მოქალაქის ტრიბუნა
„ვურჩევ, “გააკეთილშობილონ” ჩანასახშივე მკვრადშობილი ჭორი“ - ივანიშვილის „ინსულტი“ და „ბედნიერი ერი“ ანუ როგორ გადავიქეცით „პატივსაცემი ადამიანების სიკვდილის მსურველთა საზოგადოებად“
„ვურჩევ, “გააკეთილშობილონ” ჩანასახშივე მკვრადშობილი ჭორი“  - ივანიშვილის „ინსულტი“ და „ბედნიერი ერი“ ანუ როგორ გადავიქეცით „პატივსაცემი ადამიანების სიკვდილის მსურველთა საზოგადოებად“
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს. 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე.


 

„ჩვენისთანა ბედნიერი,

განა არის სადმე ერი?!“

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არცთუ სახარბიელო ინფორმაცია გაავრცელა, ქართულ ვირტუალურ „ბირჟას“ ახალი „საჭორაო-სალანძღავ-საგინებელ-გასარჩევი“ თემა მიეცა. „კლავიატურის ბრძენთა-ბრძენმა ლომებმა“ „ნაციონალური“ რიტმული მოძრაობით საყოველთაო მობილიზაციის პირობებში და საკმაოდ ოპერატიულ რეჟიმში მთელი თავისი ქართულ-ინგლისური (რუსული ტაბუდადებული თემაა) ლექსიკური მარაგი მოაგროვეს და სასურველი შედეგის მოლოდინში, შეიძლება ითქვას, ნაჩქარევი სტარტიც აიღეს. ივანიშვილის სავარაუდო ინსულტზე სიხარულით აკანკალებული ხმის ტემბრით ნათქვამი  „უი, ქაა, ეს რა მომხდარა“ და „ახია მაგაზე“  შინაარსის „სიბრძნეების“ ვირტუალურ სივრცეში ქართული-ლათინური ასოებით (გადა)ფრქვევის შემდეგ „უმრავლესობისთვის პატივსაცემი ადამიანების სიკვდილის მსურველთა საზოგადოებამ“ კიდევ ერთი ასეთი ქველმოქმედის  მოსალოდნელი, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩაძაღლების“ ამბავი „ფეისბუქფრენდებს“ ზარ-ზეიმით ამცნო, ხოლო „ქოცების დასაცინმა ოფიციალურმა სააგენტომ“ არ დაიზარა და ამ „საოცნებო“ სიახლეს ლექსი მიუძღვნა.

„ამაღამდელო ღამეო,
ნუ გათენდები მალეო,
მგონი ინფარქტმა დაარტყა,
ვეღარ ვიხილავთ ხვალეო“.

მრავალუცნობწევრიანი  სააგენტოს პოეტური შემოტევის შემდეგ სრულიად „ნაციონალურად“ გაბრწყინებულ ვირტუალურ სივრცეში უფრო მეტად „ნაციონალური“ სიბრძნეების ფრქვევა დაიწყო. უმრავლესობამ დაასკვნა, რომ ყოფილ პრემიერს „ტიტის ცოდვამ უწია“, ზოგმა კი მომხდარში ასწლოვანი ხის ზედმეტი სიყვარულის გამო სამარეში მისი ნებაყოფლობით ჩაყოლის მოტივი დაინახა. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც „ინსულტი“ ნიკა გვარამიასა და რუსთავი 2-ის ამბებს დაუკავშირეს და მუქარაც მოაყოლეს, - „ვინც მათ დაუპირისპირდება, ყველას ასე დაემართებაო“. ამ ზემოხსენებული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კი სიხარული მაინც ნაადრევად მიიჩნია და ყოველი შემთხვევისთვის, საუკეთესო შედეგის მიღების რწმენის გასამყარებლად, წყევლა-კრულვის „მიშველ(ი)ება“ გადაწყვიტა: ისემც დაურტყია ინსულტს, ხვედელიძეს ვერ ცნობდესო...  ამაღამვე წასულა მარილზეო და მისთანები.

მერე ვიღაცამ დაასკვნა,  ავადმყოფობის სცენა გაითამაშა იმ ნაბ...ო...  ივანიშვილმა გადაწყვიტა,  გაერკვია, ხუთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში რამდენად შეაძულა ხალხს თავი და ხმებიც ამიტომ „დაყარაო“.  

საქმეს  „ჩიტების“ ჩაურევლადაც არ ჩაუვლია. მოულოდნელად მოფრინდნენ და ეკა ხვედელიძის მდგომარეობის შესახებ აჭიკჭიკდნენ: ისე ინერვიულა, სერიოზული სამედიცინო ჩარევა დასჭირდაო.

ჰო, მართლა,  ის ამბავიც,  გერმანიაში რომ გადააფრინეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ივანიშვილი და ახლა ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმი რომ ზრუნავს მასზე, მთლად ჩიტებმა არა, მაგრამ ანონიმურმა წყარომ კი უჩურჩულა ყურში გამავრცელებელს.  

მოკლედ, კიდევ მეტად შეშფოთდა ერი ...

შეშფოთების მიზეზი საინტერესოდ ახსნა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა:

„მთავრობაში სერიოზული პანიკაა... ექიმებმა ურჩიეს სიმშვიდე და ნაკლები ნერვიულობა! ხოდა, პოლიტიკური კოლაფსია რა პრაქტიკულად!!! გურუმ შვებულება აიღო! კალაძეს ვინ წარადგენს? ვინ ურჩევს თბილისელებს, კალაძე აირჩიონ? სამაგიეროდ, არჩევნებამდე ცვლილებები არ იქნება მინისტრთა კაბინეტში ! მღებრიშვილმა ამოისუნთქა და არა მარტო მან!


- მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ რომ ყოველივე ეს სპექტაკლი იყოს, იმისათვის რომ რამდენიმე წლით დატოვოს ქვეყანა! 


- ხო და, აი, ერთ მშვენიერ დღეს რომ გაფრინდება და რომ დაიბარებს, სარი გითხრიათო, მერე ნახეთ თქვენ აქ ერთ დღეში რევოლუცია და იარაღების ჭახა-ჭუხი!“ - განმარტა სადღობელაშვილმა.

პირველი შოკის შემდეგ კი „ცნობისმოყვარეებმა“ (მათ რიცხვში მეც მოვიაზრები) მთავრობისა თუ ქვეყნის  „მამა-მარჩენალის“ „ძებნა“ დაიწყეს.

„არ დავიზარე და ჟურნალისტური ჟინით დილიდან ჩამოვრეკე გერმანიის წამყვან კლინიკებში რომელთა ტელეფონის ნომრებიც გუგლში შეძლებისდაგვარად ვიპოვე...... არც ერთში არაა ავადმყოფი სახელით და გვარით ბიძინა ივანიშვილი.... (გერმანულმა კლინიკებმა ჟურნალისტს დაუმალონ ასეთი ინფორმაცია წარმოუდგენელია)... ხო და ეს ქართველი ჟურნალისტები დიდ კიტრებად რო მოგაქვთ თავი და მჩხიბაობთ და კონფედენციალურ წყაროებზე დაყრდნობით და ყავის ნალექზე მკითხაობით ავრცელებთ "უტყუარ" ინფორმაციებს, კეთილი ინებეთ და დარეკეთ გერმანულ კლინიკებში და გაიგეთ, ვინმემ დაგიშალათ, ტელეფონი გამოგირთოთ, ინტერნეტი გაგითიშათ, თუუუ... აა, ამას მოგონება და მოხერხება უნდა ხოო? -პარდონ, მაშინ იმკითხავეთ და იყავით...“ - ამცნო სრულიად ვირტუალურ სივრცეს ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ.

გერმანიაში რომ ვერ იპოვეს,  საჩხერეს მიუბრუნდნენ. ამჯერად ძებნამ შედეგი გამოიღო.  შესაბამისად, „ალიამაც“ დაგვამშვიდა, -სახლშია, თავს კარგად გრძნობს და ხელმოცარული ადამიანების ფანტაზია სასაცილოდ არ ჰყოფნისო“.  

„საჩხერეში, ჩემს სახლში ვარ და თავს ვგრძნობ შესანიშნავად. მადლობა, რომ მომიკითხეთ“- განუცხადებია ბიძინა ივანიშვილს „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„აუდიო ხომ არ გაქვთ, შემთხვევით, ძვირფასო ალიავ“ - ასე, მთლად სიტყვაზე ვერ ენდო ნიკა გვარამია და „ჩასაზუსტებლად“ იკითხა... ისე, ყოველი შემთხვევისთვის...

მოგვიანებით კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ინფორმაცია ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მას კონფინდეციალურმა წყარომ მიაწოდა, დაზუსტებული არაა.  

„ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჩემს მიერ გავრცელებული ცნობა ემყარება კონფიდენციალურ წყაროს. ზუსტი ინფორმაცია რომ მქონდეს თავისი მტკიცებულებით, ასე არ დავწერდი.


ინფორმაცია დადასტურებული არ არის ივანიშვილის მხარის მიერ. თუმცა, აქამდე, არც ოფიციალურად უარყოფილი.“ - აღნიშნა გვარამიამ.

მოგვიანებით ამ „აჟიოტაჟს“ “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გამოეხმაურა:

“ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად “ნაციონალური მოძრაობაა”, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ." - განმარტა უძილაურმა.

ბოლოს კი სოციალურ ქსელში თავად ბიძინა ივანიშვილის მიმართვა გავრცელდა.


"ჩემთვის გასაგებია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების სურვილი, მიაღწიონ სასურველ მიზანს და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. 


ჩემთვის გასაგებია, რომ მათ არ მოსწონთ დენდროლოგიური პარკი, ბლექ სი არენა, ოპერის განახლებული შენობა და სხვა.


ჩემთვის გასაგებია, რომ ისინი ძალიან განიცდიან 2012 წლის არჩევნებში კრახს და ისიც გასაგებია, თუ რატომ არ მოსწონთ კოჰაბიტაცია. 


კოჰაბიტაციის საზღვრებს მიღმა დარჩენილები, ორი დღეა ჩემს შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მივიღე ინსულტი და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადამიყვანეს გერმანიაში.


გადაეცით ყველას, რომ ინსულტიანი პაციენტის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება და ვურჩევ, ჩანასახშივე მკვრადშობილი ჭორი “გააკეთილშობილონ”, როგორც უნდათ, ისე.“-  ნათქვამია მიმართვაში. 

ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიმართვის ტექსტი სოციალური ქსელით გაავრცელა, ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა. მეტიც, (გა)მოგონილი "ინსულტი"  ზოგისთვის სეირის ყურებისა და გართობის ან/და მედიის კომპეტენტურობის გადამოწმების საშუალებად იქცა. ამასობაში გიორგი ფოფხაძეს ქართული ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტების გამოლანძღვის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა. ისიც ადგა და ვირტუალური სივრცის ბრმადმორწმუნეებს, -თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი გეგონათ, ჩემი მეგობრის, დარეჯან მეფარიშვილის დაწერილიაო, - აი, ასე, პირდაპირ "მიახალა"! 

-„ჩემმა მეგობარმა დარეჯან მეფარიშვილმა ხუთ წუთში გააცამტვერა ქართული ჟურნალისტიკა.... შეთხზა ტექსტი თითქოს ბიძინა ივანიშვილმა დაწერა წერილი და თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა... ჩვენმა ბედოვლათმა მედიამ რა ქნა?..... დიიიახ, ადგა და გაანიუსეს ყველამ, გადაუმოწმებლად და გაუკონტროლებლად და..... გამოაქვეყნეს სათაურით "ბიძინა ივანიშვილის პასუხი".... მეცინება მარაა სატირალია... ვააახ რა შავ დღეშია ქართული ჟურნალისტიკა ბიჯოოოოოო“- განმარტა გიორგი ფოფხაძემ.  

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შესახებ მასთან დაახლოებულმა პირებმა ინფორმაცია უკვე გაავრცელეს და შეშფოთებულ საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდეს, სოციალურ ქსელებში „ბჭობა“ მაინც გრძელდება. იმასაც ამბობენ, გვარამიას წყარო მთლადაც არ ტყუის და საზოგადოებას „საჭორაო“ ნამდვილად აქვსო... ასეა თუ ისე, ჯერ არაფერი დადასტურებულა და შესაბამისად, არც „მისი სიკვდილის მსურველთა საზოგადოებას“ გამოლევია სიხარულის მიზეზი.  ასე რომ...

„ტრებუიუ პროდოლჟენია ბანკეტა“

***

და ბოლოს, 

„მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო“ ...  

როგორც ჩანს,  საქართველოდან ეს „მადლი“   დიდი ხნის წინ   „ქვიანად“   წაიღეს!

ახლა აქ ის  „ვირტუალური ქვეყანა“ დარჩა, სადაც „კლავიატურის ლომები“ სხვისი უბედურებით ხარობენ, თუმცა...

მსგავსი ფაქტების ნაკლებობას არც სოციალური ქსელების მიღმა განვიცდით.

ჯერ პატარკაციშვილს გადავუარეთ,  მერე ყველასთვის საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ვიმხიარულეთ, ახლა ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ინსულტით გავბედნიერდით!  ამ ეტაპზე ეს სრულად გვაკმაყოფილებს!

„ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?“

 

იხ. „ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება“ - ბერა ივანიშვილი

loading...