დედის გინება, ნაცები აბრალებდნენ ქოცებს, ქოცები- ნაცებს და ბოლოს ჩაქრა. გამოვიძიეთ რამე? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბათუმში მაშინ მოისინჯა ვითარება. რამდენი აქცია ჩამიტარებია  ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, მაგრამ ისეთი ორგანიზებული ჯგუფი, როგორიც ბათუმში მოქმედებდა, მე  არ მინახავს. არცერთ პარტიას არ ჰყავს ასეთი ზონდერჯგუფები, მიუხედავად იმიას, რომ ნაცებსაც და ქოცებსაც  მოხარშულს ვიცნობ. მათ ამის უნარი არა აქვთ, ეს იყო კარგად მომზადებული ჯგუფი. სხვათაშორის, მობილიზაცია ძალიან საინტერესოდ მოხდა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ზემო აჭარიდან ჩავიდა, ნაწილი- რუსთავიდან და ქვემო ქართლიდან, ერთ დაძახილზე ჩავიდნენ.

-თურქეთის სპეც.სამსახურებზე მიანიშნებთ?

-არ ვიცი, ვერ გეტყვით, არც გამოვრიცხავ და არც ვადასტურებ. ძალიან ბევრ ქვეყანას  შეუძლია საქართველოში ხელი აფათუროს. თურქეთისა და საუდის არაბეთის მედრესეებში ბევრი ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად, ერ-რიადი გამოტენილია საქართველოს მოქალაქეებით. ვინმემ იკითხა რამდენია? აინტერესებს ვინმეს? მერე ისინი აქ რომ დაბრუნდებიან, რას იზამენ? ლამის შვიდიათსჯერ ვთქვი უკვე, რომ სასწავლებლები უნდა გავხსნათ, როგორც სუნიტებისთვის, ისე შიიტებისთვის, სადაც სასულიერო პირებს ჩვენ თვითონ მოვამზადებთ. ვთქვათ, თბილისში გავაკეთოთ შიიტური თეოლოგიის ფაკულტეტი და ბათუმში-სუნიტური ფაკულტეტი. ახლა სუნიტურ განათლებას თურქეთში და საუდის არაბეთში იღებენ და იქიდან რომ ჩამოვლენ, ვისკენ იქნებიან?

-ანუ, რადიკალიზმისგან გასაფილტრად?

-რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ უნდა ვაკონტროლოთ, არსებობს ტრადიციული ისლამი, რომელიც მშვიდობიანი რელიგიაა და არსებობს აგრესიული ისლამი, რომელიც დღეს ძალიან სერიოზულ მოდაშია, განსაკუთრებით, ახლაგაზრდობაში. ყურანში არის ადგილები, რომელიც სხვადასხვანაირად  შეიძლება გაიგოს ადამიანმა, მაგალითად, მეცხრე სურა ძალიან სადავო საკითხია.

- სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესები როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?

-პირდაპირ აისახება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არსებობს დიდი ახლო აღმოსავლეთი და კავკსასია ამ დიდი ახლო აღამოსავლეთის ნაწილია, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულ-ეთნიკურად. ეს ჩვენ აუცილებლად შეგვეხება, თანაც არსებობს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არავის ახსოვს, ეს არის ქურთების საკითხი. 40 მლნ ქურთს უნდა სახელმწიფო, არის ყარაბაღის პრობლემაც, რომელიც გარდა ეთნიკურისა,  ამავე დროს წარმოადგენს რელიგიური  დაპირისპირებას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. ჩვენ ყველაფერი შეგვეხება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ  სადმე ბნელ კუთხეში მივიჭუჭყნებით  და დავიმალებით, ე, მანდ არავინ დამინახოსო, ძალიან ვცდებით. თვალებზე ხელს რომ აიფარებენ ბავშვები, „ჭიტა-ჭიტას“ თამაშით და ჰგონიათ,  არ ჩანან, ისე ვიქცევით ჩვენ, „ჭიტას“ ვთამაშობთ.

-ასეთ ვითარებაში რამდენად შეიძლება გვქონდეს ნატოს იმედი?

-ნატო უკვე ანაქრონიზმს ემსგავსება, ჩემო კარგო, რა ნატო, რის ნატო, როგორც კომუნიზმს ვაშენებდით,  ისე შევდივართ ახლა ნატოში. ძველი ევროპის ქვეყნები უკვე იმ ჭკუაზე არიან, იძახიან, ბალკანეთის ქვეყნები არ უნდა შემოგვეერთებინაო, კავკასიაზე აღარც არის ლაპარაკი.

-რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით რამდენად შესაძლებელია უსაფრთხოების მხრივ დამატებითი გარანტიები შევიქმნათ?

-ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობები არა მარტო რუსეთან, არმედ ირანთან, თურქეთთნ, არაბეთთან, ჩინეთთანაც აუცილებელად უნდა განვავითაროთ. სპეცსამსახურების ურთიერთობა კიდევ სხვა გარანტიებს იძლევა, ჩვენ შეგვეძლება, გავცვალოთ ინფორმაციები, ჩვენ შეგვეძლება, თქვენ წარმოიდგინეთ, ვივაჭროთ ინფორმაციებით. საქართველო მიუხედავად საფრთხეებისა, არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჯერჯერობით ყველა სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, დანარჩენები ყველა ერთმანეთზე არიან მოკიდებულები. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია და ამავე დროს  შესაძლებელია დამატებითი უსაფრთხოების გარანტიებიც მივიღოთ. ნატო და ამერიკა არ არის ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია, ხომ ნახეთ 2008 წელს რაც მოხდა? იმის მერე ჩვენი მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. ყველასთან საჭიროა ურთიერთობები, როცა მე ვიყავი ვიცესპიკერი და მიმყავდა საგარეო პოლიტიკა აზიის მიმართულებით, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, ძალიან სერიოზულ რაღაცეებს ჩავუყარე საფუძველი, მაგრამ გაგრძელება აღარ აქვს, მოკვდა უკვე. ახლა ვინ არის ამის გამკეთებელი პარლამენტში, შიიტსა და სუნიტს რამდენი  დეპუტატი არჩევს, ვინმემ იცის ეს? 

ჩვენ ძალიან სახიფათო ზონაში ვართ და ჩემთვის სამწუხაროა, რომ არც პოლიტიკური სპექტრი, არც საზოგადოება ამას თვალყურს არ ადევნებს. თქვენ  ხართ  ერთადერთი გამონაკლისი, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა...