კულტურა
„ახლა შემოსავლის გარეშე ვარ, მაგრამ არ ვნანობ, როგორც ჩანს, მატერიალურზე მეტი ინტერესი მაქვს“ - რატომ მიატოვა ვაჩე რაინდელმა სტაბილური სამსახური თავდაცვის სამინისტროში და რა უნიკალური მასალა წამოიღო აფხაზეთიდან
„ახლა შემოსავლის გარეშე ვარ, მაგრამ არ ვნანობ, როგორც ჩანს,  მატერიალურზე მეტი ინტერესი მაქვს“ - რატომ მიატოვა ვაჩე რაინდელმა სტაბილური სამსახური თავდაცვის სამინისტროში და რა უნიკალური მასალა წამოიღო აფხაზეთიდან

რამდენიმე თვის წინ სანუკვარი ოცნების ასრულება გადაწყვიტა, აფხაზეთში გადაიპარა, უნიკალური ფოტომასალა მოიპოვა და შინ ნანატრი „საგანძურით“ დაბრუნდა. მერე გამოფენა მოაწყო, საზოგადოებას „წარსულში დარჩენილი“ და უკვე გაუცხოებული ტერიტორიები აწმყოში აჩვენა და ერთიანი საქართველოს ერთ წიგნად გამოცემასაც დაპირდა, თუმცა...

„მიწიდან ცამდე“ - ეს ვაჩე რაინდელის, იგივე ილია ჭკადუას ლექსების კრებულის სათაურია. თვითონაც სადღაც აქვე, მიწიდან ცამდე მონაკვეთშია... რეალისტია, მაგრამ მეოცნებე... სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ სვლა არასდროს შეუწყვეტია... იცის, რომ შედეგი ყოველთვის სასურველი არაა, მაგრამ... რაც არ უნდა იყოს, პროცესია მთავარი მაინც... სამსახურიც ამიტომ მიატოვა - საოცნებო საქმე უნდა ეკეთებინა... პარალელურად, სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედიც ჰქონდა და...

ვაჩე რაინდელი: ბავშვობის ოცნება იყო, აფხაზეთი მენახა და ერთ დღეს ამ ოცნების ასრულება გადავწყვიტე. ავდექი და ე.წ. საზღვარზე გადავიპარე. ულამაზესი ადგილია. ფაქტობრივად, სამოთხეა დედამიწაზე. ძალიან საინტერესო მასალა მოვაგროვე და ამ სიმდიდრით დავბრუნდი უკან.

- არ შეგეშინდათ?

- რა თქმა  უნდა, მოგზაურობას შიშის გარეშე არ ჩაუვლია. ხომ იცით, როგორი გამკაცრებულია კონტროლი ე.წ. საზღვარზე?  მაგრამ... სურვილმა მძლია. შიში დაბრუნებისას უფრო ვიგრძენი.  მე ხომ ხელში ასეთი სიმდიდრე მეჭირა და. აი, მაშინ კი მართლა სუნთქვაშეკრული გადმოვედი. სერიოზული რისკი გავწიე, მაგრამ... ხანდახან ამ რისკის გაწევა კონკრეტული იდეისთვის ნამდვილად ღირს. ბავშვობაში აფხაზეთის მონახულება ვერ გავბედე, ეს ბუნებრივიც იყო, მაგრამ ახლა იმ იდეის სრულყოფისთვის, რომლის გამოც საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დავიწყე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვიზიტი გადავწყვიტე. ამით ოცნებასაც ავისრულებდი და წიგნისთვის მასალასაც მოვიპოვებდი. პარალელურად,  ასაკმაც შემიწყო ხელი და .. შედეგი ყველამ ერთად ვიხილეთ.

- იდეა ახსენეთ...

- დიახ. სწორედ ამ იდეის განხორციელება გახდა პრობლემა დღეს. უფრო სწორად, განხორციელება დავიწყე, მისი სრულყოფა კი ვეღარ მოვახერხე ვერაფრით.  უკვე გითხარით, რომ  წიგნის გამოცემას ვაპირებ. სადაც საქართველოს ყველა კუთხეზე იქნება ინფორმაცია და ფოტომასალა არსებული საზღვრებით და დაკარგული ტერიტორიებით. ეს იქნება ერთიანი საქართველო ერთ წიგნად, რომელიც წარსულს აწმყოსთან გააერთიანებს და მომავლის იმედს მოგვცემს.

საერთოდ, მიყვარს მოგზაურობა, ბუნება, ისტორია, ფოტოგრაფია... ოთხ წელიწადზე მეტია სხვადასხვა კუთხეს ვსტუმრობ და ვიზუალურ მასალას ვაგროვებ.   

-  თქვენი მოგზაურობაც ისტორიასთან ხომ არ არის კავშირში? მაგალითად, წაიკითხეთ დიდგორის ბრძოლა და გადაწყვიტეთ დიდგორის ველის მონახულება და ა.შ.

- რა თქმა უნდა, ასეც არის. ვისაც აინტერესებს ქვეყნის ისტორია, გაუჩნდება ინტერესი, იხილოს ის ადგილი, სადაც, ვთქვათ, კონკრეტული ბრძოლა გაიმართა. მაგალითად,  დიდგორი ახსენეთ. ალბათ, ყველას დააინტერესებს, სად მოხდა ეს ისტორიული ფაქტი, რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები ამ ტერიტორიაზე, მოუნდება, გააცოცხლოს ისტორია საკუთარ წარმოსახვაში და ა.შ. ჩემი მოგზაურობის დანიშნულებაც ესაა. მინდა გადავიღო ის ადგილები, რომელიც გარკვეული ისტორიის მატარებელია, რომელიც საქართველოს აწმყოს წარსულთან აერთიანებს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კულტურულ ძეგლებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, უპირობოდ პირველხარისხოვანია, აქ საუბარია იმ კუთხის სცენარზე, რომლის წარმოჩენასაც მაქსიმალური, საუკეთესო რაკურსით ვაპირებ თავისი ეკლესია-მონასტრებით, ხიდებით, პეიზაჟებით, პორტრეტებით, სოფლის ჩანახატებით... მოკლედ, მინდა ყველა ნიუანსი იყოს წარმოდგენილი, მინდა საზოგადოებამ იგრძნოს ამ კუთხის ტრადიცია, ადამიანების ხასიათი, ჩვევები, უნარი და ა.შ. ადამიანს, რომელიც წიგნს დაათვალიერებს, უკვე ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რა ხდება საქართველოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე. ბუნებრივია, უნდა იცოდეს იმ ტერიტორიების შესახებაც, რომელიც ჩვენ არ დაგვითმია, რომელიც წაგვართვეს, რომელიც გარკვეული მიზეზების, ჩვენივე უთავბოლობის და გაუაზრებელი ნაბიჯების გამო დავკარგეთ. იქნება ეს ტაო-კლარჯეთი,  ლორე, ლაზეთი თუ ოკუპირებული ტერიტორიები - ცხინვალი და აფხაზეთი.

შემდეგ რაც მოხდა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. არალეგალურად გადავედი აფხაზეთში, გადავიღე საინტერესო ფოტოები, გვქონდა გამოფენაც, რომლითაც მინდოდა საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ იდეის შესახებ,  რომლის გამოც მოხდა ტერიტორიების გადაღება და ექსპოზიციაზე გამოტანა. არაერთ ტელევიზიაში გავიდა  სიუჟეტი. „დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - ასეთი სიმბოლური სახელწოდება მქონდა, რადგან მაქვს იმედი, რომ ეს ტერიტორიები ოდესმე დაბრუნდება საქართველოს საზღვრებში, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება. მინდა,  წიგნის გაკეთება ამ თემაზე, რომელიც, მოგვიანებით,  რამდენიმე ენაზე იქნება თარგმნილი და არა მარტო ქართველებისთვის, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ასე მეტი ადამიანი შეძლებს, გაიგოს  ჩვენი ქვეყნის ისტორია და  გაიგოს, სინამდვილეში რომელი ტერიტორიები იყო ჩვენს მფლობელობაში.

- ანუ გამოდის, რომ ამ ეტაპზე  წიგნის გამოცემას მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებზე აპირებთ?

- ჩემი თავდაპირველი მიზანია, გამოიცეს წიგნი, ერთიანი საქართველო, სადაც შესული იქნება ფოტომასალა, რომელიც ასახავს დღევანდელ, ფაქტობრივ საზღვრებში არსებული ტერიტორიებს  და ასევე საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც ამ საზღვრებს გარეთ არის მოქცეული.  შემდეგ  ეს იდეა და ფოტომასალა მივიტანე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, მათგან გამოითქვა სურვილი, რომ იმ იდეის პარალელურად, რომელიც ერთიან საქართველოზე წიგნის გამოცემას გულისხმობდა, გაკეთებულიყო წიგნი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ცალ-ცალკე.  ეს საშვილიშვილო საქმე იქნებოდა.

ამ ეტაპზე ასეთი სურათია: სურვილი არის, მზაობაც არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ფული არ არის.

რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე საქველმოქმედო კონცერტი გავმართე, რომლის საშუალებითაც გავაჟღერე იდეა. იმედი მქონდა, რომ წიგნის გამოსაცემად საჭირო თანხის მობილიზებას შევძლებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.  მეტიც, დარბაზის თანხაც კი მე გამიხდა გადასახდელი. მხოლოდ ნაწილის დაფარვა მოხერხდა გაყიდული ბილეთებიდან  შემოსული თანხით. ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება კი მაინც ვერ შევძელით. კონცერტი, უბრალოდ, ყველას დაამახსოვრდა, როგორც ერთი სასიამოვნო საღამო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ესტრადის  ვარსკლავები და ხელოვანი ხალხი,  მაგალითად,  ნინი ბადურაშვილი, დავით არჩვაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „რუსთავი“ და ა.შ. უანგაროდ დამიდგნენ მხარში. ემოციებს ვერ ვმალავდი და უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამისთვის.

რაც შეეხება იდეას, ყველას მოეწონა, მაგრამ რეალური მხარდაჭერა მაინც პრობლემატური გახდა. სამწუხაროდ, დარბაზიც კი არ დამიფინანსეს იმ სტრუქტურებმა, რომელთაც ამის პირდაპირი ვალდებულება ჰქონდათ. მერიის საქალაქო სამსახურიდან მივიღე წერილი, პროექტების მართვის კომისიამ თქვენი დაფინანსებისაგან თავი შეიკავაო. უარის თქმის მიზეზი კი არავის უხსენებია. კულტურის სამინისტრომაც უარით გამომისტუმრა, - მსგავსი პროექტებისთვის ბიუჯეტი არ არის განსაზღვრულიო. საქმე ისაა, რომ ყველამ ერთი და იგივე მითხრა, იდეა კარგია, ვეცდებით გვერდით დაგიდგეთო, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვიერად გამოიხატა და მორჩა.

-გამოდის, რომ თქვენ მხოლოდ დარბაზის იჯარასთან დაკავშირებით მიმართეთ? იქნებ, წიგნის გამოცემაში შეეწყოთ ხელი?  

- მაგ საკითხზეც მივმართე და უარით გამომისტუმრეს. ახლა მეცნიერების აკადემიაა ჩართული და ისტორიას წერს. ფოტომასალას რაც შეეხება, დალაგებული და დახარისხებულია. ანუ წიგნისთვის გამზადებულია,  ისტორიაც უახლოეს მომავალში დასრულდება. მერე აკინძვაც შეიძლება. ბიზნესსექტორის ძალიან ბევრ წარმომადგენელს მივმართე, ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა. აღფრთოვანდებიან და უარით მაცილებენ.  მაგალითისთვის, ერთ კომპანიას ვახსენებ. კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ეს იყო ვისოლ ჯგუფი. გვქონდა გასაუბრება, მინიმალურ თანხებზე იყო საუბარი, სანაცვლოდ კონცერტზე პიარს ვპირდებოდი, იქნებოდა ეს სასპონსორო ბანერები, სპონსორის გამოცხადება თუ სხვა, როგორც ხდება ხოლმე. გადამამისამართეს მარკეტინგის ჯგუფში. კომპანიის წარმომადგენელმა ისე იწუწუნა, რომ ... ვიფიქრე, თვითონ ხომ არ შემეთავაზებინა რაიმე სახის დახმარება ერთჯერადად მაინც... სხვა ორგანიზაციებთანაც იგივე განმეორდა. ბევრს შევთავაზე, შეეტანათ წვლილი კონცერტის დაფინანსებაში, მაგრამ შედეგი ყველგან იდენტური იყო. რა თქმა უნდა, წიგნის დაფინანსებაზეც იყო საუბარი, მაგრამ... ერთი-ორი გამონაკლისი იყო მხოლოდ, მაგალითად, კახა გოგავა, რომელმაც კონკრეტული თანხა ყოველგვარი ანგარების გარეშე გაიღო. მადლობა ამისთვის.

- და შედეგი? ბრძოლა შეაჩერეთ?

- არა, რა თქმა უნდა.  იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური რესურსი არ გვაქვს, ამ ეტაპზე მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე შევეცდები წიგნის გამოცემას, თავისი ფოტომასალით, თავისი ისტორიითა და აღწერებით. არის ინტერესი სანაკოევისა და მისი გუნდის მხრიდან.  ჩემს გამოფენაზე აფხაზეთის მთავრობაც იყო მოსული, მაგრამ ფინანსურად ვერც ისინი გვეხმარებიან. როგორც ჩანს, ძალიან უჭირს, თუმცა... იმედი მაქვს, გამოჩნდება ადამიანი, ვინც პროექტს დააფინანსებს.

-და ამდენი წინააღმდეგობის ფონზე, რატომ იბრძვი ასე თავგამეტებით? თვლი, რომ ეს ფინანსურად მომგებიანი შეიძლება გახდეს ოდესმე შენთვის?

- თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი IT განყოფილებაში, სტაბილური შემოსავლის მქონე სამსახური ამ პროექტების გამო მივატოვე, ვერ ვახერხებდი შეთავსებას და. ახლა შემოსავლის გარეშე ვარ. არ ვნანობ, რადგან ეს ჩემი ჰობია, ჩემი სურვილია. როგორც ჩანს, მატერიალურზე მეტი ინტერესი მაქვს - მინდა შეიქმნას საგანძური საქართველოზე. ეს წიგნების საზღვრებს გარეთ უნდა გავრცელდეს. ემიგრანტების ჩართულობაც საჭირო გახდება. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, რამხელა სიმდიდრის პატრონები ვართ. ბევრი გაიგებს, რომ მრავალი კულტურული ძეგლი, რომელიც შუასაუკუნეებში არის შექმნილი, სწორედ ქართველებმა შექმნეს. რომ ტერიტორიები, რომელიც ახლა სხვის საზღვრებზეა, რეალურად საქართველოს შემადგენელი ნაწილია, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიც დასაბრუნებელია. ეს მასალები ისტორიას დარჩება. რაც შეეხება შემოსავალს, შესაძლოა, თუ მე ვითავებ მის რეალიზაციას, წიგნის გაყიდვითაც მოხერხდეს გარკვეული თანხების მობილიზება. ამ შემთხვევაში, ვიტყვი, რომ ფინანსური ინტერესიც მაქვს.  თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ საქმე სიამოვნებასაც არ განიჭებს, თუ ის პარალელურად შენი ჰობი არაა, ძალიან რთულია ყველაფრის გაძლება. აი, ფოტოგრაფია ნამდვილად ჩემი ჰობია. უფრო მეტიცაა... ძალიან მინდა, ეს ჩემი შემოსავლის წყაროდაც იქცეს. ძალიან მიყვარს შთამბეჭდავი, ისტორიული, დასამახსოვრებელი მომენტების აღბეჭდვა. მაგრამ ჯერჯერობით ეს ფინანსურ სარგებელს არ მაძლევს. რაც შეეხება პოეზიას, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ცხოვრებისეული აზრი. ძალიან ბევრი ნაშრომი მაქვს.  ფაქტობრივად, რამდენიმე წიგნის მასალა უკვე გამზადებული მაქვს, მაგრამ არც ამის გამოსაცემი ფული მაქვს. სამსახურიდან სწორედ ამიტომ წამოვედი, რომ ჩემი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი მხარისთვის დამეთმო დრო. იქ სამწელიწადნახევრის განმავლობაში ვიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების ნებისმიერი წარმომადგენელი ქვეყნის სამსახურშია, ის მაინც შორსაა ფოტოგრაფიისგან და პოეზიისგან.  შესაბამისად, მეც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. ვინც ხელოვნება იცის, მიხვდება, რომ ეს სხვა სფეროა. ის უბრალოდ, ჩემი შემოსავლის წყარო იყო. მინდოდა, ხელოვნება ყოფილიყო შემოსავლის წყარო, მაგრამ... იმედიანად ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი წამოსვლა და ამხელა რისკი გამართლებული იქნებოდა, მაგრამ ფინანსური კუთხით ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.